აფრასიძეების საქმე იხსნება? - "ველოდები, რომ მომიხსნიან იმუნიტეტს, რათა შემდგომ დამაპატიმრონ" - კვირის პალიტრა

აფრასიძეების საქმე იხსნება? - "ველოდები, რომ მომიხსნიან იმუნიტეტს, რათა შემდგომ დამაპატიმრონ"

"დილით ვერტმფრენების ხმაზე გაგვეღვიძა. გაუფრთხილებლად გაგვიხსნეს ცეცხლი.

ევგენი ხელებაწეული გავიდა აივანზე, ცეცხლი შეწყვიტეთ, სახლში ქალები და ბავშვები არიანო. სწორედ ამ მომენტში მოხვდა სნაიპერის ტყვია."

"როგორ შეიძლება შს მინისტრი დაადანაშაულო მკვლელობაში, როდესაც სპეცოპერაციის დროს იქ არ ვყოფილვარ?"

2004 წლის 24 მარტს მესტიის რაიონის სოფელ ეცერში ევგენი აფრასიძისა და მისი ოჯახის წევრების ასაყვანად ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომელსაც იმჟამინდელი შს მინისტრი გიორგი ბარამიძე ხელმძღვანელობდა, ჩინოსნებმა დადებითი შეფასება მისცეს.

ოფიციალური ვერსიით, დაკავებისას სამართალდამცველებმა მამა-შვილი, ევგენი და ომეხ აფრასიძეები, ორმხრივი სროლისას მოკლეს, დაჭრილი შმაგი და გოჩა აფრასიძეები კი ვერტმფრენით ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით  ძმებს ბრალი სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში დასდეს და დიდი ხნით ციხეში გამოკეტეს. სიკვდილს გადაურჩნენ ევგენი აფრასიძის მეუღლე, რძალი და ოთხი შვილიშვილი. ნაცარტუტად იქცა აფრასიძეების სახლი.

სპეცოპერაციისას ძალოვანებმა აფრასიძეების ოჯახს თავშეფარებული  ვოვა მურავიოვიც დააკავეს და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. აფრასიძეების ადვოკატების თქმით, გამოძიება მურავიოვზე ზეწოლას ახდენდა, აწერინებდნენ, სად შეიძლებოდა ყოფილიყვნენ დამარხული ლევან კალაძე და წყნეთიდან გატაცებული მარიამ გოგინაშვილი.

ბრალი პოლკოვნიკ ბათუ საღინაძესაც წაუყენეს, რომელმაც ბარამიძე მცდარ კვალზე დააყენა - საღინაძე კალაძის გატაცებაში ომეხ აფრასიძის როლს გამორიცხავდა, მაგრამ ამბობდა, რომ მას ამ საქმეზე ინფორმაცია ჰქონდა.

დოდო სიდიანი-აფრასიძე, ევგენი აფრასიძის მეუღლე: - დილით ვერტმფრენების ხმაზე გაგვეღვიძა. გაუფრთხილებლად გაგვიხსნეს ცეცხლი.

ევგენი ხელებაწეული გავიდა აივანზე, ცეცხლი შეწყვიტეთ, სახლში ქალები და ბავშვები არიანო. სწორედ ამ მომენტში მოხვდა სნაიპერის ტყვია.

რამდენიმე წამში ოთახში ასაფეთქებელი შემოაგდეს. რომ ამბობდნენ, აფრასიძეებს სახლში არსენალი ჰქონდათო, ტყუილია. თუ გვქონდა, სად წავიდა?! ბარამიძე ახლა ამბობს, იქ არ ვყოფილვარო. ერთ ვიდეოფირში ვნახე - ადეიშვილი, მერაბიშვილი, ბარამიძე და ბადრი ბიწაძე არიან ჩამწკრივებული. მერე ის ფირი გააქრეს. მურავიოვს აიძულებდნენ დაეწერა, თითქოს ჩვენ ვისროლეთ და პოლიციას წინააღმდეგობა გავუწიეთ.

ირმა ჭკადუა, აფრასიძეების ადვოკატი: - ეს საქმე ძალიან მალე გაიხსნება... სააკაშვილმა განაცხადა, მე გავეცი აფრასიძეების განადგურების ბრძანებაო. როცა ვერტმფრენები თბილისიდან აფრინდნენ,  უკვე იცოდნენ, რომ ისინი უნდა დაეხოცათ. მაშინ ვითხოვდით არა მარტო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას, არამედ  ადეიშვილის, მერაბიშვილისა და ბარამიძის პასუხისგებაში მიცემას (ბრიფინგს ბრიფინგზე ატარებდნენ კალაძისა და გოგინაშვილის ცხედრების აღმოჩენის თაობაზე).

100 კაცია დაკითხული, რომლებიც ჰყვებიან, რომ ბარამიძე ცეცხლმოკიდებული ევგენის ცხედარზე ითბობდა ხელებს და სვანურ კუბდარსა და სულგუნზე ელაპარაკებოდა ეცერელებს.

მალხაზ ჯანგირაშვილი, აფრასიძეების ადვოკატი: - ბრალდება იმაზე იყო აგებული, თითქოს მათ ცეცხლი გაუხსნეს სპეცრაზმელებს. არადა, დათვალიერებისას არც ერთი ვარგისი იარაღი არ არის ამოღებული.

გია ბარამიძე: - როგორ შეიძლება შს მინისტრი დაადანაშაულო მკვლელობაში, როდესაც სპეცოპერაციის დროს იქ არ ვყოფილვარ?

- რა იყო სპეცოპერაციის მიზანი?

- ჩვენი ინტერესი იყო, აფრასიძეები დაგვეპატიმრებინა და გაგვესამართლებინა იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც ჩაიდინეს.

- აქამდე არასდროს გითქვამთ, რომ იქ არ იყავით. სპეცოპერაციას თქვენ არ ხელმძღვანელობდით?

- არ ვყოფილვარ მაშინ, როცა სპეცოპერაცია ტარდებოდა. როდესაც სამი დაკავებული გადმოიყვანეს კოპიტნარის აეროპორტში და ჩასვეს მანქანაში, იმ ვერტმფრენით გავფრინდი სვანეთში. ჩვენ არ უნდა დაგვეშვა, რომ ვინმეს წინააღმდეგობის გაწევა მოსვლოდა აზრად - ეცერელები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ ამ ოჯახთან ერთად და ჭირსა და ლხინს იზიარებდნენ. წარმოიდგინეთ, რამდენი იარაღი იქნებოდა იმ დროს ყველა ოჯახში, მით უმეტეს, აფხაზეთის ომის შემდეგ. მეზობლებს რომ მოენდომებინათ აფრასიძეების დახმარება, საშინელება დატრიალდებოდა.

- უსისხლოდ არ შეიძლებოდა სპეცოპერაციის ჩატარება?

- ძალიან ვწუხვარ, ადამიანები რომ დაიღუპნენ, მაგრამ როდესაც სპეცრაზმს ავტომატით და ტყვიამფრქვევით ცეცხლს გაუხსნი, ბუნებრივია, პოლიციაც ესვრის. სანამ ჩვენი ვერტმფრენები დასხდებოდნენ მიწაზე, აფრასიძეებმა მანამდე გაუხსნეს ცეცხლი სპეცრაზმს.

უნდა დაჰკითხონ სპეცრაზმელები. იმასაც გაარკვევენ, რატომ მიიღო ერთ-ერთმა მფრინავმა ორდენი - მისი ვერტმფრენი ჰაერში დააზიანეს და მხოლოდ მისმა ვაჟკაცობამ და ოსტატობამ იხსნა 15-20 სპეცრაზმელი სიკვდილისგან. ეს მფრინავი შამილ ქორქოშაძე იყო.

- ოჯახის წევრების თქმით, თავდასხმა მოხდა გამთენიისას, როდესაც ეძინათ და წინააღმდეგობა არ გაუწევიათ...

- 11 ვერტმფრენი ჰაერში დაფრინავდა, მათ კი ეძინათ?!

- ადვოკატები ამტკიცებენ, აფრასიძეებთან ვარგისიანი იარაღი არ აღმოჩენილაო...

-  აღმოჩნდა კი არა, როცა მე ჩავფრინდი, სახლი იწვოდა და ტყვია-წამალი კარგა ხანს ფეთქდებოდა.

- სააკაშვილმა განაცხადა, ჩემი ბრძანებით გაანადგურეს აფრასიძეებიო.

- გვინდოდა ყველას განადგურება და ვერ მოვახერხეთ? ხვდებით, რამდენად აბსურდულია ეს ყველაფერი? ჩვენი მიზანი კრიმინალთან ბრძოლა იყო და თუკი ვინმეს უნდა დაიჯეროს ეს აბსურდი, დაიჯეროს.

- მაშინ ეს სპეცოპერაცია დადებითად შეაფასეს თქვენმა თანაგუნდელებმა.

- ამოცანა იყო, დამნაშავეები დაგვეკავებინა და არ დაგვეშვა, რომ პოლიცია კუდამოძუებული გამოქცეულიყო. ამიტომ იყო მობილიზებული ამხელა ძალები. მეორე ამოცანა იყო, არც პოლიციასა და არც მშვიდობიან მოსახლეობაში არ დაგვეშვა მსხვერპლი, რაც მოხერხდა - არც ერთ ადამიანს თავიდან თმის ღერი არ ჩამოვარდნია. რიგით მესტიელს ჰკითხეთ, რას სჩადიოდნენ ისინი, როგორ აყაჩაღებდნენ აფრასიძეები ან რისთვის იყვნენ გასამართლებული. წლების განმავლობაში ვერავინ ბედავდა მათ დაკავებას.

- ითქვა, ომეხ აფრასიძეს ლევან კალაძის გამტაცებლებზე ჰქონდა ინფორმაცია და აპირებდა, პოლიციას ჩაჰბარებოდა, სწორედ ამიტომ მოკლესო.

- მე, შს მინისტრს, ეს ინფორმაცია არ მქონია. ეს იყო ჩვენი და უშიშროების სამინისტროს ერთობლივი ოპერაცია და მთელი სისტემა მოქმედებდა იმ სამსახურების ინფორმაციით, რასაც გვაწვდიდნენ.

- როგორ ფიქრობთ, დაგაკავებენ?

- ჯერ არ დავუკითხავვარ, ველოდები, რომ მომიხსნიან სადეპუტატო იმუნიტეტს, რათა შემდგომ დამაპატიმრონ. ვაცხადებ - არსად წასვლას არ ვაპირებ. ახლა  უკრაინაში მივდივარ, ჩამოვალ და თუ დამაპატიმრებენ, ჩავჯდები ჩემს თანამებრძოლებთან ერთად. ჩვენი ციხეში ჯდომით უფრო მეტი თანამოქალაქე გააცნობიერებს, რა ტიპის ძალასთან გვაქვს საქმე. დაე, ეს მოხდეს ჩემი და ჩემი მეგობრების ციხეში ჩაჯდომის ფასად.

ნანა ფიცხელაური