"ჩემი ძმა 12 წელია, სასჯელს ჯოჯოხეთში იხდის" - კვირის პალიტრა

"ჩემი ძმა 12 წელია, სასჯელს ჯოჯოხეთში იხდის"

12 წელია რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ, ე.წ. „"ბელი ლებედის" ციხეში ქართველი პატიმარი, 42 წლის პაატა გვასალია უმკაცრეს სასჯელს - სამუდამო პატიმრობას იხდის, თუმცა, სისხლის სამართლის საქმეში, რომლის საფუძველზეც ცნობილი ქართველი მოკრივე, ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი დააკავეს, პასუხგაუცემელი კითხვები დღემდე მრავლად არის...

ყველაფერი 2003 წლის 11 აპრილს დაიწყო, როცა ქალაქ პეტროპავლოვსკ-კამჩატსკის კაზინო "პალადა" დაიწვა და ხანძარმა შვიდი კაცი იმსხვერპლა. ორი თვის თავზე რუსმა სამართალდამცველებმა საქმეში მთავარ ეჭვმიტანილად პაატა გვასალია გამოაცხადეს, თუმცა, ოჯახის წევრები დღემდე ამტკიცებენ, რომ სპორტსმენი უდანაშაულოა. სასამართლო პროცესზე იგივე განაცხადეს კაზინოში დაღუპულების ახლობლებმაც, მაგრამ რატომღაც მათი ჩვენებები სასამართლომ არ გაითვალისწინა.

პაატა გვასალიას სპორტული კარიერა ფოთში დაიწყო, 15 წლისა მამამ თბილისში ჩამოიყვანა. ბიჭმა პირველ დიდ წარმატებასაც მალევე მიაღწია - 1990 წელს ჩეხეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე პირველი ადგილი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონიც გახდა. თუმცა, მისი კარიერა მსოფლიო ჩემპიონატზე მიღებულმა ტრავმამ გადაიყოლა - ხელი იღრძო და ძვლის ნაცვლად პლასტმასი ჩაუდგეს. პაატამ რუსეთში გამგზავრებაც სწორედ ტრავმის შემდეგ გადაწყვიტა. პაატა გვასალიას ცხოვრების დეტალებზე მისი ძმა, კახა გვასალია, გვიყვება:

- სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, პაატა ბიზნესში ჩაერთო. ჯერ მოსკოვში საქმიანობდა, შემდეგ - კრასნოდარის ოლქში, სადაც ხორბლისა და მზესუმზირის ბიზნესს კურირებდა. მოგვიანებით მას დაუკავშირდნენ კამჩატკელები, რომლებიც აქტიურ სპორტში ყოფნისას გაიცნო და პაატას გემთმშენებელი ქარხნიდან გემების შესყიდვაში დახმარება სთხოვეს. აქედან დაიწყო პაატასა და კამჩატკელების საქმიანი კავშირი და პაატაც საცხოვრებლად შორეულ აღმოსავლეთში, კამჩატკაზე გადავიდა. კამჩატკელ ბიზნესმენებს პეტროპავლოვსკში სასტუმროებისა და რესტორნების ქსელი, ასევე ერთი კაზინო ჰქონდათ და როცა პაატას დაპირებული თანხა ვერ გადაუხადეს, დროებით კაზინოში დაასაქმეს.

- რა მოხდა კაზინო "პალადაში", ან რატომ დააბრალეს თქვენს ძმას კონკურენტი კაზინოს დაწვის ორგანიზება?

-2003 წლის 11 აპრილს, გვიან ღამით, როდესაც კაზინოში ბევრი ხალხი არ იყო, შენობას ცეცხლი გაუჩნდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ხანძარი სავენტილაციო სისტემაში დიზელის საწვავის ჩასხმამ გამოიწვია. 7 კაცი დაიღუპა, მათ შორის, მოლარე გოგონა, რომელიც გარედან დაკეტილ სალაროში იყო. როგორც ჩანს, იმის გამო, რომ ხალხს კაზინოდან ფული არ გაეტანა, კარი არ გახსნეს და შიგნით მყოფებმა შენობიდან გასვლა ვერ მოახერხეს. რატომ დააბრალეს ჩემს ძმას, დღემდე გაურკვეველია, თუმცა, ჩემი ვერსიები მაქვს. თავად პაატაც ფიქრობს, რომ პირთა ერთ ჯგუფს ამ ბიზნესში მისი ჩართვა ხელს არ აძლევდა. საქმის მასალებში წერია, რომ ცნობილი სპორტსმენი სათამაშო ბიზნესში ჩართული პირების შეკვეთას ასრულებდა და კონკურენტი კაზინო თავიდან მოიცილა. არადა, "პალადა" პაატას დაქვემდებარებაში არსებული კაზინოს კონკურენტი არ ყოფილა. პაატას გარდა, ამ საქმეზე ერთი პირი, მანქანების ხელოსანი, ვინმე პეტროსოვი დააკავეს. იმ ღამეს კაზინოსთან მისი ავტომანქანა დაფიქსირდა. პეტროსოვს სასამართლომ 23 წლით პატიმრობა მიუსაჯა. კაზინოს დაწვიდან ცოტა ხნის შემდეგ, სამართალდამცველები აცხადებდნენ, რომ შემთხვევის ადგილზე სისხლის კვალი აღმოაჩინეს, რომლის დნმ-ის ანალიზითაც დამნაშავის დადგენა შეიძლებოდა, თუმცა, მოგვიანებით, საქმიდან სისხლის კვალთან დაკავშირებული ინფორმაცია უკვალოდ გაქრა. სამაგიეროდ, ორი მოწმე გაჩნდა: კაზინოს დაცვის სამსახურის ორი თანამშრომელი, რომელთაც განაცხადეს, რომ პირი, რომელმაც, მათი აზრით, კაზინოს ცეცხლი წაუკიდა, გარეგნულად ცნობილ სპორტსმენს, პაატა გვასალიას ჰგავდა (ამოცნობის დროს მოწმეებს ორი კორეელი და პაატა წარუდგინეს(?!). არადა, კაზინოს დაწვის ღამეს პაატა მეგობარ ქალთან იყო, პეტროსოვი - თავის ოჯახშIი. დაცვის წევრებმა კი განაცხადეს, რომ ღამის ხუთ საათზე საეჭვო მანქანას დაედევნენ, რა დროსაც პეტროსოვისა და პაატას სახეები დაინახეს. ეს აბსურდია. ჯერ ერთი, მანქანას მინები დაბურული ჰქონდა და რაც მთავარია, ღამით 50 მეტრში ადამიანის სახის გარჩევა შეუძლებელია. სასამართლო პროცესზე ამ ორი მოწმიდან ერთმა განაცხადა: სანამ ამოცნობაზე შევიდოდი, პაატას სურათი მაჩვენეს და მითხრეს, ამ კაცს დაადე ხელიო.

- ქართული მხარე თუ დაინტერესდა პაატას საქართველოში ექსტრადირებით?

- ჯერ ქართველი სამართალდამცავებისთვის არ მიმიმართავს, რადგან საქართველოში ექსტრადირებასთან დაკავშირებით ზოგი საკითხი რუსეთში უნდა გავარკვიოთ.

- ცნობილია, რომ "ბელი ლებედში" სასჯელს სასტიკი დამნაშავეები იხდიან...

- ექვს თვეში ერთხელ პაატას მამა ნახულობს. ჩემი ძმა მართლაც ისეთ ციხეშია, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს ყველაზე სასტიკ საპატიმროდ ითვლებოდა და მაშინდელ მკაცრ კანონებს ადმინისტრაცია დღესაც ინარჩუნებს. პატიმარი ეზოში არ გაჰყავთ, სასეირნო ოთახი კი მხოლოდ 20 კვადრატული მეტრია, ფანჯარაც არა აქვს. პაატა სასჯელს იხდის კანიბალებთან, მანიაკებსა და უსასტიკეს დამნაშავეებთან ერთად, რომლებსაც სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი. თუ დედამიწაზე სადმე ჯოჯოხეთი არსებობს, ეს სწორედ "ბელი ლებედია", ჩემი ძმა იქ უკვე 12 წელია, სასჯელს იხდის.

რუსუდან შელია