გეგი ნიჟარაძე "ძველი ბიჭივით" მოქცევისთვის უნდა დაისაჯოს" - სკანდალი მერიაში
02-02-2015
გეგი ნიჟარაძე "ძველი ბიჭივით" მოქცევისთვის უნდა დაისაჯოს" - სკანდალი მერიაში
მონიტორინგის ცენტრ "მედიატორისა" და "სამოქალაქო მონიტორინგის ცენტრის" მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში, მერიის ზედამხედველობის უფროსი გეგი ნიჟარაძე გასაუბრებაზე მისულ ამავე სამსახურის თანამშრომელს, კახაბერ ბუსკივაძეს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს, შემდეგ კი ხუთწლიანი პატიმრობითა და თავ-პირის დამტვრევით  ემუქრება. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ კახაბერ ბუსკივაძემ გასაუბრების ჩაწერა მაჯის საათზე დამონტაჟებული ფარული კამერით სცადა, რაც კომისიის წევრებმა შეამჩნიეს...

"შენ როგორ ბედავ გადამღებით შემოსვლას... გადაგამტვრევ ხერხემალში, შენ საათი უტრიალე "ნაციონალებს..." სერიოზული პრობლემები გაქვს, ჩათვალე, დავუძახებ ახლა პოლიციას,
5-წლიანი გაქვს, ჩათვალე... გაგამწარებ, ბეისბოლის ჯოხს გირტყამ, მანქანაში მაქვს", - ამ სიტყვებით მიმართავს მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი კონკურსანტს და უწმაწურ სიტყვებსა და გინებასაც არ "იშურებს". მოგვიანებით ბუსკივაძეს ტელეფონი წაართვეს და საკრებულოს ერთ-ერთ ოთახში გამოკეტეს.

იურისტი ლევან ალაფიშვილი განმარტავს, რომ მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გეგი ნიჟარაძემ
თანამდებობრივ უფლებამოსილებებს გადაამეტა, კანონმდებლობის დარღვევისთვის კი შესაბამისმა უწყებებმა ინციდენტის შესწავლა უნდა დაიწყონ:

"გეგი ნიჟარაძემ კანონმდებლობა ორჯერ დაარღვია. კერძოდ, თანამდებობრივ უფლებამოსილებებას გადაამეტა, როცა კონკურსანტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც 151-ე მუხლი არეგულირებს. მოგვიანებით კი კახაბერ ბუსკივაძეს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა, რითაც კანონმდებლობის 333-ე მუხლი დაირღვა. შესაბამისად, ეს ინციდენტი საგამოძიებო სტრუქტურების დაინტერესების საგანი უნდა გახდეს. რიგითი მოქალაქისგან განსხვავებით, საჯარო მოხელეს თმენის ვალდებულება ეკისრება. მართალია, ამ შემთხვევაშიც ე.წ. გონივრული ფარგლებიც არსებობს, მაგრამ ფაქტია, გასაუბრებაზე გეგა ნიჟარაძემ კონკურსანტის მისამართით, რბილად რომ ვთქვათ, არასწორი რეაქცია გამოავლინა. თანაც, გასაუბრების ფარულად ჩაწერა პროცედურის დარღვევა არ არის, მაგრამ აკრძალულიც რომ ყოფილიყო, საჯარო მოხელის მხრიდან კონკურსანტზე ძალადობა და შეურაცხყოფა ყოვლად დაუშვებელია!

ორგანიზაცია "პოლიტიკისა და სამართლის" ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გიგუაშვილის განცხადებით, "ძველი ბიჭის" თვისებების მქონე საჯარო მოხელეები თანამდებობიდან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ: "გასაუბრებაზე გეგი ნიჟარაძე კონკურსანტს რამდენჯერმე დაემუქრა. მიუხედავად იმისა, მას მოსწონს თუ არა კონკურსანტი პიროვნულად, საჯარო მოხელეა და თმენის ვალდებულება ეკისრება. თანამდებობის პირი "ძველი ბიჭივით" არ უნდა იქცეოდეს. სამწუხაროდ, წინა ხელისუფლების ტენდენცია დღესაც გრძელდება - საჯარო მოხელეები დაქვემდებარებულ თანამშრომლებსა თუ რიგით მოქალაქეებს ცინიკურად და უხეშად ესაუბრებიან. დროა, ხელისუფლების წარმომადგენლები საჯარო მოხელის შესაფერისად იქცეოდნენ. რაც შეეხება კონკრეტულად გეგი ნიჟარაძეს, მისი არაადეკვატური მოქმედება მთლიანად ხელისუფლებისთვის არის შეურაცხმყოფელი და დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. წინა ხელისუფლების მმართველობისას ისინი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტებივით იქცეოდნენ, აგრესიულ კასტას წარმოადგენდნენ, რომელსაც ყველაფრის უფლება ჰქონდა. ეს მემკვიდრეობა უნდა დასრულდეს. ცუდია, როცა გასაუბრებას კონკურსანტი ფარულად იწერდა, მაგრამ სახელმწიფო მოხელე მას ზონდერივით ხერხემალში გადამტვრევით კი არ უნდა დაემუქროს, ადეკვატური ზომები უნდა მიიღოს და კანონის შესაბამისად მოიქცეს. გეგი ნიჟარაძე "ძველი ბიჭივით" მოქცევისთვის ადეკვატურად უნდა დაისაჯოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ტენდენცია მომავალში მძიმე ფორმებს მიიღებს".

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით