"მამის მკვლელს სოფელში არ გავაჩერებთ" - კვირის პალიტრა

"მამის მკვლელს სოფელში არ გავაჩერებთ"

გასულ კვირას თელავის რაიონის სოფელ იყალთოში, არსენიშვილების სახლში, საშინელი ტრაგედია დატრიალდა - 43 წლის ვასილ არსენიშვილმა მოხუც მამას, 76 წლის ჯიმშერ არსენიშვილს ცემით ამოხადა სული. მაშინ დანაშაული არ უღიარებია. მეტიც, მეზობლებთან ირწმუნებოდა, მამაჩემი მთვრალი იყო, კიბეზე დაგორდა და გარდაიცვალაო.

მოგვიანებით ეჭვმიტანილმა დანაშაული აღიარა. ვასილ არსენიშვილი რამდენჯერმე ნასამართლევია და ციხიდან ამნისტიით გათავისუფლდა.

გოჩა ქააძე, სოფელ იყალთოს რწმუნებული: - ვასილი და მისი ძმა ძალიან პატარები იყვნენ, მათი მშობლები ერთმანეთს რომ დაშორდნენ. ბიჭები დედასთან იზრდებოდნენ. ვასილის ძმა რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. რაც წამოიზარდა, ვასიკომ მას მერე დაიწყო მამასთან სიარული. მამამისი პენსიასთან ერთად, სოციალურ დახმარებას იღებდა. ძალიან მშრომელი კაცი იყო, მეზობლებსაც ეხმარებოდა. წელიწად-ნახევარი იქნება, რაც ვასიკო ციხიდან გამოვიდა და მამას მიწის ნაკვეთის გაყიდვას სთხოვდა. ნაკვეთი ვასიკოს ბებიის სახელზე იყო რეგისტრირებული. ვუთხარი, მამაშენმა, როგორც მემკვიდრემ, უნდა დაიკანონოს დედის კუთვნილი ქონება, მერე კი გაჩუქებს თუ გაყიდის, თქვენი საქმეა-მეთქი. მამამისსაც ველაპარაკე. მითხრა, მიწას არ გავყიდიო.

ამ ტრაგედიის წინადღეს ვასიკოს მოხუცი მამისთვის ფული უთხოვია.  ამის გამო იკამათეს, თუ მიწის გაყიდვის გამო, არ ვიცი. ვასიკო სულ სვამდა, ალბათ იმ დღესაც მთვრალი იყო. დანაშაული საღამოს 10 საათზეა მომხდარი. მოხუცი საშინლად ნაცემია... სისხლიანი დანა პოლიციამ ფანჯრის რაფაზე იპოვა, მეორე იქვე, ძირს ეგდო... რომ მოუკლავს, თავის საწოლზე დაუწვენია. დილით მაღაზიაში მისულა და მეზობლისთვის უთქვამს, ერთი ბოთლი არაყი და პური მომეციო. თან დაუყოლებია, მამაჩემი მთვრალი იყო, კიბიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა, სახე სისხლიანი აქვს, მინდა მოვწმინდოო... მოხუცი ნაწამები იყო.

- მკვლელობის შემდეგ ვასილ არსენიშვილი უტიფრად ამბობდა, კიბეზე დაგორდა და თავი დაარტყაო. ის ცივსისხლიანი მკვლელია და საკადრისად უნდა დაისაჯოსო, მამის მკვლელს სოფელში არ გავაჩერებთ, - მითხრა არსენიშვილების მეზობელმა.

ვასილ არსენიშვილს ბრალი 108-ე მუხლით - განზრახ მკვლელობის ბრალდებით წაუყენეს.

თეა ხურცილავა