"წელიწად-ნახევარი დახვრეტას ველოდი" - სიკვდილმისჯილის აღსარება 15 წლის შემდეგ - კვირის პალიტრა

"წელიწად-ნახევარი დახვრეტას ველოდი" - სიკვდილმისჯილის აღსარება 15 წლის შემდეგ

"გიორგობას მოსამართლე წულუკიანმა ორჯერ მომისაჯა სიკვდილი..."

"კედელზე ეწერა: "გეგა კობახიძე, 1984". ამ საკანში იჯდა სპორტსმენი ნამგალაურიც, მისი სახელიც ეწერა...

კედელი გავსებული იყო დახვრეტილი პატიმრების სახელებით და დახვრეტის წლებით"

საქართველოში სიკვდილით დასჯა 1997 წელს გაუქმდა, ამ დროს ორთაჭალაში, სიკვდილმისჯილთა საკანში 52 პატიმარი იხდიდა სასჯელს. ისინი ყოველ წუთს ელოდნენ განაჩენის აღსრულებას, მაგრამ გადარჩნენ. ბოლო დახვრეტა 1995 წლის 15 თებერვალს მოხდა, ერთ დღეს 7 კაცი დახვრიტეს. ადრეულ წლებში, დახვრეტის განაჩენის გამოტანის შემდეგ, ოჯახის წევრებს კონტაქტი აღარ ჰქონდათ სიკვდილმისჯილთან, დიდი ხნის მერე მათთან კურიერს ტანსაცმელი მიჰქონდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ განაჩენი აღსრულდა...

ჩვენი რესპონდენტი 19 წლის იყო, როცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ავთანდილ წულუკიანმა დახვრეტა მიუსაჯა. "მიესაჯოს სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა", - ეს სიტყვები მოსამართლემ პროცესზე ორჯერ წარმოთქვა, ორგზის მიუსაჯა სიკვდილით დასჯა ბრალდებულს განზრახ მკვლელობისთვის და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვისაც. ყოფილი სიკვდილმისჯილი დღეს 38 წლისაა, მან ციხეში 15 წელი გაატარა. ამბობს, რომ პატიოსანი ცხოვრებით ცხოვრობს, სამსახურიც აქვს, ამიტომ მის ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებთ.

ზაზა: - 18 წლის ვიყავი, მკვლელობა რომ ჩავიდინე, 19 წლის ციხეში გავხდი. 1996 წლის 6 მაისს, გიორგობას, მოსამართლე წულუკიანმა დახვრეტა მომისაჯა. გულის სიღრმეში ვგრძნობდი, დახვრეტას რომ მომისჯიდნენ, მაგრამ რადგან გიორგობა იყო, მეგონა, მოსამართლე მეტყოდა, ახალგაზრდა ხარ და ერთ შანსს მოგცემო. ასე არ მოხდა. დანაშაული ჯგუფური იყო, ჩემს თანამზრახველს 7 წელი მიუსაჯეს. მე ორივე ბრალზე ცალ-ცალკე დახვრეტა მომესაჯა. მკვლელობა ყაჩაღობის დროს მოხდა - ერთი გარდაიცვალა, მეორე კი  დაიჭრა.

- ეს არ იყო თქვენი პირველი ნასამართლობა, ასეა?

- პირველად ავტოავარია მოვახდინე, მერე ქურდობისთვის დამიჭირეს და 5 წელი მომისაჯეს, მაგრამ ამნისტია შემეხო და მალე გამოვედი. 4 თვის გამოსული ვიყავი, ახალი დანაშაული რომ ჩავიდინე.

მაშინ ისეთი ვითარება იყო, ყველა იარაღით დადიოდა. "მხედრიონი" და გვარდია გვყავდა მისაბაძი. ჩვენი თაობა ფიქრობდა, რომ ძალა იარაღშია. ავტომატიანის ყველას ეშინოდა.

ვაკეში გავიზარდე. ჩემი მეგობრების უმრავლესობა, 7 ბიჭი, გარჩევებს შეეწირა, მაშინ ასე იყო, ვინ ვის დაასწრებდა. თითზე ჩამოსათვლელები დავრჩით. გარეთ რომ ვყოფილიყავი, ალბათ, დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი. ჩვენ ყიფშიძის დაჯგუფებას გვეძახდნენ. მეც მინდოდა, ვყოფილიყავი ისეთი მაგარი ბიჭი, როგორიც სხვები იყვნენ. ასე აღმოვჩნდი იმ წუმპეში.

6 მაისი, გიორგობა, არასოდეს დამავიწყდება. მოსამართლის თავთან ეკიდა წმინდა გიორგის გამოსახულებით გერბი და გიორგობას დახვრეტა მომისაჯა. დედა ცუდად გახდა, შევძახე, დედა, გამაგრდი, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი. გარეთ ჩვეულებრივ გავედი, მაშინ ვერაფერს ვგრძნობდი, მაგრამ როცა სიკვდილმისჯილთა საკანში, ე.წ. სპეცებში შემიყვანეს, მივხვდი, რაც მჭირდა.

მიწის ქვეშ 24 საკანი სიკვდილმისჯილებისთვის იყო განკუთვნილი. ვინც იქ ნამყოფია, დამეთანხმება, საკანში მორგის სუნი იდგა. ფეხი შევდგი თუ არა, მივხვდი, ფაქტობრივად, მორგში ვიყავი. კავკასიის ისტორიაში თურმე მეშვიდე პატიმარი ვიყავი ამ ასაკის, რომელსაც დახვრეტა მომესაჯა.

- სამარტოო საკანში გამოგკეტეს?

- სულ მარტო ვიყავი თვე-ნახევარი, მერვე საკანში. რკინის ლოგინი წყალში იდგა, მხოლოდ ლეიბი მომცეს. მარტო დარჩენილი მხოლოდ დედაზე ვფიქრობდი. ის ჩემზე დარდს გადაჰყვა. პაემნებზე რომ შემოდიოდა, ვხედავდი, როგორ დნებოდა ქალი. მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში დახვრეტა გაუქმდა. მაშინ ჩემს თავს მივეცი სიტყვა, თუ იქიდან გამოვიდოდი, დანაშაულს არასოდეს ჩავიდენდი. თვე-ნახევრის მერე უკვე სხვებთან გადამიყვანეს. ლოდინი ძალიან გვღლიდა, ვეღარ ვუძლებდით. წლების განმავლობაში ყოველ წუთს რომ დახვრეტის მოლოდინში ხარ, ძნელია.

იმ პერიოდში პეტრე გელბახიანსა და ირაკლი დოკვაძესაც დახვრეტა მიუსაჯეს. მათ ბევრი იბრძოლეს, რომ დახვრეტა გაუქმებულიყო. კანონები კარგად იცოდნენ. დიდი ბრძოლით მიაღწიეს პაემნის, ამანათის, ინფორმაციის მოწოდების უფლებას.

ყველა კარის გაღება შიში იყო. ყოველდღე ტარდებოდა დათვალიერება, დღის პირველ საათზე უნდა გაეჩხრიკათ საკნები, გავყავდით გარეთ, გვაყენებდნენ კუთხეში და ჩხრეკდნენ ოთახს... დასახვრეტი ადამიანი სპეცრაზმის თანხლებით გაჰყავდათ. დახვრეტის წინ, განაჩენის წაკითხვამდე ბადრაგი პატიმარს ხელბორკილს ადებდა და ხვდებოდი, რომ ეს შენი ცხოვრების ბოლო წუთები იყო.

აფხაზეთიდან ერთი რუსი იხდიდა სასჯელს, 4 წელიწად-ნახევარი იჯდა სიკვდილმისჯილთა საკანში, ბევრის დახვრეტას შეესწრო. იყო კიდევ ერთი, თემური, ის იხსენებდა, საკნებით მოჰყვებოდნენ დასახვრეტებს, ჩემ წინა საკნებში მყოფები დახვრიტეს და მეც ველოდებოდი, როდის მომაკითხავდნენ. მეგონა, მხნედ ვიყავი, მაგრამ, როცა კარი გააღეს, ჩავიჩოქე, ფეხზე ვერ ვდგებოდი, ფეხები წამერთვა, იმ დღეს გადავრჩი, მე არ წამიყვანესო. თავდაპირველად 23 სიკვდილმისჯილი ვიყავით, მერე, ეს რიცხვი 52-მდე გაიზარდა. 40% ავთანდილ წულუკიანის გასამართლებული იყო, 30% - ლენგერ ბოჭორიშვილის.

- დრო როგორ გაგყავდათ?

- ირაკლი დოკვაძემ ციხეში პატარა გადამცემები გააკეთა და ერთმანეთს საკნებში ველაპარაკებოდით. ბადრაგმა იცოდა, მაგრამ ვერ პოულობდა. პატარა მოწყობილობა ქინდერ-სიურპრიზებში იყო ჩაწყობილი, ჩხრეკის დროს სათამაშო ეგონათ. ზოგს სასაპნეში ჰქონდა ჩამონტაჟებული. ხშირად გვჩხრეკდნენ, მაგრამ ისე იყო ყველაფერი შეფუთული, ვერ ხვდებოდნენ. ხან მუსიკას ვუსმენდით ასე, ან თუ ჩვენს საკითხზე პრესაში რაიმე დაიწერებოდა, ირაკლი დოკვაძე კითხულობდა ხმამაღლა სტატიას თავის საკანში და ყველა ვუსმენდით ჩვენს საკნებში.

შუქი თუ გაითიშებოდა, დავიწყებდით ბრაგუნს და ჩამოგვიჭიმავდნენ "დვიჟოკის" შუქს. ერთხელ 18 დღე ვიშიმშილეთ, ამის მერე ტელევიზორების შემოტანის უფლება მოგვცეს და ინფორმაციასაც ვუსმენდი. მთავარია წყნარად ვყოფილიყავით, რადგან სიკვდილმისჯილს დასაკარგი არაფერი აქვს, ყველაფერზეა წამსვლელი. გაქცევის მცდელობას აზრი არ ჰქონდა. სულ სინესტეში, წყალში ვისხედით. ერთი ჭლექით გარდაიცვალა.

ზოგი პატიმარი მართლა დასახვრეტი იყო - მათ ბავშვების გაუპატიურება-მკვლელობა ედებოდათ ბრალად. მეცოდებოდა, რომ უნდა დაეხვრიტათ, თუმცა, ადამიანი აღარ ეთქმოდათ. ერთს 5 ხანში შესული ქალის გაუპატიურება-მკვლელობა და გატყავება ჰქონდა ბრალად. ერთი კიდევ, მეგობარმა სახლში შეუშვა და მან მისი 12 წლის შვილი გააუპატიურა და აბაზანაში დაახრჩო. არ იყვნენ ისინი სიცოცხლის ღირსი, მაგრამ მათაც ვაწვდიდით ლუკმას. მე-8 საკნიდან მე-12 საკანში გადამიყვანეს, სადაც გეგა კობახიძე იჯდა, კედელზე ეწერა: "გეგა კობახიძე 1984". ამ საკანში იჯდა სპორტსმენი ნამგალაურიც, მისი სახელიც ეწერა. კედელი გავსებული იყო დახვრეტილი პატიმრების სახელებით და დახვრეტის წლებით.

ჩემი უახლოესი მეგობრის, გოგა ბახტაძის მამის სადისტურად მკვლელობაში ვინმე ირაკლი კერესელიძე გაასამართლეს. ციხეში ვეძებდი, მინდოდა, შური მეძია. როცა გავიგე, დახვრეტა მიუსაჯეს, მისი მოკვლა გადავიფიქრე.

მინდოდა, მენახა, ამიტომ საპირფარეშოში გავჭედე კარტოფილი, რომ საკნიდან გავეყვანე, და "კარმოშკაში" შევძახე, სხვაგან რომ მენახე, თავს მოგჭრიდი, სიკვდილმისჯილი ხარ და აწი აზრი არა აქვს-მეთქი. მერე მასთან საუბრით დავრწმუნდი, რომ ის არ იყო ამ საქმეში დამნაშავე...

სიკვდილით დასჯის გაუქმებას 25 ივლისს მოაწერა ხელი შევარდნაძემ. ყოველ წელს ამ დღეს ყოფილი სიკვდილმისჯილები ვიკრიბებით. ზოგიერთთან ურთიერთობას ვაგრძელებ, ერთს დისშვილიც მოვანათვლინე. მაშინ დახვრეტა 20-წლიანი სასჯელით შეგვიცვალეს, კანონმდებლობაში მაქსიმუმი 15 წელი იყო და დიდი ბრძოლის შემდეგ ყველას 5-5 წელი ჩამოგვაკლდა. 15 წელი სრულად მოვიხადე, მხოლოდ ერთი დღე მაჩუქეს. აქედან 10 წელზე მეტი ჩაკეტილ სისტემაში მაქვს გატარებული. კრიტში რომ გადაგვიყვანეს, დღეში ერთი საათი გვასეირნებდნენ. მოგვიანებით, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გადაგვიყვანეს, ციხის უფროსებს ეშინოდათ, ვინმე არ აგვეყოლიებინა გაქცევაზე ან რამე არ ჩაგვედინა და სხვა პატიმრებს უკრძალავდნენ ჩვენთან კონტაქტს. ისინიც მერიდებოდნენ, როცა გაიგებდნენ, რომ სიკვდილმისჯილი ვიყავი...

პირველი აღსარება წითელი პარასკევს ჩავაბარე. მას მერე სხვა თვალით შევხედე ცხოვრებას.

ადამიანს სიცოცხლე წავართვი, ამის უფლება არ მქონდა. ციხეში ხატწერა დავიწყე. კოლონიაში საამქრო იყო გახსნილი, სადაც პატიმრები ხელობას სწავლობდნენ. მე პირველად ვედრების ხატი დავწერე. კანონიკა ვიცოდი, რადგან საეკლესიო ლიტერატურას ვკითხულობდი, კიდევ, ფილოსოფიას, ფსიქოლოგიას, რომანებს, დეტექტივებს...

ჩემი ხატები პატრიარქმა ნახა. 2010 წლის დეკემბერში გამოვედი ციხიდან.

- რა გარემო დაგხვდა?

- მეგობარს დავურეკე, რომ დიდუბის სადგურზე დამხვედროდა. იქ ვერავინ ვნახე, ამიტომ დიღმის მასივისკენ წავედი, ვეძებდი ქუჩის ტელეფონებს. ვერსად ვნახე. როცა ვკითხულობდი, გაკვირვებულები მიყურებდნენ. ყველაფერი შეცვლილი დამხვდა, ხალხიც ძალიან შეცვლილია. რომ გამოვედი, მეგობრის დედის დახმარებით ბალნეოლოგიურში მანუალთერაპია და ფიზიოთერაპია შევისწავლე. ნასამართლობა ყველგან ხელს მიშლიდა. მინდოდა, პატიოსნად მემუშავა, ამიტომ ერთ მეგობარს მივაკითხე, მას ხელოსნების ბრიგადა ჰყავდა. ვუთხარი, მიშველე, მუშაობის დაწყება მინდა-მეთქი. მეკაიფებიო, არ დაიჯერა. მერე მითხრა, თუ ცუდი რამე გაქვს ჩაფიქრებული, არ დამიმალოო. არადა, მართლა წესიერი ცხოვრებით მინდოდა, მეცხოვრა, მაგრამ

სასტიკი რეალობის წინაშე აღმოვჩნდი, ახლოს არავინ მიკარებდა. ძველი მეგობრები ლამაზად მიხურავდნენ კარს...

მხოლოდ რატი დამიდგა გვერდში, ხელობაც ვისწავლე და წელშიც გავიმართე. ახლა მეც მაქვს ჩემი კომპანია, მყავს ხელოსნები და ვაკეთებთ რემონტებს. ოჯახიც შევქმენი.

- რას ნანობთ ყველაზე მეტად?

- ვნანობ იმ დანაშაულს, რისთვისაც ვიხდიდი სასჯელს. ჩვენს ბედს ჩვენვე ვქმნით. ახლანდელ ახალგაზრდებსაც სჭირდებათ დახმარება, ვხედავ, უმოწყალოდ ხოცავენ ერთმანეთს. ცხოვრებამ ბევრ რამეზე დამაფიქრა. წელიწად-ნახევარი სიკვდილმისჯილთა საკანში ვიყავი, ყოველ წუთს დახვრეტას ველოდი. ერთხელ რომ შევეწყალებინე მთავრობას, მეორე დახვრეტა მაინც მრჩებოდა და გარდაუვალი იყო ჩემი სიკვდილით დასჯა. მხოლოდ იმან მიშველა, რომ გაუქმდა ეს საშინელი სასჯელის ზომა.

თეა ხურცილავა