"კალატოზა" - "სანიმუშო ქცევის ეტალონი"?! - კვირის პალიტრა

"კალატოზა" - "სანიმუშო ქცევის ეტალონი"?!

10 თებერვალს, დაახლოებით საღამოს 9 საათზე, ფიროსმანის ქუჩაზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს.

ოფიციალური ინფორმაციით, დააკავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: ლუკა მეგრელიძე, დამირ კირცხალია, ზურაბ  გოგია და  იოსებ სორდია.

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის, გიორგი ბებუას განცხადებით, დაკავებულებმა "ქურდული სამყაროს" სახელით, ძალადობითა და მუქარით ერთ-ერთ მეწარმეს 10.000 აშშ დოლარი გამოსძალეს, სანაცვლოდ კი ბიზნესში "ქურდული სამყაროს"  მფარველობას ჰპირდებოდნენ.

დანაშაული  11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ცნობა, თითქოს დაკავებულთა შორის ერთ-ერთი კრიმინალური ავტორიტეტი დავით ქარსელაძეა, იგივე "კალატოზა", მაგრამ აყვანილთა შორის ის ნამდვილად არ ყოფილა. "კალატოზა" დიდი ხანია საქართველოდან გახიზნულია, მაგრამ ის, რომ დაკავებულები "კალატოზას" მეგობრები არიან და მისი მითითებით მოქმედებდნენ, სიმართლესთან ახლოს უნდა იყოს. "კალატოზა", დავით ქარსელაძე "ვარდების ხელისუფლებამ" ქვეყნის სათავეში მოსვლისთანავე დააპატიმრა.

მას ბრალად "ქურდული სამყაროს" წევრობა და სამარშრუტო ტაქსების ხაზების რეკეტი ედებოდა. მართალია, ამ ბრალდებით  მისთვის, სულ მცირე,  10 წელი მაინც არ უნდა გაეღოთ საკნის კარი, მაგრამ რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს…"სანიმუშო ქცევისთვის"! სავარაუდოდ, "კალატოზამ" თავისუფლების სანაცვლოდ  სოლიდური თანხა გადაიხადა და მერე საქართველოდან გაემგზავრა.

ახლა კი სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ თურმე დაკავებულები "კალატოზას" დაჯგუფების წევრები არიან და მისი საქართველოდან წასვლის შემდეგაც არ  შეუჩერებიათ "კრიმინალური საქმიანობა". თანაც თურმე "კალატოზა" იყო ის  კაცი, რომელიც რუსთაველის პროსპექტზე მოჭიდავეების საპროტესტო აქციებს ციხიდან ხელმძღვანელობდა. თუ ეს მართლაც ასე იყო და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა ყველაფერი იცოდნენ, საინტერესოა, სანიმუშო ქცევისთვის როგორღა გაათავისუფლეს ციხიდან? ციხიდან მიტინგებისა და არეულობის მართვა სანიმუშო ქცევაა?

ასე რომ, ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით იმის თქმა შეიძლება, რომ ციხეში 11 წლის გატარება არც "კალატოზას" მეგობრებს მოუწევთ და მალე ყველა მათგანი "სანიმუშო ქცევის ეტალონი" გახდება, ან პრეზიდენტის წინასაარჩევნო შეწყალების სიაში მაინც აუცილებლად მოხვდება. თუ რატომ, გამოცნობა მკითხველისთვის მიგვინდვია.

P.S. ამას ჰქვია კრიმინალურ სამყაროსთან ბრძოლა?! კრიმინალებს იმიტომ იჭერენ, რომ ფული გამოსძალონ, მერე სულელური საბაბით ათავისუფლებენ, ერთხანს დააცდიან თავისუფლებით ტკბობას და წინასაარჩევნოდ ისევ იჭერენ. ჩანს, "ბრძოლის" ეს მეთოდები ხელისუფლების შენარჩუნებას ემსახურება. მაშ, რა განსხვავებაა კრიმინალებსა და სახელმწიფო მოხელეთა შორის?!