"ყველაზე მეტად ღამის გვეშინია" - მომვლე­ლები მოხუცების წამლებს სვამენ და ... - კვირის პალიტრა

"ყველაზე მეტად ღამის გვეშინია" - მომვლე­ლები მოხუცების წამლებს სვამენ და ...

"აქ ჩამოსული ქალები ფიქრობდნენ, რომ ვალებს გაისტუმრებდნენ და შინ დაბრუნდებოდნენ, მაგრამ ზოგი 15-18 წელია აქეთ არის. შვილები გაიზარდნენ, ქმრებმა მალულად სხვა ცოლები მოიყვანეს, ამ საწყლებს კი საკუთარი თავისთვის წამლის ყიდვაც ენანებათ - ოჯახს მოაკლდებაო. ამას წინათ მეუბნებოდნენ, შინ რომ ვრეკავთ, ვგრძნობთ, ოჯახის წევრები ტელეფონს ერთმანეთს აჩეჩებენ, ჩვენთან საუბარი არ უნდათო... ასე გადის ქართველი ქალებისთვის ცხოვრება უცხო მიწაზე".

ნინო ბაჯელიძე, ათენის

უნივერსიტეტის თანამშრომელი, 2015 წ., თებერვალი

2015 წლის 26 მარტს იტალიის ქალაქ პუტინიანოში 31 წლის თამუნა ტრაპაიძე გარდაიცვალა. 80 წლის მოხუცმა, რომელსაც თამუნა უვლიდა, სასწრაფო დახმარება გამოიძახა. სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვალების ფაქტზე კარაბინერებმა მოკვლევა დაიწყეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, თამუნა მოიწამლა - სახლში კედლები შეღებეს, რის გამოც რამდენიმე დღე თავს ცუდად გრძნობდა.

ქართველი ემიგრანტების მძიმე ყოფა სულ უფრო საგანგაშო ხდება, ამას უცხოეთში გადახვეწილი არალეგალების გახშირებული სიკვდილიც მოწმობს. განსაკუთრებით მძიმე პირობებში არიან ქართველი ქალები, რომლებიც ძირითადად, მოხუცების მომვლელებად მუშაობენ. ჩვენებურებისთვის სამედიცინო დახმარება ხელმისაწვდომი არ არის. მეტიც, სიძვირის გამო წამალსაც ვერ ყიდულობენ. 2013 წელს ქართველ ექიმთა ჯგუფი ათენში ჩავიდა ჩვენი არალეგალების გასასინჯად. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.

ნინო ბაჯელიძე: - 5 დღეში 500 ქალი გასინჯეს. თავზარდაცემულები იყვნენ, ზოგის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, გადარჩენისთვის სასწრაფო ოპერაცია სჭირდებოდათ. უმრავლესობას გინეკოლოგიური და ვენების პრობლემა აქვს, ჩიყვი და გულის დაავადებებიც გამოუვლინდათ. ქალებს მოხუცების აწევა დღეში რამდენჯერმე უწევთ, დილიდან საღამომდე თითქმის ფეხზე დგანან. ამას ერთვის არასაკმარისი კვება, ნერვიულობა. დღეს თითქმის ყველა არალეგალი კაცი თუ ქალი ფსიქიატრის კონსულტაციას ითხოვს.

რადგან არალეგალებისთვის მედიკამენტები ხელმისაწვდომი არ არის, ხშირად თავიანთი მოსავლელების წამლებს სვამენ, თუმცა, მისი დანიშნულებაც არ იციან, განსაკუთრებით საძილე და დამამშვიდებელ აბებს იღებენ და შემდეგ მათზე დამოკიდებულები ხდებიან.

როზა, 53 წლის ემიგრანტი: - ყველაზე მეტად ღამის გვეშინია - გრძნობ, რომ ყველაფერი გტკივა, თან ოჯახზე ფიქრი გეძალება. ერთ ქალს ვიცნობდი, ახალი სახლი აუშენა ქმარ-შვილს, მანქანები უყიდა, არ დაუკლია რემონტი და ავეჯი. 12 წლის მერე დაბრუნდა შინ. გული აწუხებდა და თავს მივხედავო. რომ ჩავიდა, ქმარმა კარი მიუხურა - ახალ სახლში ახალი ცოლი მოეყვანა. ვეღარ აიტანა ქალმა და თავი მოიკლა. ეს რომ გავიგეთ, ჩვენც გამოვიტირეთ თავები, იქნებ ჩვენც იგივე გველის.

2012 წლის მაისში, რომში, ერთ-ერთი "ქართული კაფედან" რამდენიმე ქალბატონი მწვავე ინტოქსიკაციით საავადმყოფოში გადაიყვანეს. გაირკვა, ქართველი მომვლელები თავიანთი მოხუცების აბებს სვამდნენ, კერძოდ "ლირიკას"“(?!).

ყველაზე დიდი პრობლემა გარდაცვლილ არალეგალთა სამშობლოში დაკრძალვაა - 2.000 ევრო ჯდება. უმეტესწილად ოჯახს ამდენი თანხა არ აქვს და გარდაცვლილის გადასვენებაზე ისევ ემიგრანტები ზრუნავენ.

ლია, 49 წლის: - როცა ვინმეს გარდაცვალებას გავიგებთ, თითქოს საკუთარ თავს დავტირით და მაშIინვე გადასასვენებელი ფულის შეგროვებას ვიწყებთ. ხანდახან კეთილი ადამიანები გვეხმარებიან. როცა ამ საქმეს მოვაგვარებთ, გული მიმშვიდდება - არც მე დამტოვებენ აქ, მეც დამაბრუნებენ შინ, საიდანაც 18 წელია წამოვედი.

თამუნა ტრაპაიძის ოჯახი მიცვალებულის გადმოსასვენებლად დახმარებას ითხოვს.

ნინო ბურჭულაძე

ქართველი კრიმინალები უცხოეთში

ქართველი არალეგალი ქალები რამდენიმე წლის წინ ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებების ყურადღების ცენტრში მოხვდნენ. სტამბოლში "პატრონისგან" მოტყუებულ, ღია ცის ქვეშ უსაბუთო-უფულოდ დარჩენილ ქალებს სამშობლოში დაბრუნებას იმ პირობით სთავაზობდნენ, თუ "დეფიციტურ სამედიცინო წამლებს" გადაიტანდნენ (სინამდვილეში ჰეროინს). სამი წლის შემდეგ ჩვენებური ქალები თავად გახდნენ ნარკოტიკების რეალიზატორები სტამბოლსა და ტრაპიზონში.

თურქეთის შემდეგ წამლის სარფიან ბიზნესს ქალებმა საბერძნეთშიც გაუსინჯეს გემო და ათენში, ომონიას მოედანზე, ქართველ ნარკომომხმარებლებზე ბებია-პაპებისთვის“დანიშნული "ლირიკის" გაყიდვა დაიწყეს. იმხანად ერთი აბი 50 ევრო ღირდა(?!). კრიმინალურ საქმიანობაში ჩართული ქართველი ქალები იტალიასა და ბელგიაშიც აღმოჩნდნენ - ნაძარცვს ყიდდნენ; ბოლო დროს კრიმინალურმა დაჯგუფებებმა თვალი ქართველ მომვლელებს დაადგეს. სწორედ მათი მეშვეობით ძარცვავენ ბინებს თურქეთში, საბერძნეთსა და იტალიაში.

10 მარტს საბერძნეთის პოლიციამ 10 ქართველი დააკავა, მათ შორის იყვნენ ქალებიც. სამართალდამცავები აცხადებდნენ, ქართველი მომვლელების ინფორმაციის საფუძველზე, მძარცველები მოხუცების ბინებს ძარცვავდნენ. ერთ-ერთი ძარცვისას მოხუც დიასახლისს დასაძინებლის ზედმეტი დოზა გაუკეთეს და 3.700 ევრო მოჰპარეს.

20 მარტს იტალიის 5 ქალაქში სამართალდამცავებმა მასშტაბური სპეცოპერაციისას ქართული კრიმინალური დაჯგუფების 9 წევრი ბინების ძარცვის ბრალდებით დააპატიმრეს, ორი - ქართველი მომვლელი ქალბატონია.

ქართველი ემიგრანტების ნაამბობიდან

"სახლი დავიხსენი, ვალები გავისტუმრე, მშობლების საფლავები მოვაწესრიგე, მეუღლეს ბიზნესის აწყობაში დავეხმარე, შვილებს განათლება დავუფინანსე, ტანსაცმელსა და საჩუქრებზე აღარ დავწვრილმანდები და შინ დავბრუნდი... არავის ვჭირდებოდი, თურმე, დედა და ცოლი, ევროს პროვაიდერად გადავქცეულვარ. რა მექნა, უკან გავბრუნდი"...

"ორი ბიჭი მყავს, ორივე გზაზე დავაყენე, განათლება მივეცი, სახლები, მანქანები ვუყიდე... ერთ საღამოსაც შინ დავრეკე და მორიდებით ვუთხარი, აქ კრიზისი დაიწყო და იტალიაში ან ამერიკაში ხომ არ გადავიდე-მეთქი. სიტყვა დამთავრებული არ მქონდა, რომ მომაყვირეს, - ამერიკაში წადიო(?!) არადა, მეგონა, 15 წლის შემდეგ მაინც მეტყოდნენ, - სად უნდა წახვიდე, დაბრუნდიო"...“