ხაფანგი "პოლიციელებზე მონადირისთვის" - როგორ აფასებს ფსიქოლოგი აბულაძის ფსიქოტიპს
13-04-2015
ხაფანგი "პოლიციელებზე  მონადირისთვის" - როგორ აფასებს ფსიქოლოგი აბულაძის ფსიქოტიპს
10 აპრილს სამართალდამცავებმა რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, ორი პოლიციელის მკვლელობასა და ასევე ორი პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული შალვა აბულაძე დააკავეს. იგი ბორჯომის რაიონის სოფელ არდაგანში, თავისი სახლის მეზობლად, მიტოვებულ  ორსართულიან სახლს აფარებდა თავს.

მეტსახელად შალი

სამართალდამცავთა ცნობით, შალვა აბულაძემ, მეტსახელად “შალიმ",  2015 წლის 23 იანვარს ბორჯომში მძიმედ დაჭრა პოლიციელები გიორგი ბერუაშვილი და გიორგი მახარაშვილი. ბერუაშვილი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა, მახარაშვილი კი დღესაც ინვალიდის ეტლს არის მიჯაჭვული. Aარსებული ინფორმაციით, აბულაძემ ამის
შემდეგ თბილისს შეაფარა თავი. Iსხვათა შორის, ის სოციალური ქსელით აქტიურობდა, მოძრაობდა თბილისის ქუჩებში.  თუმცა სამწუხაროდ, სამართალდამცველებმა მის კვალზე გასვლა ვერ შეძლეს. 4 აპრილს ის ვარკეთილის მეტროსთან შემოწმების მიზნით პოლიციელებმა გააჩერეს. მან სროლა ატეხა, რის შედეგად დაიღუპა პოლიციელი ბექა მარგიშვილი და დაიჭრა მისი მეწყვილე ვალერიან გრძელიშვილი. 
მკვლელობის მეორე დილას, 6 საათზე, შალვა აბულაძე ისევ ვარკეთილში, წულუკიძის ქუჩაზე შენიშნეს. მას პარიკი ეკეთა, სამართალდამცავების დანახვისთანავე კვლავ გახსნა ცეცხლი. ორმხრივი სროლა ატყდა, მაგრამ აბულაძე ისევ დაუსხლტა ხელიდან პოლიციელებს. მის ძებნაში ლამის მთელი სამართალდამცავი სტრუქტურა ჩაერთო.

ტაქსის მძღოლის ჩვენება – სიგარეტი მიყიდეო...


ძებნილ შალვა აბულაძის ფოტო ყველა პოლიციელს, მებაჟეს თუ მესაზღვრეს  ჰქონდა. ჩვენი ინფორმაციით, საქმეში ქართული სპეცსამსახურის თანამშრომლები ჩაერთვნენ. შედგა მისი ფსიქოლოგიური პორტრეტიც. Kკონტროლზე აიყვანეს ყველა ის პირი, რომლებსაც ძებნილი, სავარაუდოდ, დაეკონტაქტებოდა. აბულაძე საქართველოს დატოვებას ვერ მოახერხებდა. თუმცა, როგორც სამართალდამცველები პირად საუბრებში აცხადებენ, ძებნილი საკმაოდ ფრთხილად მოქმედებდა, ნაცნობებთან კონტაქტს თავს არიდებდა, რაც მის კვალზე გასვლას ართულებდა.  ჩატარდა რეიდები ბორჯომშიც, რადგან შესაძლოა, ბორჯომელ აბულაძეს სწორედ იმ ადგილებისთვის შეეფარებინა თავი, სადაც თითოეული კენჭიც კი იცის.

თუმცა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, აბულაძე 8 აპრილამდე თბილისში იმალებოდა. სამართალდამცველებმა ტაქსის მძღოლების გამოკითხვა დაიწყეს და მნიშვნელოვანი ინფორმაციაც მიიღეს. კერძოდ, ამ ინფორმაციის თანახმად, დაკავებამდე ორი დღით ადრე აბულაძემ თბილისში  ტაქსი გააჩერა. პარიკი ეკეთა, თუმცა, მძღოლმა ძებნილს მიამსგავსა. მას მძღოლისთვის უთხოვია, მაღაზიაში შედი, წყალი და სიგარეტი მიყიდეო. არც ის დაუმალავს, რომ ძებნილი იყო. მძღოლს უყიდია სიგარეტი, მაგრამ უთხოვია, მანქანიდან გადადი, შარში ნუ გამხვევო. აბულაძე დიდუბის ტერიტორიაზე გადასულა მანქანიდან. 9 აპრილს კი პოლიციას ბორჯომის ერთ-ერთმა მკვიდრმა აცნობა, რომ აბულაძე ქალაქში ნახა. ამასთან, ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის შემდეგ ფარული თვალთვალი დაწესდა სოფელ არდაგანის მიმდებარე ტერიტორიაზე (იქ აქვს სახლი აბულაძეს). კვანძი აქ იხსნება - პოლიციამ მიიღო შეტყობინება, რომ არდაგანში, ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში “სიცოცხლის ნიშნები შეინიშნებოდა. 10 აპრილს, დილით სპეცრაზმმა შენობას ალყა შემოარტყა. პოლიციელებზე მონადირე (ასე მოიხსენიებდა სამართალდამცველთა ნაწილი ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულ აბულაძეს) ხაფანგში გაება... თუმცა, გავრცელდა სხვა ვერსიაც. კერძოდ, აბულაძის ადგილსამყოფელზე ინფორმაცია პოლიციას ძებნილის მეგობარმა რამინ მამედოვმა მიაწოდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ნარკოტიკის შენახვა-მოხმარებისთვის დააკავეს. ამ ვერსიის მომხრეებს არგუმენტად მოჰყავთ ის, რომ პროკურატურა მამედოვის პატიმრობას ითხოვდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც აბულაძე დააკავეს, მამედოვმა დანაშაული აღიარა და ის 10-ათასლარიანი გირაოთი გაუშვეს. ამ ვერსიას შსს კატეგორიულად არ ეთანხმება.

არ მოკლათ, ცოცხალი გვჭირდება

აბულაძის ახლობლების მტკიცებით, ის თავად ჩაბარდა სამართალდამცველებს, რადგან პოლიციამ მის ნათესავებს და მეგობრებს ნარკოტიკები ჩაუდო. თუმცა, ამას კატეგორიულად უარყოფს შსს, რომლის განმარტებით, ალყაში მოქცეულმა აბულაძემ გაქცევა სცადა. გავრცელებული ინფორმაციით, სამინისტროს ხელმძღვანელობამ პოლიციელები გააფრთხილა, აბულაძე ცოცხლად აეყვანათ, რათა მის ლიკვიდაციას კიდევ დამატებითი აჟიოტაჟი არ მოჰყოლოდა. ამ ვერსიის თანახმად, ალყაშემორტყმულმა აბულაძემ მართლაც სცადა შენობიდან გასვლა, რასაც სპეცრაზმის მხრიდან გამაფრთხილებელი სროლა მოჰყვა. შენობას რამდენიმე ნატყვიარი ატყვია. თავად აბულაძე ორი პისტოლეტითა და ხელყუმბარით იყო შეიარაღებული. ერთი ვერსიით,  ძებნილსა და პოლიციას შორის ხანმოკლე მოლაპარაკებები შედგა და აბულაძემ მიიღო გარანტია, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრებოდა. ამის შემდეგ ძებნილი ხელებაწეული გამოვიდა და პოლიციას დანებდა. მეორე ვერსიით კი, აბულაძემ დანებებაზე უარი განაცხადა,  სპეცრაზმი შენობაში შეიჭრა და აბულაძე დააკავა.  ის ვერტმფრენით თბილისში გადმოიყვანეს. შალვა აბულაძეს 16-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.


"შეგვინდვია, ღმერთმა შეუნდოს"


პოლიციელი ბექა მარგიშვილი კუკიის სასაფლაოზე პატივით დაკრძალეს. შვილის დაღუპვის დროს დედამისი იტალიაში იმყოფებოდა. "მითხარით, თუ დავიღუპე, ბექა, სადა ხარ", - დაწერა მან "ფეისბუკში". ბექას მეუღლემ, მარიამ სეფისკვერაძემ კი მას შემდეგ, რაც აბულაძის დაკავების ამბავი გაიგო, განაცხადა: "შეგვინდვია, ღმერთმა შეუნდოს. მეტი რა ვთქვა, გაგვიმწარა ოჯახი, დამიობლა შვილი. გაამწარა დედა. მთელი ცხოვრება გამამწარა მე. მაგას ეგ სასჯელიც ეყოფა". "

"შალვა ნუ მესვრი, გოგიტა ვარო"


ბორჯომში მოკლული პოლიციელის, გიორგი ბერუაშვილის მეუღლე ნატალია ხუციშვილი იმ ტრაგიკულ დღეს იხსენებს: "სამოქალაქო ფორმაში პატრულირებდა ჩემი ქმარი და მისი მეწყვილე. ქუჩაში მამაკაცი შენიშნეს, რომელსაც თავზე კაპიუშონი ჰქონდა ჩამოფარებული, საეჭვოდ მოსჩვენებიათ და საბუთები მოუთხოვიათ, ჩემს ქმარს თავიდან მისი სახე რომ დაენახა, იცნობდა. აბულაძემ მათ წამებში ესროლა. გიორგი წაქცეულა. როცა დამნაშავისთვის შეუხედავს, რომელიც თავზე ედგა, უცნია და დაუძახია - შალვა, ნუ მესვრი, გოგიტა ვარო! ამის მერე წაქცეულისთვის დაუხლია ტყვიები და გაქცეულა. 7 ტყვია ჰქონდა გოგიტას მოხვედრილი, ორი კვირა ებრძოდა სიკვდილს... ჩემს მეუღლეზე ერთი წლით უფროსია მკვლელი, ერთ სკოლაში დადიოდნენ. შალვას მეც ვიცნობდი. მისი მშობლები აქ ცხოვრობენ, თვითონ, ძირითადად, თბილისში იყო.
გიორგი მახარაშვილიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო, სულ საავადმყოფოში იწვა, ახლა ინვალიდის ეტლით დადის. ვერ გავიგე, რატომ და ვინ გამოუშვა ასეთი საშიში დამნაშავე ციხიდან?!"

რისთვის იხდიდა 20-წლიან სასჯელს შალვა აბულაძე?


შალვა აბულაძეს ბოლოს 20-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. წლების წინ ორი ადამიანი მძიმედ დაჭრა. არსებული ინფორმაციით, მაშინ აბულაძე ერთ-ერთი რესტორნის მფლობელისგან რესტორნის გადაცემას მოითხოვდა. საქმის გარჩევას სროლა მოჰყვა, მაშინ აბულაძეც დაიჭრა... ციხეში 7 წელიწადი იჯდა, ჯერ ამნისტია შეეხო, სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდა, შემდეგ "უდოს" კომისიამ გაათავისუფლა. ციხიდან გამოსული აქტიურ ცხოვრებას იწყებს - აქციებში მონაწილეობს და პრესაშიც იბეჭდება მისი ინტერვიუები. "იმისთვის, რომ შენში რევოლუცია მოახდინო და ახალი ადამიანი აღმოაჩინო, საკუთარ თავთან გიწევს ბევრი მუშაობა. ერთი თავზე ხელაღებული ბიჭი ვიყავი. რეალობას, რომელსაც ვქმნიდი, მომწონდა და ჩემს თავს მხოლოდ ასეთად ვხედავდი. კრიმინალი დავხვეწე და დავიყვანე შემოქმედებით დონეზე. მქონდა ჩემი შიდაგანაწესები, ქუჩის ბიჭების იდეოლოგიას არ ჰგავდა ჩემი ცხოვრების სტილი, ჩაცმის სტილი, ინტელექტი. სინანულამდე მიდიხარ მაშინ, როცა ხვდები, რომ ღმერთმა ბევრი გაპატია. როცა ხარ დიდი ცოდვილი. მერე ამ ცოდვებისგან მძიმდები. ერთ მშვენიერ დღეს იღვიძებ და ხვდები, რომ მსუბუქდები. ჩემი ფერისცვალება გამოიწვია რამ? მყავდა ძალიან ბევრი მტერი, ადამიანები თავიანთი ცუდი საქციელით გვასწავლიან, როგორ ვიცხოვროთ",“ - აცხადებდა ერთი წლის წინ მიცემულ ინტერვიუში აბულაძე და იმასაც ამბობდა, "ციხიდან გამოსულმა ოთახი საკნის სტილში მოვაწყვე, იმიტომ, რომ ყოველთვის მახსოვდეს ციხე, რადგან ცდუნებებმა არ ჩამითრიოს".

ფსიქოპორტრეტი


ნანა ჩაჩუა, ფსიქოლოგი: "როგორც კი შალვა აბულაძეზე შევიტყვე, მისი "ფეისბუკის" გვერდი დეტალურად შევისწავლე და საინტერესო ფოტოებიც ვიპოვე.
ერთ-ერთ კადრში, მას თითებით დამბაჩის ტიპის იარაღი აქვს გათამაშებული - თითქოს მეგობრების მოკვლას მკერდში დამიზნებით ცდილობს.

მიუხედავად ამისა, სოციალურ ქსელში შალვა აბულაძის საკმაოდ პოზიტიურ ფოტოებსა და აზრობრივად ჩამოყალიბებულ ე.წ. სტატუსებსაც იპოვით. დასკვნა: როგორც ჩანს, მისი შინაგანი სამყარო წინააღმდეგობრივი იყო. მისი ცხოვრება სხვა მიმართულებით რომ წასულიყო, შესაძლოა კონსტრუქციულ ადამიანად ჩამოყალიბებულიყო, მაგრამ ციხეში ხანგრძლივად ყოფნამ მისი შინაგანი სამყარო დაძაბა. მით უმეტეს, კარგად ვიცით, ციხეში წლების განმავლობაში რა ხდებოდა, სწორედ ასეთმა ვითარებამ შალვა აბულაძის აგრესიული იმპულსები გააძლიერა. ალბათ, სადღაც მის ცნობიერებაში ფსიქიკური პრობლემები დასაწყისშიც იყო და დამნაშავედ ჩამოყალიბების მზაობა არსებობდა...

თეა ხურცილავა

ლელა
18 აპრილი 2015 11:52
სურათში რუსეთს უმიზნებს და არა მეგობარს,მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს.სამუდამო ალალია მაგაზე.
ნინი
17 აპრილი 2015 12:10
"ციხეში 7 წელიწადი იჯდა, ჯერ ამნისტია შეეხო, სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდა, შემდეგ "უდოს" კომისიამ გაათავისუფლა. ციხიდან გამოსული აქტიურ ცხოვრებას იწყებს - აქციებში მონაწილეობს და პრესაშიც იბეჭდება მისი ინტერვიუები. " - იმის კისერზეა ყველა მკვლელობა, ვინც ეს კაციჭამია ციხიდან გამოუშვა........
chero
17 აპრილი 2015 11:27
რა ასკეტი სიგარეტი ვერ გადაუგდია.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები