რატომ არ არსებობს პოლიტიკური ნება ან ვინ მფარველობს დამნაშავეებს? - რას ვარაუდობს სახალხო დამცველი - კვირის პალიტრა

რატომ არ არსებობს პოლიტიკური ნება ან ვინ მფარველობს დამნაშავეებს? - რას ვარაუდობს სახალხო დამცველი

"გამოძიებები დაწყებულია, მაგრამ შედეგამდე არ მივდივართ"

მაისის ბოლოს სახალხო დამცველი პარლამენტს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2014 წლის ანგარიშს წარუდგენს. უჩა ნანუაშვილი 900-გვერდიან ანგარიშში ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა სფეროში გამოვლენილ დადებით და უარყოფით ტენდენციებზე და თავს უყრის ხელისუფლების სხვადასხვა შტოსთვის შემუშავებულ უმნიშვნელოვანეს რეკომენდაციებს. სახალხო დამცველი "კვირის პალიტრასთან" საუბარში აღნიშნავს, რომ გასულ წელთან შედარებით, ქვეყანაში აშკარაა არასათანადო მოპყრობის ფაქტების ზრდის ტენდენცია, ძირითადად, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მიერ.

უჩა ნანუაშვილი: - 2014 წელს არაერთმა პირმა მოგვმართა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ არასათანადო მოპყრობის გამო.

მონიტორინგმა ცხადყო, რომ ამა თუ იმ პირის დაკავებისას პოლიციის თანამშრომლები უფლებამოსილებას ამეტებდნენ, გამოიკვეთა ძალის გამოყენების ტენდენცია.

ამ მხრივ იმერეთის რეგიონი და გურია გამოირჩევიან. რაც შეეხება თვითმმართველობის ორგანოებს, შარშან მასობრივად დაითხოვეს თანამშრომლები და ანგარიშში ეს ერთ-ერთ პრობლემად არის მოყვანილი.

ბევრი დარღვევა გამოვლინდა პოლიციის იზოლატორებში წინასწარი დაკავების დროს.

გასულ წელს საგანგაშო იყო ქალებზე ძალადობა, 20-ზე მეტი ქალი მოკლეს.

არის სფეროები, სადაც გაუმჯობესდა მდგომარეობა, მაგალითად, პენიტენციარულ სისტემაში, რასაც ვერ ვიტყვით #7 დაწესებულებაზე, სადაც ძალიან მძიმე ვითარებაა და აუცილებლად მიგვაჩნია მისი გაუქმება.

- ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს?

- ბევრ ფაქტზე საქმე აღძრულია, გამოძიება დაწყებულია, მაგრამ შედეგამდე არ მივდივართ.

- რატომ?

- როდესაც გენინსპექცია იძიებს საკუთარი სამინისტროს თანამშრომლის მიერ ჩადენილ დანაშაულს, რა თქმა უნდა, არსებობს რისკი, რომ არ იყოს შესაბამისი შედეგი.

დღემდე უცნობია 2013-2014 წლებში გახმაურებული საქმეების გამოძიების შედეგები, მათ შორის, თბილისის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების, სავარაუდოდ, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ივანე მერაბიშვილის საპატიმრო დაწესებულებიდან სავარაუდო უკანონო გაყვანასთან დაკავშირებული ქმედებებისა და დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტებზე. ლეგიტიმური კითხვები რჩება ე.წ. ტრაქტორების საქმეზეც, რომელიც, ფაქტობრივად, ჩაიფარცხა. აუცილებელი არ იყო პროკურატურას ე.წ. კაბელების მთლიანი საქმისთვის გრიფი "საიდუმლო" მიენიჭებინა. მოგვიანებით გაითვალისწინეს ჩემი რეკომენდაცია და მასალების მნიშვნელოვან ნაწილს მოხსნეს გრიფი. სამი წელია გრძელდება გამოძიება ლაფანყურის საქმეზე, მაგრამ ჯერაც უცნობია შედეგი. აქ უფრო სისტემურ პრობლემასთან გვაქვს საქმე, არ არსებობს პოლიტიკური ნება. გაჭიანურდა ბევრი საქმის გამოძიება, შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება, სანამ ფაქტის წინაშე არ დავდექით და არ მოხდა რამდენიმე მკვლელობა, მათ შორის - იური ვაზაგაშვილის.

- პროკურატურაში შეიქმნა სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც საჯარო მოხელეთა დანაშაულებს, წამებისა და ძალადობის ფაქტებსა და ქონების უკანონოდ ჩამორთმევის საქმეებს შეისწავლის.

- დაგვიანებული სამართალი, ფაქტობრივად, არ არსებობს. არის საქმეები, რომელთა გამოძიებაც მარტივია, ჟვანიას საქმეზე ხომ არ ვსაუბრობ, სადაც შესაძლოა, იყოს სირთულეები? მაგრამ რატომ არ გამოიძიეს 2009 წლის 15 ივნისის დარბევის საქმე? ეს ხომ მარტივია, ვინაიდან არსებობს ფოტო და ვიდეომტკიცებულება, სადაც დანაშაულის მონაწილენი უნიღბოდ არიან. შედეგი არ ჩანს, რადგან არ არსებობს პოლიტიკური ნება, ან სავარაუდოდ, დამნაშავეებს ვიღაც მფარველობს.

- პროკურატურას ბესო ხარძიანისა და ეროსი კიწმარიშვილის საქმეების გამოძიების დაჩქარებისკენაც მოუწოდეთ...

- ისეთ საქმეებს, რომელთა მიმართ მაღალია ინტერესი, პრივილეგია უნდა მიენიჭოს და განსაკუთრებულ რეჟიმში უნდა იქნეს გამოძიებული.

- ყოფილმა პოლიციელმა კახა ნაკანმა საკანში თვითმკვლელობა სცადა. კანონიერად მიგაჩნიათ მისი პრეტენზიები?

- არსად წერია, რომ ყოფილი სამართალდამცველები მაინცდამაინც "მატროსოვში" უნდა განთავსდნენ. დეპარტამენტის გადასაწყვეტია, რომელი პატიმარი სად იქნება, მთავარია პატიმრის უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის უზრუნველყოფა.

- გარდაცვალების რამდენი შემთხვევა იყო გასულ წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში?

- დაფიქსირდა პატიმართა გარდაცვალების 28 შემთხვევა, აქედან 7, სავარაუდოდ, სუიციდის ფაქტია. მხოლოდ ერთ საქმეზეა რამდენიმე პირი ბრალდებულად ცნობილი, მეორეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

მნიშვნელოვანია პატიმართა სხეულზე არსებული დაზიანებების ხასიათისა და წარმომავლობის დოკუმენტირება და შესაბამისი რეაგირება.

ჩემი ერთ-ერთი რეკომენდაცია უკავშირდება ასევე შრომის უსაფრთხოებას სამუშაო ადგილებზე და ამისთვის მოვითხოვთ, შეიქმნას სპეციალური შრომის ინსპექცია, რომელიც მონიტორინგს გაუწევს, თუ რამდენად არის დაცული უსაფრთხოება სამუშაო ადგილებზე. მარტო გასულ წელს, შრომითი მოვალეობის შესრულებისას დაშავდა - 72 და დაიღუპა 46 კაცი.

ნანა ფიცხელაური