"ანტიკორუფციული სამსახური ზუგდიდის ტენდერებს იკვლევს"
09-02-2015
"ანტიკორუფციული სამსახური ზუგდიდის ტენდერებს იკვლევს"
"გამგეობა მერისა და გამგებლის ნათესავების სახლად იქცა"

"ტენდერებს მხოლოდ ერთი კომპანია იგებს"

რეგიონებში არსებული ვითარების კვლევას "კვირის პალიტრა" ისევ განაგრძობს. ამჯერად ზუგდიდის მუნიციპალიტეტით დავინტერესდით, სადაც, როგორც საკრებულოს დეპუტატი კახა მიქაია ამბობს, მთავარი პრობლემა გამგეობიდან ინფორმაციის მიღება და პროცესების გაუმჭვირვალობაა:

- არჩევნების დასრულების შემდეგ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ედიშერ თოლორაიას რაიონში შესრულებული სამუშაოების სარევიზიო კომისიის შექმნა მოვთხოვე. კომისიას სამშენებლო ხარვეზები ადგილზევე უნდა შეემოწმებინა. უნდა შემოწმებულიყვნენ ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების მფლობელებიც, თუმცა, პასუხად მხოლოდ
კანონიდან გადმოწერილი მუხლები მივიღე, მინაწერით: "ჩვენ კანონს ვასრულებთ". მეტიც, გამგეობამ სამუშაოების რევიზიის შესახებ ერთი ოქმიც ვერ მომაწოდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში წლებია მსხვილ ტენდერებს მხოლოდ ერთი სამშენებლო კომპანია, შპს "თავადი I" იგებს, რომლის მფლობელი, ოფიციალური მონაცემებით, ელგუჯა გურიელია. 2014
წელს ყველა ტენდერი სწორედ ამ კომპანიამ მოიგო, 2013 წელს კი - 239.379-ლარიან, ასევე, 1.435.665-იან ტენდერში გაიმარჯვა.

- თუ კომპანია ტენდერის პირობებს აკმაყოფილებს და არც სამუშაოების შეუსრულებლობის გამოა "გაშავებული", რა პრეტენზიები გაქვთ?
- ეს კომპანია  "ნაცმოძრაობის" დროსაც და ახლაც ყველა ტენდერს იგებდა, თუმცა, არავის შეუმოწმებია, რა გაკეთდა ამ სოლიდური თანხებიGთ. ვთქვათ, "თავადი I" კეთილსინდისიერი კომპანიაა, რაიონში სხვა სამშენებლო კომპანია არ არსებობს? როცა საკრებულოს თავმჯდომარეს ვკითხე, ყველა მსხვილ ტენდერს ეს კომპანია რატომ იგებს-მეთქი, მიპასუხა, ამ საკითხში კომპეტენტური არა ვარ, მაგრამ გეთანხმებიო.

თენგიზ ჯგუშია, სამოქალაქო მოძრაობა "სამეგრელოს ხმის" თავმჯდომარე: "სამეგრელოში ნებისმიერი გეტყვით, რომ გამგეობა მერიისა და გამგებლის ნათესავების სახლად იქცა. ამიტომ არ მიკვირს მიკერძოებული ტენდერები და კორუფცია. როგორ შეიძლება ტენდერების გამჭვირვალედ ჩატარება მოვთხოვოთ ქალაქის მერს, რომელიც თავადაა სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის ნასამართლევი?"

როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ განმარტა, გამგეობაში ახლა კონტროლის პალატა და ანტიკორუფციული სამსახური მუშაობს, რომლებიც სწორედ ტენდერებსა და სხვა სახელმწიფო გადარიცხვებს იკვლევენ:

- ტენდერებში მონაწილეობისთვის პირობები განსაზღვრულია და სტანდარტების დაკმაყოფილება თითოეულ კომპანიას ევალება. სატენდერო პირობებში არ არის მითითებული კომპანიის პოლიტიკური კავშირები თუ წარსული. მთავარია, გამოცდილება და სათანადო საბანკო გარანტიები ჰქონდეს.

- ხარვეზების დასადგენად რატომ არ იქმნება კომისია, რომელსაც საკრებულოს დეპუტატები ითხოვენ? რატომ არ ასაჯაროებთ სარევიზიო ოქმებს?
- სამუშაოების დასრულების შემდეგ, ანგარიშსწორება ვერ მოხდება, თუ კომპანია შესრულებული სამუშაოს შესახებ დასკვნას არ წარმოადგენს. ორი თვეა მუნიციპალიტეტში კონტროლის პალატა და ანტიკორუფციული სამსახური სწორედ ტენდერების ჩატარების საქმეს იკვლევენ. ასე რომ, უამრავი მაკონტროლებელი ორგანო გვყავს და მორიგი კომისია რაში გვჭირდება?! შემმოწმებელი არ გვაკლია, თუმცა, არც ეს არის პრობლემა - რამდენიც უნდათ, იმდენი კომისია შექმნან. ჩვენ ყველასთან ვითანამშრომლებთ.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით