"თანდათან პატარავდება ჩვენ გარშემო ყულფი" - კვირის პალიტრა

"თანდათან პატარავდება ჩვენ გარშემო ყულფი"

გურიის თავისუფალი, რეგიონული პრესის მუშაკები შველას ითხოვენ. გაზეთების "გურია ნიუსისა" და "გურიის მოამბის" განცხადებით, დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნა ზღვარს გადავიდა. ბოლო დროს დამოუკიდებელი გაზეთების დისტრიბუტორებსაც მისწვდნენ - დაშინებითა და შანტაჟით აიძულებენ, უარი ათქმევინონ რედაქციებთან თანამშრომლობაზე.

ყველა ძალასა და ხერხს მიმართავენ საიმისოდ, რომ თავისუფალი პრესა მოაშთონ. ამით ცოდვების მამხილებლებს მოიშორებენ და თავისუფლად იპარპაშებენ რაიონებში, სადაც დემოკრატია ჯერ კიდევ უცხო ხილია.

ცოტა ხნის წინ ოზურგეთში "გურიის მოამბის" ჟურნალისტი ირაკლი დოლიძე პოლიციამ მხოლოდ იმიტომ დააკავა, რომ სპეცოპერაციას შეესწრო: "8 თებერვალს დაახლოებით დღის 4 საათზე ქუჩაში მიმავალმა ხალხმრავლობა შევნიშნე. თურმე სამართალდამცველები ვიღაცას იჭერდნენ. ქუჩის მეორე მხრიდან დავიწყე ფოტოს გადაღება, სწორედ ამ დროს შემნიშნა საპატრულოს თანამშრომელმა და ოზურგეთის სამმართველოს ხელმძღვანელ ურიდიას ანიშნა.

ისიც მომიბრუნდა და დამიყვირა, - ე, ბიჯო, მოდი, აქ რას იღებო. მკითხა, ვინ ვიყავი და რაში მჭირდებოდა ფოტო, მერე კი მითხრა, კანონს არღვევ, ჩვენს საქმეში ცხვირს ყოფო. ავუხსენი, რომ ,,გურიის მოამბის" საინფორმაციო სამსახურის კორესპონდენტი ვარ და ჩემს მოვალეობას ვასრულებ, რომ კანონსაწინააღმდეგოს არაფერს ვაკეთებდი. ჟურნალისტი, თორემ შენც გმირი არ იყოო, აგდებით მითხრა, შემდეგ კი სურათების წაშლა მომთხოვა. ვუთხარი, რომ უკომპიუტეროდ ეს არ მოხერხდებოდა, მაშინ შენ თუ არ წაშლი, მე წავშლი და მერე შენმა რედაქტორმა მოიკითხოსო.

რედაქტორთან დარეკვა ვცადე, მაგრამ  ტელეფონი ურიდიას მოადგილე ბაკურაძემ წამართვა და გამითიშა. რომ ვუთხარი, ამის უფლება არ გაქვთ-მეთქი, გაეცინა, მე ასე მინდა, ტელეფონიც შენმა რედაქტორმა მოიკითხოსო... მალე ჩვენი გაზეთის რედაქტორი მოვიდა და მისი ჩარევით ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა".

გაზეთ "გურია ნიუსის" დამფუძნებელ ია მამალაძის თქმით, დამოუკიდებელ მედიასთან ბრძოლა გურიაში სწორედ პოლიციის მამხილებელი სტატიების გამო გამძაფრდა. არჩევნები რაც უფრო ახლოვდება, მით მეტად მწარედ "იკბინებიან". ჩვენ ყოველთვის მწვავე მასალებს ვწერთ და ჩინოსნების შეტევაც არცთუ იშვიათია, მაგრამ ახლა ზეწოლა აუტანელი ხდება. მაგალითად, ბოლო დროს ძალზე აღიზიანებთ პოლიციის საქმიანობის მამხილებელი მასალები, სადაც ნათქვამია, რომ დაქირავებული მოწმეები ჰყავთ, რომლებიც რამდენიმე პროცესზე სხვადასხვა რაიონში გამოდიან მოწმედ.

რადგან შანტაჟითა და ფიზიკური ანგარიშსწორებით ვერაფერს გახდნენ, რაიონების გამგებლები ცდილობენ, სხვა გამოსავალი მოძებნონ. ქმნიან სახელისუფლებო გაზეთებს და ხალხს აიძულებენ, მათ გამოწერას, იმათ კი, ვინც ჩვენს გაზეთებს იყიდის ან გამოიწერს, დასჯით ემუქრებიან. დისტრიბუტორების შევიწროებაც დაიწყეს, ამ გზით უნდათ თავისუფალი მედიის "გაუვნებლება". ზოგს ფულს სთავაზობენ, ზოგსაც ეკითხებიან, ამ ოპოზიციურ გაზეთს რომ ავრცელებ, არ გეშინია უცებ შენი შვილი უმუშევარი რომ დარჩესო. სამწუხაროდ, ამას საჯაროდ ვერავინ ამბობს.

ხალხი ისე დააშინეს, რესპონდენტებსაც კი ვეღარ ვპოულობთ. იმის გამო, რომ რაიონებში ნებისმიერ ოპოზიციურ აზრს დევნა-დაპატიმრება მოჰყვა და დაზარალებულების დამცველი კი არავინ გამოჩნდა, ყველა დუმილს არჩევს. ხშირია უმიზეზოდ დაპატიმრების ფაქტები. ხშირად ხდება, მოდის ადამიანი, გიყვება თავის პრობლემებზე და  გთხოვს, მისი ვინაობა არ დავასახელოთ.

გურიაში ტერორი მეფობს. როდესაც რესპონდენტებს გიჩუმებენ, ამით მნიშვნელოვან ძალას გართმევენ; როდესაც დისტრიბუტორებს აშანტაჟებენ და აფრთხილებენ, შენ ამა და ამ გაზეთის გავრცელებაში ხარ შემჩნეული და გონზე მოდიო, ამით კიდევ უფრო გავიწროებენ. თანდათან პატარავდება ჩვენ გარშემო ყულფი. ვიმედოვნებ, მხარში ამოგვიდგებიან საერთაშორისო ორგანიზაციებიც და ისინიც, ვისაც გურიაში არსებულ სიტუაციასთან ბრძოლის არ ეშინიათ.

მოვუწოდებ ყველას, ვისაც დამოუკიდებელი მედიის არსებობისთვის გული შესტკივა, დაგვიდექით გვერდით! რეგიონულ მედიას ახლა თქვენი თანადგომა ძალიან გვჭირდება! ეს უკომპრომისო ბრძოლაა, რომელშიც ან უსამართლობა იზეიმებს, ან საზოგადოება გაიმარჯვებს!