"დაგვიბრუნეთ ჩვენი ქონება" - რაში ადანაშაულებს დანელია უგულავას - კვირის პალიტრა

"დაგვიბრუნეთ ჩვენი ქონება" - რაში ადანაშაულებს დანელია უგულავას

მურმან დანელია და მისი მეგობრები თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას, მათი კუთვნილი ქონების მიტაცებაში ადანაშაულებენ.

მურმან დანელია: - 2011 წელს შემთხვევით აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი სახსრებით აშენებული საცხოვრებელი კორპუსი 2008 წელს თბილისის მერმა, გიგი უგულავამ, სხვა მიწის ნაკვეთთან ერთად (სულ 800 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით) კახა ბენდუქიძეს 16 მილიონ 200 ათას დოლარად მიჰყიდა. დიდ დიღომში კორპუსის მშენებლობა მე და ჩემმა მეგობრებმა 1989 წელს დავიწყეთ. მაშინ სახელმწიფომ დაპირებული ბინები ვერ მოგვცა და მიწის ნაკვეთი გამოგვიყო, შევქმენით ამხანაგობა "მშენებელი" და ჩვენი ფულით 3 სართული ავაშენეთ. სახლი ვერ დავასრულეთ, ამიტომ ექსპლუატაციაში არ შესულა. 2011 წელს, როცა ინვესტორი მოვიძიეთ, გავიგეთ, რომ ახალი საკადასტრო რუკა შეუდგენიათ და ჩვენი ქონება სახელმწიფოსთვის მიუწერიათ. 2011 წლიდან ვითხოვთ იმის დადგენას, რის საფუძველზე გახდა ჩვენი ქონება სახელმწიფოს საკუთრება. საჩივრებს საჩივრებზე ვწერთ, მაგრამ ამაოდ. ქონების დაბრუნებას ან კომპენსაციებს ვითხოვთ. პროკურატურის გამომძიებელი კი გვეუბნება, ბევრი საქმე გვაქვს და ვერ ვასწრებთ თქვენი საჩივრის განხილვასო.

თეა ხურცილავა