28 წელი ციხე-კოლონიებში -,,მინდა გულწრფელად მოვინანიო..." - კვირის პალიტრა

28 წელი ციხე-კოლონიებში -,,მინდა გულწრფელად მოვინანიო..."

,,ახლა ღამის სამი საათია. ძილი არ მეკარება. საათზე მეტია, წინ და უკან დავდივარ და ვფიქრობ, რა ვქნა, როგორ გავაგრძელო ცხოვრება, ამ უკიდურესად მძიმე და დახლართული მდგომარეობიდან ასე თუ ისე ღირსეულად, კანონის დაურღვევლად როგორ გამოვიდე-მეთქი. არადა, მეგონა, საპატიმროში ამ კითხვებზე პასუხი გაცემული მქონდა. საზოგადოებისაგან თანადგომასაც ველოდი და მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, მთელი ძალისხმევით შევჭიდებოდი 28 წლის მანძილზე დაგროვილ ყველა გასაჭირს", - ასე იწყება ყოფილი "ავაზაკის" აღსარება, რომელიც რამდენიმე დღის წინ რედაქციაში შუახნის მამაკაცმა დატოვა.

რამდენიმე ფურცელზე მოყოლილი მთელი ცხოვრება იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ გადავწყვიტე, წერილის ავტორს სოფელ ძალისში ვსტუმრებოდი... სოფლის თავში მელოდებოდა. ერთმანეთს მივესალმეთ და მის სახლამდე გზა უსიტყვოდ გავიარეთ. ასე აღმოვჩნდი ორსართულიან შელახულ სახლში, რომლის ატალახებულ ეზოში 6 წლის ბიჭუნა მზეს ეფიცხებოდა...

გიორგი კიტრიაშვილმა თავგადასავლის მოყოლა აწმყოზე საუბრით დაიწყო:

- ღმერთთან მიახლოებამ მიშველა, რომ ციხიდან გამოსულმა დანაშაული არ ჩავიდინე და იქ არ შევბრუნდი. გროში ფული არ მაქვს, შინ პური ვერ მიმიტანია, მაგრამ ვცდილობ, სამუშაო ვიშოვო. ღვთის წყალობით რაღაც გამოჩნდება, ოღონდ ხელი არ უნდა წაგიცდეს. რამდენჯერმე შემომთავაზეს, რომ ისევ სხვანაირი გზით მეშოვა ფული, მაგრამ არა. 28-წლიან პატიმრობაში ისეთი პიროვნებები გავიცანი, რომ მათგან ბევრი რამ ვისწავლე.

საზოგადოების დიდმა ნაწილმა ყველა ნაციხარის მიმართ ნდობა დაკარგა. ხუთი თვეა, გავთავისუფლდი და თავი კეთროვანი მგონია. შეიძლება არც უნდა ვამბობდე, მაგრამ ეს რეალობაა - ადამიანები საპატიმროებში ერთმანეთის მიმართ უფრო ლმობიერნი არიან, ვიდრე აქ - გარეთ.

28 წელი ციხე-კოლონიებში

სოფელ ძალისში დაიბადა და გაიზარდა. ოთხი დედმამიშვილიდან მეორე იყო. ამბობს, რომ ქუჩის ცხოვრება ბავშვობიდან იზიდავდა. სკოლის დამთავრების შემდეგ, პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩაირიცხა, ცხოვრება კი სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ აერია.

- 56 წლიდან 28 წელიწადი საქართველოსა და ყოფილი საბჭოეთის ციხე-კოლონიებში გავატარე... ავაზაკური ცხოვრებით ვიცხოვრე, თითქმის ყველა ცოდვის სიმძიმე მაწევს მხრებზე. იმ სახარებისეულ უძღებ შვილსა და მონას“ვემსგავსები, რომელთაგან ერთმა მამისგან ნაბოძები ქონება და ნდობა თავაშვებული ვნებების ორომტრიალში შეურაცხყო და გაანიავა, მეორემ კი ღვთის ბოძებული უძვირფასესი განძი - ნიჭი“და ტალანტი“თავისი უპასუხისმგებლობით„მიწაში ჩაფლა“და გამრავლების საშუალებას არ აძლევს.

ქვეყანაზე არ მეგულება ჩემისთანა შავბნელცხოვრებაგამოვლილი, არც ისეთი კაცი მოიძებნება, ვისაც ახლობელი და საყვარელი ადამიანებისთვის იმდენი ტკივილი, წყენა და დამცირება მიეყენებინოს, როგორც ეს მე გავაკეთე.

ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ადრე სხვა ვიყავი და ახლა სხვა ვარ. რაც ეკლესიურ ცხოვრებას შევუდექი და ქრისტე ჩემთან ახლოს მოვიდა, კარგი და ცუდი ცხოვრების გარჩევაც დავიწყე...

სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ, მეზობელს ისე ვცემე, რომ საავადმყოფოში მოათავსეს. ხუთი წელი მომისაჯეს... იყო აზარტული თამაშებიც... პირველი სასჯელის მოხდის შემდეგ, თამაში გარეთაც გავაგრძელე. დიდი თანხა წავაგე, რომელიც ახლობელმა გადამიხადა, მაგრამ ეს ამბავი მილიციის ყურამდე მივიდა. დამიბარეს - თუ ვალს ორ კვირაში არ დაუბრუნებ, ციხეში შეგაბრუნებთო.

ფული არ მქონდა და იძულებული გავხდი, სხვანაირი გზით მეშოვა. პირველი სასჯელის მოხდიდან ათი თვის თავზე ფულის გამოძალვის ფაქტზე დამაპატიმრეს.

ხუთი წელი რუსეთში ვიხდიდი სასჯელს. იქ შემხვდა პიროვნება, რომელმაც ეკლესიასთან დამაახლოვა, ნორმალურ ცხოვრებაზე ფიქრი მაშინ დავიწყე. საქართველოში დაბრუნებულმა თბილისის მაუდის კომბინატში დავიწყე მუშაობა. 90-იან წლებში ისევ უმუშევარი დავრჩი.

მეორე სასჯელის მოხდიდან სამი წლის თავზე აფთიაქის დაყაჩაღების გამო დამაპატიმრეს.

ჩემი მეგობრის მეუღლე, რომელიც სიმსივნით იყო დაავადებული, უსახსრობის გამო წამლების ნახევარსაც ვერ ყიდულობდა. ერთ-ერთ აფთიაქში ნაცნობს მივაკითხე. დახმარებაზე უარი მითხრა... ჩემი მეგობრის მეუღლე მალე გარდაიცვალა. გაბრაზებულმა ეს აფთიაქი დავაყაჩაღე. წამოვიღე მედიკამენტები და სოფელში დავარიგე. ერთი წლის შემდეგ, დარჩენილი მედიკამენტები შემთხვევით იმ აფთიაქის მეპატრონესთან მოხვდა და ასე გამოვიდნენ კვალზე. ამ სასჯელის მოხდიდან ათ თვეში, ქურდობისთვის დამაკავეს (ჩვენს ნახირს სხვა სოფლის ძროხა შემოერია და მოვიპარე).

ასეთი ცხოვრებისთვის დავისაჯე და ვერც ერთი მშობელი უკანასკნელ გზაზე ვერ გავაცილე...

,,მინდა გულწრფელად მოვინანიო..."

ყოფილი პატიმარი მეუღლესთან,  შვილთან და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობს. მათი ერთადერთი მარჩენალი ძროხაა.

,,ჯარიდან რომ დავბრუნდი, დავოჯახდი. პირველი შვილი ორი თვის იყო, რომ დამიჭირეს. მეორე გოგონა ციხიდან გამოსვლის მერე შემეძინა და მალევე დამიჭირეს. ჩემი შვილები უჩემოდ გაიზარდნენ, რასაც დღემდე მსაყვედურობენ.

მინდა გულწრფელად მოვინანიო ყველა იმ ადამიანის, ჩემი სოფლისა და ქვეყნის წინაშე, ვისთვისაც თუნდაც იოტისოდენა მიწყენინებია ან გული მიტკენია...

ახლა მწყურია, ისეთ მდგომარეობას მივაღწიო, როგორზეც ერთ-ერთი მოციქული ამბობს: არავისი არაფერი გემართოთ - სიყვარულის გარდაო.

ალბათ მონასტერში წავალ, მაგრამ მანამდე მინდა ოჯახს მივხედო და დამშვიდებული წავიდე. ჩემი ცოდნა, მწარე გამოცდილება და სურვილი - სიკეთით ცხოვრებისა, შესაძლოა საზოგადოებისთვის სასარგებლო გამოდგეს. ის ახალგაზრდები, რომლებიც იმ შავბნელ გზას მიუყვებიან, რომელსაც მე ახალგაზრდობისას ვადექი, შემიძლია სიკეთისკენ შემოვაბრუნო; ოღონდ კი მომეცეს ამისი შესაძლებლობა.

არ ვითხოვ შეუძლებელს, მხოლოდ მჭირდება საზოგადოების ნდობა და თანადგომა, რომელიც, ვაღიარებ, ერთგვარად სარისკოცაა: კაცს, რომელიც ოცი წლიდან ორმოცდაათ წლამდე ქურდობა-ყაჩაღობით ცხოვრობდა, ენდობიან ან სიტყვას დაუჯერებენ?

მსგავსი ცხოვრება რომ არ მქონდეს გამოვლილი და სახარებისეული სწავლების სიკეთეები გაცნობიერებული, პირველი ვიტყოდი, არა-მეთქი, მაგრამ მთელი ჩემი შეგნებით დავრწმუნდი, რომ ნამდვილად შესაძლებელია ადამიანის გონების სასიკეთოდ გარდაქმნა. დიდი სურვილი მაქვს, სოფელში მოვაწყო მცირე ფერმერული მეურნეობა, რომელიც ამავდროულად იქნება ჩემი ოჯახისათვის საარსებო წყაროც. ვითხოვ ფინანსურ თანადგომას სესხის სახით, რომელსაც ორ წელიწადში დავაბრუნებ. გარანტიად კაცურ სიტყვას ვიძლევი - მეტი სიმდიდრე მე არ გამაჩნია".

"კვირის პალიტრის" არქივიდან...

2010 წელს ,,კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში ავჭალის მკაცრი რეჟიმის კოლონიის ყოფილი უფროსი, ზაურ ებრალიძე, კიტრიაშვილსაც ახსენებს.

ზაურ ებრალიძე: - "როცა კაცს რამდენიმეწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, გაქცევაზეც იწყებს ფიქრს... სამჯერ ნასამართლევი პატიმარი მყავდა, კიტრიაშვილი. მის ოჯახს ძალიან უჭირდა. სულ გვერდით ვედექით და რას წარმოვიდგენდი, გაქცევას თუ დააპირებდა. ჩემს სახელზე დაწერილი წერილი ჩაგვივარდა შემთხვევით ხელში და მისი განზრახვა გავიგეთ. წერდა: - "მადლიერი ვარ შენი, შენ ოჯახი შემინარჩუნე. ოჯახს ჩემთან შესახვედრად დაბრკოლება არ ჰქონია. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერში ხელი შემიწყვეთ, ახლა უნდა მაპატიოთ. მიყვარხარ, კაი კაცი ხარ, დიდ პატივს გცემ, მაგრამ რა ვქნა, მაინც უნდა გავიქცეო". ამ წერილის პოვნის შემდეგ ჩხრეკა ჩატარდა და მტკიცებულებაც ამოვიღეთ. გეგმაც გაიშიფრა: პატიმარი ქარიან ამინდს ელოდებოდა. გაქცევა მატარებლის გავლას უნდა დამთხვეოდა, რომ ბორბლების ხმაურს დაეფარა ნაბიჯების ხმა. კოლონიაში შუქიც ჩაქრებოდა და წყვდიადში იოლად მოახერხებდა თავის დაღწევას. 100 მ სიგრძის გვარლი და კანჯო ვიპოვეთ. თუ კიტრიაშვილი კანჯოს ზონის გალავანს იქით გადაისროდა, იქ თანამზრახველი დახვდებოდა, სადმე მყარად დაამაგრებდა კანჯოს და გვარლი ორსართულიანი შენობის თავზე გაიჭიმებოდა. გვარლზე დასაცურებელი ბურთულაც ჰქონდა. პატიმარმა აღიარა, - იმიტომ მინდოდა გავქცეულიყავი, რომ მეზობლისთვის ჩემი უდანაშაულობა დამემტკიცებინაო. თურმე გაქცევა ცოლის წერილმა აფიქრებინა. მას ორი ქალიშვილი ჰყავდა. მეუღლე სწერდა, სიძე შენ გამო მეზობელმა შეურაცხყო, მეც საშინელ დღეში მაგდებენ და ლამისაა, თავი ჩამოვიხრჩოო. მეზობლები გოგონას გაუპატიურებაში ადანაშაულებდნენ, ის კი ამბობდა, ვერ მოვისვენებ, სანამ სიმართლეს არ დავამტკიცებო. ერთ დღეს შემთხვევით შევესწარი, - ცოლი ეკამათებოდა, - აქ მხართეძოზე ხარ წამოწოლილი, ჩვენ კი ზამთრისთვის შეშაც არ გვაქვსო. კოლონიაში ხის გადამმუშავებელი საამქრო გვქონდა... მეორე დღეს ერთი მანქანა ხის ნარჩენები მის ოჯახს შინ მივუტანეთ... ჩემთვის, მამაკაცურად, მისი გადაწყვეტილებაც გასაგები იყო".

თორნიკე ყაჯრიშვილი

სიუჟეტი იხ. პალიტრა TV-ზე