ჯოზეფ ქეიმ კიდევ ერთი სასამართლო პროცესი წააგო - კვირის პალიტრა

ჯოზეფ ქეიმ კიდევ ერთი სასამართლო პროცესი წააგო

"კაცი, რომელსაც მიზნად ჩვენი ოჯახის გაძარცვა აქვს დასახული, ქართული სასამართლოს წყალობით ბადრი პატარკაციშვილის ე.წ. ანდერძის აღმასრულებლად უნდა იყოს გამოცხადებული?"

ბადრი პატარკაციშვილის ოჯახსა და ჯოზეფ ქეის შორის 2008 წელს დაწყებული ქონებრივი დავა დღემდე გრძელდება. ქართველი საზოგადოება ამ დავის შესახებ მეტ-ნაკლებადაა ინფორმირებული. ქართული სასამართლოს მიერ პატარკაციშვილის ე.წ. ანდერძის ერთადერთ აღმსრულებლად ჯოზეფ ქეია გამოცხადებული, თუმცა, როგორც ჩანს, სხვაგვარად ფიქრობს ევროპული მართლმსაჯულება.

ჯოზეფ ქეი ის ბიზნესმენია, რომელიც თავის დროზე დაახლოებული იყო როგორც პატარკაციშვილთან, ასევე მის ოჯახთან, თუმცა ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ თავი ლამის მთელი მისი ქონების ბატონ-პატრონად გამოაცხადა, რითაც მშვენივრად ისარგებლა საქართველოს ხელისუფლებამ. სწორედ ჯოზეფ ქეის დამსახურებით აღმოჩნდა სახელისუფლებო გავლენის ქვეშ პატარკაციშვილის ტელერადიოკომპანია "იმედი".

KvirisPalitra.Geპატარკაციშვილის ოჯახი აცხადებს, რომ 2010 წლის 1-ელ თებერვალს გიბრალტარის სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ყველა აქტივი, რომელზეც ამ დავის ფარგლებში ჯოზეფ ქეის ჰქონდა პრეტენზია, 100%-ით ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის საკუთრებად გამოცხადდა. თუმცა გასული წლის 17 დეკემბერს ამავე სასამართლოს მიერ გამოტანილი შუალედური განაჩენით, საეჭვოდ გამოცხადდა ქონების 14%-ის მფლობელობის საკითხი. რის შემდეგაც ჯოზეფ ქეის ადვოკატებმა სპეციალური განცხადება გამოაქვეყნეს და ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი ინა გუდავაძე სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულეს, მისი ადვოკატები კი უვიცებად შერაცხეს. ამასთანავე, მათ მიერ ითქვა, რომ "სასამართლოს შუალედური გადაწყვეტილება საბოლოო ვერდიქტად ვერ ჩაითვლება.

" ასეც მოხდა - დღეს უკვე ცნობილია, რომ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით, სამომავლოდ ჯოზეფ ქეის აღნიშნულ აქტივებზე  აეკრძალა რაიმე სახის იურიდიული მოქმედება და დაეკისრა პატარკაციშვილის ოჯახის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების სრული მოცულობით ანაზღაურება. გარდა ამისა, ვერდიქტის მიხედვით, ძალაში დარჩა 2009 წლის 17 დეკემბრის სასამართლო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ჯოზეფ ქეის მსოფლიოს მასშტაბით დაუყადაღეს აქტივები, რაც ნიშნავს, რომ მას ეკრძალება ნებისმიერი აქტივის, მათ შორის ქონების, ბიზნესწილების, საბანკო გადარიცხვების პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით - ნომინალური მფლობელების ან პარტნიორების მეშვეობით გაყიდვა, გასხვისება ან რაიმე სხვა ოპერაციის განხორციელება, რაც გათვალისწინებულია აქტივების დაყადაღების პირობებით.

ნებისმიერი პირი, რომელიც ჯოზეფ ქეის ხელს შეუწყობს ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილების დარღვევაში, შესაძლოა, დაჯარიმდეს ან მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით, ჯოზეფ ქეის ეკრძალება ახალი სასამართლო პროცესის წამოწყება გიბრალტარის სასამართლოებში. გამოტანილი ვერდიქტი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება... პატარკაციშვილის ოჯახის ადვოკატთა განცხადებით, მოსამართლემ საბოლოო სიტყვაში აღნიშნა, რომ ქეი მატყუარაა და პატარკაციშვილის ოჯახთან მიმართებაში მისთვის იურიდიული საქმიანობის ნების დართვა მომავალში უსამართლობა იქნებოდა. მოსამართლისავე განცხადებით, იურიდიული ქმედებების განხორციელების აკრძალვა ევროპული სასამართლოების პრაქტიკაში საკმაოდ მკაცრი გადაწყვეტილებაა, თუმცა ამის მიზეზი გახდა სასამართლოზე ჯოზეფ ქეის "შემაშფოთებელი" ქცევა, რომელშიც ნათლად ჩანდა სიცრუის კვალი.

პატარკაციშვილის ოჯახი აცხადებს, რომ ინგლისისა და ლიხტენშტეინის სასამართლოების მსგავსად, ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, როგორ ფასდება ჯოზეფ ქეის მოქმედება ევროპული მართლმსაჯულების მიერ. ევროპულისგან განსხვავებულ გადაწყვეტილებებს იღებს  ქართული მართლმსაჯულება, რომელიც ანდერძის აღმსრულებლის უფლებამოსილებას ანიჭებს სხვისი ქონების მიტაცებაში მხილებულ ადამიანს. ამ თემაზე სპეციალური პრესკონფერენცია გამართეს პატარკაციშვილის ოჯახის წევრებმა და მათმა ადვოკატებმა.

ნანა პატარკაციშვილი, ბადრი პატარკაციშვილის და:

-  უპირველესად, მადლობას ვუხდი საზოგადოებას იმ თანადგომისა და  ყურადღებისთვის, რომელსაც ბოლო ორი წლის განმავლობაში იჩენს ჩვენი ოჯახის მიმართ.  ბადრის სახელი დაკავშირებულია ქველმოქმედებასა და სიკეთესთან. სამწუხაროდ, მისი გარდაცვალების შემდეგ არ მოგვეცა საშუალება გაგვეგრძელებინა ბადრის მიერ დაწყებული საქველმოქმედო საქმიანობა, რადგან უღირს ადამიანებს მისი ქონების მიტაცების სურვილი გაუჩნდათ. იძულებულნი გავხდით, დაგვეწყო ბრძოლა სიცრუის, სიბინძურის, ყაჩაღობისა და ცილისწამების წინააღმდეგ...

ამ ბრძოლაში იხარჯება ის შრომა, დრო და ფინანსები, რაც ქვეყნისა და ხალხის სასიკეთოდ უნდა დახარჯულიყო. თუმცა სიმართლე უკვალოდ არ იკარგება, სამართალი თავის გზას მოძებნის და ყველას და ყველაფერს საკუთარ სახელს დაარქმევს. ამის ერთ-ერთი მაგალითია ისიც, რომ ჯოზეფ ქეიმ გიბრალტარის სასამართლო პირწმინდად წააგო. უფრო მეტიც, გიბრალტარის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით ჯოზეფ ქეი ბადრის აქტივების უკანონოდ მითვისებაშია მხილებული. თავის საბოლოო სიტყვაში კი მოსამართლემ მას მატყუარა უწოდა.

ჩემი ოჯახის სახელით, საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვაძლევ პირობას, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ სიმართლისა და ღირსებისათვის, რადგან დარწმუნებული ვარ, სამართალი იზეიმებს. თვითონ განსაჯეთ, იმ გადაწყვეტილებების მიხედვით, რაც ამ საქმეზე ევროპულმა სასამართლოებმა მიიღეს, შეიძლება თუ არა, კაცი, რომელსაც მიზნად ჩვენი ოჯახის გაძარცვა აქვს დასახული, ქართული სასამართლოს წყალობით ბადრი პატარკაციშვილის ე.წ. "ანდერძის" აღმასრულებლად იყოს გამოცხადებული? გიბრალტარის სასამართლოს გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი სამართლიანობის აღდგენის გზაზე, რომელსაც ღირსებისა და კანონიერების დაცვის გზა ჰქვია. ჩვენი ოჯახი ბოლომდე იბრძოლებს თავისი კანონიერი ინტერესების დასაცავად!

ნათია დოლიძე

"ყველა სიახლე" #5