"გავიქეცი, მაგრამ ვერ გადავეფარე ჩემს შვილებს" - საზარელი მკვლელობა თელავში - კვირის პალიტრა

"გავიქეცი, მაგრამ ვერ გადავეფარე ჩემს შვილებს" - საზარელი მკვლელობა თელავში

როსტომ ბოჭორიშვილი: ჩემს შვილს პირდაპირ გულში დაახალა ტყვია

10 მარტს დღისით თელავში, საკუთარი სახლის წინ, ძმებ ბოჭორიშვილებს 24 წლის ინსპექტორ-გამომძიებელმა გიორგი იორამიშვილმა ტაბელური იარაღით რამდენჯერმე ესროლა. 31 წლის ანდრო დაიღუპა, ხოლო მისი ძმა ირაკლი დღემდე საავადმყოფოშია. ძმებისთვის ნასროლი კიდევ ერთი ტყვია ქუჩაში შემთხვევით გამვლელ მოხუცს, თამაზ შინგაზრდილაშვილს მოხვდა - ის ფეხში დაიჭრა. დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა, მოგვიანებით, პოლიციას თავად ჩაბარდა. მას 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ბოჭორიშვილები სახლთან მანქანის ზეთს ყიდდნენ. გავრცელებული ვერსიით, პოლიციელს ბიჭების ვალი ჰქონია, ძმებმა ფული მოსთხოვეს, რასაც კამათი, შემდეგ კი სროლა მოჰყვა. ამ ვერსიას ბრალდებულის ახლობლები არ ეთანხმებიან.

ბრალდებულ გიორგი იორამიშვილის თქმით, ძმები მას უმიზეზოდ აუხირდნენ და ცემა დაუწყეს. ძმებს  ეხმარებოდნენ მისთვის უცნობი პირებიც, ცდილობდნენ, იარაღის წართმევას. ამიტომ ტაბელური იარაღი შესაშინებლად ორჯერ გაისროლა და გაიქცა, მაგრამ ანდრო ბოჭორიშვილი დანით გამოეკიდა, მანაც თავდაცვის მიზნით ბოჭორიშვილს ესროლა.

როგორც  პროკურორმა სასამართლოზე განაცხადა, მოწმეები მსგავს ინციდენტს არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ არავითარი ხელჩართული ჩხუბი და ცემა არ ყოფილა, არც დანა ჰქონია ანდროს.

ბრალდებულის ადვოკატმა ილია ალთუნაშვილმა იორამიშვილის 20.000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლება მოითხოვა: "ბრალდებული მომხდარის შემდეგ რამდენიმე საათში ჩაბარდა პოლიციას, აღიარა დანაშაული და აღწერა ფაქტობრივი გარემოებები.

როცა გიორგი ძმებს შეხვდა, ერთმანეთი გადაკოცნეს, განზრახული რომ ჰქონოდა მათი დახოცვა, ასე არ მოიქცეოდა. ის ბიჭები ნასვამები იყვნენ, ანდროს გიორგის ლანძღვა დაუწყია. კამათს მისი ცემა მოჰყვა, ახლაც ეტყობა ბრალდებულს დაზიანებები.

ის არ უარყოფს გასროლას, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს იმის დადგენას, რამ განაპირობა იარაღის გამოყენება".

სასამართლო პროცესს ბრალდებულის ახლობლები ესწრებოდნენ.

ლალი ღვინიაშვილი, მეზობელი: - ეტყობა, გიორგის ისეთი შეურაცხყოფა მიაყენეს, ვერ აიტანა. გიორგი ნაცემია, თავიც სისხლიანი ჰქონდა, თვალი - დალურჯებული. რა ზეთის ვალი უნდა ჰქონოდა, როცა მანქანა არა ჰყავს? ირაკლი ბოჭორიშვილთან მეგობრობდა. ჯობდა, არ გამოეყენებინა იარაღი და ისევ ხელით შებრძოლებოდა, მაგრამ, ეტყობა, სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და ამიტომ ისროლა. გიორგის  ახლა აწინაურებდნენ, 2 დღეში თბილისში გადაჰყავდათ სამუშაოდ.

ფიქრია არსენიშვილი, გიორგის მეგობრის დედა: "დარწმუნებული ვარ, ზუსტად იმას იტყვის გიორგი, რაც რეალურად მოხდა. პედაგოგის აღზრდილია, დედამისს უამრავი ადამიანი ჰყავს გაზრდილი. ჩემი შვილების მასწავლებელიც იყო. მჯერა, უმნიშვნელო საბაბით არ მოხდებოდა ეს კონფლიქტი".

სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ბოჭორიშვილების სახლისკენ გავემართე. სახლში ანდროს ცხედართან გამწარებული დედა და მეუღლე მოთქვამდნენ.  ანდროს 12 წლის ბიჭი დარჩა.

როსტომ ბოჭორიშვილი, ბიჭების მამა: "ტაქსიზე ვმუშაობ. იმწუთას მოვედი შინ, მანქანიდან გადმოვედი და დავინახე, როგორ ამოიღო საქამრიდან მკვლელმა იარაღი, გავიქეცი, მაგრამ ვერ გადავეფარე ჩემს შვილებს.

ჩემს ანდროს პირდაპირ გულში დაახალა ტყვია, ირაკლის მუცელში აქვს ჭრილობა. ვყვიროდი, დახმარებას ვითხოვდი. მერე  მანქანაში ჩავსვი ჩემი ანდრო, რას ვიფიქრებდი, ცოცხალი აღარ იყო.

ირაკლი  გადარჩა. მკვლელს არ ვიცნობდი, ის არ იყო ჩემი შვილების მეგობარი.  ერთ სახლში სამი ოჯახი ვცხოვრობთ, ანდრო თავისი ოჯახით, ირაკლის მეუღლე და ორი შვილი. პატარა 5 თვის ჰყავს. ჯერ ისიც არ ვიცი, ჩემი ირაკლი როგორ იქნება. ასეთი ქვეყანა არ მინდა, სადაც პოლიციელები ხოცავენ ახალგაზრდებს. ახლა თურმე მკვლელი ცდილობს თავის დაცვას. ჩემი შვილები კონფლიქტურები არ იყვნენ. ის პოლიციელი  ბიულეტენზე ყოფილა, თუ არ მუშაობდა იარაღი რატომ ჰქონდა"?

გულდამძიმებული ვბრუნდებოდი თბილისში, გზად ქალბატონი დამემგზავრა და ბრალდებულის შესახებ მეგობრის მიერ მონათხრობი მიამბო:

"იორამიშვილს გოგონა ჰყვარებია. 8 მარტს გოგონა მეგობრებთან ერთად სტუმრად ყოფილა. თურმე იქ მიაკითხა ყვავილებით ხელში. გოგო შესახვედრად რომ არ გამოვიდა, აყალმაყალი აუტეხია. სახლიდან ბიჭები გამოსულან და უთქვამთ, წადი, ხომ ხედავ, გოგოს არ სურს შენთან შეხვედრაო. ამ გოგოს მეგობრის ქმარს თურმე იარაღი მიადო შუბლზე, შენ ვინ გკითხავს, აქვე მიგასხმევინებ ტვინსო, თურმე ძლივს აიცდინეს ის ინციდენტი".

გამოძიება გრძელდება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 24 წლის პოლიციელს უმძიმესი სასჯელი ელის.

თეა ხურცილავა