ვიდეოჩანაწერების ცვენის კვირა - კიდევ რას ამზადებს "ნაციონალური მოძრაობა"
02-02-2015
ვიდეოჩანაწერების ცვენის კვირა - კიდევ რას ამზადებს "ნაციონალური მოძრაობა"
რამდენიმე დღის წინ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ორი სხვადასხვა შინაარსის ვიდეოჩანაწერი გაავრცელა - ერთ-ერთში, მათი განცხადებით, მოქალაქე ეკა ყუშიტაშვილი პატრულის თანამშრომელზე ზეწოლას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ დავით ცინარიძის საშუალებით ახდენს, მეორეში პატრულის ეკიპაჟისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის ზურაბ ბერიკაშვილის დაპირისპირებაა ასახული.

საპარლამენტო უმცირესობის მიერ გავრცელებული ორივე ვიდეოჩანაწერის შესასწავლად გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო. პარალელურად, გამავრცელებლის ვინაობით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, თამარ ქალდანიც დაინტერესდა. როგორც "კვირის პალიტრასთან" საუბრისას მან განაცხადა, შესაძლოა გამავრცელებლის სისხლის
სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს: "ვიდეოფირის გამავრცელებლის ვინაობის შესწავლა უკვე დავიწყეთ. კერძოდ, საინტერესოა, როგორ მოხვდა ჩანაწერები "ნაციონალური მოძრაობის" ხელში? მსგავს შემთხვევებში კანონმდებლობა არა მხოლოდ ადმინისტრაციულ, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებს, თუმცა, გამოძიების დასრულებამდე დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ. რაც შეეხება სასჯელის ვადასა თუ პირობებს, ჯერ დანაშაულის ტიპი უნდა
დავადგინოთ. შესაძლოა, გამავრცელებელს ადმინისტრაციული სასჯელი დაეკისროს, მაგრამ თუ სისხლის სამართლის დარღვევა გამოვლინდა, საქმის განხილვა სასამართლოში გაგრძელდება, შესაბამისად, სასჯელის ზომასაც მოსამართლე გადაწყვეტს".

მართალია, გენინსპექცია უკვე დაინტერესდა, დაარღვია თუ არა პატრულმა კანონი ან მართლაც დაუკავშირდა თუ არა ეკა ყუშიტაშვილი შს სამინისტროს თანამშრომლებს, მათ შორის, დავით ცინარიძეს, მაგრამ გავრცელებულ ჩანაწერებზე სხვა პასუხგაუცემელი კითხვებიც დაგროვდა. კერძოდ, ეკა ყუშიტაშვილისა და პატრულის თანამშრომლის დიალოგის ამსახველი ვიდეოფირი ექვსი თვის წინ არის გადაღებული, მეორე ჩანაწერი, სადაც პატრულისა და შს სამინისტროს მაღალჩინოსნის დაპირისპირებაა ასახული, 2013 წლით თარიღდება. მაშინ, რატომ გავრცელდა ეს ჩანაწერები მხოლოდ რამდენიმე დღის წინ?

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ჩანაწერების სერიას მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს და კომპრომატების ომს აანონსებს: "ეკა ყუშიტაშვილი საზოგადოების გარკვეული ნაწილის კრებსითი სახეა! "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ვიდეოფირზე ამ კონკრეტულ ფრაგმენტში სწორედ საზოგადოებაში დამკვიდრებული კლიშეები და სტერეოტიპები იკვეთება. სამწუხაროდ, საქართველოში თავისუფლება არასწორად აღიქვეს - უმრავლესობამ ჩათვალა, რომ თავისუფლება პასუხისმგებლობის ნაკლებობასა და ნებისმიერი სურვილის დაკმაყოფილებას ნიშნავს. ეს მხოლოდ ქართული ავადმყოფობა არ არის, სრულიად პოსტსაბჭოთა სივრცეში ანალოგიური ვითარებაა. თუ განვითარებული ქვეყნის აშენება გვინდა, უპირველესად ასეთ ქართულ ცნობიერებას უნდა ვებრძოლოთ. რაც შეეხება ვიდეოჩანაწერების მიზანს, ბუნებრივია, ორივე ფირის გამოქვეყნება მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება. ამ გზით "ნაციონალური მოძრაობა" საზოგადოებაში მისთვის სასურველი განწყობის შექმნას ცდილობს, თუმცა, როგორც იტყვიან, ეს მხოლოდ "პირველი ყვავილებია" - მომავალში არაერთ ბინძურ და სკანდალურ ჩანაწერს ვიხილავთ. წინა ხელისუფლებას კომპრომატების ბაზა ტყუილად არ შეუქმნია. დიდი ალბათობით "ნაციონალურ მოძრაობას" მისი დიდი ნაწილი დღემდე შენახული აქვს. ისინი ხომ ფარული ჩანაწერების გადაღებაში გაწაფული არიან და ამას მომავალშიც არაერთხელ შეეცდებიან".

ვიდეოჩანაწერების სერიის გაგრძელებას არც ექსპერტი არჩილ გამზარდია გამორიცხავს: "საპარლამენტო არჩევნების დასრულების დღიდან "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლების დისკრედიტაციას ცდილობს. სურს, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ კანონდარღვევის ფაქტები "ქართული ოცნების" მმართველობის დროსაც ფიქსირდება. თეორიულად მსგავსი ვიდეოფირის მონტაჟი შეიძLლება, მაგრამ პროპაგანდისტულ კომუნიკაციებში ხშირად კიდევ ერთი მეთოდი გამოიყენება - მოვლენის ინსცენირება, როცა მთავარმა პერსონაჟმა არც იცის, რომ გათამაშებული სცენის ნაწილია.

კერძოდ, დაინტერესებული პირები წინასწარ არჩევენ პერსონაჟს, რომლის ქცევა კონკრეტულ შემთხვევებში ადვილად პროგნოზირებადია. შესაბამისად, მას ისეთ რეალობას უქმნიან, რომლის დროსაც პერსონაჟი სწორედ ისე იქცევა, როგორც დამგეგმავმა გათვალა.

"ნაციონალური მოძრაობა" კიდევ არაერთ პროვოკაციულ ვიდეოფირს შემოგვთავაზებს. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ პრობლემებზე, როგორიც, მაგალითად, ზოგიერთი მაღალჩინოსნის თავნებობაა, თვალი დავხუჭოთ. მაგალითად, ზურაბ ბერიკაშვილის საქციელი კატეგორიულად მიუღებელია".  

"პროვოკაცია ციხესთან დაკავშირებითაც მზადდება"

ვლადიმერ ბედუკაძე (2012 წელს გავრცელებული ციხის სკანდალური კადრების ავტორი): "როგორც ჩანს, კადრების დადგმა "ნაციონალურ მოძრაობას" დაავიწყდა - უნიჭო სერია გამოუვიდათ. "ნაციონალების" მიერ გავრცელებული ვიდეო, სადაც პატრულისა და შს სამინისტროს თანამდებობის პირის დაპირისპირებაა ასახული, უნიჭოდ არის დამონტაჟებული. ზოგადად, მსგავსი შოუების დადგმა მათი სტილი იყო და ეს საზოგადოებამ საკუთარ თავზე გამოსცადა. წყაროს არ დავასახელებ, თუმცა მაქვს ინფორმაცია, რომ დაახლოებით მსგავს აუდიოპროვოკაციას "ნაციონალური მოძრაობა" ციხეში არსებულ ვითარებაზეც აპირებს".
.
02 თებერვალი 2015 14:06
ახლა უნდათ ცინარიძის გამართლება. კადრები ვნახეთ, არავინ დაიჯერებს იმას, რომ ეკა ცინარიძეს არ იცნობდა . ნაციონალებმაა ეს მხოლოდ გამოააშკარავეს, თორემ კადრები რეალურია რომაა, ყველა ხვდება. ახლა იმართლებენ თავს, ნაცების დადგმულიაო, აღარ შველის ეგ ზღაპრები, ყავლი გაუვიდა, აღარ წამს არავინ ასეთ თავის მართლება. წესიერი კაცი გადადგებოდა თანამდებობიდან, იმიტომ რომ ასეთი ქუჩის ნაშების გამო ანგრევს სისტემას. რა უნდა აკავშირებდეს ცინარიძეს ამასთან, თავად გამოიცანით

რედაქტორის რჩევით