"კიწმარიშვილის საქმე" - გამოძიება სხვა დანაშაულის კვალზე გავიდა - კვირის პალიტრა

"კიწმარიშვილის საქმე" - გამოძიება სხვა დანაშაულის კვალზე გავიდა

ცნობილი გახდა, რომ კიწმარიშვილის ბუნდოვანი გარდაცვალების საქმემ გამოძიება სხვა დანაშაულის კვალზე გაიყვანა. ერთ-ერთი ვერსიით, საუბარია ფინანსურ დანაშაულზე, რომელიც, სავარაუდოდ, წინასაარჩევნო პერიოდს (2012 წელი) უკავშირდება. ცალკე წარმოებად გამოყოფილ საქმეზე პროკურატურა დეტალებს არ ასაჯაროებს, თუმცა, დაზარალებული მხარე გვიდასტურებს, რომ უკვე დაკითხულია პირი, რომელიც ამ საქმეში ფიგურირებს და შესაძლოა, დაკავშირებული იყოს კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან.

გაგი მოსიაშვილი, კიწმარიშვილების ოჯახის ადვოკატი: - გამოძიების მიმდინარეობისას ცალკე წარმოებად გამოიყო საქმე, რომელიც შესაძლოა, კავშირშია ბატონი ეროსის გარდაცვალებასთან. ამ ეტაპზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი არ არის სრულყოფილი ინფორმაციის გასაჯაროება.

- როგორც გავიგეთ, ცალკე წარმოებად გამოყოფილი საქმე ფინანსურ საკითხებს უკავშირდება...

- გამორიცხული არ არის. საგამოძიებო ორგანომ უნდა დაადგინოს, ხომ არა აქვს შემხებლობა ცალკე წარმოებად გამოყოფილ საქმეს კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან. შესაძლოა, ამ ორ ფაქტს შორის კავშირი არის...

გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მუშაობს: სატელეფონო ანძების შემოწმება,  იარაღზე არსებული დნმ-ის კვალის იდენტიფიცირება, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირებული საეჭვო პირის იდენტიფიცირება და სხვა გარემოებების სრულყოფილი შესწავლა.

ეროსი კიწმარიშვილის ძმა, ზურაბ კიწმარიშვილი ჩვენთან საუბრისას კიდევ ერთ ახალ გარემოებაზე მიუთითებს, რომელზეც ასევე მუშაობს საგამოძიებო ორგანო.

ზურაბ კიწმარიშვილი: - ვფიქრობ, გასროლა მანქანაში მოხდა, თუმცა, ვეჭვობთ, რომ გასროლის მომენტში მანქანა არ იდგა იქ, სადაც გამოძიებას დახვდა. შესაძლოა, ის სხვა ადგილას იდგა, რის შემდეგაც მანქანა მიაგორეს და დააყენეს იმ პოზიციაში, რა პოზიციაშიც აღმოაჩინეს.

- გამოძიება ამ ვერსიას განიხილავს?

- დიახ, თუმცა, ამ კითხვაზე ლოგიკური და არგუმენტირებული პასუხი ჯერ არა აქვთ.

ვახო ბერიძე