"თუ ფირცხალავას საშკაზე შურისძიება უნდოდა, შეეძლო მარტო მოეხელთებინა, რაღას ერჩოდა სხვებს" - კვირის პალიტრა

"თუ ფირცხალავას საშკაზე შურისძიება უნდოდა, შეეძლო მარტო მოეხელთებინა, რაღას ერჩოდა სხვებს"

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ. პროკურატურა ირწმუნება, რომ ირაკლი ფირცხალავამ სპეცოპერაცია ალექსანდრე ხუბულოვზე შურისძიების მოტივით დაგეგმა, რადგან ხუბულოვმა მიაწოდა სოდ-ის თანამშრომლებს მის ძმაზე, ლევან ფირცხალავაზე ინფორმაცია და დააჭერინა.

ანა თათარაშვილი, ხუბულოვის მეუღლე: - ვიცი, საშკას ვერ გაგვიცოცხლებენ, მაგრამ ეს საქმე სწორად უნდა გამოიძიონ.

საშკამ წინადღეს თქვა, ხვალ საქმეზე მივდივარო, მაგრამ იმ ღამით ბავშვმა არ დაიძინა და გამთენიისას, 7 საათზე დავწექით. საშკას მობილური გათიშული ჰქონდა, სახლის ნომერზე იმდენჯერ დარეკეს, წამოდგა ლოგინიდან და ზარს უპასუხა. არ ვიცი, ვის ესაუბრა. მერე მითხრა, უნდა წავიდეო. საათ-ნახევარში ტელევიზიით ვნახე ეს საშინელი ფირი... 17 ტყვია დავუთვალეთ საშკას.

- ლევან ფირცხალავასთან რა ურთიერთობა ჰქონდა?

- მასთან ურთიერთობის შესახებ არაფერი მსმენია. საშკა არ იყო ის ადამიანი, ვიღაცა ჩაეშვა.

რუსუდან თურმანიძე, ხუბულოვის სიდედრი: - ის ვერსია, რომ თითქოს საშკამ ჩაუშვა ლევან ფირცხალავა და ამის გამო მისმა ძმამ იძია შური, სამუშაო ვერსია უნდა იყოს.  ჩემი ვარაუდით, ფირცხალავებს არ იცნობდა. ფირცხალავამ შური იძია დღისით-მზისით და კორტებთან ასეთი სასაკლაო მოაწყო? რაღას ერჩოდნენ მაშინ სხვებს,  ფირცხალავას შეეძლო მარტო მოეხელთებინა საშკა... ამდენი წელი ამბობდნენ, საყაჩაღოდ მიდიოდნენო, თუ ინფორმაცია ჰქონდათ, ასდევნებოდნენ და დაეჭირათ ფაქტზე. ან ის მითხრან, ხეზე შეჯახებულ მანქანას რატომ დაუშინეს ასობით ტყვია?

შვილიშვილები დამიობლეს -  ლიზის დღემდე არ უნდა ამ ამბის გახსენება, დათუნა კი თვითონ ეძებს ინფორმაციას მამამისზე ინტერნეტში, ვნახე, ჟურნალისტურ გამოძიებას უსმენდა. ქალიშვილი დამიქვრივეს...  ყველა უნდა დაისაჯოს!

თეა ხურცილავა