11 წლის უმწეო გოგონა პირუტყვის სადგომში შეიყვანა და... - კვირის პალიტრა

11 წლის უმწეო გოგონა პირუტყვის სადგომში შეიყვანა და...

გასულ კვირას ბათუმის სასამართლომ 24 წლის მამაკაცი უმძიმესი ბრალდებით გაასამართლა. მას 11 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის 16 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდეს. შემზარავი ფაქტი 2014 წლის 16 ნოემბერს ქედის მუნიციპალიტეტის ერთ სოფელში მოხდა.

რამაზ შავაძე, აჭარის პროკურატურის უფროსი პროკურორი: "24 წლის მამაკაცმა მეზობლის 11 წლის უმწეო გოგონა პირუტყვის სადგომში შეიყვანა და მასთან გაუკუღმართებული ფორმით დაამყარა სქესობრივი კავშირი. გოგონა  გონებაჩამორჩენილია, აქვს ეპილეფსია და ფსიქიკური პრობლემები. ბავშვმა მშობლებს ყველაფერი უამბო და მეორე დღესვე დაიწყო გამოძიება.  დამნაშავეს 16 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

ბრალდებულის ადვოკატი რამინ გვარიშვილი: "ბრალდებულმა პირველი დღიდანვე ითანამშრომლა გამოძიებასთან. სამწუხაროდ, მისი გულწრფელი აღიარება არც პროკურატურამ და არც სასამართლომ არ გაითვალისწინა. ჩვენ საპროცესო შეთანხმების გაფორმება შევთავაზეთ პროკურატურას, სამწუხაროდ, სასამართლო პროკურატურიდან ოფიციალური პასუხის მიღებასაც არ დაელოდა, ისე გამოიტანა განაჩენი".

შორენა შარაძე: ქედის სოციალური მომსახურების სააგენტოს სოცმუშაკი: "ამ სახლში 5 მცირეწლოვანი იზრდება. სოციალურად დაუცველები არიან, უკიდურესად უჭირთ და ჩართულები არიან კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების პროგრამაში. გოგონა ინკლუზიურ სწავლებაში იყო მანამდეც და ახლაც მასწავლებლები მუშაობენ მასთან".

სამწუხაროდ, ქედაში მომხდარი ფაქტი არ არის ერთადერთი შემთხვევა. მსგავსი დანაშაული მოხდა გასულ კვირას გურჯაანის ერთ-ერთ სოფელში. 12 წლის გოგონა 18 წლის თანასოფლელი ბიჭისგან დაფეხმძიმდა. როგორც სოფელში ამბობენ, მას გოგონა სკოლიდან გაკვეთილების დროსაც გაჰყავდა. გოგონას დედასთან ინტერვიუს ჩაწერა შეძლო გურჯაანის ტელევიზიამ. დედის თქმით, მან შვილი ზაფხულში გაათხოვა:„"ეს ახალგაზრდების სურვილი იყო. მერე ფეხმძიმე გოგო გამოაგდო, უთხრა, მომწყინდი, მე უბრალოდ ქალი მინდოდა და ვერთობოდიო".

როგორც ირკვევა, 18 წლის ბიჭი ოფიციალურად სხვაზე იყო დაქორწინებული. ის გოგონაც 13 წლის ყოფილა, როცა ცოლად შეირთო. მალე დაშორდნენ, მაგრამ ცოტა ხნის წინ პირველ ცოლს ისევ შეურიგდა.

სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ადრე არც საჯარო სკოლიდან და არც პოლიციიდან არანაირი მიმართვა არ მიუღიათ. ისინი საქმეში ბიჭის დაკავების შემდეგ ჩაერთვნენ. სოციალური მუშაკის თქმით, მომავალი დედა ვერ აცნობიერებს მომხდარს და ის მზრუნველობას ისევე საჭიროებს, როგორც მისი ნაყოფი.

ამ საქმეს სახალხო დამცველის აპარატიც სწავლობს. "საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლოა, გამოიკვეთოს სკოლის დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მისთვის ცნობილი იყო 12 წლის ბავშვის მიმართ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული სავარაუდო ქმედების შესახებ".

ცალკე თემაა არასრულწლოვანების ქორწინების საკითხი. რამდენიმე შემთხვევა ქართულ სოფლებში დაფიქსირდა, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში კი ამ მხრივ მდგომარეობა ძალიან რთულია. ეთნიკური აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მშობლები გოგონებს 13-14 წლის ასაკში ძალით ათხოვებენ.

თეა ხურცილავა