ჟვანიას გარდაცვალება ფირზეა აღბეჭდილი?! - რა ჩვენება მისცა ვანო მერაბიშვილმა ჟვანიას საქმეზე? - კვირის პალიტრა

ჟვანიას გარდაცვალება ფირზეა აღბეჭდილი?! - რა ჩვენება მისცა ვანო მერაბიშვილმა ჟვანიას საქმეზე?

ლევან ჩაჩუას ადვოკატის სკანდალური განცხადება

ცოტა ხნის წინ ტელეეთერით ზურაბ ჟვანიას ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეზე  FBI-ს დასკვნის ნაწილი გასაჯაროვდა. ზურაბ ჟვანიას თანაგუნდელი, სახელმწიფო კანცელარიის ყოფილი ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე ამბობს, რომ ჟვანიას დაცვის წევრები პროფესიონალები იყვნენ, პრემიერ-მინისტრის დაცვას უსათუოდ უზრუნველყოფდნენ. თუმცა, თავად მიხეილ ძაძამიამ (პირადი დაცვა) სასამართლო პროცესზე ექსპერტ ლევან ჩაჩუას კითხვას ასე უპასუხა, - კონსპირაციული ბინა, სადაც ჟვანიასა და–იუსუპოვის ცხედრები ნახეს, განსაკუთრებული დაცვის სისტემით არ ყოფილა აღჭურვილი, რომ რკინის კარს არანაირი დამცავი მექანიზმი არ ჰქონია. სამსახურებრივ გულგრილობაში ბრალდებულ ექსპერტს არ დაუკონკრეტებია, რატომ დაინტერესდა დაცვის სისტემით, თუმცა ის, რაც სასამართლო პროცესზე არ თქვა ჩაჩუამ, "კვირის პალიტრასთან"“მისი ადვოკატი ზურაბ ტაბიძე აცხადებს.

ზურაბ ტაბიძე, ლევან ჩაჩუას ადვოკატი: - როცა სასამართლოზე ბატონ ძაძამიას ლევან ჩაჩუამ ჰკითხა: ბინა, რომელიც მან იქირავა პრემიერ-მინისტრისთვის, იყო თუ არა დაცული და ხომ არ იყო რაიმე ნიშანი, რომელიც გარე პირის შესვლის შესაძლებლობას იძლეოდა, ძაძამიამ უპასუხა, რომ არანაირი დამცავი მექანიზმი არ ჰქონია რკინის კარს. აქედან გამომდინარე ვკითხე ჩაჩუას, რატომ დაინტერესდა ამ თემით? ის, რაც ჩაჩუამ გაიხსენა, ჩემთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა - როდესაც მერაბიშვილმა ექსპერტიზის ჩატარებამდე განაცხადა, ჟვანია და იუსუპოვი გაზით გაიგუდნენო, ჩაჩუას უკმაყოფილება გამოუთქვამს, რომ ეს არ იყო სწორი შეფასება,  რაზეც ლევან სამხარაულს უპასუხია, კარგი, რა, ლევან, ვანომ დილის 7 საათზე უკვე "ცვეტნოი" იცოდა, რა მოხდა იმ ბინაშიო. თუ გავიხსენებთ შს მინისტრის განცხადებას, - ჰქონდა უტყუარი ინფორმაცია, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა - ესეც იძლევა განმარტებას...

- რა შეიძლება ყოფილიყო ეს უტყუარი ინფორმაცია?

- ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სამხარაულთან საუბრისა და მერაბიშვილის განცხადების საფუძველზე ვარაუდობს, რომ კონსპირაციულ ბინაში ფარული სათვალთვალო მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. მით უმეტეს, რომ ჟვანია ამ ბინით მანამდეც სისტემატურად სარგებლობდა. ამ ეჭვს აღრმავებს ის ათასობით ფაილი, რომელიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი და რომელიც სწორედ პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას შეიცავდა. ყველასთვის ცნობილია, რომ მსგავს ბინებში ასეთ მოწყობილობებს ამონტაჟებდნენ. არ გამოვრიცხავ, რომ გარდაცვალების მონაკვეთიც იყოს დაფიქსირებული და ეს ჩანაწერი ჰქონდეს მერაბიშვილს ან მის გარემოცვას.

- რაში სჭირდებოდათ ჟვანიას ფარული მიყურადება?

- ეს უკვე პოლიტიკური საკითხია. შესაძლოა, მისი კომპრომეტირებისთვის ან სხვა მიზეზი ჰქონოდათ. არ არის გამორიცხული, ამ ჩანაწერმა დღის სინათლე იხილოს იმ შემთხვევაში, თუ ბრალს უშუალოდ მერაბიშვილს ან სააკაშვილს წაუყენებენ. შესაძლოა, ეს ფირი აქამდე სწორედ ამ მიზნითაც იყო შენახული... ფაქტია, რომ სამხარაულმა რაღაც იცოდა, როდესაც თქვა, ვანომ "ცვეტნოი" იცის, იქ რა მოხდაო. ალბათ, არსებობს მასალა, რომელზეც აღბეჭდილია გარდაცვალების პროცესი და მერაბიშვილიც ამას დაეყრდნო.

- არ გიცდიათ მერაბიშვილთან ამის გარკვევა?

- მე რომ ჩაჩუასა და სამხარაულის საუბრის შესახებ თავიდანვე მცოდნოდა,  ამას გავაკეთებდი, მაგრამ ეს ჩემთვისაც მოულოდნელი იყო. თუმცა, საქმეში არსებობს მერაბიშვილის ჩვენება, რომელსაც გავეცანი.

- რას ჰყვება ჩვენებაში?

- მისი ჩვენებით ირკვევა, რომ შემთხვევის ადგილზე მიცვალებულებამდეც კი არ მისულა. არ შესულა შიგნით, რათა კვალი არ არეულიყო. სხვებსაც დაუშალა შესვლა. ჩვენებაში ამბობს, რომ ჰქონდა ინფორმაცია, თუ როგორ დაიხოცნენ ისინი, თუმცა, არ აკონკრეტებს, რა ინფორმაციას ეყრდნობა...

გარდაცვლილი პრემიერის ძმა, გოგლა ჟვანია, ფარული ჩანაწერის არსებობას გამორიცხავს და  "კვირის პალიტრასთან" საუბრისას ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრი საბურთალოს ქუჩაზე არ გარდაცვლილა. შესაბამისად, ვერც ამის ამსახველი ვიდეოფირი იარსებებს.

გოგლა ჟვანია, ექსპრემიერის ძმა: - როდესაც არა აქვთ პასუხი კონკრეტულ კითხვებზე, ცდილობენ, საზოგადოების ყურადღება გადაიტანონ სხვადასხვა სისულელეზე. ცდილობენ, საქმე სხვა მიმართულებით წაიყვანონ. თავიდან ეს ბინძური ვერსია იმიტომ შემოაგდეს, რომ ოჯახს არ გასჩენოდა კითხვები. რაკი ასე არ მოხდა, ახლა ცდილობენ ბოლო კოზირების გამოყენებას, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი მაინცდამაინც სასარგებლო მდგომარეობაში არ აყენებს მათ.

- გამორიცხავთ, რომ იმ ბინაში ფარული კამერა მართლაც ყოფილიყო დამონტაჟებული და რეალურად არსებობდეს ჩანაწერი?

- არ ვიცი, იქ რა იყო დამონტაჟებული, მაგრამ იმ ბინას ზურას გარდაცვალებასთან კავშირი არა აქვს. იქ ზურას ცხედარი მიიტანეს. რაც შეეხება იმ სიტუაციის ამსახველი ფარული ვიდეოფირის არსებობას, ეს გამორიცხულია. უბრალოდ, აბსურდია.

- ითქვა, რომ თავის დროზე ვანო მერაბიშვილი სწორედ ამ ჩანაწერს ეყრდნობოდა, როდესაც უბედური შემთხვევის შესახებ განაცხადა..

- ეს არის ჭორი. ასეთი ჩანაწერის არსებობას კატეგორიულად გამოვრიცხავ.

ხათუნა გაგნიძე