ვინ არის ზელიმხან ხანგოშვილი, რომელიც თბილისში დაჭრეს და რას ყვებოდა ის "კვირის პალიტრასთან?" - კვირის პალიტრა

ვინ არის ზელიმხან ხანგოშვილი, რომელიც თბილისში დაჭრეს და რას ყვებოდა ის "კვირის პალიტრასთან?"

ზელიმხან ხანგოშვილი ქალაქის ცენტრში, ჟვანიას მოედნის მიმდებარე, მირზა გელოვანის ქუჩაზე იმ დროს დაჭრეს, როდესაც სახლიდან გამოვიდა და მანქანაში ჯდებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მას უცნობმა პირმა მანქანიდან ესროლა, ხანგოშვილს ოთხი ტყვია მხარსა და ხელში მოხვდა. როგორც მისმა მეგობარმა განაცხადა, მან მოახერხა თავის ხელით იმგვარად დაცვა, რომ თავდამსხმელმა ტყვია თავში ვერ მოარტყა. ახლობლების თქმით, დაჭრილი ხანგოშვილი საკუთარი ფეხით მივიდა რესპუბლიკურ საავდამყოფომდე, სადაც სასრაწაფო ოპერაცია ჩაუტარეს. საავადმყოფოში გაირკვა, რომ ზელიმხან ხანგოშვილი სულ სხვა გვარ-სახელით - თორნიკე ქავთარაძედ იყო დარეგისტრირებული, რაც მისმა ოჯახის წვერებმა იმით ახსნეს, რომ ჩეჩნეთის ომის მონაწილე ხანგოშვილს რუსეთიდან რეალური საფრთხე ემურქებოდა, ამიტომაც შეიცვალა გვარ-სახელი. ისინი მის დაჭრას სწორედ რუსულ ინტერესებს უკავშირებენ. ხანგოშვილის გვარ-სახელი ლაფანყურის სპეცოპერაციაშიც ფიგურირებს, ის ერთ-ერთ მოწმეა ამ სპეცოპერაციისა, რომელშიც მის შუამავლად ყოფნას ახლობლებიც არ უაყოფენ, თუმცა ამტკიცებენ, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ შუამავლი იყო, რომელმაც ვერ მოახერხა დაეთანხმებინა ლაფანყურის ხეობაში მყოფი შეიარაღებული ჯგუფის წევრები დაეყარათ იარაღი და ჩაბარებოდნენ ხელისუფლებას. საინფორმაციო საშუალებები სხვადასხვა დროს წერდნენ, რომ ზელიმხან ხანგოშვილი წინა ხელისუფლების დროს შს სამინისტროს კონტრტერორისტულ ცენტრთან თანამშრომლობდა და ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ჩართული იყო ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებულ პროცესებში, როგორც სპეცოპერაციამდე, ისე სპეცოპერაციის შემდეგ. მას "ზელო დიშნის" მეტსახელით იცნობენ.

აი, რას ყვებოდა 2012 წელს, ლაფანყურის ოპერაციის შემდეგ პანკისის ხეობის მცხოვრები ინკოგნიტოდ:

"26 აგვისტოს მათ (შეუარაღებული ჯგუფის წევრებმა - "კვირის პალიტრა") გადასვლა გადაწყვიტეს. დახმარების პირობა მიიღეს "დიშნასა" და "გუსლიკასგან" - "დიშნა" ზელიმხან ხანგოშვილია... სპეცოპერაციის შემდეგ "დიშნა" ანუ ზელიმხან ხანგოშვილია პანკისის ხეობაში აღარ გამოჩენილა. მასთან კითხვები გვაქვს, ის ლოპოტას ხეობაში მოლაპარაკებებში მონაწილეობდა სანდროსთან (ამირიძე, იმჟამად ანტიტერორისტული ცენტრის სამმართველოს უფროსი - "კვირის პალიტრა") ერთად, მაგრამ ბოლო დღეებია არ ჩანს."

ზელიმხან ხანგოშვილს ახსენებს ლოპოტას ხეობაში 2012 წლის აგვისტოში ჩატარებული სპეცოპერაციის ერთ ერთი გადარჩენილი მოწმე მანსურ შადუნოვი, რომლის ვიდეოჩვენების თარგმანიც "კვირის პალიტრამ" შემოგთავაზათ. "მივხვდით, რომ ხაფანგში ვიყავით, ამირიძემ გვითხრა ჩატაევი გამოიძახეს მოლაპარაკებაზე და დაელოდეთო, ჩვენ წასვლა გვქონდა გადაწყვეტილი, თუმცა ჯგუფის უხუცესმა წვერმა ვახამ (დოკვახა დოშუევი) თქვა, მოდით დაველოდეოთ ჩატაევსო, მის ავტორიტეტს პატივი ვცეთ, იქნებ, გამოსავალი მოიძებნოსო... მალე ისიც გამოჩნდა, თან ახლდა ვინმე ზურა (მაისურაძე), ზელიმხანი და ამირიძეც იქ იყო." - ყვება შადუნოვი ვიდეოჩანაწერში.

თვთონ ზელიმხან ხანგოშვილი "კვირის პალიტრასთან" აი, რას ამბობდა:

"როდესაც შეიარაღებული ჯგუფის გუშაგმა ბილიკზე დაგვინახა, ჩვენკენ ამირიძე გამოუშვეს. უკან ერთი ჩეჩენი მოჰყვებოდა. რაღაცაზე საუბრობდნენ. ამირიძე გაბრაზებული ჩანდა. ამასობაში ორი შეიარაღებულიც გამოჩნდა. სანდრო მომიახლოვდა და მიჩურჩულა, - ერთი-ორი აქაურიაო. ღამე იყო. მე ჯგუფის მხოლოდ 5-6 წევრი ვნახე, მათგან ორი ვიცანი - სურხო დუდაევი და ინგუში ასლანი (ადუევი. - ავტ.), რომელიც, როგორც მივხვდი, ლიდერობას ჩემულობდა. მოგვიანებით კიდევ ერთი დავადგინე - აბუ ჰამზა (სამივე ლაფანყურის სპეცოპერაციას ცოცხლები გადაურჩნენ. - ავტ.).

ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, მოლაპარაკებაზე მხოლოდ 20 წუთი უნდა დაგვეყო. საუბარი 40 წუთზე მეტხანს გაგრძელდა. მახსოვს, ამირიძემ ვეღარ მოითმინა, - ან "ჰო" თქვით, ან "არაო", ამის თქმაზე ერთმა კონდახი მოუქნია. მაისურაძე დროდადრო ატყობინებდა ხელმძღვანელობას შექმნილ მდგომარეობას, ისინი გვაჩქარებდნენ, ალბათ ფიქრობდნენ, თუ ღამით შეიარაღებულ ჯგუფს ტყეში დიდხანს გავაჩერებთ, საზღვრისკენ გაპარვას მოახერხებენო. ჯგუფის წევრებს ვუხსნიდით, საზღვრის გადალახვის შემთხვევაში რუსები თვალის დაუხამხამებლად დაგხოცავენ და საქართველოს ტერიტორიასაც დაბომბავენო. ზოგი გვეთანხმებოდა, ზოგი არა. აბუ ჰამზა ჯიუტად ამტკიცებდა, იარაღი რომ ჩავაბაროთ, ესენი რუსებს გადაგვცემენო. ბოლოს, ზურა მაისურაძემ მითხრა, მეტ დროს აღარ გვაძლევენო. ძალიან დავიძაბეთ. ჩატაევს გადავხედე, - ახლა რა ვქნათ-მეთქი. ყველაფერს წუთები წყვეტდა. ახმედმა - იქნებ თქვენმა ხელმძღვანელობამ დრო მოგცეს, რომ ეს ბიჭები სადმე სოფელში გავიყვანო და დავაწყნაროო - საუბარი იყო ერთ კვირაზე.

ამხელა დროს არავინ მოგვცემს-მეთქი. იქნებ სამი დღე მაინც მომცენო. ჩვენი საუბარი შეიარაღებულებსაც ესმოდათ, მაგრამ ხმას არ იღებდნენ. ჩატაევს ვუთხარი, იქნებ ხელმძღვანელობა დავითანხმოთ-მეთქი. ის იყო, წამოსვლა დავაპირეთ, რომ ჯგუფის ერთმა წევრმა დამიძახა ჩეჩნურად, - ამირიძეს და მაისურაძეს აქ დავიტოვებთ და თუ მოგვატყუეს, ამათ დავაჭრით თავებსო. ჯგუფის წევრებმა რამდენჯერმე იარაღი გადატენეს. მე რომ ხმას ავუწიე, მაისურაძე მიხვდა, რომ სიტუაცია უკონტროლო ხდებოდა. ბოლოს, ყველა გამოგვიშვეს და ორიც თავისიანი გამოგვაყოლეს. ქართველ მესაზღვრეებს რომ მივუახლოვდით, სანდრო ამირიძე და ზურა მაისურაძე მათთან გავუშვი დასარეკად. მათ რომ შეაგვიანდათ, ჩვენი გამყოლი ორი ჩეჩენი აშკარად ანერვიულდა. ჩატაევს ვუთხარი, - გავიგოთ, რა ხდება-მეთქი. მან გამოყოლა დააპირა, მაგრამ ჩეჩნებმა არ გამოუშვეს. წავედი ამბის გასაგებად. გზაში ორი აჩრდილი დავინახე. ამირიძე და მაისურაძე მეგონა. ქართველი სპეცრაზმელები აღმოჩნდნენ. მითხრეს, თქვენებს ხელმძღვანელობამ უარი უთხრაო. საგუშაგოს უკან რომ გადაგვიყვანეს, დავინახე - სამასი კაცი იდგა. ყველაფერს მივხვდი. ერთი ის ვუთხარი, რომ სამოქალაქოფორმიანი ცალხელა ჩვენიანია, არაფერი დაუშავოთ-მეთქი. ოპერაციის დაწყებას არც ვაპირებთ, ახლოს მივალთ და კიდევ ერთხელ შევთავაზებთ იარაღის დაყრასო. დაახლოებით ნახევარ საათში პირველი გასროლის ხმაც გავიგე. მერე იქ ვინღა გამაჩერებდა..."

სისხლის სამართლის საქმე ხანგოშვილის დაჭრის ფაქტზე აღძრულია, იმედი ვიქონიოთ, რომ მალე გაირკვევა რა მოხდა, ვინ და რატომ დაესხა თავს ზელიმხან ხანგოშვილს. არაოფიციალური ინფორმაციით, გამოძიება ეროვნებით რუს თავდამსხმელს ეძებს.

იხილეთ ასევე:

"ნიღბიანი უცნობი, ანუ კიდევ რა საიდუმლოს მალავს ლაფანყური"

"იმედი გვქონდა, რომ ქართველები არ გაგვიმეტებდნენ" - ლაფანყურის სპეცოპერაციის სკანდალური დეტალები