ოთხი ახალი მოწმე კიწმარიშვილის საქმეში
23-02-2015
ოთხი ახალი მოწმე კიწმარიშვილის საქმეში
"არ გამოვრიცხავ, რომელიმე მათგანი მკვლელობის თანამონაწილე იყოს"

"მკვლელობა უკავშირდება ეროსის გეგმებს და მიზანი მისი შეჩერება იყო"


ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობის საქმე კვლავ ბურუსით არის მოცული. როგორც გარდაცვლილის ძმა ამბობს, საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა, რაც ოთხი მოწმის გამოჩენას გულისხმობს.“

ზურაბ კიწმარიშვილი, ეროსი კიწმარიშვილის ძმა: - ისინი ამ საქმეში ძალზე საინტერესო დროს და ადგილას ჩანან. არ ვამტკიცებთ, თუმცა, არც გამოვრიცხავ, რომ რომელიმე მათგანი იყოს დამნაშავე, მკვლელობის თანამონაწილე, ან ჰქონდეს ინფორმაცია, რომელიც საქმის გახსნას
შეუწყობს ხელს.

- როგორ გავიდა ახალ მოწმეებზე გამოძიება და რა მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვთ?
- გამოიკვეთა ოთხი პირი, რომელთაგან სამი დაკითხულია, ერთის კვალი ჯერ არ ჩანს... არის სხვა ინფორმაციაც, რომელიც ამ ხალხს უკავშირდება, ამიტომაც გახდნენ გამოძიებისთვის საინტერესო. მოხდა მათი იდენტიფიცირება, ყველაფრის თქმა არ შემიძლია... ისინი სხვადასხვა
მიზეზით გამოჩნდნენ და ამას წინ რა უძღოდა, ვერ გეტყვით... მათ შორის არის პირი, რომელზეც გამოძიებას აქამდეც ჰქონდა ინფორმაცია, მაგრამ ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ, მის მიმართ ინტერესმა მოიმატა...

- რომელიმეს თუ იცნობდა თქვენი ძმა?

- არ გამოვრიცხავ, რომ ეროსის რომელიმესთან წარსულში ჰქონოდა კავშირი.

- შეგიძლიათ მიგვანიშნოთ, რა დროს და რა ადგილას გამოჩნდნენ ეს პირები?
- დაკონკრეტება არ შემიძლია, თუმცა,
დაშიფრულად გეტყვით, რომ ისინი ძალიან საინტერესო დროს და ისეთ ადგილას იყვნენ, რომ გამოძიებას კითხვები გაუჩნდა...

- მათი მიმალვის საშიშროება თუ არსებობს?

- ვერ გეტყვით, რომ ასეთი საშიშროება არსებობს, მაგრამ ამ ოთხიდან ერთი ჯერაც არ უპოვიათ... ეს არ ეხება ტაქსის ეპიზოდს (შემთხვევის ადგილას სამართალდამცველებზე ადრე ორი პირი ტაქსით მივიდა და იმ ავტოფარეხში ჩავიდა, სადაც კიწმარიშვილი გარდაცვლილი იპოვეს. სწორედ მათ უთხრეს იქ შეკრებილ ხალხს, რომ ეროსიმ თავი მოიკლა. - ავტ.), რომელიც ასევე ბუნდოვანია... ახლა ლაპარაკია ოთხ პირზე და არა ჯგუფზე.

- საქმის გადაკვალიფიცირება მოსალოდნელია?
- ჯერ არ დგას ასე საკითხი. არც იმის მტკიცება შეგვიძლია, რომ დამნაშავის კვალზე ვართ...

- ახალი ექსპერტიზის ჩატარება საჭიროა?

- თუ გამოჩნდა ეჭვმიტანილი, რა თქმა უნდა, ექსპერტიზა ჩატარდება. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ბიოლოგიური ნივთიერებები, რომელიც შესაძლოა საიდენტიფიკაციოდ გამოიყენონ. ნიმუშები აღებულია ავტომანქანიდანაც, არსებობს ბიოლოგიური მასალა, რომელიც არ ეკუთვნოდა გარდაცვლილს...

- პისტოლეტის სასხლეტზე, სახელურსა და ვაზნებზე თუ იყო თითის ანაბეჭდები?

- როგორც ვიცი, იარაღის არც ერთი ნაწილიდან არ არის აღებული იდენტიფიკაციისათვის ვარგისი თითის ანაბეჭდი.

- შესაძლოა, მკვლელს კვალი წაეშალა ან სულაც ხელთათმნით მოქმედებდა, მაგრამ თუ თვითმკვლელობა იყო, გარდაცვლილის თითის ანაბეჭდები ხომ უნდა დარჩენილიყო სადმე?
- ამ საკითხზე დავა მქონდა გამომძიებლებთან. მიმტკიცებენ, რომ შეიძლება იარაღი ისე გამოიყენო, რომ ზედ თითის ანაბეჭდი არ დარჩესო.

"ჩეზეს" ზედაპირი ზოგან დაზოლილია, ზოგან - გლუვი და შესაძლოა, იქ არ მოხვდა თითები, სადაც კვალი დარჩებოდა. ჩემთვის ეს უცნაურია, ვფიქრობ, წაშალეს კვალი. იარაღი საბრძოლო მდგომარეობაში იყო, შემდეგი ტყვია კი გამზადებული იყო ლულაში. მასრა უკანა სავარძლის უკან ეგდო. ჩემი ვერსიით, ეს მკვლელობა იყო.
შეუძლებელია, არ აღიარო, რომ სწორად არის შერჩეული ხელსაყრელი დრო, ადგილი. საქმეშიც მტკიცებულებების სიმწირეა, არ არის დამნაშავის მკვეთრი კვალი. აქედან გამომდინარე, დამგეგმავიც და შემსრულებლებიც პროფესიონალები იყვნენ. ჩემი აზრით, მკვლელობა უკავშირდება ეროსის გეგმებს და მიზანი მისი შეჩერება იყო. ანგარიშსწორებასა და შურისძიებას გამოვრიცხავ.
ზაზა ალთუნაშვილი, დამოუკიდებელი ექსპერტი: - იარაღზე იდენტიფიკაციისთვის ვარგისი თითის ანაბეჭდები ვერ აღმოვაჩინეთ.

- ანუ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მკვლელობასთან გვაქვს საქმე...

- ფაქტობრივად, ცეცხლსასროლი იარაღის ზედაპირზეა დამოკიდებული, ამოვა თუ არა თითის ანაბეჭდის კვალი. დნმ-ს რაც შეეხება, იყო თუ არა ნიმუში ამოღებული, არ მახსოვს, მე ცოტა გვიან ჩავერთე საქმეში. ჩვენ იარაღზე ჩავატარეთ ექსპერტიზა.

- იარაღი საბრძოლო მდგომარეობაში იყო თუ დაშვებული?
- როგორც ვიცი, საბრძოლო მდგომარეობაში იყო და მეორე ვაზნა სავაზნეში იყო.

- ვაზნაზე იყო თითის ანაბეჭდი?
- არ მახსოვს, მგონი, იდენტიფიკაციისთვის ვარგისი ანაბეჭდი არც იქ იყო.

- ტყვიის მასრის მდებარეობამ ხომ არ აღგიძრათ ეჭვი?

- მასრა ავტომანქანის სალონის უკანა მხარეს იყო, იქიდან ამოიღეს და ამაში საეჭვო არაფერია... მხოლოდ ექსპერტიზით ვერ დავასკვნით, ეს მკვლელობა იყო თუ თვითმკვლელობა. ამას კომპლექსური გამოძიება დაადგენს სხვა მტკიცებულებებთან ერთად.

ნანა ფიცხელაური

iqneb
23 თებერვალი 2015 20:30
იქნებ, დროა, შეიქმნას იდენტიფიცირების(საიდენტიფიკაციო) მონაცემთა ბაზა?



რედაქტორის რჩევით