"ისეთი კონსტრუქციის შენობა, როგორიც ქობულეთის სასტუმრო იყო, არსად მეგულება" - კვირის პალიტრა

"ისეთი კონსტრუქციის შენობა, როგორიც ქობულეთის სასტუმრო იყო, არსად მეგულება"

"როგორ შეიძლება მეტროს მიწისქვეშა ვესტიბიულში პლასტმასის წვადი კონსტრუქციების გამოყენება?! ეს თბილისის ნონსენსია!"

"როცა შენობა მაღალი ცეცხლმედეგობის ხარისხის მქონე კონსტრუქციებით არის აგებული, ხანძარი მთელ შენობაში სწრაფად არ გავრცელდება"

გასულ კვირას ქობულეთში, სასტუმრო "არმაზში" დატრიალებულმა ტრაგედიამ, რომელსაც სამი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაგვაფიქრა პრობლემაზე, თუ რამდენად არის დაცული ქვეყანაში სახანძრო უსაფრთხოება. ამის გასარკვევად შსს-ს საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოს სახელმწიფო სახანძრო დაცვის სამმართველოს უფროსის მოადგილეს, ზურაბ თალაკვაძეს ვესაუბრეთ:

- 2004 წლის შემდეგ სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ორგანოებს უფლებამოსილება მნიშვნელოვნად შეეზღუდათ, - დაევალათ ზედამხედველობა მხოლოდ კანონით დადგენილ ობიექტებზე. წარმოიდგინეთ, საშიში ობიექტის, ნავთობაზის ზედამხედველობაც კი არ ხდებოდა...

ამ პერიოდში სახანძრო ზედამხედველობის ორგანოები უკვე ადგილობრივ თვითმმართველობებს ექვემდებარებოდნენ. იქ დამკვიდრებულმა მანკიერმა პრაქტიკამ კი (გამგებლის შეცვლასთან ერთად იცვლებოდა სახანძრო-სამაშველო დანაყოფის უფროსი, ის კი ძველ შემადგენლობას ახალი კადრებით ანაცვლებდა) მათი საქმიანობა სრულ პარალიზებამდე მიიყვანა. დანაყოფებში თითქმის აღარ დარჩნენ სპეციალისტები. ამ პრობლემებიდან გამომდინარე, პარლამენტმა 2014 წლის 29 მაისს მიიღო კანონი "სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ" და 2015 წლის 10 იანვრიდან სახანძრო-სამაშველო დანაყოფები გადავიდა ახალშექმნილ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დაქვემდებარებაში. დღეს სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ორგანოები ჩამოყალიბების სტადიაშია და მოქმედი კანონით, თუ მოთხოვნა არ იქნა, ვერ ვამოწმებთ იმ ობიექტს, რომელიც არ ექვემდებარება სახანძრო ზედამხედველობას. ახალი კანონის მიღებამდე სასტუმროების შემოწმება არ ევალებოდათ. ჩვენი ინიციატივით, სასტუმროებიც შევიტანეთ ზედამხედველობას მიკუთვნებული ობიექტების ჩამონათვალში, თუმცა,

100-ადგილიანზე უფრო ქვევით სასტუმრო არ მოწმდება.

ამიტომ სააგენტო ამზადებს საკანონმდებლო ცვლილებას, რომ სახანძრო ზედამხედველობას დაექვემდებაროს ყველა სასტუმრო, ადგილების რაოდენობის მიუხედავად.

- ქობულეთში მომხდარ ტრაგედიაზე ვისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს?

- არ იქნება მართებული ვინმეს პასუხისმგებლობაზე საუბარი.

დიდი ალბათობით სასტუმროს შენობაში სახანძრო უსაფრთხოება არ იყო სათანადოდ დაცული.

ისეთი კონსტრუქციის შენობა, როგორიც ქობულეთის სასტუმრო იყო, არსად მეგულება. საზოგადოებრივი დანიშნულების შენობის ყველა სართულს უნდა ჰქონდეს შესაბამისი რაოდენობისა და სიგანის საევაკუაციო გასასვლელები, რომელსაც წარმოადგენს სამივე მხრიდან კედლით შემოფარგლული კიბის უჯრედი. ცეცხლდებობა კი ერთ საათზე ნაკლები არ უნდა იყოს.

სართულზე სულ ცოტა, ორი საევაკუაციო გასასვლელია საჭირო - თუ ერთ მხარეს ცეცხლია, მოქალაქეს სხვა მხარეს უნდა შეეძლოს გასვლა.

თუ დიდია სართულის ფართობი, ორზე მეტი საევაკუაციო გასასვლელი სჭირდება. ყველგან უნდა ეკიდოს ცეცხლმაქრობები. საევაკუაციო გზების პლასტმასის კონსტრუქციებით ან სხვა წვადი მასალით მოპირკეთება დაუშვებელია. პლასტმასა ძლიერ ტოქსიკურიც არის, მისი ნამწვის ერთი Yჩასუნთქვა ადამიანს მომენტალურად აკარგვინებს გონებას. არ შეიძლება სამსართულიან საზოგადოებრივი დანიშნულების შენობაში ხის კიბის უჯრედის მოწყობა. მთავარი მოთხოვნაა: არ უნდა იწვოდეს კიბის საფეხურები და მისი მზიდი კონსტრუქციები, უპირველესად კიბე უნდა იყოს დაცული!

- ბოლო წლებში მეტროსადგურებიც მეტალოპლასტმასით მოპირკეთდა.

- ესეც თბილისის ნონსენსია, ასეთ რამეს ვერსად ნახავთ. როგორ შეიძლება მეტროს მიწისქვეშა ვესტიბიულში პლასტმასის წვადი კონსტრუქციების გამოყენება?!

- თეატრებში, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში რა ვითარებაა?

- თეატრებში, სკოლებში, ბაღებში, მეტ-ნაკლებად დაცულია.

- ასეთი სასტუმრო ბევრია ზღვისპირეთში. როგორ უნდა აღმოიფხვრას პრობლემა?

- ამჟამად ამოწმებენ დაახლოებით 40 სასტუმროს. ბევრი ქვის კაპიტალური შენობაა. როცა შენობა აგებულია მაღალი ცეცხლმედეგობის ხარისხის მქონე კონსტრუქციებით, ხანძარი მთელ შენობაში სწრაფად არ გავრცელდება. სამაშველო დანაყოფებიც უფრო ადვილად შეძლებენ ხანძრის ლოკალიზაციას და შემდგომ ლიკვიდაციას.

როგორ მოვიქცეთ ხანძრისას

არასდროს ისარგებლოთ ლიფტით

ოთახის კარი უნდა იღებოდეს შიგნიდან გარეთ, რათა ხანძრის დროს ოთახში მყოფმა პირმა შეძლოს კარის გაღება. სასურველია, დამონტაჟდეს სახანძრო დეტექტორები, რომლებიც ხანძრის შესახებ შეატყობინებს ადამიანს - 68 გრადუს ტემპერატურაზე დეტექტორი განგაშს ტეხს. აუცილებელია ცეცხლმაქრებიც. რეგულარულად უნდა მოწმდებოდეს საევაკუაციო გასასვლელები, რადგან ეს გადარჩენის ერთადერთი გზაა. უნდა შემოწმდეს ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობის: ცეცხლმაქრების, სახანძრო სახელოების გამართულობა, ისინი მუდამ სამუშაო მდგომარეობაში უნდა იყოს. ყველამ უნდა იცოდეს ცეცხლმაქრის გამოყენება.

თუ შენიშნავთ ხანძარს, მიირბინეთ ფანჯარასთან ან გაიქეცით სადარბაზოში შეძახილით:„"ხანძარია!", გააღვიძეთ ოჯახის წევრები და მეზობლები. მაშინვე დარეკეთ 112-ზე, მიაწოდეთ ზუსტი მისამართი. თუ ხანძარი გაჩნდა თქვენი ბინის ერთ ოთახში, დახურეთ კარი და გამორთეთ შუქი. მცირე ხანძრის შემთხვევაში სცადეთ მისი ჩაქრობა. ძლიერი ხანძრის დროს დატოვეთ ბინა, დაკეტეთ ყველა ფანჯარა და კარი, რადგან ბინაში სუფთა ჰაერის ნაკადის შესვლა ხელს შეუწყობს ცეცხლის სწრაფ გავრცელებას. არ გამოიყენოთ წყალი აალებული ელექტროგაყვანილობისა და ელექტროხელსაწყოების ჩასაქრობად, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს დენით დაზიანება. ცეცხლისა და კვამლისგან თავის დასაცავად ჩაიცვით სქელი ქურთუკი და სქელძირიანი ფეხსაცმელი; პირსა და ცხვირზე აიფარეთ სველი ნაჭერი ან პირსახოცი. ხანძრის დროს არასდროს ისარგებლოთ ლიფტით, რადგან კვამლი ადვილად აღწევს ლიფტის შახტში და ამან შეიძლება ლიფტში მყოფთა გაგუდვა გამოიწვიოს.

თეა ხურცილავა