"დამნაშავე ვარ" - უვადო პატიმრობამისჯილი ქალი, რომელიც პრეზიდენტმა შეიწყალა - კვირის პალიტრა

"დამნაშავე ვარ" - უვადო პატიმრობამისჯილი ქალი, რომელიც პრეზიდენტმა შეიწყალა

"ციხეში 35 წლისა შემოვედი, აქედან რომ გავალ, 53 წლის ვიქნები"

"ადვოკატმა მითხრა, წამალს თუ გაიკეთებ, შენი დაცვა გამიადვილდება, როგორც მომხმარებელს, ისე გამოგიყვანო"

ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ ქალთა დაწესებულებაში უვადო პატიმრობა 3 ქალს ჰქონდა მისჯილი. სარვამარტოდ პრეზიდენტმა სამივე შეიწყალა: ყველაზე ასაკოვან, 65 წლის ქალს უვადო პატიმრობა 13-წლიანი მსჯავრით შეეცვალა, მეორეს - 20 წლით, ხოლო მესამეს - 18 წელი განესაზღვრა. მაია დარსანია 2007 წელს ნარკორეალიზაციის ბრალდებით დააკავეს. დანაშაულს აღიარებს და ამბობს, რომ მომხდარს ძალიან განიცდის.

- უდანაშაულოდ ნამდვილად არ დავუკავებივარ, მაგრამ სამუდამო პატიმრობის მოსჯა საშინელება იყო. ციხეში ჩემი უდანაშაულო ოჯახის წევრებიც მოხვდნენ -  ჩემს მეუღლეს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, ჩემი და ახლახან გათავისუფლდა ამნისტიით. ბევრი ვიბრძოლეთ. დიდი ტვირთი მაქვს აკიდებული, რადგან ჩემს ქმარს ისევ სამუდამო პატიმრობა აქვს.  მერჩივნა, მისთვის მოეხსნათ სასჯელი და ჩემთვის დაეტოვებინათ, რადგან მე მართლა ჩავიდინე საშინელი დანაშაული, მან კი - არა.

- იქნებ გვიამბოთ, ოჯახის წევრები როგორ დააკავეს?

- ვისაც მივყიდე წამალი, ის ქალი ზუგდიდში დააკავეს და სწორედ მან დამასახელა. მე რეალიზატორსა და დიდ "ბარიგას" შორის შუამავალი ვიყავი. როცა გავიგე, რომ ზუგდიდში ის "ბარიგა" ქალი დააკავეს, მაშინვე დავიმალე. ჩემზე ზეწოლა რომ მოეხდინათ, ჯერ ჩემს დას ჩაუდეს წამალი, მერე ჩემი მეუღლე აიყვანეს. კარგა ხანს მეძებდნენ. როცა ოჯახის წევრების დაკავების ამბავი გავიგე, ადვოკატთან მივედი და ყველაფერი ავუხსენი. მითხრა, ჯერ არ გამოჩნდე, პოლიციას მე თვითონ ჩაგაბარებ, როცა საჭიროდ ჩავთვლიო. ადვოკატმა შემაცდინა, თავიდან რომ დავეკავებინე, ჩემი ოჯახის წევრებს არ დააკავებდნენ.

- იქნებ თქვენი დაც იყო ჩართული ნარკოდანაშაულში?

- როგორ ფიქრობთ, ძებნილი ვიყავი და შინ წამალს დავტოვებდი? ქმარს არაფერი ჰქონია, მაგრამ ეს უმძიმესი მუხლი მაინც წაუყენეს. რადგან მე არ "ჩავუშვი" დიდი რეალიზატორი, ამიტომ მოგვექცნენ ასე სასტიკად.

- თქვენ როგორ დაგაკავეს?

- როცა დამაკავეს, ნარკოტიკი ნამდვილად მქონდა, მანქანით მივდიოდი. ჩემთან ერთად მძღოლიც დააკავეს, მას წამალი  ჩაუდეს.  როცა საქმე საქმეზე მიდგა, ვთქვი, მე მივეცი-მეთქი. უდანაშაულო მძღოლს 16 წელს აძლევდნენ, ამ გზით გადავარჩინე. მერე გადამგზავნეს ზუგდიდში, 16 წელი მომისაჯეს და მითხრეს, რომ ჩემს მეუღლეს და დას გაათავისუფლებდნენ, თუკი დავასახელებდი დიდ "ბარიგას". უარი ვთქვი. ციხეში გამოკეტილს, რამდენჯერ მიფიქრია, რატომ დავინდე-მეთქი. საბოლოოდ მე და ჩემს ქმარს სამუდამო პატიმრობა მოგვესაჯა. ჩემი მეუღლე აზერბაიჯანელია, მის წინააღმდეგ სამხილი ირიბი მოწმის ჩვენება იყო, თითქოს ჩემმა ქმარმა იცოდა, რომ მე "ბარიგა" ვიყავი. არადა, მართლა არაფერი იცოდა. ის არ აღიარებდა დანაშაულს, ამის გამო ზუგდიდში საშინლად სცემეს. ქუთაისში უნდა გადავეყვანეთ, კორიდორში იატაკი სისხლიანი იყო,  მაშინ არ ვიცოდი, თურმე ჩემი ქმრის სისხლი იყო. სასტიკად ნაცემი ქუთაისში გადაიყვანეს, ბადრაგები ამბობდნენ, მგონი, მკვდარი მიგვყავსო. რაც არ იცოდა, როგორ აღიარებდა?

პირველად სასამართლოზე რომ შევხვდი, მითხრა, რა გააკეთე ამისთანა, რომ ყველა დაგვიჭირესო. პროცესზე გვერდიგვერდ ვისხედით და ყველაფერი ვუამბე. ვუთხარი, უდანაშაულო ხარ და გაგიშვებენ, ოღონდ გთხოვ, მაპატიე, რაც ჩავიდინე-მეთქი.

- ნანობთ დანაშაულს?

- სულ ვლოცულობ და შევთხოვ უფალს, მაპატიოს ეს დიდი ცოდვა.  ჩემმა დამ 6 წელი მოიხადა, 10 წელი ჰქონდა მისჯილი. ადვოკატს სწორი რჩევა რომ მოეცა, ჩემებს არ დავღუპავდი. მითხრა, ჯერ არ ჩაბარდე პოლიციას, ფული მჭირდება შენი ქმრისა და დის დასახსნელადო. მეც გავყიდე სახლი, მანქანა, ჩემი დის სახლიც, ოქროული, ყველაფერი, რაც გამაჩნდა და 23.000 დოლარი მივეცი ადვოკატს.  ჩემების დაჭერის მერე წამალს ხელს როგორ მოვკიდებდი, მაგრამ ადვოკატმა ფულის სანაცვლოდ 10 გრამი წამალი მომთხოვა. მითხრა, ნარკოტიკი მოიტანე და მერე ჩაგაბარებ პოლიციასო. ამიტომ გავრისკე. ამ ადვოკატის წყალობით წამლის მომხმარებელიც გავხდი.

- სერიოზული ბრალდებაა, რას გულისხმობთ?

- მითხრა, წამალს თუ გაიკეთებ, შენი დაცვა გამიადვილდება, როგორც მომხმარებელს, ისე გამოგიყვანო. დავიჯერე და წამალი გავიკეთე. ადვოკატის რჩევით 3 თვე სისტემატურად ვიკეთებდი წამალს. ყველაფერზე მივდიოდი, ოღონდ ჩემები დამეხსნა. ციხეში 35 წლისა შემოვედი.  მონათლული არ ვიყავი, აქ მოვინათლე, მას მერე ეკლესიურად ვცხოვრობ.   მოძღვრის წყალობით გადავრჩი.  ყველამ მაპატია: შვილებმა, მეუღლემ, ჩემმა დამაც, მაგრამ მე ვერ ვპატიობ ჩემს თავს.

- ხალხს როცა წამლავდით, მაშინ ამაზე არ ფიქრობდით?

- სულ სამჯერ წაიღო იმ გოგომ ჩემგან წამალი. ღმერთს ვთხოვ, მაპატიოს ყველამ, ვინც ის წამალი გაიკეთა. ის "ბარიგა" ახლა საფრანგეთშია, შერჩა დანაშაული. ერთი ბაქოელი იყო, მეორე - აქაური.

აქ ჩემი დღე ლოცვით იწყება, ვწერ ხატებს, ჯვრებს ვაკეთებ.  სულ 4 უვადო პატიმრობამისჯილი ვიყავით. სამწუხაროდ, ერთი გარდაიცვალა.

სანამ მთავრობა შეიცვლებოდა, დღეში მხოლოდ ერთი საათი გვქონდა გასეირნების უფლება, შემდეგ გაიზარდა დრო. ციხის თანამშრომლებს ვეცოდებოდით, მათ ისე მივეჩვიე, ჩემი ოჯახის წევრები მგონია.

სასჯელის შეცვლის შემდეგ 10 წელი დამრჩა მოსახდელი, აქედან რომ გავალ, 53 წლის ვიქნები. სამი შვილი მყავს, მაკითხავენ. უიმედოდ ყოფნა ძალიან მიჭირდა, ახლა ცხოვრების იმედი მაქვს.

რა განცდაა უვადო პატიმრობა, ამას გაიგებს მხოლოდ ის, ვისაც უვადო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

თეა ხურცილავა