"გამოძიება აუცილებლად გამოავლენს იური ვაზაგაშვილის მკვლელობის შემკვეთებს!" - კვირის პალიტრა

"გამოძიება აუცილებლად გამოავლენს იური ვაზაგაშვილის მკვლელობის შემკვეთებს!"

ვინ არის დამკვეთი?!

იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი გია სოსანაშვილი დანაშაულს არ აღიარებს. როგორც ჩანს, არც გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს. ჯერჯერობით დანაშაულის არც მოტივია დადგენილი და არც მკვლელობის დამკვეთთა ვინაობა. პროკურატურა არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, დამნაშავეთა წრე გაფართოვდეს. იმასაც ვარაუდობენ, რომ კორტების საქმეში ბრალდებული ირაკლი ფირცხალავა შესაძლოა ამ დანაშაულში შუალედური რგოლი იყოს და ბრალიც დაუმძიმდეს. მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად კი შურისძიება განიხილება.

გაგი მოსიაშვილი, იური ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატი: - სოსანაშვილი, სავარაუდოდ,  მკვლელობის შემსრულებელია, ვინ არის დამკვეთი, გამოძიება დაადგენს.

- საქმეში არსებობს სატელეფონო ზარები, გაირკვა, რომ ფირცხალავა სოსანაშვილის ადვოკატის თანაკლასელი ყოფილა...

- ეს მნიშვნელოვანი ფაქტია, თუმცა, სამართლებრივი ანალიზი სჭირდება. ბევრი საინტერესო და საეჭვო დეტალია, რომელზეც პროკურატურა მუშაობს.

- ერთ-ერთ ვერსიად შურისძიება განიხილება. ცნობილია, რომ გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე ვაზაგაშვილი შეხვდა ივანიშვილს, რომელიც მას შვილის მკვლელობის გამოძიებაში დახმარებას შეჰპირდა. ითქვა ისიც, რომ ერთი კვირის შემდეგ ვაზაგაშვილი კვლავ უნდა შეხვედროდა ივანიშვილს.

- რა თქმა უნდა, თეორიულად არსებობს შურისძიების შესაძლებლობა, მაგრამ ჯერჯერობით დადასტურებულად ამის თქმა არ შეიძლება... როცა იური მოკლეს, დაემთხვა და ერთ კვირაში გაიხსნა კორტების საქმე. არადა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ კორტების საქმე ერთ კვირაში კი არ გაიხსნა, 7 თვე იძიებდნენ სწრაფად და ეფექტურად...

- გარდაცვალებამდე 5 დღით ადრე ბატონ იურისთან ინტერვიუ ჩავწერეთ. თუ საქმე თითქმის გახსნილი იყო, რატომ უცხადებდა უნდობლობას გამოძიებას? ამბობდა, რომ კორტების სპეცოპერაციაში მონაწილე პირები შსს-სა და პროკურატურაში მაღალ თანამდებობებზე მუშაობდნენ და ხელს უშლიდნენ გამოძიებას. ძნელი დასაჯერებელია, რომ პროკურატურა საქმის კურსში არ აყენებდა იური ვაზაგაშვილს...

- იურისაც და ადვოკატებსაც გვქონდა საგამოძიებო ჯგუფთან ინტენსიური შეხვედრები, თუმცა, მისი უნდობლობა გამოწვეული იყო იმით, რომ 2013 წლიდან, როდესაც საქმის გამოძიება განახლდა, ზოგიერთმა  დეტალმა გამოჟონა საგამოძიებო ორგანოდან.

- "ნაცმოძრაობის" წევრები აცხადებენ, სოსანაშვილის დნმ-ის ანალიზი გაყალბებულია...

- ზურაბ ჯაფარიძეს თუ დავუჯერებთ, სოსანაშვილს დნმ ჩაუდეს. ყველაფრის ჩადება გამიგია და დნმ-ის ჩადება - არა. დღეს საგამოძიებო ორგანოს იური ვაზაგაშვილის საქმეზე საკმარისი მტკიცებულებები აქვს, რომლითაც იკვეთება მკვლელობაში სოსანაშვილის ბრალეულობა. უახლოეს მომავალში იური ვაზაგაშვილის მკვლელობისთვის დაკავებულის გარდა, სხვა პირებსაც წარედგინებათ ბრალი.

- უკვე დადგენილია მათი ვინაობა?

- სოსანაშვილის უკან დგანან პირები, რომელთა ვინაობაც აუცილებლად დადგინდება და ეს მტკიცებულებებით იქნება გამყარებული. არ არის გამორიცხული, სოსანაშვილმა გამოძიებასთან თანამშრომლობა აირჩიოს და დაასახელოს ის პირები, რომლებმაც მკვლელობა დაუკვეთეს. გამოძიება აუცილებლად გამოავლენს შემკვეთებს!

- ხომ არ ფიქრობთ, რომ პროკურატურამ ცოტა ტემპი დააგდო და რა არის ამის მიზეზი?

- გამოძიება ეფექტურად მუშაობს, უბრალოდ, მედიასაშუალებებით საგამოძიებო მოქმედებების გასაჯაროება მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია.

- შსს-ში ბევრი "სოსანაშვილია"?

- არ გამოვრიცხავ, ბევრი იყოს, ამიტომაც აუცილებლად მიმაჩნია ამ სამინისტროს რეფორმირება, ანუ წმენდა.

სოსო ჯოგლიძე, გია სოსანაშვილის ადვოკატი: - გია სოსანაშვილმა უკვე მისცა ჩვენება და დაადასტურა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია.

- ბრძანეთ, რომ გაქვთ მნიშვნელოვანი ალიბი, რასაც ბრალდებას დაუპირისპირებთ. გაგვიმხელთ?

- ეს ეხება მოწმეებს, რომლებიც ადასტურებენ, რომ შემთხვევის დროს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იქ არ ყოფილა. ის 19-ში ჩავიდა სოფელში, მაგრამ 20 იანვარს წამოვიდა კასპში ავტომანქანის შესაკეთებლად, არიან ამის მოწმე ხელოსნები.

- აუცილებელია, აფეთქების მომენტში ადგილზე ყოფილიყო? ბრალდების მოწმეები ადასტურებენ, რომ სოსანაშვილი ყარაფილას სასაფლაოზე 19 და 20 იანვარსაც ნახეს.

- მხოლოდ აფეთქების მომენტს არ ვგულისხმობ. გამოძიებას ბევრი რამის თქმა შეუძლია, მაგრამ ასე არ არის.

- დნმ-ზე რას იტყვით? რატომ ითხოვა სოსანაშვილმა ერთი კვირა დნმ-ის განმეორებითი ანალიზისთვის?

- მან მთხოვა, დნმ-თან დაკავშირებით მოვიფიქრებ, ვნახოთო. ფაქტობრივად, სახელმწიფო მანქანას ვეჭიდავებით და ეს იოლი არ არის, მათ წარმომადგენელს უტყუარი მტკიცებულება თუ არ დაუპირისპირე, უცებ ვერაფერს გააკეთებ.

- საზოგადოების ნაწილში ეჭვს იწვევს თქვენი და ირაკლი ფირცხალავას თანაკლასელობის ამბავი...

- ჩვენი თანაკლასელობა არაფერს წყვეტს, მით უმეტეს, რომ 15-20 წელია, არც ფირცხალავასა და არც მის მეუღლესთან არანაირი კავშირი არ მქონია. ამ ხნის განმავლობაში თანაკლასელებს, ფაქტობრივად, არც შევხვედრივარ.

- სოსანაშვილის ადვოკატად ვინ აგიყვანათ?

- სოსანაშვილის ოჯახის წევრებმა, კონკრეტულად, მისმა დამ და სიძემ.

- პროკურატურაში რომელ წლებში მუშაობდით და კონკრეტულად რომელ განყოფილებაში?

- რა მნიშვნელობა აქვს? თუ მაგდენი გაიგეთ, დანარჩენსაც გაარკვევთ. პროკურატურიდან წამოვედი და ადვოკატურაში 2005 თუ 2006 წლიდან ვარ.

ნანა ფიცხელაური