"მოწმე, ამბობს, რომ მეგის ქარდავამ გურამ შარაძის მკვლელების თბილისში ჩამოყვანაში 5000 დოლარი გადაუხადა" - კვირის პალიტრა

"მოწმე, ამბობს, რომ მეგის ქარდავამ გურამ შარაძის მკვლელების თბილისში ჩამოყვანაში 5000 დოლარი გადაუხადა"

"დანამდვილებით ვიცი, რომ ბარათელს მამაჩემი არ მოუკლავს"

"გია ფაჩულია და თემურ ჯგერენაია არიან ის სპეცრაზმელები, რომლებსაც მეგის ქარდავას გეგმის მიხედვით, მამაჩემი უნდა მოეკლათ"

"ეს ის გურიკა ჭითანავაა, რომელიც დააკავეს სამეგრელოში, სამალავებში წამებისა და გაუპატიურების ცნობილი კადრების აღმოჩენის შემდეგ. საბოლოოდ, პოლიციის იმჟამინდელი უფროსის, თენგიზ გუნავას კაბინეტში მეგის ქარდავა და გუნავა მოწმისგან მოითხოვდნენ საკუთარი ბიძის, დედის ძმის დაკავებას, ამით მისი სანდოობა უნდა დაედგინათ."

რამდენიმე დღეში ცნობილი გახდება სადისტურად მოკლული გურამ შარაძის მკვლელობის ადგილზე სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" სათვალთვალო კამერით გადაღებული ვიდეოფირის ექსპერტიზის დასკვნა. გურამ შარაძის ქალიშვილი რუსო შარაძე ესწრებოდა ამ ექსპერტიზას და ახლა მოუთმენლად ელის შედეგს.

რუსო შარაძე:

- მოგეხსენებათ, მკვლელობა სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" ვიდეოთვალით არის გადაღებული. სულ სამი კამერის კადრები არსებობს, აქედან ორზე ჩანს მამაჩემი და მკვლელი, ორიდან ერთ-ერთზე კი მკვლელობა. პირველად, ეს ფირები 2007 წლის ივლისში, მკვლელობიდან თვენახევრის შემდეგ პოლიციაში ვნახე. მაშინ არცერთი კადრი არ მომცეს. 2007 წლის 5 აგვისტოს, "რუსთავი 2"-მა ეთერში გაუშვა ამ ფირის რამდენიმეწამიანი მონაკვეთი და აქამდე მხოლოდ ეს მქონდა. მთავარი პროკურორის მოადგილეს ირაკლი შოთაძეს ვთხოვე და მან ერთი თვის წინ გადმომცა სრული მასალა. აგრეთვე, ვთხოვე დავსწრებოდი ფირის ექსპერტიზას, 28 იანვარს დავესწარი კიდეც. ექსპერტიზა ჩატარდა ორ სხვადასხვა უწყებაში: შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. უახლოეს ხანში, ორივე უწყება შეჯერდება და დაიდება საერთო დასკვნა. თავიდანვე დიდ იმედს ვამყარებდი ამ ფირებზე, საშინელი ხარისხის მიუხედავად. ვფიქრობდი, ამ კადრების მეშვეობით, სულ მცირე, შესაძლებელი იქნებოდა მკვლელის, რომელიც მამაჩემს უკან მისდევდა, ზუსტი სიმაღლის დადგენა. ეს იოლად გაირკვეოდა, თუ გვეცოდინებოდა რომელი ტიპის აპარატურა ჰქონდა დაყენებული "ალდაგს" 2007 წლის 20 მაისს. დღემდე "ალდაგი", საეჭვოდ, არ იძლევა ამ ინფორმაციას, ამბობენ, რომ არა აქვთ დოკუმენტაცია. სამართლებრივად, არც პროკურატურას და არც არავის, არ შეუძლია პასუხი მოთხოვოს კერძო კომპანიას, თუ რატომ არ შეინახა საკუთარი დოკუმენტაცია. პირადად მე, რუსუდან შარაძე, სადაზღვევო კომპანია "ალდაგს" ვაკისრებ მორალურ პასუხისმგებლობას.

- კითხვები გაქვთ "ალდაგთან"? კამერის წარმომავლობის დადგენა რას მისცემს გამოძიებას?

- კითხვები დღემდე არსებობს, მაგალითად - მკვლელობის მომენტში, ვინ და რატომ დააყენა ორივე კამერა ერთი მიმართულებით და მეორე დღესვე, ერთმანეთის საპირისპიროდ ვინ და რატომ გადააყენა? ჩემი ვარაუდით, ეს იმიტომ მოხდა, რომ კადრებში მკვლელის სახე არ გამოჩენილიყო. მივმართავ "ალდაგის" ხელმძღვანელობას - გეძლევათ შანსი, რომ ჩამოირეცხოთ ლაქა და გააქარწყლოთ ეჭვები. თუ გვეცოდინება რა წარმომავლობის კამერა იყო, ეს ექსპერტებს შეუწყობს ხელს მკვლელის ზუსტი სიმაღლის დადგენაში. მკვლელი, რომელიც მამაჩემს უკან მიყვება, არ არის გიორგი ბარათელი. ვინც მას იცნობს, ყველა დამეთანხმება, მაგრამ ამას გამოძიების მიერ დამტკიცება სჭირდება.

- რუსო, თქვენ ადრე გამოთქვამდით ეჭვებს და უშუალოდ მკვლელებს ასახელებდით, ამ კუთხით გამოძიებამ რამე დაადგინა?

- დიდი ხანია ვლაპარაკობ ყოფილ პოლიციელზე სამეგრელოდან, რომელიც მამაჩემის მკვლელობის საქმეში უმნიშვნელოვანესი მოწმეა. 2013 წლის 21 მაისს, ზუგდიდში, ჟურნალისტმა ნანა ფაჟავამ მუდარით დაითანხმა მოწმე მიეცა ჩვენება და ის მაშინდელ საოლქო პროკურორს, ვალერი იოსავას შეხვდა. საქმეში არსებობს მისი ჩვენება.

კერძოდ, ის რომ მამაჩემის მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის იმჟამინდელმა უფროსის მოადგილემ, მეგის ქარდავამ დაიბარა ეს მოწმე, რომელიც მუშაობდა პოლიციაში და მამაჩემის მკვლელობის სისრულეში მოსაყვანად მას უბრძანა ზუგდიდიდან თბილისში, ორი სპეცრაზმელი მანქანით წაეყვანა. მოწმე ვინაობებსაც ასახელებს. გია ფაჩულია და თემურ ჯგერენაია არიან ის სპეცრაზმელები, რომლებსაც მეგის ქარდავას გეგმის მიხედვით, მამაჩემი უნდა მოეკლათ.

თბილისში ჩამოსულებს შემდეგი მითითებები გია დგებუაძისგან, იგივე "მასტერასგან" უნდა მიეღოთ. გაწეული "სამსახურისათვის" მეგის ქარდავამ ამ მოწმეს 5 ათასი დოლარი წინასწარ გადაუხადა. ეს თანხა პირადად ქარდავას მარჯვენა ხელის, კოხტა კოდუას ბიძამ მისცა. მოკლედ, მოწმე, ამბობს, რომ ქარდავა გურამ შარაძის მკვლელების თბილისში ჩამოყვანაში 5000 დოლარი გადაუხადა. რაც შეეხება ცეცხლსასროლ იარაღს, ეს უკვე მაშინდელი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს უფროსის, კახა ლატარიას უშუალო დავალებით, კოხტა კოდუამ გადასცა. დაკითხული მოწმე ამბობს, გადავწყვიტე არავითარი მონაწილეობა არ მიმეღო გურამ შარაძის მკვლელობაში, მაგრამ ამის ხმამაღლა თქმა ვერ გავბედეო.

რამდენიმე დღის განმავლობაში იგი ზუგდიდის სხვადასხვა კლინიკაში მივიდა და მიმართავდა ექიმებს, თითქოსდა ჯანმრთელობა გაუარესდა. ამგვარმა ქცევამ მეგის ქარდავასა და პოლიციის სხვა მაღალჩინოსნებში ეჭვი და უნდობლობა გამოიწვია, რასაც მოჰყვა მასზე და მის მეგობრებზე სხვადასხვა სახის ზეწოლა. პირველ ეტაპზე მეგის ქარდავამ ეს პოლიციელი რამდენიმე დღით სამხარეო პოლიციაშიც კი გამოკეტა. ემუქრებოდნენ და მასზე ზეწოლას ახდენდნენ სამხარეო პოლიციის სხვა თანამშრომლებიც - ლაშა ექონია, ზაზა ხასაია და გურიკა ჭითანავა.

ეს ის გურიკა ჭითანავაა, რომელიც დააკავეს სამეგრელოში, სამალავებში წამებისა და გაუპატიურების ცნობილი კადრების აღმოჩენის შემდეგ. საბოლოოდ, პოლიციის იმჟამინდელი უფროსის, თენგიზ გუნავას კაბინეტში მეგის ქარდავა და გუნავა მოწმისგან მოითხოვდნენ საკუთარი ბიძის, დედის ძმის დაკავებას, ამით მისი სანდოობა უნდა დაედგინათ. საკუთარი ბიძა ნარკოტიკული ნივთიერების შენახვის ბრალდებით უნდა დაეპატიმრებინა. ამაზე მან უკვე ღიად თქვა უარი, რის გამოც თენგიზ გუნავა მას ფიზიკურად იქვე გაუსწორდა. იმავე დღეს მიატოვა მან პოლიციაში მუშაობა. ამ ინციდენტიდან ცოტა ხანში, მის საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაცია ჩაატარეს. სახლი გაჩხრიკეს, ის კი სასტიკად სცემეს. მას ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს იმჟამინდელმა უფროსმა კობა ნარსიამ იმ იარაღის შენახვის ადგილის მითითება მოსთხოვა, რომელიც მას გურამ შარაძის მკვლელობის დაგეგმვისას კოხტა კოდუამ გადასცა. დედისთვის მიბარებული იარაღი პოლიციამ "ამოიღო". ეს პირი კი იარაღის უკანონოდ შენახვის ფაქტზე დააკავეს. პატიმრობაშიც მუდმივი ზეწოლის ქვეშ იყო. მკვლელობის შემკვეთები დარწმუნდნენ, რომ მამაჩემის ლიკვიდაციაზე ინფორმაციას არ გასცემდა და პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ამის შემდეგ მან ის 5 ათასი დოლარი მეგის ქარდავას დაუბრუნა. გასულ წელს სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურას ოფიციალურად მისცა ეს ჩვენება.

- სად არიან დასახელებული პირები? ისინი დაკითხა პოლიციამ?

- რაც შეეხება იმ ორი სპეცრაზმელს, რომლებსაც უნდა მოეკლათ მამაჩემი, ერთ–ერთი თემურ ჯგერენაია, მეტსახელად "ჯგერე", ცოტა ხნის წინ უკრაინაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა; მეორე გია ფაჩულია, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ დღესაც აფხაზეთის სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელის მოადგილეა. მეტიც, ფაჩულია დაკავებულ თანამდებობაზე მას შემდეგ დაინიშნა, რაც მოწმემ ჩვენება მისცა პროკურატურას; კახა ლატარიას კუდ–ის ყოფილ უფროსს, ახლაც დიდი თანამდებობა უკავია სუსის რეგიონალურ სამმართველოში, კობა ნარსია ზუგდიდის პოლიციის მაშინდელი უფროსი, დღეს შსს-ში საპასუხისმგებლო თანამდებობაზეა.

იმ ორ კაცზე დარწმუნებით თქმა, რომ მაინცდამაინც მათ მოკლეს მამაჩემი, არ შემიძლია, მაგრამ ფაქტია, მოწმე ამბობს, რომ მას დაავალეს ამ ორი სპეცრაზმელის თბილისში წამოყვანა მამაჩემის მოსაკლავად. რახან მოწმემ არ გააკეთა, მერე ძნელია დარწმუნებით თქმა, რომ ამ ორს გააკეთებინეს თუ სხვა ორს. რახან ავალებდნენ ამათ წამოყვანას, ე.ი. მკვლელები არიან ყველა შემთხვევაში და სულ არ მქეჯნის სინდისი თუ მათ ფოტოებსაც გამოვაქვეყნებ. თითქმის, ორი წელია ამას გავყვირი. აქამდე ველოდებოდი, რომ ამ მკვლელებს ხელისუფლება თავად გაათავისუფლებდა დაკავებული თანამდებობებიდან, რაც, სამწუხაროდ, არ მოხდა. ახლა, ამას კატეგორიულად მოვითხოვ.

აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მივმართავ იმ მოწმეებს, რომლებიც დღემდე დუმილს ინარჩუნებენ - გამოდით და თქვით, რა ნახეთ თქვენი თვალით. სამართლიანობას სახლში ლანგრით არავინ მოგართმევთ, ეს ჩვენი მოსაპოვებელია. დროა, ყველამ იგრძნოს პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავალზე და თუნდაც, მამაჩემის წინაშე, რომელიც ამ ქვეყანას და ამ ხალხს შეეწირა.

- რუსო, თქვენ ბარათელთან შეხვედრას ითხოვდით, მაგრამ მან უარი თქვა, რატომ?

- ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაჟინებით ითხოვდა გიორგი ბარათელი ჩემთან შეხვედრას, მაგრამ მაშინ სოზარ სუბარმა მასთან ციხეში არ შემიშვა, კანონი არ მაძლევს ამის უფლებასო, - მამაჩემის მკვლელი სააკაშვილის კანონებით დამიწყო საუბარი. მასთან შეხვედრა ვთხოვე ახალ მინისტრს გიორგი მღებრიშვილს და კახა კახიშვილს. დამრთეს ნება და ძალიან დიდი მადლობელი ვარ მათი, რომ ასეთი პრეცედენტი დაუშვეს. კანონით ოჯახის წევრის გარდა არავის აქვს უფლება მონახულების. მაგრამ ახლა თავად ბარათელმა თქვა უარი. ვფიქრობ, ის გულგატეხილი და იმედგაცრუებულია. ეწ შტირის ინციდენტი ალბათ გახსოვთ. 2012 წლის ნოემბერში ბარათელს ბრალი წაუყენეს და 2013 წელს კიდევ დაუმატეს 2 წელი. ჩვენ ძალიან მოვინდომეთ მაშინ ამ სასამართლოთი ესარგებლა ბარათელს და მოეყოლა კამერების წინ თუ რა მოხდა რეალურად მამაჩემის საქმეზე. მოსამართლემ არ მისცა შესაძლებლობა მოეყოლა დეტალურად, თქვა, ეს არ ეხება განსახილველ თემასო, მაგრამ ბარათელმა მაინც ილაპარაკა. ის არ არის მამაჩემის მკვლელი. კიდევ ორი წლის დამატება როგორც ჩანს მისთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა. როდესაც ჩვენი ადვოკატი შევიდა მასთან, ჩხუბი დაუწყო. მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის რომ სიმართლე მეთქვა და ამის გამო დამემატა ორი წელიო. ის აბრალებს ახალ სასჯელს სიმართლის თქმას. მორალურად ცუდად არის. როგორც ჩანს, ხელი ძალიან ჩაქნეული აქვს. ძნელია 8 წელი, აქედან 5 წელიწადნახევარი სააკაშვილის ციხეში იჯდე, თან ასეთ ტერორში. ახლა არაფრის გაგონება არ უნდა და უარი თქვა ჩემთან შეხვედრაზე. მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც კი გამოძიება წინ წავა, მისთვის საიმედო სიტუაცია გამოჩნდება და ის შემხვდება. დანამდვილებით ვიცი რომ ბარათელს მამაჩემი არ მოუკლავს. მასთან შეხვედრა ერთადერთი მიზნით მინდოდა, მორალურად გამემხნევებინა და დამერწმუნებინა, რომ ჩვენ არ მოვეშვებით რადაც არ უნდა დაგვიჯდეს ამ საქმეს და საბოლოოდ სამართალი იზეიმებს. ბარათელი სასამართლომ რომ გაამართლოს, მანამდე ნამდვილი მკვლელები უნდა დაისაჯონ. ამას კი გარკვეული დრო სჭირდება.

თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)

ასევე წაიკითხეთ: "მაიძულებდნენ მეთქვა, რომ გოგა ხაინდრავამ დამავალა შარაძის მოკვლა"