"წელიწად-ნახევარი დახვრეტას ველოდი" - სიკვდილმისჯილის აღსარება 15 წლის შემდეგ
30-03-2015
"წელიწად-ნახევარი დახვრეტას ველოდი" - სიკვდილმისჯილის აღსარება 15 წლის შემდეგ
"გიორგობას მოსამართლე წულუკიანმა ორჯერ მომისაჯა სიკვდილი..."

"კედელზე ეწერა: "გეგა კობ­ახიძე, 1984". ამ საკანში იჯდა სპორტსმენი ნამგალაურიც, მისი სახელიც ეწერა...

კედელი გავსებული იყო დახვრეტილი პატიმრების სახელებით და დახვრეტის წლებით"


საქართველოში სიკვდილით დასჯა 1997 წელს გაუქმდა, ამ დროს ორთაჭალაში,­ სიკვდილმისჯილთა საკანში 52 პატიმარი­ იხდიდა სასჯელს. ისინი ყოველ წუთს ელოდნენ განაჩენის აღსრულებას, მაგრამ გად­არჩნენ. ბოლო დახვრეტა 1995 წლის 15 თებერვალს მოხდა, ერთ დღეს 7 კაცი დახვრ­იტეს. ადრეულ წლებში, დახვრეტის განაჩ­ენის გამოტანის შემდეგ, ოჯახის
წევრებს კონტაქტი აღარ ჰქონდათ სიკვდილმისჯილთან, დიდი ხნის მერე მათთან კურიერს ტანს­აცმელი მიჰქონდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ განაჩენი აღსრულდა...

ჩვენი რესპონდენტი 19 წლის იყო, როცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ავთანდილ წულუკიანმა დახვრეტა მიუსაჯა. "მიესაჯოს სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვ­რეტა", - ეს სიტყვები მოსამართლემ­ პროცესზე ორჯერ წარმოთქვა, ორგზის მიუ­საჯა
სიკვდილით დასჯა ბრალდებუ­ლს განზრახ მკვლელობისთვის და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვისაც. ყოფილი სიკვდილმისჯილი დღეს 38 წლისაა, მან ციხ­ეში 15 წელი გაატარა. ამბობს, რომ პატიოსანი ცხოვრებით ცხოვრობს, სამსახურიც აქვს, ამიტომ მის ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებთ.


ზაზა: - 18 წლის ვიყავი, მკვლელობა­ რომ ჩავიდინე, 19 წლის ციხეში გავხდი. 1996 წლის 6 მაისს, გიორგობას, მოსამა­რთლე წულუკიანმა დახვრეტა მომისაჯა. გულის სიღრმეში ვგრძნობდი, დახვრეტას რომ მომისჯიდნენ, მაგრამ რადგან გიორგ­ობა იყო, მეგონა, მოსამართლე მეტყოდა, ახალგაზრდა ხარ და ერთ შანსს მოგცემო. ასე არ მოხდა. დანაშაული ჯგუფური იყო, ჩემს თანამზრახველს 7 წელი მიუსაჯეს. მე ორივე ბრალზე ცალ-ცალკე დახვრეტა მომესაჯა. მკვლელობა ყაჩაღობის დროს მოხდა - ერთი გარდაიცვალა, მეორე კი  დაიჭრა.

- ეს არ იყო თქვენი პირველი ნასამართლობა, ასეა?

- პირველად ავტოავარია მოვახდინე,­ მერე ქურდობისთვის დამიჭირეს და 5 წელი მომისაჯეს, მაგრამ ამნისტია შემეხო და მალე გამოვედი. 4 თვის გამოსული ვიყავი,­ ახალი დანაშაული რომ ჩავიდინე.
მაშინ ისეთი ვითარება იყო, ყველა იარაღით დადიოდა. "მხედრიონი" და გვარდია გვყავდა მისაბაძი. ჩვენი თაობა ფიქრობდა, რომ ძალა იარაღშია. ავტომატიანის ყველას ეშინოდა.
ვაკეში გავიზარდე. ჩემი მეგობრების უმრავლესობა, 7 ბიჭი, გარჩევებს შეეწირა, მაშინ ასე იყო, ვინ ვის დაასწრებდა. თითზე ჩამოსათვლელები დავრჩით. გარეთ რომ ვყოფილიყავი, ალბათ, დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი. ჩვენ ყიფშიძის დაჯგუფებას გვეძახდნენ. მეც მინდოდა, ვყოფილიყავი ისეთი მაგარი ბიჭი, როგორიც სხვები იყვნენ. ასე აღმოვჩნდი იმ წუმპეში.

6 მაისი, გიორგობა, არასოდეს დამავიწყ­დება. მოსამართლის თავთან ეკიდა წმინდა გიორგის გამოსახულებით გერბი და გიორგობას დახვრეტა მომისაჯა. დედა ცუდად გახდა, შევძახე, დედა, გამაგრდი, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი. გარეთ ჩვეულებ­რივ გავედი, მაშინ ვერაფერს ვგრძნობდი, მაგრამ როცა სიკვდილმისჯილთა საკანში, ე.წ. სპეცებში შემიყვანეს, მივხვდი, რაც მჭირდა.

მიწის ქვეშ 24 საკანი სიკვდილმისჯ­ი­ლებისთვის იყო განკუთვნილი. ვინც იქ ნამყოფია, დამეთანხმება, საკანში მორგის სუნი იდგა. ფეხი შევდგი თუ არა, მივხვდი, ფაქ­ტობრივად, მორგში ვიყავი. კავკასიის ისტორიაში თურმე მეშვიდე პატიმარი ვიყავი ამ ასაკის, რომელსაც დახვრეტა­ მომესაჯა.

- სამარტოო საკანში გამოგკეტეს?

- სულ მარტო ვიყავი თვე-ნახევარი, მერვე საკანში. რკინის ლოგინი წყალში იდგა, მხოლოდ ლეიბი მომცეს. მარტო დარჩენილი მხოლოდ დედაზე ვფიქრობდი. ის ჩემზე დარდს გადაჰყვა. პაემნებზე რომ შემოდიოდა, ვხედავდი, როგორ დნებოდა ქალი. მისი გარდაცვალებიდან რამ­დენიმე დღეში დახვრეტა გაუქმდა. მაშინ ჩემს თავს მივეცი სიტყვა, თუ იქიდან გამოვი­დოდი, დანაშაულს არასოდეს ჩავიდენდი. თვე-ნახევრის მერე უკვე სხვებთან გადამიყვანეს. ლოდინი ძალიან გვღლიდა, ვეღარ ვუძლებდით. წლების განმავლობაში ყოველ წუთს რომ დახვრეტის მოლოდინში­ ხარ, ძნელია.

იმ პერიოდში პეტრე გელბახიანსა და ირაკლი დოკვაძესაც დახვრეტა მიუსაჯეს. მათ ბევრი­ იბრძოლეს, რომ დახვრეტა­ გაუქმებულიყო. კანონები კარგად იცოდნენ. დიდი ბრძოლით მიაღწიეს პაემნის, ამანათის, ინფორმა­ციის მოწოდების უფლებას.

ყველა კარის გაღება შიში იყო. ყოველდღე ტარდებოდა დათვალიერება, დღის პირველ საათზე უნდა გაეჩხრიკათ საკნები, გავყავდით გარეთ, გვაყენებდნენ კუთხეში და ჩხრეკდნენ ოთახს... დასახვრეტი ადამია­ნი სპეცრაზმის თანხლებით გაჰყავდათ. დახვრეტის წინ, განაჩენის წაკითხვამდე ბადრაგი პატიმარს ხელბორკილს ადებდა და ხვდ­ებოდი, რომ ეს შენი ცხოვრების ბოლო წუთები იყო.

აფხაზეთიდან ერთი რუსი იხდიდა სასჯელს, 4 წელიწად-ნახევარი იჯდა სიკვდილ­მისჯილთა საკანში, ბევრის დახვრეტას შე­­ესწრო. იყო კიდევ ერთი, თემური, ის იხსენებდა, საკნებით მოჰყვებოდნენ დასახვრეტებს,­ ჩემ წინა საკნებში მყოფები დახვრიტეს და მეც ველოდებოდი, როდის მომაკითხავ­დნენ. მეგონა, მხნედ ვიყავი, მაგრამ, როცა კარი გააღეს, ჩავიჩოქე, ფეხზე ვერ ვდგებო­დი, ფეხები წამერთვა, იმ დღეს გადავრჩი, მე არ წამიყვანესო. თავდაპირველად 23 სიკვდილმისჯილი ვიყავით, მერე, ეს რიცხვი 52-მდე გაიზარდა. 40% ავთანდილ წულუკიანის გასამართლებული იყო, 30% - ლენგერ ბოჭორიშვილის.

- დრო როგორ გაგყავდათ?
- ირაკლი დოკვაძემ ციხეში პატარა გადამცემები გააკეთა და ერთმანეთს საკნებში­ ველაპარაკებოდით. ბადრაგმა იცოდა, მაგრამ ვერ პოულობდა. პატარა მოწყობილ­ობა ქინდერ-სიურპრიზებში იყო ჩაწყობილი, ჩხრეკის დროს სათამაშო ეგონათ. ზოგს სასაპნეში ჰქონდა ჩამონტაჟებული. ხშირად გვჩხრეკდნენ, მაგრამ ისე იყო ყველაფერი შეფუთული, ვერ ხვდებოდნენ. ხან მუსიკას ვუსმენდით ასე, ან თუ ჩვენს საკითხზე პრეს­აში რაიმე დაიწერებოდა, ირაკლი დოკვაძე­ კითხულობდა ხმამაღლა სტატიას თავის საკ­ანში და ყველა ვუსმენდით ჩვენს საკნებში.  
შუქი თუ გაითიშებოდა, დავიწყებდით ბრაგუნს და ჩამოგვიჭიმავდნენ "დვიჟოკის" შუქს. ერთხელ 18 დღე ვიშიმშილეთ, ამის მერე ტელევიზორების შემოტანის უფლება­ მოგვცეს და ინფორმაციასაც ვუსმენდი. მთა­ვარია წყნარად ვყოფილიყავით, რადგან­ სიკვდილმისჯილს დასაკარგი არაფერი აქვს, ყველაფერზეა წამსვლელი. გაქცევის მცდელობას აზრი არ ჰქონდა. სულ სინესტეში, წყალში ვისხედით. ერთი ჭლექით გარდაიცვალა.
ზოგი პატიმარი მართლა დასახვრეტი იყო - მათ ბავშვების გაუპატიურება-მკვლელობა ედებოდათ ბრალად. მეცოდებოდა, რომ უნდა დაეხვრიტათ, თუმცა, ადამიანი­ აღარ ეთქმოდათ. ერთს 5 ხანში შესული­ ქალის გაუპატიურება-მკვლელობა და გატყავება ჰქონდა ბრალად. ერთი კიდევ, მეგობარმა სახლში შეუშვა და მან მისი 12 წლის შვილი გააუპატიურა და აბაზანაში დაახრჩო. არ იყვნენ ისინი სიცოცხლის ღირსი, მაგრამ მათაც ვაწვდიდით ლუკმას. მე-8 საკნიდან მე-12 საკანში გადამიყვანეს, სადაც გეგა კობახიძე­ იჯდა, კედელზე ეწერა: "გეგა კობ­ახიძე 1984". ამ საკანში იჯდა სპორტსმენი ნამგალაურიც, მისი სახელიც ეწერა.­ კედელი გავსებული იყო დახვრეტილი პატიმრების სახელებით და დახვრეტის წლებით.

ჩემი უახლოესი მეგობრის, გოგა ბახტაძის მამის სადისტურად მკვლელობაში­ ვინმე ირაკლი კერესელიძე გაასამართლეს. ციხეში ვეძებდი, მინდოდა, შური მეძია. როცა გავიგე, დახვრეტა მიუსაჯეს, მისი მოკვლა გადავიფიქრე.

მინდოდა, მენახა,­ ამიტ­ომ საპირფარეშოში გავჭედე­ კარტოფილი, რომ საკნიდან გავეყვანე, და "კარმოშკაში"­ შევძახე, სხვაგან რომ მენახე, თავს მოგჭრიდი, სიკვდილმისჯილი ხარ და აწი აზრი არა აქვს-მეთქი. მერე მასთან საუბრით დავრწმუნდი, რომ ის არ იყო ამ საქმეში დამნაშავე...

სიკვდილით დასჯის გაუქმებას 25 ივლისს მოაწერა ხელი შევარდნაძემ. ყოველ წელს ამ დღეს ყოფილი სიკვდილმისჯილები ვიკრიბებით. ზოგიერთთან ურთიერთობას ვაგრძელებ, ერთს დისშვილიც მოვანათ­ვლინე. მაშინ დახვრეტა 20-წლიანი სასჯელით შეგვიცვალეს, კანონმდებლობაში მაქსიმუმი 15 წელი იყო და დიდი ბრძო­ლის შემდეგ ყველას 5-5 წელი ჩამოგვაკლდა. 15 წელი სრულად მოვიხადე, მხოლოდ ერთი დღე მაჩუქეს. აქედან 10 წელზე მეტი ჩაკეტ­ილ სისტემაში მაქვს გატარებული. კრიტში რომ გადაგვიყვანეს, დღეში ერთი საათი­ გვასეირნებდნენ. მოგვიანებით, მკაცრი რეჟი­მის კოლონიაში გადაგვიყვანეს, ციხის უფროსებს ეშინოდათ, ვინმე არ აგვეყოლიებინა გაქცევაზე ან რამე არ ჩაგვედინა და სხვა პატიმრებს უკრძალავდნენ ჩვენთან კონტაქტს. ისინიც მერიდებოდნენ, როცა გაიგებდნენ, რომ სიკვდილმისჯილი ვიყავი...

პირველი აღსარება წითელი პარასკევს­ ჩავაბარე. მას მერე სხვა თვალით შევხედე ცხოვრებას.
ადამიანს სიცოცხლე წავართვი, ამის უფლება არ მქონდა. ციხეში ხატწერა დავიწყე. კოლონიაში საამქრო იყო გახსნილი, სადაც პატიმრები ხელობას სწავლობდნენ. მე პირველად ვედრების ხატი დავწერე. კანონიკა ვიცოდი, რადგან საეკლესიო ლიტერატურას ვკითხულობდი, კიდევ, ფილოსოფიას, ფსიქოლოგიას, რომანებს, დეტექტ­ივებს...
ჩემი ხატები პატრიარქმა ნახა. 2010 წლის დეკემბერში გამოვედი ციხიდან.

- რა გარემო დაგხვდა?
- მეგობარს დავურეკე, რომ დიდუბის სადგურზე დამხვედროდა. იქ ვერავინ ვნახე, ამიტომ დიღმის მასივისკენ წავედი, ვეძებდი­ ქუჩის ტელეფონებს. ვერსად ვნახე. როცა ვკითხუ­ლობდი, გაკვირვებულები მიყურებდნენ. ყველაფერი შეცვლილი დამხვდა, ხალხიც ძალიან შეცვლილია. რომ გამოვედი, მეგობ­რის დედის დახმარებით ბალნეოლოგიურში­ მანუალთერაპია და ფიზიოთერაპია შევისწავლე. ნასამართლობა ყველგან ხელს მიშლიდა. მინდოდა, პატიოსნად მემუშავა, ამიტომ ერთ მეგობარს მივაკითხე, მას ხელოსნების ბრიგადა ჰყავდა. ვუთხარი, მიშველე, მუშა­ობის დაწყება მინდა-მეთქი. მეკაიფებიო, არ დაიჯერა. მერე მითხრა, თუ ცუდი რამე გაქვს ჩაფიქრებული, არ დამიმალოო. არადა, მართლა წესიერი ცხოვრებით მინდოდა, მეცხოვრა, მაგრამ
სასტიკი რეალობის წინაშე აღმოვჩნდი, ახლოს არავინ მიკარებდა. ძველი მეგობრები ლამაზად მიხურავდნენ კარს...
მხოლოდ რატი დამიდგა გვერდში, ხელობაც ვისწავლე და წელშიც გავიმართე. ახლა მეც მაქვს ჩემი კომპა­ნია, მყავს ხელოსნები და ვაკეთებთ რემონტებს. ოჯახიც შევქმენი.

- რას ნანობთ ყველაზე მეტად?
- ვნანობ იმ დანაშაულს, რისთვისაც ვიხდიდი სასჯელს. ჩვენს ბედს ჩვენვე ვქმნით. ახლანდელ ახალგაზრდებსაც სჭირდებათ­ დახმარება, ვხედავ, უმოწყალოდ ხოცავენ ერთმანეთს. ცხოვრებამ ბევრ რამეზე დამაფიქრა. წელიწად-ნახევარი სიკვდილმისჯილთა საკანში ვიყავი, ყოველ წუთს დახვრეტას ველოდი. ერთხელ რომ შევეწყალებინე მთავრობას, მეორე დახვრეტა მაინც მრჩებ­ოდა და გარდაუვალი იყო ჩემი სიკვდილით დასჯა. მხოლოდ იმან მიშველა, რომ გაუქმდა ეს საშინელი სასჯელის ზომა.

თეა ხურცილავა
Nnmmmm
16 იანვარი 2017 13:26
ძალიან კარგი თუ გაუქმდა სიკვდილით დასჯა იმიტო რომ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენისთვის ორ წუთში დახვრეტა არაა საკმარისი იმან მთელი ცხოვრება ოთხ კედელში უნდა გაატაროს რომ მიხვდეს რაც ჩაიდინა ინანებს თუ არა მაგას არაქვს მნიშვნელობა მთავარია რომ დაიტანჯება წლები მაგისთვის სიკვდილი შვება რატო ვერ ხვდებით
ნანა
25 ნოემბერი 2016 07:43
არა და არა სიკვდილით დასჯა არ უნდა იყოს ის თუ მკვლელია რა შენც მკვლელი ხარ? მერედა მრუდე მთავრობა ამ კანონს იცით როგორ გამოიყენებს?-არ იცით!ჰოდა მოეშვით ამ სიკვდილზე ლაპარაკს! მუდმივი პატიმრობა კი ბევრს ეკუთვნის!

mako
07 სექტემბერი 2016 15:13
მხედრიონმა არეულობა და ბევრი მკვლელობა მოიტანა, მერე ნარკომანიამ დაავადა ახალგაზრდობა, ახლა ონლაინთამაშებმა დაავადმყოფა ახალგაზრდობა, სახელმწიფო დუმს და განა თამაშების გამო მკვლელობები და თვითმკვლელობები არ ხდება? ვერ ხედავს მთავრობა?

რედაქტორის რჩევით