"დამწვარ დედას შვილი მკერდში ჰყავდა ჩახუტებული" - კვირის პალიტრა

"დამწვარ დედას შვილი მკერდში ჰყავდა ჩახუტებული"

25 თებერვალს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაანთკარში მინდიკაურების სახლში გაჩენილმა ხანძარმა სამი სიცოცხლე იმსხვერპლა - მინდია მინდიკაურისა და მისი ცოლ-შვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შოთა გოგოჭური, მინდიკაურების მეზობელი: - ოჯახის სამივე წევრი - ცოლ-ქმარი და 5 წლის ბავშვი ერთად ამოიბუგა. ამბობენ, ცოლ-ქმარი ხშირად სვამდაო. სხვა შემთხვევაში, გარეთ გამოსვლას მოახერხებდნენ. სამი სახანძრო მანქანა მივიდა, მაგრამ სახლი უკვე დამწვარი დახვდათ. ან რა დიდი დრო უნდოდა ფიცრის შენობის დაწვას. მეხანძრეებმა ცოლ-ქმრის გვამები იპოვეს. დედას შვილი მკერდში ჰყავდა ჩახუტებული.

ეს ოჯახი დაახლოებით 2 წელია, რაც დუშეთის სოფელ ყვავილიდან გადმოსახლდა ფოლადაანთკარში, ეკომიგრანტები იყვნენ, უაღრესად ხელმოკლე და გაჭირვებული ოჯახი. ქმარი 28 წლის იყო, ცოლი - 35-ის. გამარჯვებაში, ფერმაში მუშაობდნენ. სახლში შეშის ღუმელი ჰქონდათ და შესაძლოა, ეს გახდა ხანძრის მიზეზი...

ორი თვის წინ, 27 დეკემბრის ღამეს, ისანში, ყოფილ სამხედრო ჰოსპიტალშიც (სადაც დღეს სოციალურად დაუცველი ოჯახები ცხოვრობენ) ტრაგედია დატრიალდა. ხანძარმა 7 წლის გიორგი ტყეშელაშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა. მეზობელმა ალმოდებული ბინიდან ოჯახის ყველა წევრი გამოიყვანა, გიორგის დამწვარი გვამი კი მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ იპოვეს.

როგორც გიორგის ნათლია ლეილა ბექაური ჰყვება: "ხანძარი ღამის სამის ნახევარზე გაჩნდა. ბავშვს ბოლო ოთახში ეძინა და დერეფანში ვეღარ გამოაღწია".

ერთ-ერთი ვერსიით, ხანძარი აქაც შეშის ღუმელმა გამოიწვია - ალბათ, ღამით ანთებული დატოვეს. ცეცხლის დანახვაზე მეზობელი შევარდნილა ბინაში, ჯერ თვე-ნახევრის ბავშვი გამოუყვანია, მერე დანარჩენები... ამბობს, - მეგონა, ყველა გამოვიყვანეო. მხოლოდ ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ უნახავთ მეხანძრეებს კუთხეში მიყუჟული დანახშირებული ბავშვი. როგორც ჩანს, გიორგი საწოლიდან ამდგარა, გამოსულა, მაგრამ კარებამდე ვერ მიუღწევია...

ნანა ფიცხელაური