ტრაგედია საჩხერეში - ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

ტრაგედია საჩხერეში - ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა

საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულში  - ჭიათურიდან მომავალი "ოპელის" მარკის ავტომანქანა ფეხით მოსიარულე არასრულწლოვანებს, ანი და გურამ კაპანაძეებს დაეჯახა. ამ საშინელი ფაქტის თვითმხილველი მათი თანატოლები გახდნენ... მძღოლს გაქცევა არ უცდია, პოლიციას იქვე ჩაჰბარდა. სოფელ კორბოულის რწმუნებულის, ვახტანგ კაპანაძის თქმით, მძღოლი გადაჭარბებული სიჩქარით მიდიოდა და საჭე ვერ დაიმორჩილა.

- ავტომანქანას ჭიათურელი მამაკაცი, გვარად ყიფშიძე მართავდა. სოფლის გზებს ტროტუარი არა აქვს. მძღოლი 70-80 კმ/სთ სიჩქარით მოდიოდა, არადა, იქ მოსახლეობა ცხოვრობს და სიჩქარე შეზღუდულია. ბავშვები თანაკლასელის დაბადების დღიდან შინ ბრუნდებოდნენ... მთელი სოფელი შეძრულია. ერთი ჩვენი თანასოფლელის, 50 წლის მამაკაცის გულმა ამას ვერ გაუძლო - სამძიმრიდან შინ მიმავალი გულის შეტევით გარდაიცვალა. პანაშვიდებზე ოჯახს 25 წლის მეზობელი ეხმარებოდა. ეტყობა, ისე განიცადა ეს ტრაგედია, რომ მეორე დილით საწოლში გარდაცვლილი იპოვეს. საშინელება ტრიალებს სოფელში. გამგეობა გარდაცვლილების ოჯახებს დაეხმარება. ანის ოჯახი სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიეკუთვნება.

ჩვენ ანის ბიცოლას, ქალბატონ დალის, ვესაუბრეთ: "არ ვიცით, როგორ გადავიტანთ ამ ამბავს. ანის გარეშე ცხოვრებას როგორ გავაგრძელებთ. განადგურდა მთელი ოჯახი. ეს ენით აუწერელი ტკივილია".

გურამ კაპანაძე 17 წლის ჯერ არ არის, 9 კლასი დაამთავრა და სწავლა აღარ გაუგრძელებია. მშრომელი, ყველას გვერდში მდგომი ბიჭი იყო. მისი მოგვარე ანი კაპანაძე მეთერთმეტე კლასის მოსწავლე იყო. გურამის უმცროსი ძმა ანის თანაკლასელია. გურამი თურმე გვიან მივიდა დაბადების დღეზე, რომ საღამოს ბავშვები გამოეცილებინა. ყველანი ერთად ბრუნდებოდნენ შინ.

გელა მაჭავარიანი, კორბოულის სკოლის დირექტორი: - ანი ჩვენი სკოლის თვალი იყო. აქტიური, მოსიყვარულე, თავმდაბალი ბავშვი. კლასელებთან ერთად პროექტი გააკეთა. ბავშვების ინიციატივით სხვადასხვა საჭირო ნივთი და პროდუქტი შეგროვდა, მიკროავტობუსი დატვირთეს და თერჯოლის ბავშვთა სახლს მიუტანეს. ანი ყველას უყვარდა, ყველა გულით დასტირის. მის ოჯახს ძალიან უჭირს, სახლი დანგრევის პირასაა. გურამიც შესანიშნავი, დაუზარელი, მშრომელი ბიჭი იყო. არ ვიცი, ამ ტკივილს პედაგოგები და ბავშვები როგორ გადავიტანთ. სოციალური ქსელები აჭრელებულია ტკივილიანი წერილებით. თანატოლები გულისტკივილს გამოხატავენ და დასტირიან ბავშვებს.

დათო ნოზაძე, ანის თანაკლასელი: - უკვე მიწას მივაბარეთ ანი და გურამიკო. ეს საშინელებაა. ჩემი კლასელი ანი იყო, გურამი ერთი წლით უფროსია ჩვენზე. ანი საოცარი ბუნების გოგო იყო... ფაქტობრივად, შინ იყო მისული, გზაზე იმიტომ გაჩერდა, რომ მეგობრებს დამშვიდობებოდა. ამ დროს დიდი სიჩქარით მომავალი მანქანა გამოჩნდა, დაუყვირიათ ბავშვებს, ანი, უკან მანქანააო, მაგრამ ყველაფერი წამებში მოხდა, წინადადების დასრულება ვერ მოვასწარითო. ორივეს თავი ჰქონდა დარტყმული, დარტყმამ 15 მეტრის რადიუსზე გადაისროლა თურმე ბავშვები. გურამიც ყველას უყვარდა. ორივეს ბევრი ოცნება დარჩა აუსრულებელი".

როგორც ამბობენ, მძღოლს შვილი ჰყოლია ავად, მას სასწრაფო ოპერაცია სჭირდებოდა, ექიმებს ოჯახისთვის თანხის გადახდა მოუთხოვიათ და ფული საავადმყოფოში მიჰქონდა, ამიტომ მიდიოდა ასეთი სიჩქარითო.

თეა ხურცილავა