42-დღიანი ძებნის შემდეგ მდინარემ გამორიყა - რატომ უნდა მოეკლა 19 წლის ბიჭს თავი?! - კვირის პალიტრა

42-დღიანი ძებნის შემდეგ მდინარემ გამორიყა - რატომ უნდა მოეკლა 19 წლის ბიჭს თავი?!

"იმ დღეს, როცა ილია დაიკარგა, უნივერსიტეტში არ ვყოფილვარ, მაგრამ ბიჭებმა მითხრეს, რომ ნახეს და ძალიან კარგ ხასიათზე იყო. კაცი რომ კარგ ხასიათზეა, ის თავის მოსაკლავად წყალში რატომ უნდა გადახტეს?!"

23 მარტს მტკვარმა ადამიანის ცხედარი გამორიყა...

მანამდე კი, 2015 წლის თებერვალში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1996 წელს დაბადებული ილია ნიჟარაძის ძებნა გამოაცხადა. უგზო-უკვლოდ დაკარგული ახალაგაზრდა 2015 წლის 12 თებერვალს, საღამოს სახლიდან გავიდა და შინ აღარ დაბრუნებულა. შსს-ს აცხადებდა, რომ 19 წლის ბიჭის პოვნისთვის ყველაფერს აკეთებდა, 24-საათიან რეჟიმში ძებნამ და სათვალთვალო კამერებიდან ამოღებულმა მასალამ შედეგი ვერ გამოიღო... 23 მარტს კი გაირკვა, რომ მდინარემ სწორედ 19 წლის ილია ნიჟარაძის ცხედარი გამორიყა.

12 თებერვალს, როდესაც ბიჭი შინ არ დაბრუნდა, შეშფოთებულმა ახლობლებმა ჯერ მის მეგობრებს მიაკითხეს და როცა აღმოჩნდა, რომ უახლოესმა მეგობრებმაც კი ბიჭის შესახებ არაფერი იცოდნენ, პოლიციას სთხოვეს დახმარება. ოჯახს ილიას პოვნის იმედი ბოლმდე არ დაუკარგავს, მაგრამ... გამოძიება 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, თუმცა მის ახლობლებსა და მეგობრებს უჭირთ დაჯერება, რომ ილიამ თავი მოიკლა. ბიჭს თანატოლებისგან მხიარული ხასიათი და ხალასი იუმორი გამოარჩევდა. მეგობრები ამბობენ, რომ მათი თავყრილობების სული და გული ილია იყო. მისი ბოლო აქტიურობა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" 2015 წლის 5 თებერვლით თარიღდება, ილაის ე.წ. "ქავერის" ფოტო შეუცვლია, ცოტა ძველი ქრონიკის მიხედვით კი, რამდენიმე მოსწრებული სტატუსი გამოუქვეყნებია. ასევე გამოქვეყნებული აქვს ინფორმაცია, რომ უსმენდა ალუდა ქეთელაურს, რომელმაც ასევე პატარა ასაკში თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ბიჭი საქართველოს ე.წ. ალასანიას უნივერსიტეტში სწავლობდა, სადაც ილიას მასწავლებლებიც და კურსელებიც მხოლოდ დადებითად ახასიათებენ. ილია სენაკიდან იყო და ვარკეთილში მამიდასთან ცხოვრობდა. ჰყავს ტყუპის ცალი ძმა.

ხათუნა გ:

- მე ილიას სკოლაში ვასწავლიდი. ამ ოჯახის უბედურების შემყურე, მეც საშინლად ვარ. ამბობენ პოლიციამ თვითმკვლელობის მუხლით აღძრა საქმეო, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, რომ თავი მოეკლა. ილია თავს არ მოიკლავდა, ის აუცილებლად იფიქრებდა დედაზე და თავის ტყუპისცალ ძმაზე, - დედამისი 21 წლის იყო, რომ დაქვრივდა, ილიას და მის ტყუპისცალს არაფერი რომ არ მოკლებოდათ, დედა წელზე ფეხს იდგამდა, ბიჭების გაზრდაში მულიც ეხმარებოდა, ისეთი კარგი შვილები გაზარდეს, მაგათ მსგავსი სენაკში კი არა, საქართველოშიც ბევრი არ მეგულება. ყველეფერს აკეთებდნენ, რომ სრულყოფილი განათლება მიეცათ ბავშვებისთვის.

- იქნებ, ილიას ჰქონდა თავის მოკვლისთვის რაიმე წინაპირობა, ზედმეტად გულჩათხრობილი ხომ არ იყო?

- არა. ასეთი ხალისიანიც ცოტა მეგულება, ხომ ვთქვი, ყველა მხიარულების სული და გული იყო. ზედმეტად სიტყვაძუნწად უფრო უფრო ილიას ტყუპისცალი მიმაჩნდა. არ ვიცი, ეს რატომ, რისთვის მოხდა, მაგრამ რაც მოხდა, ამ ოჯახისთვისაც მეხის დაცემაა, ჩვენთვისაც. ქვეყნისთვისაც დიდი უბედურება მგონია, როდესაც ასეთი გონიერი ახალაგაზრდები იღუპებიან, ისინი ხომ ქვეყნის ხვალინდელი დღეა...

დათო. ლ: ილია ნიჟარაძის მეგობარი:

- ილიას თავი როგორ უნდა მოეკლა, არ ვიცი. უნივერსიტეტში თუკი რაიმე სტუდენტური ღონისძიება იყო, ეგ აკეთებდა. საქველმოქმედო საღამოც მოაწყო. თავი რატომ უნდა მოეკლა? იმ დღეს, როცა ილია დაიკარგა, უნივერსიტეტში არ ვყოფილვარ, მაგრამ ბიჭება მითხრეს, რომ ნახეს და ძალიან კარგ ხასიათზე იყოო. კაცი რომ კარგ ხასიათზეა, ის თავის მოსაკლავად წყალში რატომ უნდა გადახტეს?!

პ.ს. როგორც ილია ნიჟარაძის ახლობლები ამბობენ, ის სახლიდან გასვლის წინ, ვიღაცას ურეკავდა, რომელსაც, სავარაუდოდ, უნდა შეხვედროდა; თუ ვის უნდა შეხვედროდა, იმედია, გამოძიება დაადგენს.

ეთერ ერაძე(სპეციალურად საიტისთვის)