"არ დამიმალოთ, მართლა ნაშვილები ვარო?" - რატომ მოიკლა თავი 11 წლის ნიკამ
30-03-2015
"არ დამიმალოთ,  მართლა ნაშვილები ვარო?" - რატომ მოიკლა თავი 11 წლის ნიკამ
შემზარავი ტრაგედია დატრიალდა სიღნაღის რაი­ონის სოფელ ძველ ანაგაში - 11 წლის ნიკა ჩალაბაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თავზარდაცემულნი არიან ბიჭის მეზობლები, თანაკლასელები და პედაგოგები. როგორც გაირკვა, თვითმკვლელობის წინადღეს მე-5 კლასის მოსწავლეს თანაკლასელ გოგონასთან კონფლიქტი მოსვლია. ამის შესახებ ნიკას ოჯახის წევრებმაც იცოდნენ. თვითმკვლელობის დღეს ნიკას თავისი გულისტკივილი კლასის დამრიგებლისთვისაც გაუნდვია. პედაგოგი ია პაპიაშვილი ტირილით იხსენებს ნიკასთან საუბრის დეტალებს.

ია პაპიაშვილი: - შეძრული ვარ მომხდარით. ნიკა ძალიან მოწესრიგებული, კარგი ბიჭი იყო. იმ დღეს,
დილით, ის იყო, პირველი გაკვეთილი უნდა დაწყებულიყო, რომ მითხრეს, გარეთ ჩხუბიაო. მაშინვე სკოლის დირექტორი და პედაგოგები ჩავერიეთ და სიტუაცია განვმუხტეთ. ბავშვებიც გაკვეთილზე შევიდნენ. ნიკა ცალკე გავიყვანე, გამოვკითხე ჩხუბის მიზეზი, მითხრა, გუშინ ერთმა მითხრა,  ნაშვილები ხარო. აღარ ვიცი, რა ვიფიქრო, ეს სიტყვები რატომ მითხრაო. მასწავლებელო, ესე
იგი, ნაბიჭვარი ვარო? ბავშვმა ნათქვამი ასე აღიქვა.

ნიკას სიტყვებმა შემძრა, მოვეფერე და დამშვიდება ვცადე, აბა, რას ამბობ, ვიღაცამ რაღაც სისულელე წამოროშა და შენც დაიჯერე? მშობლები გყავს, ძმა, ხომ იცი, მათ როგორ უყვარხარ-მეთქი.

მისი ძმაც ჩვენი სკოლის მოსწავლეა. დიდ­ხანს ვესაუბრე. ცოტა გამხიარულდა, მივხვდი, რომ დამშვიდდა, ხელი მოვხვიე და გაკვეთილზე შევიყვანე. პირველი გაკვეთილი დასრულდა თუ არა, მითხრა, ია მასწავლებელო, კიდევ ჩხუბი რომ არ ატყდეს, ძალიან გთხოვთ, სახლში გამიშვითო. დედა სახლში თუ არ არის, ვერ გაგიშვებ-მეთქი, დედა არ არის, მაგრამ პაპა და ბაბო ხომ არიანო. მართალია, დამშვიდებული იყო, მაგრამ, სანამ დედამისი შინ არ დაბრუნდებოდა, მაინც არ მინდოდა მისი გაშვება. არადა, არ მომეშვა, ძალიან გთხოვთ, წავალ და უფრო მეტად დავისვენებო, გავუშვი, მაგრამ  თანაკლასელი მაინც გავაყოლე.

ბიჭის ბებიის თქმით, შვილიშვილი  შინ რომ მისულა, უსადილია, მერე დედისთვის დაურეკავს, სახლში ვარ, ინგლისურს ვიმეცადინებ და მერე მასწავლებელთან წავალო. მერე რა მოხდა, არ ვიცით,
ვიცი, რომ საშინელება დატრიალდა. ბავშვი ცოცხალი აღარ არის.
ბებიამ და პაპამ ბიჭი დღის 2 საათზე სახლის გვერდით ჩამომხრჩვალი ნახეს. ამბობენ, ნიკასთვის მესიჯი მიუწერია ვიღაცას, თავს არ დაგანებებ, მთელი სიცოცხლე არ გაგახარებო.
გაოგნებული ვარ, ვინ წარმოიდგენდა, რომ 11 წლის ბავშვი თავს ჩამოიხრჩობდა.

- მშობლებმა იცოდნენ, რომ კონფლიქტი მოხდა?
- წინადღეს ნიკა განერვიულებული მისულა შინ, მშობლებისთვის უკითხავს, არ დამიმალოთ, მითხარით, მართლა ნაშვილები ვარო? დედ-მამას ძლივს დაუწყნარებია ბიჭი. მერე დედამისს იმ ბავშვის მშობლებთან დაურეკავს და მათ შორის შელაპარაკებაც მომხდარა. საღამოს კი მე დამირეკა, ნიკაზე წუხდა.

- ეს თანაკლასელმა უთხრა?

- თანაკლასელ გოგონას უთქვამს. რომ ჰკითხეს, ასეთი რამ რატომ უთხარიო, ასე ამბობენ ჩემი მშობლებიო.
მეორე დღეს გოგონას მესამეკლასელ ძმასთან მოუვიდა ჩხუბი ნიკას. თურმე ადრე ერთ-ერთი მოსწავლის დაბადების დღეზეც უჩხუბიათ, მაგრამ რას ვერ იყოფდნენ, არ ვიცი.

რატომ მოიკლა თავი ნიკამ, ამაზე მხოლოდ ის შემიძლია გიპასუხოთ, რომ როგორც ჩანს, მიუხედავად მშობლების მცდე­ლობისა, რომ გაექარწყლებინათ მისთვის ეჭვი, მაინც არ დაიჯერა. იმასაც ვფიქრობ, იქნებ უფრო მეტი უნდა გაგვეკეთებინა?! მორალურ პასუხისმგებლობას­ ვგრძნობ. მთელი სკოლა დავტირით ამ ბავშვს. მისი კლასელები საშინელ დღეში არიან, განიცდიან, ეს დიდი შოკია ყველასთვის. როგორ ვანუგეშოთ მისი მშობლები. ახლა კლასელებიც დაკითხვაზე არიან. სამწუხაროდ, აღარაფრის შეცვლა აღარ შეიძლება.

ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა. ძალოვანებმა უკვე დაჰკითხეს სკოლის დირექტორი და პედაგოგი, ასევე ბავშვის მშობლები, კლასელები. გამწარებული ოჯახი დამნაშავე ბავშვების დასჯას ითხოვს.

თეა ხურცილავა
lela
13 აპრილი 2015 11:42
მშობელმა ბავშვს ერტი წლის ასაკიდან უნდა უტხრას, რომ ის ნაშვილებია. ამ საკითხის საიდუმლოდ ქცევა, დანაშაულია. არსებობს ათასგვარი, გამართლებული მეთოდი, თუ როგორ უნდა აუხსნა ბავშვს უკვე ჩვილობის ასაკიდან, რომ ის ნაშვილებია.

ბავშვის აღზრდის მეთოდი არ არსებობს საქართველოში, სამწუხაროდ, ქართველი "წვრთნის" ბავშვს ცემით ანუ საბჭოთა მეთოდით..
ლელა დ.
06 აპრილი 2015 10:48
მოზარდების სუიციდი გახშირდა საქართველოში..მე ვფიქრობ, ფეხზე უნდა დადგეს განათლების სამინისტრო და საქართველოს ყველა სკოლაში განიხილონ ეს შემთხვევა! მთავრობამ, მშობლებმა და მოზარდებმა ერთად ვიპოვოთ გამოსავალი..
ria
03 აპრილი 2015 11:00
ამ მესეჯებმა და კომენტარებმა მსოპლიო მაშტაბიტ ბევრი ბავშვის და მოზარდის სიცოცხლე შეიწირა . ნეტავ სულა არ გამოეგონატ არც მობილური და არც ინტერნეტი. უპალმა ნატელსჰი ამყოპოს ნიკას სული დასანანია სიცოცხლიტ სავსე მოციმციმე ვარსკვლავი ნაადრევად რომ ჩაესვენა.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები