კონტრაბანდის საქმის ქართველი მძევლები - კვირის პალიტრა

კონტრაბანდის საქმის ქართველი მძევლები

რა ელოდება ქართველ მეზღვაურებს?!

20 მარტს საბერძნეთის სანაპირო დაცვამ კალამატასთან დააკავა სენტ-ვინსენტისა და გრენადინის დროშით მცურავი გემი M/V Genc-3, რომელსაც მონტენეგროდან ლიბიაში კონტრაბანდული თამბაქო (11 ათასი ყუთი) გადაჰქონდა. გემი თურქულ კომპანიას ეკუთვნის, კაპიტანიც თურქია. დაკავებული ეკიპაჟის რვაწევრიან შემადგენლობაში ორი ახალგაზრდა ქართველი მეზღვაურიც (ლევან ჯინჭარაძე და გიორგი კვირკველია) აღმოჩნდა - ისინი ყველაზე დაბალ პოზიციაზე მუშაობენ. მათ კალამატას ციხეში უკვე შეუფარდეს წინასწარი პატიმრობა, თუმცა, ბრალს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ ყუთები დალუქული იყო და მასში არსებული ტვირთის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. რა ელოდებათ ქართველ მეზღვაურებს და როგორ აღმოჩნდა კონტრაბანდული საქონელი თურქული კომპანიის კუთვნილ გემზე? - "კვირის პალიტრა" ამ დეტალებით დაინტერესდა.

დათო ჯინჭარაძე, დაკავებული მეზღვაურის, ლევან ჯინჭარაძის ძმა: "ჩემი ძმა მეხუთე თვეა, რაც ამ გემზე იმყოფება. 24 წლის არის და ეს მისი რიგით მესამე წასვლა იყო შორეულ ნაოსნობაში. თუ კონტრაბანდული ტვირთის მფლობელი არ გამოჩნდა, დაკავებული ეკიპაჟის არც ერთ წევრს არ გამოუშვებენ. ბიჭებს სხვა საპატიმროში გადაყვანა ელოდებათ, სასამართლო პროცესი კი, სავარაუდოდ, ექვსი თვის შემდეგ გაიმართება. ჩვენი მეზღვაურების გათავისუფლების საქმეში საგარეო საქმეთა სამინისტრო და საკონსულოც ჩართული არიან, მაგრამ არავითარ მცდელობას აზრი არა აქვს, თუკი თურქული მხარე პასუხისმგებლობას არ აიღებს. ფაქტობრივად, ეს ბიჭები მძევლები არიან. საკანში ძალიან ცუდი პირობებია. განსაკუთრებით ჰიგიენური პრობლემები აწუხებთ. ლევანი ტელეფონით მას შემდეგ დაგვიკავშირდა, რაც ის ჩვენმა კონსულმა მოინახულა. ჩემი ძმა გემზე სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა, საიდან უნდა სცოდნოდა, რომ დალუქულ ყუთში კონტრაბანდული საქონელი იყო? თუმცა, ბერძნებს ეს არ აინტერესებთ... მთელი ბერძნული პრესა ამ ამბით არის აჭრელებული, რადგან კონტრაბანდული საქონელი ძალიან დიდი ღირებულებისაა. ბერძნებს გემის მზარეულიც კი დატყვევებული ჰყავთ".

ირაკლი კვირკველია, დაკავებული მეზღვაურის, გიორგი კვირკველიას მამა: - გიორგი შიმშილით არ კვდება, მაგრამ საკანში მაინც მძიმე პირობებში უწევს ყოფნა. მაგალითად, ტუალეტის ჩასარეცხად წყალი არა აქვთ, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ... ჩემი შვილი უდანაშაულოა, ის სიტუაციის მძევალია. თურქი გემთმფლობელი აცხადებს, რომ ის გემის და არა ტვირთის მფლობელია. გემი კალამატასთან შემთხვევით მოხვდა. ის მონტენეგროდან ლიბიისკენ მიემართებოდა, მაგრამ უამინდობის გამო იძულებული გახდა, ღუზა კალამატასთან ჩაეშვა. სწორედ მაშინ დააკავა საბერძნეთის სანაპირო დაცვამ ეკიპაჟი.

- თქვენი აზრით, ვის ეკისრება ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა?

- ტვირთის მფლობელსა და კაპიტანს. თუმცა, ისიც დასაზუსტებელია, კაპიტანი წინასწარი განზრახვით გაეხვია ამ შარში, თუ ტვირთის შესახებ საბუთების შევსებისას შეცდომა დაუშვა. ნებისმიერ შემთხვევაში ქართველი მეზღვაურები უდანაშაულონი არიან. არ ვარ წინააღმდეგი, რომ ჩემი შვილი სასამართლო პროცესამდე საბერძნეთში დარჩეს. მთავარია, დაკავებულ გემზე გადაიყვანონ, სუფთა ჰაერზე მაინც იქნება. ამ შემთხვევაში თურქულ კომპანიას დაევალება მათი ყოველთვიური ხელფასით უზრუნველყოფაც და საჭმელ-სასმლით მომარაგებაც. თუმცა, არც ის არის გამორიცხული, რომ მან თავისი ვალდებულება არ შეასრულოს და ამისთვისაც სამართლებრივი ბრძოლა მოგვიხდეს.

თურქული კომპანიების გემებზე მუშაობა დაბალანაზღაურებადია. გემი ამერიკული კომპანიის საკუთრება რომ ყოფილიყო, ბერძნები ეკიპაჟის მთლიან შემადგენლობას ვერ დააკავებდნენ. ახლა საქმე ისე შეკერეს, თითქოს ჯგუფურ დანაშაულს ჰქონდა ადგილი... გიორგი ოთხი თვეა, რაც ამ გემზეა.

ივანე აბაშიძე, საზღვაო სააგენტოს იურიდიული და საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი: "ცხადია, ჩვენს მეზღვაურებს ვერ ეცოდინებოდათ, დალუქული ყუთები კონტრაბანდული საქონლით თუ იყო დატვირთული. ისინი ყველაზე დაბალი რანგის მეზღვაურები იყვნენ ეკიპაჟში. პრობლემა ის არის, რომ კონტრაბანდული საქონლის ღირებულება დაახლოებით 150 ათას ევროს შეადგენს, რაც საბერძნეთის კანონმდებლობით მძიმე დანაშაულად ითვლება. მსგავს სიტუაციაში საბერძნეთში არათუ ტვირთის გადატანაზე პასუხისმგებელი პირების, არამედ მთლიანი ეკიპაჟის გასამართლების პრაქტიკაა დანერგილი. რასაკვირველია, ტვირთზე პასუხისმგებლობა კაპიტანსაც ეკისრება. ის არა მხოლოდ გემის გადაყვანის უსაფრთხოებაზე, არამედ ტვირთის შესახებ ინფორმაციაზეც პასუხისმგებელია. ნებისმიერ ტვირთს თან უნდა ახლდეს ქვითარი და დოკუმენტაცია, სადაც მისი სრული აღწერილობა უნდა იყოს მოცემული. როგორც შევიტყვეთ, დალუქული ყუთები ეგვიპტური წარმოების თამბაქოთი იყო დატვირთული, რომელიც კონტეინერში ყალბი შეფუთვით აღმოჩნდა. შესაბამისად, ტვირთის შესახებ აღწერილობაც ყალბია. ქართული მხარე ჩართულია ქართველი მეზღვაურების გათავისუფლების საქმეში, თუმცა, ჩვენი შესაძლებლობები მწირია... ახლახან სასიამოვნო ინფორმაცია მივიღეთ. თურქი გემთმფლობელი ჩავიდა კალამატაში და მზადაა, შეკითხვებს პასუხი გასცეს. მისი განმარტებით, პასუხისმგებლობა ტვირთის გამგზავნს უნდა დაეკისროს. რაც მთავარია, შანსი გაჩნდა, რომ გავასაჩივროთ ბერძენი პროკურორის გადაწყვეტილება ჩვენი ბიჭებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებაზე. შესაძლოა, მივაღწიოთ მათ გათავისუფლებას გირაოს სანაცვლოდ. სავარაუდოდ, 5 თვის განმავლობაში, ვიდრე სასამართლო გაიმართება, მათ არ მოუწევთ საკანში ყოფნა, რაც დიდი შეღავათია".