გიორგი ბეგიაშვილი: "ჩემი ბიჭი ჩემპიონია კარატეში"(!)
09-03-2015
გიორგი ბეგიაშვილი: "ჩემი ბიჭი ჩემპიონია კარატეში"(!)
"ჟურნალისტის ცემა 3.000 ლარი ღირს?!"

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტ ირაკლი გედენიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ფოტოაპარატიც დაუმტვრიეს. ძალადობა პარტიების - "თავისუფალი საქართველოს", "რეფორმატორებისა" და "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" აქცია-მსვლელობა "შემოულაწუნეს" დროს მოხდა. პარტია "თავისუფალი საქართველოს" უკვე ყოფილი წევრის, გიორგი ბეგიაშვილის შვილმა, ივანე ბეგიაშვილმა, იუკადრისა, რომ ფოტორეპორტიორის ობიექტივში მოხვდა და აგრესიულად ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გედენიძეს. საზოგადოება ერთნაირად აღაშფოთა როგორც გედენიძის ცემის ფაქტმა, ისე გიორგი ბეგიაშვილის საქციელმა.  ვიდეოკადრებში
ჩანს, რომ როდესაც მისი შვილი გედენიძეს ურტყამს, ის ფოტორეპორტიორს იმგვარად იჭერს, რომ მან თავდამსხმელს რაც შეიძლება ნაკლები წინააღმდეგობა გაუწიოს და თავად კი ბევრი მოხვდეს(!). მეორეც, გიორგი ბეგიაშვილმა, იმის მაგივრად, რომ გედენიძისთვის ბოდიში მოეხადა, მას ინციდენტის ადგილას საქმის ძველბიჭური გარჩევა მოუწყო.  თუმცა, როგორც შემდეგ გაირკვა, მამა-გიორგი
ბეგიაშვილი ძველი ბიჭი არ ყოფილა, ის პოლიციის ყოფილი მაიორი გახლავთ, რომელიც არსებული ინფორმაციით, შსს-დან ძველი ხელისუფლების დროს დაითხოვეს. ჩვენ დავინტერესდით, თუ რა მიზეზით დაითხოვეს ბეგიაშვილი სამსახურიდან, თუმცა შსს-ში გვითხრეს, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ(?!)

გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ, რომ ირაკლი გედენიძე ის ფოტორეპორტიორია, რომელსაც 26 მაისის აქციის დარბევის ამსახველი ფოტოების გამო, სააკაშვილის ხელისუფლებამ რუსეთის აგენტობა დააბრალა და რამდენიმე კოლეგასთან ერთად ციხეში გამოამწყვდია. რამდენიმე დღის წინ კი მამა-შვილი ბეგიაშვილები ძველი ზონდერების მეთოდებით გაუსწორდნენ ფოტორეპორტიორს...

ეს ფაქტი აქტიურად გაშუქდა მედიაში, თუმცა, განსაკუთრებით აღსანიშნავია ტელეკომპანია "მაესტრო", რომელმაც ფოტორეპორტიორისადმი სოლიდარობის ნიშნად იმ პარტიებს, რომელთა აქციებშიც ბეგიაშვილები მონაწილეობდნენ, ბოიკოტი გამოუცხადა...

"კვირის პალიტრა" მიიჩნევს, რომ ზოგადად ძალადობა და განსაკუთრებით ჟურნალისტზე ნებისმიერი თავდასხმა ამაზრზენი ფაქტია და ყველა ასეთი მცდელობა მკაცრად უნდა აღიკვეთოს როგორც სამართალდამცავების, ასევე პოლიტიკოსებისა და საზოგადოების მხრიდან...

თავდამსხმელი მალევე დააკავეს. თუმცა, ამის შემდეგ დაკავებულის დედამ ბოდიშის ნაცვლად გედენიძეს "ფეისბუკზე" წერილი მისწერა და პროვოკაციაში და "ბავშვის" გაუბედურებაში დაადანაშაულა(?!). დაახლოებით იმავეს აცხადებდა გიორგი ბეგიაშვილიც.… ბრალდებულ ივანე ბეგიაშვილს სასამართლომ 3-ათასლარიანი გირაო დააკისრა,  სასამართლოს გადაწყვეტილებას ირაკლი გედენიძე არ ეთანხმება და კანონით დადგენილ ვადებში სააპელაციო წესით გასაჩივრებას აპირებს.


ირაკლი გედენიძე, "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტი: - ჟურნალისტის ცემა 3.000 ლარი ღირს?!  რატომ არ გაითვალისწინეს ის, რომ ბრალდებულის ოჯახის წევრების მხრიდან ჩემ მიმართ მუქარა ისმოდა...

- კიდევ გემუქრებიან?

-  მახსენდ­ება ვაზაგაშვილის მკვლელ­ობაში ეჭვმიტანი­ლის მამის ინტე­რვიუ - თუ დამნაშავეა ჩემი შვილი, უნდა დაისაჯოსო. ბეგიაშვი­ლების ოჯახი ახლა კი იხდის ბოდიშს, მაგრამ ეს უფრო ბოდიშის მოხდის მიზნით ბოდიშის მოხდას ჰგავს.

- რა იყო კონფლიქტის წინა პირობა?­

- ვიღებდი აქციის სამზადისს, ქალები წარწერიან მაისურებს იცვამდნენ, ავტოკოლონას დროშები ჰქონდა. პირველ ორ მანქანასთან დავდექი და გადავიღე კოლონა­. ის ბიჭი ერთ-ერთ წინა მანქანაში მჯდარა და მძღოლი მოხვდა კადრში, მაგრამ თუ სპეციალურად არ დაამუშავე, სახის იდენტიფიცირებას ვერ შეძ­ლებ. ფოტო­აპარატმა რომ გაანათა,­ მოვიდა­ ბეგიაშვი­ლი, რაც გადამიღე, წაშალ­ეო. არ გიცნობ, ვინ ხარ, არ გადამი­ღიხარ-მეთქი. თან ვფიქრობდი, ნეტავ მანქანის სალ­ონში­, სიბნელეში ვინ ჩანს ასეთი-მეთქი. გინე­ბით შეტრიალდა. რატომ მაგინებ, ჟურნალისტი­ ვარ-მეთქი. გაგინებ კი არა, მაგ ფოტოაპარატს­... გაგიკ­ე­თებო და მომვარდა. მოვასწარი, აპარატი ხელ­ზე დავიხვიე. გამარტყა.­ ამ დროს ვიღაცამ უკნიდან ჩემი ქურთუკის "კაპიშონი" გადამახურა და გამაკავა. ამანაც დრო იხელთა და მირტყა და მირტყა. გაკავებული­ ვიყავი და ვერ გავიქცეოდი, მოძალადის მამა ისეთი ძალით მიჭერდა, რომ მკლ­ავები დალურჯებუ­ლი მაქვს. თუ ასე უნდა იქცეოდეს მოსიყვარულე მამა, მაშინ მე შვილების აღზრდა არ მცოდნია... მესმის, რამე რომ დამეშავებინა, მაგრამ ფოტოს გადაღებისთვის ყოფილმა პოლიციელმა გაგაკავოს და შვილმა გამეტებით გირტყას, ჯერ არ გამიგონია. მომიტინგეები­დან არავის უცდია გაშველება.

- მოძალადის მამა ამბობს, რომ ჟურნალისტის­ სამკერდე ნიშანი არ გეკეთა.
- კანონი ამას არ მავალდე­ბულებს. აქციის მონაწილემ უნდა იცოდეს, რომ რომ­ე­ლ­იღაც კამერა­ ან ფოტოაპარატი გადაი­ღე­ბს.­ ჩემს ადგილას მოყვარული რომ ყოფილიყო, რომელსაც არა აქვს აკრედიტაცია, მაგრამ უფლება აქვს გადაი­ღოს, თოფი უნდა დაახა­ლო?...

- გიორგი ბეგიაშვილმა გითხრათ, რომ ზარალს აგინაზღაურებთ?
- მას შემდეგ, რაც მოძალადის­ დედამ წერილი მომწერა "ფეისბუკზე", მამა კი, ფაქტობრივად, ყველა ინტერვიუში მემუქრებოდა,­ პოლიციაში­ განვაცხადე. პოლიციამ, არ გემუქრება, პირიქით, თავს დამნაშავედ გრძნობსო. დამირეკა ბეჟან გუნა­ვამაც, როგორც ჩანს, პარტიის წევრებმა შეაგნებინეს ბეგიაშვილებს, რომ მუქარა კარგს არა­ფერს მოუტანდა და ამის შემდეგ დამხვდა "ფეისბუკზე" ცოლ-ქმრის წერილები - ბოდიშს იხდიან და პატიებას ითხოვენ.­ მთხოვეს, წერილები არ გაასაჯაროო. მზად არიან მატერიალური ზარალი აანაზღაურონ, მაგრამ წერილში არაფერია ნათქვამი, რომ "ბავშვს"­ ვაპატიო.

გმირობა ჩაიდინა "ინფო 9"-ის ოპერატორმა დათო საჯაიამ, რო­მელსაც კამერა არ გაუშვია ხელიდან,­ რისი წყალობითაც ყველაფერი ნათელი­ გახდა.­

ინციდენტის კვალდაკ­ვალ გაკე­თებულ კომენტარებში გედენიძეს ადანაშაულებდა გიორგი ბეგ­იაშვილ­ი. თუმცა, "კვირის პალიტრასთან"­ ამას უარყოფს:

გიორგი ბეგიაშვილი: - ვთქვი, რომ ირაკლის მხრიდან იყო პროვოცირების ნიშნე­ბი, ჩემი შვილი აქციაში­ არ მონაწილეობდა­ და მიუღებელი იყო ფოტოს გადაღება... ივა გაღიზი­ა­ნდა.

- თუ გამოჩენა არ უნდოდა აქციაზე, რაღატომ მოვიდა?! თქვენმა მეუღლემაც აგრესია გამოხატა­ ირაკლის მიმართ...
- ეს არის დედის ინსტინქტი­დან გამომდინარე ბუნებრივი რეაქცია და არა - მუქარა.­ ჩემი შვილი უცებ აფე­თქდა... ვგმობ მის საქციელს.

- ვიდეოფირში ჩანს, რომ თქვენ არც გმობთ და არც აშველებთ, პირიქით აკავებდით­ ჟურნალისტს, თქვენი შვილი კი სცემდა.­
- ვაშველებდი, ცემა რომ მნდომოდა,­ მეც ვცემდი. გედენიძის გაკავება რა საჭირო იყო, ივა ორგზის ჩემპიონია კარატ­ეში, ჩხუბი­ არ გაუჭირდებოდა. ფირში ბევრი რამ ამოჭრილია. არ ჩანს კონფლიქტის დასა­წყისი.­ ჩემს შვილს ვეწეოდი გვერდზე, შემდეგ - ირაკლის. 

- ჩხუბის შემდეგ გედენიძეს, რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტულად ესაუბრებოდით.

- ჩემი შვილი რომ აღელვებ­ული დავინახე, მეც ავღელდი...

- რატომ, გედენიძემ შეგაგინათ თუ დაგარტყათ?
- უნდა გარიდებოდა. მორალურად მეტი მოეთხოვება ირაკლის,­ ასაკით უფროსია.

კახა კუკავა, პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი: - ყოვლად გაუმართლებელია ბეგიაშვილის ქმედება...

- ალბათ, თუ პოლიტიკური პარტ­იები­ არ გააკონტროლებენ მათთან მიტმასნილ­ პირებს, ხშირად აღმოჩნდებიან პროვო­კაციულ მდგომარეობაში...
- პარლამენტში ოლიმპიური ჩემპიონები მონაწილეობენ ცემა-ტყეპაში, მაგრამ არ მახს­ოვს, ვინმეს­ პოლიციისთვის ჩაებარები­ნოს დამნაშავე. ახლა ბოიკოტი რომ გამოგვიცხადეს ჟურნალის­ტებმა, 7 ნოე­მბრის დარბევის დროს ძირს რომ ეყარნენ, მაშინ­ თუ გამოუცხადეს ბოიკოტი ვანო მერაბიშვილს?  

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" განცხადებით, პოლიციას ივანე ბეგიაშვილთან ერთად უნდა დაეკავებინა მამამისი: "ვიდეომასალიდან ჩანს, როგორ ურტყამს ერთი მამაკაცი ირაკლი გედენიძეს, ხოლო მეორეს როგორ უჭირავს ორივე ხელით. აუცილებელია, გამოძიებით დადგი­ნდეს დანაშაულში მონაწილე ყველა პირის ვინაობა და ყველა დამნაშ­ავე მიცემულ იქნეს პასუხისგებაში"­.

ინტერნეტკომენტარები


ნუგზარი: "აშკარაა, ჩხუბის მონაწილეა, აკავებს ჟურნალისტს, რომ არ გაიქცეს და კარგად სცემოს მისმა შვილმა. ამასთან სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებს დაზარალებულს და ხელს უშლის ჟურნალისტს თავისი მოვალეობის შესრულებაში... გამოძიება ამ კაცის პოლიციაში მუშაობის პერიოდით უნდა დაინტერესდეს, ეგ ისეთი არაკაცი­ ჩანს, ბევრი ეყოლება გამწარებული".

რომა: "ხომ წარმოგიდგენიათ,  ამ კაცს პოლიციაში მუშაობისას რა დღეში ეყოლებოდა დაკავებულები".
ლიკა: "ასეთი ხალხი რომ მოდის პოლიტიკაში, იმიტომაა ჩვენი საქმე კარგად".
ქეთი: "ირაკლი, კარგი ადამიანი ხარ. ის ბიჭი ღირსი არ არის, მაგრამ თუ შეგიძლია აპატიე. იმედია, მიხვდება დანაშაულს და მშობლებს არ დაემსგავსება".

დეა: "რა გამოდის, 3000 ლარად ნებისმიერ ადამიანს მაგრად გალახავ, დაასისხლიანებ და ერთ დღეში თავისუფლი ხარ, ყოჩაღ "ვაი მოსამართლეს" ესეთი "ჰუმანური" განაჩენისთვის! იმ მაიორის შვილმა ალბათ, ბოდიშიც არ მოიხადა..."

დათო: "დაგვცინის სასამართლო? ამას წინათ ქმარი თავისი ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილ ნათესავს მიუვარდა. იმან კი ვაზა გამიტეხაო და უჩივლა, დაიჭირეს და შეუფარდეს პატიმრობა... აქ კიდევ ფაქტები დევს, როგორ სცემენ მამა-შვილი ფოტორეპორტიორს, კამერაც გაუტეხეს და.... 3.000 ლარი?  ეს არის შეშლილი, შეშლილი საქართველო".

დიტო: "ამის თამადობით უნდა დაილიოს კაცობის სადღეგრძელო... აი, პარტიის სახე და ამათ იმედზეა ხალხი? ამათ ძალაუფლება რომ მისცე, მერე რას იზამენ!"
gavazeli
25 მარტი 2015 18:03
ჯერ იმ მამა-შვილის სინდის-ნამუსი და კაცობა რა ვთქვი.
და მეორე, ძალიან მაინტერესებს, იმ მოსამართლეს ცხვირ-პირი რომ დავუსისხლიანო, 3000 ლარად გამომიშვებს? თუ გამომიშვებს, ვიხდი.
jumberi
17 მარტი 2015 09:36
ჟურნალისტების 90 პროცენტი საცემია
lsd
12 მარტი 2015 15:40
ასაკით უფროსიაო ხოხოხ იმას ჯერ რძე არ შეშრობია

რედაქტორის რჩევით