"ზუსტად ვერ აღწერს კილერს, მაგრამ ამბობს, რომ ჩეჩენს არ ჰგავდა" - რატომ ესროლეს ზელიმხან ხანგოშვილს
01-06-2015
"ზუსტად ვერ აღწერს კილერს, მაგრამ ამბობს, რომ ჩეჩენს არ ჰგავდა" - რატომ ესროლეს ზელიმხან ხანგოშვილს
"არ შეიძლება იმ ვერსიის გამორიცხვა, რომ დანაშაული ხალიფატთან არის დაკავშირებული. ის ფაქტიც, რომ ზელიმხან ხანგოშვილი თორნიკე ქავთარაშვილის საბუთებით ცხოვრობდა, ეჭვს ბადებს"

28 მაისს თბილისში, მირზა გელოვანის ქუჩაზე, საკუთარ სახლთან, ავტომანქანაში მჯდომ 35 წლის ზელიმხან ხანგოშვილს უცნობმა პირმა ცეცხლი გაუხსნა და მარცხენა ხელისა და ბეჭის არეში დაჭრა.

ანზორ ხანგოშვილი, ზელიმხანის ძმა: - ჩემი ძმა სახლიდან დილის 9 საათზე გავიდა. მირზა გელოვანის­ ქუჩაზე, სადაც გზაჯვარედინია, უკან მომავალ მანქანას უნდა გაევლო და ზელიმხანმა
სვლა შეანელა. ამით კილერმა ისარგებლა, მანქანიდან გადმოხტა და მთელი მჭიდი დააცალა. ჩემი ძმა არ დაიბნა, გაზს ფეხი მიაჭირა და პირდაპირ მივიდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

ზუსტად ვერ აღწერს კილერს, მაგრამ ამბობს, რომ ჩეჩენს არ ჰგავდა, თხელი აღნა­გობის კეპიანი ახალგაზრდა მამაკაცი იყოო.­ ქუჩაზე ვიდეოკამერებია დამონტაჟებული, ფირები გამოძიებას აქვს.
ჩემი ძმა 13 წელია, თბილისში ცხოვრობს, მეუღლე­ და­ 4 შვილი ჰყავს. თავისი ბიზნესი აქვს. რახანია, დედის გვარზე გადავიდა. მის პალატას­ პოლიციელები მორიგეობით იცავენ, მას არც ახლობლები ვტოვებთ. თუკი დღისით-მზისით კილერები ხალხს ქუჩაში­ ხოცავენ, საფრთხე არც აქ არის გამორიცხული.

უმარ იდიგოვი, კავკასიელ ხალხთა ინტეგრაციის ფონდის პრეზიდენტი, ზელიმხან ხანგოშვილის მეგობარი: - ითქვა, რომ ეს ინციდენტი არ უკავშირდება ლაფანყურის სპეცოპერაციას. მე კი ასე არ ვფიქრობ. ლაფანყურის სპეცოპერაციის შემდეგ, ჩემ­თან ჩატაევი და ხანგოშვილი მოვიდნენ. ჩატაევმა მითხრა, ზელიმხანს ვთხოვე დახმარება, რომ ბიჭებთან მოსალაპარაკებლად ჩემთან ერთად წამოსულიყო, ის არაფერშია დამნაშავე, პირიქით, მხარდაჭერისა და დახმარების მეტი ხანგოშვილისგან არაფერი ყოფილაო. მათ დღემდე კარგი ურთიერთობა აქვთ. ზელიმხანის სახელს ვერც ისლამურ ხალიფატს დავუკავშირებ, ხანგოშვილი არასდროს ყოფილა მათ რიგებში, ან როგორ წავიდოდა ჯიჰადის წინააღმდეგ, როცა მუდმივად მონაწილეობდა ჯიჰადში. იგი იმარატის ომში ჩეჩნური კამპანიის წარმომადგენელი იყო. რუსებსაც და კადიროვის ხალხსაც მათი განადგურება სწადიათ. ისინი სულ იმეორებენ, რომ ყველას დასჯიან, ვინც კი ჩეჩნეთის ომში იყო ჩაბმული.

ხანგოშვილის მოკვლა 2009 და 2011 წლებშიც მოინდომეს, როდესაც მისი მოწამვლა სცადეს.

ვახტანგ მაისაია, პოლიტოლოგი: -  ხანგოშვილი ანტიტერორისტული ცენტრის წარმომადგენელი იყო. მან აჰმედ ჩატაევს სთხოვა, მასთან ყოფილიყო კავშირში და ლაფანყურის რაზმის ჩეჩენ მებრძოლებს მოლაპარაკებოდნენ. მოგეხსენებათ, მოლაპარაკება ჩაიშალა, ცეცხლი გაიხსნა და ჩატაევი მძიმედ დაიჭრა. ლაფანყურის გამო გასწორება თუ უნდოდათ, ხანგოშვილს აქამდე გაუსწორდებოდნენ, თანაც, რიგში იმდენია, ანგარიშსწორებას მისგან არავინ დაიწყებდა. არ გამოვრიცხავ, საქმე ბიზნესგარჩევასთან გვქონდეს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს შემთხვევა ისლამური ხალიფატის ლიდერის არჩევნებთან იყოს დაკავშირებული, შესაძლოა, ხანგოშვილი ამ პროცესებთან კავშირშიც არის. ვიცი, რომ ზელიმხან ხანგოშვილი ისეთი სერიოზული ფიგურა არ ყოფილა (როგორიც ჩატაევი და სხვები იყვნენ), რომ ვიღაცის სამიზნე გამხდარიყო.

მამუკა არეშიძე, ექსპერტი: - ლაფანყურში მებრძოლებთან მოსალაპარაკებლად ქისტი ხანგოშვილი და ჩეჩენი ჩატაევი მივიდნენ. ჩატაევი ამჟამად ხალიფატის რიგებშია. ამიტომ არ შეიძლება იმ ვერსიის გამორიცხვა, რომ დანაშაული ხალიფატთან არის დაკავშირებული. ის ფაქტიც, რომ ზელიმხან ხანგოშვილი თორნიკე ქავთარაშვილის საბუთებით ცხოვრობდა, ეჭვს ბადებს.­ არა მგონია, ეს რუსული სპეცსამსახურების ჩადენილი იყოს, მკვლელის მოქმედება არაპროფესიონალურად მეჩვენება - 8 ტყვია გაისროლა, სამიზნეს 4 მოხვდა და ოთხივე ხელში. ცოტა საეჭვოა.

ნანა ფიცხელაური
suleimani
04 ივნისი 2015 08:24
zelo emisaria. da es tqvenc unda icodet,rac shexeba vin sheukveta mokvla.hkitxet qartuli ocnebis rusul peshkebs. ra kilerebi agitydat? magdeni kilerebia gamoyvanili cixidan.

რედაქტორის რჩევით