"ეს შეგნებული ბოროტმოქმედებაა" - არ ვიცით, რა ფართობის და დანიშნულების მიწა გვაქვს - კვირის პალიტრა

"ეს შეგნებული ბოროტმოქმედებაა" - არ ვიცით, რა ფართობის და დანიშნულების მიწა გვაქვს

"მთაში, სადაც სოფლები დაცლილია, არც ერთი ნაკვეთი, სახლებიანად, მოსახლეობას არ ეკუთვნის. ასეთ სოფლებში წინაპართა საფლავებიც კი არ ეკუთვნით ჭირისუფლებს"

პარადოქსია, რომ  მიწის შესახებ კანონში ცვლილებებზე ვმსჯელობთ და ამ დროს ზუსტად არ ვიცით, რა ფართობის და რა დანიშნულების მიწა გვაქვს. სახელმწიფო გეგმავს, უახლოეს მომავალში დაიწყოს მიწის აზომვა და სრულად დარეგისტრირება, მანამდე კი ქვეყანა საბჭოთა საქართველოს დროინდელ არასრულ მონაცემებს ეყრდნობა, ამიტომაც ძნელია ზუსტად თქმა, რომელი კატეგორიის მესაკუთრე რა ტიპის და რა რაოდენობის მიწას ფლობს. მიუხედავად ამისა, პარლამენტში განსახილველად შევიდა მიწის შესახებ კანონში ცვლილებათა პროექტი, რომლის ერთ-ერთი მუხლი აჟიოტაჟის მიზეზი გახდა. ამ პროექტის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების უფლება აქვთ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებსაც. ამასთან, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებზე არ ვრცელდება ის ლიმიტი, რასაც კანონპროექტი უცხოელებზე მიწის უფლებაზე აწესებს.

"ქართული მიწის დაცვის კომიტეტი" მიიჩნევს, რომ ცვლილებები მონათმფლობელური ხასიათისაა და არაფერი აქვს საერთო იმ სახელმწიფოსთან, რომელმაც ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას.

მიხეილ ჯიბუტი, პროფესორი: - საბჭოთა კავშირის დროს არსებობდა მიწის საკუთრების ერთი სისტემა - საერთო-სახალხო ან კოლმეურნეობა. დამოუკიდებლობის შემდეგ მიწა მთლიანად აღმოჩნდა სახელმწიფოს ხელში. მას შემდეგ არ ჩატარებულა აღწერა, არ დადგენილა, ხარისხობრივად როგორია მიწა, ვის ეკუთვნის, ვის რა დარჩა. ამ დაუსრულებელი რეფორმის პირობებში აბსურდია მიწის გაყიდვის შესახებ კანონმდებლობაზე მუშაობა. ამ საკითხზე უკვე 20 წელია, მსჯელობენ. ხან საძოვარს შეუცვალეს სტატუსი, ხან - სასოფლო-სამეურნეო სავარგულს,  ქაოსია, რადგან არ არსებობს მიწის ერთიანი კოდექსი, ფრაგმენტულად მიღებული კანონი კი ყოველთვის არის ვიღაცის ინტერესის გამომხატველი. დღევანდელი ხელისუფლების მონდომებაც ქმნის საფრთხეს, რომ ქართველი უმიწოდ დარჩეს. რა დროს გაყიდვის შესახებ რეგულაციებზე ლაპარაკია, ჯერ რეფორმა დავასრულოთ, მერე განვსაზღვროთ, როგორ გავუფრთხილდეთ ქონებას.

- ამბობთ,  მიწა აზომილი არ არისო, აბა, რის მფლობელია ხალხი სოფლებში?

- გლეხების 70%-ს ჰგონია, რომ მიწა მისია, სინამდვილეში, მესაკუთრე არ არის. მიწები დანაწილებული აქვთ, მაგრამ არა - აზომილი და რეესტრში გატარებული. თუ მიწებს არ დაიკანონებენ, მშობლების გარდაცვალების შემდეგ შვილები (თუ ისინი უცხოეთის მოქალაქეები არიან), უფლებას დაკარგავენ და მიწის მეპატრონე სახელმწიფო გახდება. მეტიც - ფშავში, ხევსურეთში, რაჭაში, მთელს მთიანეთში, სადაც სოფლები დაცლილია, არც ერთი ნაკვეთი, სახლებიანად, მოსახლეობას არ ეკუთვნის. ასეთ სოფლებში წინაპართა საფლავებიც კი არ ეკუთვნით ჭირისუფლებს. პარადოქსია, არა? ეს არის მიწის საკითხის მოუგვარებლობით გამოწვეული რეალობა.

- განსაკუთრებულ დავას იწვევს კანონპროექტის ის ნაწილი, რომელიც საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს ეხება.

- ამ ლოგიკით, ნებისმიერი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია,  შესაძლოა, გახდეს მთელი საქართველოს მესაკუთრე. ამ საკანონმდებლო ლოგიკით გამოდის, რომ  ოკუპირებული ტერიტორია, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რეგიონები, დღევანდელი საბაზრო ფასებით მილიარდ-ნახევრიდან ორ მილიარდ ლარამდე ღირს. ეს არის იმდენი თანხა, რამდენიც ქართველმა მეანაბრეებმა ლარის კურსის ცვლილების შედეგად თვე-ნახევარში დაკარგეს. თუ ქვეყანას მიუდგები როგორც დუქანს, ანუ მიიჩნევ საინვესტიციო რესურსად, გამოდის, თანახმა ხარ, საქართველო რამდენიმე ათეულ მილიონ ლარად გაყიდო! თუ ასეთ კანონს იღებ, რას ერჩი ოკუპანტს სამაჩაბლოსა და აფხაზეთში, ხომ აქვს უფლება, გითხრას, აიღე შენი ორი მილიარდი და მომეშვი, კახეთში თუ ყიდი ამ ფასად მიწას, ჩემგან რა გინდაო.

სასოფლო-სამეურნეო მიწა უნდა ჰქონდეს გლეხს, ფერმერს, მეწარმეს და არა - ფინანსურ ორგანიზაციებს. თუ ეს ცვლილებები ავტორებმა შეგნებულად დაწერეს, ეს ბოროტმოქმედებაა.

- ევროპა და ამერიკა არ კრძალავს უცხოელისთვის მიწის მიყიდვას, თუმცა, ეს ძალიან მკაცრად რეგულირდება საკანონმდებლო ბაზით.

- ცივილიზებულ ქვეყანაში მიწის მიყიდვის ყველანაირი ვარიანტი უნდა არსებობდეს, მათ შორის - უცხოელებისთვის მიყიდვის უფლებაც. წარმოიდგინეთ, ვიღაცას ცოლი ფრანგი ჰყავს, თვითონ ქართველია. მოკვდა ეს ქართველი და მის ცოლს მემკვიდრეობით დარჩა მიწა. უნდა გადავწყვიტოთ, როგორ გამოიყენოს მან მემკვიდრეობა. ამასთან, მილიონზე მეტი ქართველი უცხოეთშია და მათგან უმრავლესობა უცხოეთის მოქალაქეა, მამა-პაპის ქონება უნდა წაართვა? უბედურება უცხოელისთვის მიწის მიყიდვა არ არის, პრობლემას ქმნის ის მექანიზმები, რომელთაც მიწის სამართავად რეგულაციების სახით გამოვიყენებთ.

აუზომავი საქართველო

საქართველოს ტერიტორია 69 700 კვ/კმ-ია. შედგება სამი მილიონი მიწის ნაკვეთისგან. მათგან 60-65% არის ურბანული, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო მიწა. ერთიან საკადასტრო ბაზაში გრაფიკულად დაზუსტებულია არასასოფლო-სამეურნეო მიწების 25% და სასოფლო-სამეურნეო მიწების 20%. დარჩენილი მიწების აღრიცხვა უახლოეს მომავალში დაიწყება.

როგორ იყიდება მიწა ევროპაში

დანიაში მიწას ვერ შეიძენთ, თუ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქე ან იურიდიული პირი არ ხართ. ამასთან, უნდა მუშაობდეთ დანიაში, ან  ბოლო ხუთი  წლის განმავლობაში დარეგისტრირებული უნდა იყოთ, როგორც მუდმივი რეზიდენტი.

ლატვიაში  ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოს მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს მიწის და ტყის შეძენის უფლება არ აქვთ.

რუმინეთში უცხოელის მიერ მიწის და მათ შორის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენა შესაძლებელია ქვეყნებს შორის შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში და ისიც მხოლოდ იმ პირობით, თუ მეორე ქვეყანაც მისცემს რუმინეთის მოქალაქეებს მიწის შეძენის უფლებას.