ვინ გადახედავს უკანონო განაჩენებს - გვენეტაძე თუ პაპუაშვილი? - კვირის პალიტრა

ვინ გადახედავს უკანონო განაჩენებს - გვენეტაძე თუ პაპუაშვილი?

თეა წულუკიანის კანონპროექტი მალე გასაჯაროვდება

როგორც ჩანს, ხელისუფლებაში მოსვლის მესამე წელს "ქართული ოცნება" უკანონო განაჩენების გადახედვაზე იწყებს მუშაობას. იუსტიციის მინისტრმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ მზად არის კანონპროექტი, რომელიც პროკურატურისა და უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელობასთან კონსულტაციებით შეიქმნა. კანონპროექტის შინაარსი არ ხმაურდება და, ცხადია, არც ის არის ცნობილი, კონკრეტულად რა მექანიზმზეა საუბარი, თუმცა, თეა წულუკიანი პირობას დებს, პროექტი მალე გასაჯაროვდებაო.

"ამ საკითხზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შეცვლისთანავე დავიწყეთ მუშაობა. მქონდა კონსულტაციები პროკურატურასთან და ნინო გვენეტაძესთან. მოვამზადეთ კანონპროექტი, რომელიც განაჩენების გადახედვას შეუწყობს ხელს," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე განაჩენების გადახედვის ორი ინიციატივა არსებობს: პირველი სახალხო დამცველს ეკუთვნის, რომელიც განაჩენების გადახედვის მექანიზმის შექმნას საკონსტიტუციო სასამართლოში ითხოვს, მეორის ავტორი ნინო გვენეტაძეა. ის უზენაეს სასამართლოში სპეციალური პალატის შექმნას ვარაუდობს.

ალეკო ცქიტიშვილი: - ამ საკითხზე არასამთავრობო სექტორთან, ყოველ შემთხვევაში, ჩვენს ორგანიზაციასთან, იუსტიციის სამინისტროს ჯერჯერობით არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია. ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები პერიოდულად გვახსენებენ წინასაარჩევნო დაპირებას, რომლის მიხედვითაც უნდა შექმნილიყო მართლმსაჯულების აღმოფხვრის ეფექტური მექანიზმი, მაგრამ, როგორც კი "ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში, სწორედ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის პირით, საზოგადოებას ამცნეს, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა გაურკვეველი ვადით გადაიდოო.

იური ვაზაგაშვილის მკვლელობის შემდეგ, ხელისუფლებას რეიტინგი რომ არ დაეკარგა, პროკურატურაში სახელდახელოდ შეიქმნა სპეციალური დეპარტამენტი, რომელსაც უნდა გამოეძიებინა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი დანაშაულები, თუმცა, ჯერჯერობით ამ დეპარტამენტის მუშაობის ხელშესახები შედეგი არ ჩანს.

უამრავი ადამიანი ელოდება რეალური მექანიზმის შექმნას, მათგან არაერთის ინტერესებს იცავს ჩვენი ორგანიზაცია. შეგახსენებთ მხოლოდ ორ საქმეს: ვახტანგ მაისაიასა და ე.წ. ყინწვისის საქმეებისთვის დღემდე არ გადაუხედავთ.

- თუმცა, წულუკიანი ამბობს, მზად არის კანონპროექტი, რომელიც განაჩენების გადახედვას შეუწყობს ხელსო...

- მე ამ კანონპროექტს არ ვიცნობ, თუმცა, ვიცი, რომ არსებობს ინიციატივები. მაგალითად, სახალხო დამცველის მოსაზრება გულისხმობს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაზრდას, რათა  სწორედ იქ მოხდეს მართლმსაჯულების ხარვეზების აღმოფხვრა, თუმცა, ამ ინიციატივასაც ხელისუფლების არანაირი მხარდაჭერა არა აქვს.

- აქვს კი საკონსტიტუციო სასამართლოს ამის რესურსი და ბერკეტი?

- ამჟამად ნამდვილად არა აქვს. თუ პარლამენტი შეცვლის საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონს და მას გაუზრდის უფლებამოსილებას, ეს შესაძლებელია, ვინაიდან ადგილი აქვს ადამიანების კონსტიტუციური უფლებების შელახვას.

- თუმცა, ჩანს, წულუკიანის კანონპროექტი ასეთი ტიპის მექანიზმის შექმნას მაინც უზენაეს სასამართლოში გულისხმობს, ვინაიდან პროცესში აქტიურად არის ჩართული ნინო გვენეტაძე...

- ეს იდეა ნინო გვენეტაძეს ეკუთვნის. მე ორივე ინიციატივას ვუჭერ მხარს. მთავარია, ხელისუფლებამ ერთ-ერთ ინიციატივას მაინც დაუჭიროს მხარი.

გვენეტაძის ინიციატივაა, რომ შეიქმნას ახალარჩეული მოსამართლეებით დაკომპლექტებული ცალკე პალატა.

- ესენი ხომ არ იქნებიან ის მოსამართლეები, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ წარადგინა პრეზიდენტმა?

- ასე მარტივადაც არ დგას საკითხი, რადგან ამ შემთხვევაში შესაძლებელია კვლავ გაჩნდეს კითხვები მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, რადგან პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს მაინც საპარლამენტო უმრავლესობა ამტკიცებს.

- მაშინ, როგორ უნდა დაკომპლექტდეს ახალი პალატა?

- პოლიტიკური ზეგავლენის გამოსარიცხად შესაძლებელია, კიდევ ახალი მოსამართლეები აირჩიონ სრულიად სხვა წესით. მაგალითად, არსებობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის დაკომპლექტების წესი, სადაც პარლამენტს კანდიდატურებს წარუდგენს როგორც საპარლამენტო უმრავლესობა, ისე უმცირესობა, ასევე სახალხო დამცველი. შესაძლოა, თავისი კვოტა ჰქონდეს პრეზიდენტს. ვფიქრობ, ეს იქნება საუკეთესო გამოსავალი.

ვახო ბერიძე