როგორ მოქმედებდა ამფეთქებელი და რა შეცდომა დაუშვა
09-02-2015
როგორ მოქმედებდა ამფეთქებელი და რა შეცდომა დაუშვა
"თუ ეს ჩემმა შვილმა ჩაიდინა, აღარასოდეს ვნახავ!"

8 თებერვალს პროკურატურამ განაცხადა, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. უწყების ცნობით, ეჭვმიტანილი წალკის პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილია. მთავარი პროკურორის მოადგილის ირაკლი შოთაძის განცხადებით, საფლავზე, სადაც ვაზაგაშვილი ააფეთქეს, გამომძიებლებმა იპოვეს აფეთქებული ხელყუმბარის ნაწილი, ე.წ. "ფალიის სახელური", ექსპერტიზით კი მასზე ადამიანის დნმ-ის კვალი აღმოაჩინეს.


"გამოძიებით გადამოწმდა მობილური სატელეფონო ოპერატორების ანძებზე დაფიქსირებული აბონენტების ვინაობა, დაიკითხა ათეულობით მოწმე. სამართალდამცველებმა დააკავეს  პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილი, რომელიც, როგორც
გამოძიებით დადგინდა, 2015 წლის 19-20 იანვარს იმყოფებოდა კასპის რაიონის სოფელ ყარაფილას ტერიტორიაზე და რომლის დნმ-ი, გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაემთხვა შემთხვევის ადგილიდან (ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავი) ამოღებული ასაფეთქებელი მოწყობილობის ფალიის სახელურზე აღმოჩენილ დნმ-ს. ამდენად, უტყუარად შეიძლება ითქვას, რომ იური ვაზაგაშვილი მოკლული იქნა გია სოსანაშვილის მიერ საფლავზე
დამონტაჟებული ხელყუმბარის აფეთქების შედეგად", - აცხადებს შოთაძე.
"კვირის პალიტრამ" ჯერ კიდევ 2 კვირის წინ პირველმა გააჟღერა, რომ იური ვაზაგაშვილი სწორედ საფლავის ფილის ქვეშ მოთავსებული ხელყუმბარით იყო მოკლული.

შოთაძემ ასევე განმარტა, რა  შეცდომა დაუშვა იური ვაზაგაშვილის აფეთქებაში ბრალდებულმა.
"ზოგი "ფალიას" რეზინით აბამს, ზოგი ძაფით, ზოგი "იზოლენტით", რომ თავიდან აირიდონ გაუთვალისწინებელი აფეთქებები. ამ შემთხვევაში მკვლელმა გამოიყენა "იზოლენტი". სწორედ "მისმა წებოვანმა გარსმა უზრუნველყო ის, რომ ამ სახელურზე დარჩა დნმ-ის კვალი. ეს არის მკვლელის შეცდომა. დასამალი არ არის, ჩვენ გაგვიმართლა. ასეთი გამართლება ბევრ საქმეზე არ ხდება", - განაცხადა შოთაძემ.
ბრალდებულის მოქმედების სავარაუდო სქემა ასეთია:

1) ხელყუმბარას დაახვია წებოვანი ლენტი.
2) გამოაძრო დამცავი რგოლი.
3) დააფიქსირა ხელყუმბარა და მისი სახელური სიმძიმის (ქვის ფილის) ქვეშ.
4) ფრთხილად ჩაჭრა წებოვანი ლენტი.

ამის შემდეგ იური ვაზაგაშვილი მიდის საფლავზე და ცდილობს გაასწოროს ადგილშენაცვლებული ფილა, რასაც მოქმედებაში მოჰყავს ხელყუმბარა.
მანანა ვაზაგაშვილი, იური ვაზაგაშვილის და: "არც კი ველოდით, ეს საქმე თუ ასე მალე გაიხსნებოდა. ჩვენი ინფორმაციით, მკვლელი პოლიციელი 2005-2006 წლებში მუშაობდა კრიმინალურ პოლიციაში. ეს ადამიანი კასპელია, მაგრამ არც მე მესმენია მასზე რამე და  არც ჩემს რძალს. შესაძლოა, იური იცნობდა.  ის შემსრულებელია, დამკვეთი კი სხვაა. ჩვენი ვერსიით, ეს იმ მკვლელების ჯგუფს უკავშირდება, ვინც ზურა მოგვიკლა. ალბათ,  სოსანაშვილს მათ დაუკვეთეს იურის აფეთქება".

თავად სოსანაშვილი ბრალს არ აღიარებს. თუმცა საგამოძიებო პროცედურები გრძელდება და არ არის გამორიცხული, მან გამოძიებას მნიშვნელოვანი ჩვენებები მისცეს და დაასახელოს საზარელი დანაშაულის დამკვეთები. პროკურატურის ერთ-ერთი ვერსიით, იური ვაზაგაშვილის აფეთქება, მისი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობას უკავშირდება. ამ საქმეზე კი 11 ყოფილი პოლიციელია დაკავებული, მათ შორის კრიმინალური პოლიცის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი ფირცხალავა. სხვათა შორის, სოსანაშვილს ფირცხალავა "ფეისბუკში" მეგობრებში ჰყავს.

უახლოეს დღეებში “ვაზაგაშვილების საქმეში, სავარაუდოდ, კიდევ გამოიკვეთება ახალი დეტალები.
გია სოსანაშვილი კასპის რაიონის სოფელ საკორინთლოდან არის. ეს სოფელი, ისევე როგორც ყარაფილა, ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება და ამ სოფლებს მათ შორის დაშორება სულ 2-3 კილომეტრია.
შს სამინისტროს წალკის სამმართველოს თანამშრომელი გია სოსანაშვილის დედ-მამა საკორინთლოში ცხოვრებენ, სადაც გია, მშობლების თქმით, თვეში ორჯერ ჩადიოდა. დაკავებულის დედა დარეჯან სოსანაშვილი აცხადებს, რომ შვილი ბოლოს 18 და 19 იანვარს ნახა - იური ვაზაგაშვილის აფეთქებამდე ერთი დღით ადრე.

"ჩემი შვილი 18-ში ჩამოვიდა და 19 იანვარს წავიდა. მას შემდეგ აღარ მინახავს. ჩხრეკის შედეგად, ჩვენს ეზოში მდებარე სათავსოს სახურავიდან სამართალდამცველებმა სამი ხელყუმბარა ამოიღეს. როგორც ჩანს, სამივე ძველი მოტანილი იყო, რადგან ცელოფანი, რომელშიც ისინი ეწყო, თაგვებისგან იყო შეჭმული", - აცხადებს დარეჯან სოსანაშვილი და დასძენს, რომ გია  შინ ხშირად ინახავდა სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლ იარაღს.
გიას მამა, აკაკი სოსანაშვილი: "თუ დადგინდება, რომ დანაშაული ჩემმა შვილმა ჩაიდინა, აღარასოდეს ვნახავ!".
გია სოსანაშვილი წალკის პოლიციაში მუშაობის დაწყებამდე, დაახლოებით ორი წლის წინ ყარაფილაში მუშაობდა და პატრულირების ჯგუფთან ერთად გადაადგილდებოდა. შესაბამისად, ეს სოფელი და მიმდებარე ტერიტორია საკმაოდ კარგად იცოდა.

გია სოსანაშვილის მეზობელი მზია ღვინაძე: - გია ჩვენი ოჯახის ახლობელი არ არის. ის სოფელ საკორინთლოდანაა და ჩვენი სახლის ოდნავ ზემოთ ცხოვრობს. რამდენადაც ვიცი, მას ცუდი ურთიერთობა არავისთან ჰქონია. თვეები ისე გადიოდა, ვერც ვხედავდით. ცოლ-შვილიც ჰყავს, ზაფხულობით შვილები კი ჩამოჰყავდა, მაგრამ მგონი ცოლთან არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა. გაოგნებული ვარ, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ასეთი რამის ჩადენა შეეძლო, არაფერი მსგავსი ამ ბიჭისთვის არ შემინიშნავს. მეტსაც გეტყვით, 2008 წელს, ქვემო ჭალელ ბიჭებთან ერთად, იარაღით ხელში იდგა სოფლის საზღვარზე. ერთი წამით არ მიუტოვებია სოფელი, მაშინაც, როდესაც მტერი ორ ნაბიჯში იდგა. შოკისმომგვრელი იყო ჩემთვის ეს ამბავი. ვერ ვიჯერებ, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი გიაა. თავისებური ხასიათის ბიჭი კი იყო, მაგრამ უარყოფითი პიროვნება ნამდვილად - არა.

ციალა ვაზაგაშვილი, იური ვაზაგაშვილის მეუღლე:
"არ ვიცი, იურა იცნობდა თუ არა სოსანაშვილს, მაგრამ როგორც ჩანს, თავად მკვლელი იცნობდა იურას და აკონტროლებდა, როდის მივიდოდა ის სასაფლაოზე. დარწმუნებული ვარ, მალე დამკვეთების ვინაობასაც გავიგებთ და გამოჩნდება, ვისი სურვილი იყო ამ ტრაგედიის დატრიალება. დღეს დაკავებულს კი ადამიანს ვერ ვუწოდებ, ის უსისხლო არსებაა, არაკაცია, როგორ უნდა შეასრულო ასეთი საზარელი დაკვეთა არ ვიცი?!"
obiekturs
13 თებერვალი 2015 09:58
შენ აშკარათ ჯამრთელობის პრობლემები გაქვს, დროზე იმკურნალე არ გაგირთულდეს. სად ნახე მთლიანათ განადგურებული საფლავი. ბრმა ხარ თუ თვალებს იბრმავებ. ნაცი ხარ და ამ ავადმყოფობას არაფერი უშველის. მეცოდები.
მამუკა
10 თებერვალი 2015 13:31
ნაციონალობა არ არის დანაშაული,მაგრამ უნამუსობას რა ეშველება ის მითხარი შენ
kote
10 თებერვალი 2015 13:18
ოღონდაც ეს საქმე ვინმეს აკიდონ და ეშმკსაც კი მიჰყიდიან სულს. მით უმეტეს, რომ ხელისუფლება ისედაც ხელიდან ეცლებათ.

რედაქტორის რჩევით