"შევცდი, რომ "ნაციონალებს" დავუჯერე"- საპატრულო სკანდალები - კვირის პალიტრა

"შევცდი, რომ "ნაციონალებს" დავუჯერე"- საპატრულო სკანდალები

ბოლო პერიოდში ის ინციდენტები, რომლებიც პოლიციის თანამშრომლებს უკავშირდებოდა, პოლიტიკური სპეკულაციების საგანი გახდა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა რამდენიმე ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერიც გაავრცელეს და ხელისუფლება პატიოსანი პოლიციელების დევნაში დაადანაშაულეს. მათი მტკიცებით, ის პოლიციელები, რომლებმაც ხელისუფლების მაღალჩინოსნების ახლობლები დააჯარიმეს თუ დააკავეს, თავად გახდნენ დევნის ობიექტები და აქეთ დაატოვებინეს სამსახურები. საზოგადოებაშიც გაჩნდა კითხვები: მართლა არსებობს საქართველოში ხელშეუხებელთა კასტა, თუ ეს ყველაფერი პროვოკაციაა? Aსაზოგადოებას არანაკლებად აინტერესებს ის, თუ როგორ ხვდება პოლიციელთა სამსახურებრივი ვიდეოჩანაწერები “"ნაციონალთა"” ხელში. იმედია, ამ კითხვებზე საზოგადოება ამომწურავ პასუხებს მიიღებს.

"შევცდი, რომ "ნაციონალებს" დავუჯერე" - ყოფილი პატრულის სკანდალური განცხადება

"ნაციონალების" მიერ გასაჯაროებული ერთ-ერთი ჩანაწერი, რომელსაც სკანდალი მოჰყვა, ბორჯომში მომხდარ ინციდენტს ასახავდა. მათი მტკიცებით, იმის გამო, რომ პატრულმა გიორგი ლომსაძემ  მთვრალი შსს-ს მაღალჩინოსანი ზურაბ ბერიკაშვილი დააკავა, ის სამსახურიდან გაათავისუფლეს, ბერიკაშვილი კი დააწინაურეს. ეს ერთ-ერთ ტელეინტერვიუში თავად ლომსაძემაც დაადასტურა. თუმცა, დღეს ამბობს, რომ საქმე სულ სხვანაირად იყო.

- ეკიპაჟში შევდიოდით მე და ჩემი მეწყვილე დავით გვიმრაძე. სინამდვილეში, სამსახურიდან ამ ფაქტიდან წელიწადნახევრის შემდეგ წამოვედი, ჩემი მეწყვილე კი დააწინაურეს. სამსახურიდან წამოსვლა სულ სხვა ფაქტმა განაპირობა. საქმე ის არის, რომ მყავდა ავტომობილი, რომელიც გავყიდე და რამდენიმე ხნის შემდეგ ამ ავტომობილში ნარკოტიკული ნივთიერება აღმოჩნდა. სამწუხაროდ, ავტომობილი ისევ ჩემს სახელზე ირიცხებოდა, არ იყო ახალ მფლობელზე გაფორმებული. ამ ფაქტის გამო პასუხისმგებლობა ვიგრძენი და 2014 წლის ნოემბერში სამსახურიდან ჩემი ნებით წამოვედი.

- როგორ მოხდა, რომ თქვენი გათავისუფლება ამ ინციდენტს დაუკავშირდა?

- მქონდა და მაქვს სერიოზული ფინანსური პრობლემები, საბანკო კრედიტები მაქვს აღებული. სამსახურის დაკარგვის შემდეგ ახლობლებმა, ნათესავებმა მირჩიეს, რომ მიმემართა დახმარებისთვის "ნაციონალური მოძრაობის" ახალციხის შტაბისთვის. ასეც გავაკეთე და მივმართე გელა დემეტრაძეს, თუმცა, ყოველგვარი დახმარების გარეშე დავრჩი...

"ნაციონალური მოძრაობის" შტაბში მირჩიეს, რომ ჩემი გათავისუფლება დამეკავშირებინა ზურაბ ბერიკაშვილის ინციდენტისთვის, მეც აღელვებულმა დავუჯერე და განვაცხადე, რომ ზურაბ ბერიკაშვილისა და იმ შემთხვევის გამო გამომიშვეს სამსახურიდან...

ჩემი შეცდომა ის იყო, რომ მაგათ დავუჯერე და ეს ამბავი დავადასტურე.

სადღაც თებერვლის პირველ რიცხვებში დამირეკა გიორგი ბარამიძემ, რომელმაც შემომთავაზა დახმარება,

მაგრამ უარი ვუთხარი, რადგან არანაირ პოლიტიკურ სიტუაციებში არ მსურს ჩარევა.

- საიდან მოხვდა ინციდენტის ვიდეოჩანაწერი "ნაციონალური მოძრაობის" ხელში, თქვენ მიეცით?

- არა, ამაზე წარმოდგენა არა მაქვს.

რატომ დაუპირისპირდნენ პატრულს ქუცნაშვილის ახლობლები...

"ნაციონალების" ბრიფინგზე გავრცელებული კიდევ ერთი ვიდეოჩანაწერი, რომელსაც ასევე სკანდალი მოჰყვა, 26 იანვარს ოქროყანის გზაზე მომხდარ ინციდენტს ეხება. პატრულის თანამშრომლებმა ნიკა ალიხანაშვილმა და არჩილ დავითულიანმა მანქანა გააჩერეს, რომელშიც ძმები იმედა და გიორგი წიკლაურები და მათი მეგობარი ლაშა ავალიანი ისხდნენ. პოლიციელების მტკიცებით, მოქალაქეებმა მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. პოლიციელებმა ზემოხსენებული მოქალაქეები დააკავეს, თუმცა, ისინი რამდენიმე საათში გაათავისუფლეს. პოლიციელების ინფორმაციით, ხელმძღვანელობამ მათ სამსახურიდან წასვლის შესახებ პატაკის დაწერა მოსთხოვა. "ნაციონალები"  აცხადებდნენ, რომ პოლიციელების სამსახურიდან გათავისუფლებას პროკურატურიდან ითხოვდნენ. საქმეზე ზედამხედველი პროკურორი შოთა კახიძე იყო. Aასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ იმედა წიკლაურის შვილის ნათლია უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილია. ჩვენ ვცადეთ პოლიციელებთან გასაუბრება, თუმცა, მათ ინტერვიუზე უარი განაცხადეს.

იმედა წიკლაური: - პატრულმა გაგვაჩერა, მძღოლი შეამოწმეს. ის ფხიზელი იყო, დანარჩენები ნასვამები იყვნენ და არ გაგვიშვეს, სიტუაციის გამწვავებას ცდილობდნენ. იმის გამო, რომ ვიკითხე, რა დავაშავეთ-მეთქი, ერთი ამბავი ატეხეს, დაგვემუქრნენ, გაჩუმდით, თორემ დაგიჭერთ, ამას გიზამთ, იმას გიზამთო. მეორე ეკიპაჟი გამოჩნდა თუ არა, პირდაპირ დაგვადეს ბორკილები და თავზე დაგვახტნენ, მერე წაქცეულს ერთ-ერთმა თირკმელში ფეხი ჩამარტყა. ბორკილებდადებულს მათთვის როგორ უნდა შემომეხია ტანსაცმელი? ეს არის სააკაშვილის დროინდელი მეთოდი, როცა პოლიციელები თვითონ იხევდნენ ტანსაცმელს და თავდასხმად ასაღებდნენ. წინასწარი დაკავების იზოლატორმა არც მიმიღო, ემერჯენსში გადამიყვანეს, სადაც თირკმლის დაჟეჟილობა დამიდგინდა, მაპატიეთ და, სისხლს ვშარდავდი. ჩემ გარდა, გიორგისა და ლაშასაც (ძმასა და მეგობარს) მიაყენეს ფიზიკური დაზიანება.  ეს "პატრონის" ამბავიც გამოგონილია. კიდევ კარგი, ხელი არ ამიწევია და არაფერი მიკადრებია, თორემ დამნაშავე რომ ვყოფილიყავი, ვინ მაპატიებდა? ღმერთი, რჯული, არავინ ჩაგვირევია საქმეში. ჩემი ინფორმაციით, პოლიციელებმა პატაკები მას შემდეგ დაწერეს, რაც საქმე პროკურატურას გადაეცა. იგრძნეს მოსალოდნელი პასუხისმგებლობის საშიშროება და მიცვივდნენ კუბლაშვილ-ბოკერიასთან, მათ პატრონებთან.

ზაქარია ქუცნაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი: - ძმები წიკლაურები ჩემი ახლობლები არიან, ნათელმირონობა გვაკავშირებს, მაგრამ მათ საქმეში ნამდვილად არ ჩავრეულვარ. ინციდენტის შესახებ მეორე დღეს გავიგე, როცა უკვე თავისუფლები იყვნენ. მეუღლემ დამირეკა და მითხრა, ბიჭები დაკავებული ჰყავდათ და ნაცემები არიანო...

"გენინსპექცია იკვლევს, როგორ ხვდებოდა ჩანაწერები "ნაციონალების" ხელში"

ზემოხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით კომენტარისთვის  შსს-ს პრესსამსახურის უფროსს, ნინო გიორგობიანს, დავუკავშირდით. საუბარი ყოფილი პოლიციელის, გიორგი ლომსაძის განცხადების შეფასებით დავიწყეთ.

- როდესაც ეს ვიდეოფირი გავრცელდა, მაშინვე განვაცხადეთ, რომ არანაირი კავშირი ამ პირის პოლიციიდან წასვლასა და ამ ფირს შორის არ იყო. ინციდენტი ლომსაძის სამსახურიდან წასვლამდე წელიწად-ნახევრით ადრე მოხდა. ის უკვე ერთი თვის წასული იყო პოლიციიდან, როცა “"ნაციონალურმა მოძრაობამ"” ზურაბ ბერიკაშვილთან ინციდენტის ამსახველი ფირი გაავრცელა... ის პოლიციელი კი, ვინც ლომსაძესთან ერთად გააჩერა ბერიკაშვილი, მალევე დაწინაურდა.

- "ნაციონალების" ინფორმაციით, ზურაბ ბერიკაშვილი პატრულთან ინციდენტის შემდეგ დააწინაურეს.

- არ დაუწინაურებიათ. მუშაობდა და დღესაც მუშაობს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მოადგილედ.

- ჩანაწერში აშკარად ჩანს, რომ ის არ ემორჩილება პატრულს, რაიმე სასჯელი მიიღო ამისთვის?

- კანონის შესაბამისად, ის მაშინვე დაჯარიმდა.

- ცოტა ხნის წინ "ნაციონალურმა მოძრაობამ" კიდევ ერთი ჩანაწერი გაასაჯაროვა, რომელშიც ოქროყანის გზაზე პატრულის თანამშრომლებისა და მოქალაქეების დაპირისპირება არის ასახული...

-  ოქროყანის გზაზე 2015 წლის 26 იანვარს პატრულ-ინსპექტორებსა და მოქალაქეებს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პროკურატურამ დაიწყო გამოძიება, ვინაიდან გამოძიების პროცესში გამოიკვეთა საქართველოს საპატრულო სამსახურის თანამშრომლების უფლებამოსილების გადამეტებისა და  განზრახ უკანონოდ დაკავების შესაძლო ფაქტები. სისხლის სამართლის საქმის მასალებზე დაყრდნობით გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა ჩაატარა, რის საფუძველზეც ინციდენტის მონაწილე პატრულის თანამშრომლებს უფლებამოსილება შეუჩერდათ. ინფორმაცია, რომ ისინი სამსახურიდან გაუშვეს, არასწორია.

-  როგორ ხვდება ეს ჩანაწერები ოპოზიციური პარტიის ხელში?

- როგორ და რანაირად ხდება ამგვარი მასალების სისტემიდან გატანა, ეს აუცილებლად გაირკვევა. საზოგადოებამ უკვე ნახა, რომ გამოვავლინეთ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი რუსლან ბაზიაშვილი, რომელმაც შსს-ს დაცული ინფორმაციის ბაზიდან პარლამენტარ გივი თარგამაძეს რამაზ დევაძის მიერ საზღვრის კვეთის ფოტომასალა მიაწოდა. საზღვრის კვეთა - ეს ტერმინი პირდაპირი მნიშვნელობით არ ნიშნავს ქვეყნის საზღვრის გადაკვეთას. იმ დროს დევაძეს საზღვარი რომ არ გადაუკვეთია, ამის დამადასტურებელი ვიდეომასალა უკვე გამოვაქვეყნეთ. როდესაც ეს ინფორმაცია გასაჯაროვდა, დავიწყეთ მოკვლევა, რა გზით შეიძლებოდა ფოტომასალა გივი თარგამაძის ხელში აღმოჩენილიყო. მოკვლევამ აჩვენა, რომ ინფორმაცია თარგამაძეს სწორედ ბაზიაშვილმა მიაწოდა. ეს არ იყო ერთი შემთხვევა, ბაზიაშვილს კიდევ რამდენიმე პირზე ჰქონდა ინფორმაცია მიწოდებული. ის დათხოვნილია სამსახურიდან.

- კიდევ რითი ინტერესდებოდა "ნაციონალური მოძრაობა"?

- სხვადასხვა ტიპის ინფორმაციაზე იყო ლაპარაკი, მათ შორის - რიგი პირების მიერ საზღვრის კვეთაზე.

- როგორც ცნობილია, კიდევ 9 პირია პოლიციიდან ამგვარივე ბრალდებით გათავისუფლებული. მათ რა ტიპის ინფორმაცია გაჰქონდათ და ვისთვის?

- ეს  9 პირი ბოლო რამდენიმე თვეში გათავისუფლდა სამსახურიდან, ნაწილს ინფორმაცია პოლიტიკური პარტიებისთვის გაჰქონდა, ნაწილს კი -  ამა თუ იმ საქმის გამოძიებით დაინტერესებული მხარეებისთვის. გენერალური ინსპექცია აქტიურად მუშაობს მსგავს საკითხებზე.

ნანა ფიცხელაური

ნათია დოლიძე