”ან ცემით უნდა მოვეკალი, ან ინვალიდად უნდა დავრჩენილიყავი” - კვირის პალიტრა

”ან ცემით უნდა მოვეკალი, ან ინვალიდად უნდა დავრჩენილიყავი”

რევოლუციიდან შვიდი წლის შემდეგ ქვეყანა უამრავი მკვლელობით ან გახმაურებული კრიმინალური საქმეებით არის დახუნძლული. გაუხსნელი საქმეები კი საზოგადოებაში ეჭვს ბადებს. დღემდე გაუხსნელია ხუთი წლის წინ პარლამენტარ ვალერი გელაშვილის უმოწყალოდ ცემის საქმეც, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებაზე პასუხისმგებლობა მაშინდელმა პარლამენტის თავმჯდომარემ საკუთარ თავზე აიღო.

გელაშვილის ცემასთან ბევრი რამ არის დაკავშირებული, მათ შორის პრეზიდენტის რეზიდენციის დაფინანსება, სკოლის დაწვა თუ ფარული გარიგებები. გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ვალერი გელაშვილთან:

- პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობაზე 4 მილიონი ლარი დავხარჯე. იმ დროს სახელმწიფოს ფული არ ჰქონდა ამ პროექტის დასაწყებად და მთავრობამ დადგენილება გამოიტანა: დაევალოს ვალერი გელაშვილს პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობისთვის ფინანსების მოძიება და მოგვიანებით მოხდეს მასთან ანგარიშსწორებაო. თავიდან გამიხარდა კიდეც, რომ ასეთი პატივი მერგო წილად.

- თანხა საიდან უნდა მოგეზიდათ?

- ჩემი ჯიბიდან. მიწები მქონდა, გავყიდე, იყო სხვა რაღაცებიც...

- რადგან პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობა თქვენ დაგევალათ, ესე იგი მიხეილ სააკაშვილთანაც კარგი ურთიერთობა გქონდათ.

- თავიდან კი. ხშირად მოდიოდა ჩემთან სახლშიც. ჩემი სახლი მოსწონდა, მიყიდვაზე დავთანხმდი. მერე გაბრაზდა.

- როდის გაბრაზდა?

- როცა ჩემი სახლის გადაფორმებისა და რეზიდენციაზე დახარჯული ფულის გადახდის დრო დადგა, შეთანხმებისამებრ 4 მილიონი უნდა გადაეხადათ, მაგრამ შემომითვალეს, მხოლოდ ნახევარს გადაგიხდითო. ჩემს სახლში მილიონ 400 ათას დოლარს მიხდიდნენ, მაგრამ ჯერ რეზიდენციის მშენებლობაზე დახარჯული ფულის დაფარვა მოვითხოვე, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახლს არ გადაგიფორმებთ-მეთქი. რომ შევატყვე, გადახდას არ აპირებდნენ, სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურს დაჟინებით მოვთხოვე ვალის დაბრუნება, შემომითვალეს, ნახევარს გადაგიხდით და მოვრჩეთ ლაპარაკსო. ამ წინადადებას არ დავთანხმდი, რადგან  1 მილიონი  გადასახადებად ისევ ბიუჯეტს უნდა წაეღო.

მაშინ ამ საქმეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიგი უგულავა აგვარებდა. დაჟინებით მთხოვდა სახლის გადაფორმებას. ვუთხარი, ვერაფერს მიიღებთ, სანამ ფულს არ გადაიხდით-მეთქი. გადააფორმე, თორემ...

თორემ რა-მეთქი, ფეხზე წამოვდექი. რომ შეატყო, უკან დამხევი არ ვიყავი, აღარაფერი უთქვამს, მაგრამ ის "თორემ" რასაც ნიშნავდა, მალე ყველამ დაინახა. ჩემი ცემის მერე დააწინაურეს გიგი უგულავა მერად, კარგად ასრულებს დავალებებსო. მერე ზურაბ ნოღაიდელთან მივედი, რატომ არ მიხდით ფულს-მეთქი? ნოღაიდელმაც იგივე მითხრა, რაც უგულავამ.

- ნოღაიდელიც დაგემუქრათ?

- ნოღაიდელს მაგდენი სად შეუძლია? მხოლოდ ამიხსნა, სანამ სახლს არ გადააფორმებ, ფულის გადახდაზე ლაპარაკი ზედმეტიაო. მოკლედ, სახლი დავლუქე და  დაცვა გავაფრთხილე, არავინ შეუშვათ-მეთქი.

- რატომ დალუქეთ? თქვენს სახლში უკითხავად მიდიოდნენ?

- ჯერ კიდევ ხელისუფლებაში არ იყვნენ ბოლომდე მოსული, ჩემს სახლს რომ ჩემს უკითხავად მიადგნენ, ჭურებს თავები მოხადეს და ქეიფი გააჩაღეს.

- ვინ იყვნენ?

- ხვდებით, ალბათ...

- მაინც?

- არ არის ძნელად გამოსაცნობი. ეს ამბავი რომ გავაპროტესტე, დამირეკეს, რას იზამ, შენს სახლს ტროტილით სავსე "გრუზავიკი" რომ დაეჯახოსო? გავშტერდი კაცი, ესენი ჯერ ხელისუფლებაში არ მოსულან და რას სჩადიან და მერე რას იზამენ-მეთქი. არც მერე მოიშალეს ვიღაც-ვიღაცებმა ჩემს სახლში ჩემს დაუკითხავად სიარული. სიტუაციის გასარკვევად სააკაშვილს  დავურეკე. ყურმილი კი აიღო, მაგრამ ინგლისურად მიპასუხა, ვინა ხარ, არ ვიცი, არ გიცნობო. მალე საქართველოდან წავედი და უცხოეთში დამირეკეს, ჩამოხვალ და გაგისწორდებითო.

- ვინ დაგირეკათ, იცით?

- რა თქმა უნდა. ეს ის კაცი იყო, ვინც ჩემზე თავდასხმაში მონაწილეობდა, მეტიც, ის იყო, ვინც კონდახი მირტყა  სახეში. ყველა მათგანი მახსოვს. რა დამავიწყებს იმის ფიზიონომიას, ვინც კონდახი მირტყა: მაღალი იყო, სუსტი, ძლიერი ხელებით, ცისფერთვალა.

გადაწყვეტილი ჰქონდათ: ან ცემით უნდა მოვეკალი, ან ინვალიდად  უნდა დავრჩენილიყავი. როცა ცემა დამიწყეს, იარაღი წელზე მეკეთა, მაგრამ არ მიხმარია, რადგან ვიცოდი, მომკლავდნენ. ღმერთმა მიშველა, რომ გონება არ დავკარგე, თორემ სიკვდილი გარანტირებული მქონდა. რაც ქუჩაში ვერ მოახერხეს, საავადმყოფოში მიიყვანდნენ ბოლომდე. საავადმყოფოში დაჟინებით მთხოვდნენ, დავთანხმებულიყავი ოპერაციაზე, მაგრამ არაფრით დავთანხმდი, მეგობრებიც გავაფრთხილე, გონებაც რომ დავკარგო, უცხოელი ექიმების ჩამოსვლამდე ხელი არავის მოაკიდებინოთ-მეთქი. მათაც სულზე მომისწრეს. ორი საათით რომ დაეგვიანათ, ჩემი ძვლებიც აღარ იქნებოდა მიწაში.

ფილტვები სითხით მქონდა სავსე, როგორც მერე უცხოელმა ექიმებმა მითხრეს, ეს  იმის ბრალი ყოფილა, რომ  გადასხმებს  მიკეთებდნენ, შარდმდენს კი არა. ამან ორგანიზმში სითხის დაგროვება გამოიწვია, ცოტაც და, შედეგი სასიკვდილო იქნებოდა. უცხოელმა ექიმებმა აეროპორტში ამომიღეს ფილტვებიდან წყალი, ისე მძიმედ ვიყავი, გაფრენაც აღარ შეიძლებოდა. უცხოელ ექიმებს რომ დაეგვიანათ, დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანდნენ და  საავადმყოფოში მომკლავდნენ.

ამ საქმის გახსნა ადვილია, ოღონდ მას შემდეგ, რაც ესენი წავლენ. ისიც ვიცი, ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობაზე უარი ვინც განაცხადა, ისე სცემეს, ნახევარი წელი საავადმყოფოში იწვა საწყალი ბიჭი. თავდასხმის შემდეგ ცოცხალი რომ გადავრჩი, იძულებული გახდნენ, ფული გადაეხადათ. დაიწყეს კიდეც, მაგრამ ჯერ კიდევ აქვთ 180 ათასი გადასახდელი. ახლა სასამართლო პროცესები მაქვს, რადგან "გადაგიხდით, გადაგიხდით" ძახილში აგერ უკვე 4 წელია მატყუებენ. გუდაურში მიწები მქონდა ნაყიდი და ამისთვისაც შემექმნა პრობლემები. როგორც ჩანს, წართმევა უნდოდათ. სამი წლის წინ ამ მიწების საბუთები წაიღო ფინანსურმა პოლიციამ, მერე მითხრეს, დავკარგეთო. დედნები მქონდა და წარვადგინე, მაგრამ მაინც გამაწვალეს.

საქართველოში ფირმა მქონდა,  ფირმის დირექტორად სხვა მყავდა დანიშნული. ერთ მშვენიერ დღეს ფირმაში ფინანსური პოლიცია შემოვარდა და კომპიუტერებიდან დაწყებული  ყველაფერი დალუქეს. გასაგები იყო, რომ ჩემგან რაღაც უნდოდათ. ამჯერად "მარეგულირებელი" დიმიტრი ქიტოშვილი გამომიგზავნეს, ავლაბარში შენი მეორე სახლი და თავისუფლების მოედანზე რომ მიწა გაქვს ნაყიდი, ის გვინდაო.

- რამდენს გიხდიდნენ?

- თითქმის მუქთად უნდოდათ. ქიტოშვილმა მითხრა, მოგვყიდე ეს ქონება ჩვენ რომ გვინდა ისეთ ფასად და ყველა პრობლემას მოვხსნითო. იძულებული ვიყავი, სახლის მიყიდვაზე დავთანხმებულიყავი, თავისუფლების მოედანზე მდებარე მიწა კი არ მივყიდე. როგორც კი სახლი გადავაფორმე, ნოტარიუსთან მიიტანეს ჩემი ფირმის საქმე და ყველაფერი ხუთ წუთში მოაგვარეს, საქმე დახურეს.

- ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც ბედავთ თბილისში ჩამოსვლას, ხელშეუხებლობის გარანტია მიიღეთ?

- თუ ჩემი მოკვლა გადაწყვიტეს,  ნებისმიერ ქვეყანაში მომიღებენ ბოლოს, კილერის დაქირავება გაუჭირდებათ?

- იმ ამბის შემდეგ მერაბიშვილთან ან ადეიშვილთან არ გიცდიათ გასაუბრება?

- რა აზრი ჰქონდა? თავს გამოიშტერებდნენ, არაფერი ვიცითო.

- არც მათთან, ვინც გცემათ?

- მათთან საუბარს მით უმეტეს არა აქვს აზრი. პირიქით, მეცოდებიან კიდეც.  იმ "ოპერაციაში" მონაწილეებიდან მხოლოდ ოთხმა კაცმა იცოდა, რა დავალებაზე აგზავნიდნენ, დანარჩენებმა არაფერი იცოდნენ, უარი ვინც გაბედა, გითხარით, რაც მიიღო სანაცვლოდ. ხალხი ისეა დაშინებული, ტყავს აძრობენ და ვერავინ იღებს ხმას. ბიზნესმენების უმეტესობა, პარლამენტარი თუ არაპარლამენტარი, ლაჩარია. ახლა  ბევრი მათგანი ოპოზიციაშია. მე და  ბადრი პატარკაციშვილი ვიყავით პირველი, ვინც წინააღმდეგობა გავბედეთ. ბადრი პატარკაციშვილი მოკლეს, მე ბედმა გამიღიმა.

- თქვენ სკოლის დაწვაშიც დაგადანაშაულეს, ტენდერის მოგება უნდოდა და სკოლის დაწვა მის ინტერესში შედიოდაო.

- კარგად ვიცი, ვისაც დააწვევინეს სკოლა. ბევრმა თავისი თვალით ნახა, ვინც "მოაგვარა" ეს საქმე.

- ვინ დაწვა სკოლა?

- გვარს ჯერ ვერ გეტყვით, ისე კი, ამ ამბის მერე ის კაცი დააწინაურეს, ერთ-ერთი სამსახურის უფროსად დანიშნეს. როგორც გიგი უგულავას დაუფასეს და ქალაქის მერად დანიშნეს, ისე დაუფასდა შრომა იმ სკოლის დამწველსაც, მაშინ დაწინაურებული ამ თანამდებობაზე მუშაობს დღემდე.