"მიშველე, დედა, დამჭრეს!" - 18 წლის ბიჭის "ბოლო ზარი" - კვირის პალიტრა

"მიშველე, დედა, დამჭრეს!" - 18 წლის ბიჭის "ბოლო ზარი"

"ტრაგედიამდე ორი დღით ადრე საატესტატო გამოცდები ჩააბარა და ეს გახარებულმა "ფეისბუკის" გვერდზე დაწერა, ატვირთა ბოლო ზარის ფოტოებიც"...

"დედა, დამჭრეს" - მხოლოდ ამ სიტყვების თქმა მოასწრო დედისთვის 18 წლის ახალგაზრდამ. ქუჩაში ფეხით მიმავალი გაბრიელ (ბეგი) მამალაძე სასიკვდილოდ გაიმეტეს. თვითმხილველების თქმით, ბიჭს ორი ახალგაზრდა დაედევნა. ბეგი ეხვეწებოდა, არ მომკლათო, მაგრამ დანა მაინც ჩაარტყეს...

ბეგი მამალაძე მშობლებთან ერთად ნუცუბიძის მესამე მიკრორაიონში მდებარე ბაღის შენობაში ცხოვრობდა. ოჯახი სოციალურად დაუცველია. ბეგი ამ უბანში გაიზარდა, ყველა იცნობდა და ყველას უყვარდა. ტრაგედიამდე ორი დღით ადრე საატესტატო გამოცდები ჩააბარა და ეს გახარებულმა "ფეისბუკის" გვერდზე დაწერა, ატვირთა ბოლო ზარის ფოტოებიც.

19 წლის როინ ქარდავას განზრახ მკვლელობისთვის ბრალი უკვე წაუყენეს. თვითმხილველები ირწმუნებიან, რომ მამალაძე ორმა ადამიანმა დაჭრა, სამართალდამცავებმა კი ერთი პირი დააკავეს და აცხადებენ, რომ მხოლოდ ქარდავამ დაჭრა მამალაძე.

თავიდან ბეგი მამალაძის მკვლელობის შესაძლო მიზეზად გასულ წელს 17 წლის მოზარდის, მიშო ტყემალაძის მკვლელობა დასახელდა. მიშო და მისი ორი მეგობარი მაშინ სასიკვდილოდ დაჭრეს, მიშო გარდაიცვალა, მისი მეგობრები კი სიკვდილს სასწაულად გადაურჩნენ. ითქვა, თითქოს იქ ბეგი მამალაძეც იყოო. სამართალდამცავებმა საქმე გამოიძიეს და დანაშაულში ბრალდებულიც დააკავეს. ეს ვერსია არ დადასტურდა.

როგორც ირკვევა, ტრაგედიას სულ სხვა ინციდენტი უძღოდა წინ. ჩვენი ინფორმაციით, წინადღეს ბეგი მამალაძე როინ ქარდავასა და სხვებთან ერთად წვეულებაზე იყო, სადაც შელაპარაკდნენ. იმასაც ამბობენ, ბეგიმ ქარდავას ხელი გაარტყაო.

მეორე დღეს ამის გამო მისულან ქარდავა და მისი მეგობარი ნუცუბიძეზე. თვითმხილველი ირწმუნება, ბიჭებს შორის საქმის გარჩევა არ მომხდარა, უცებ დაარტყეს ბეგის დანაო. დაჭრილი ბიჭი იქვე მცხოვრებმა ექიმმა საავადმყოფოში წაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სამართალდამცავებმა არაერთი მოქალაქე დაჰკითხეს, მათ შორის მამა გიორგი ჩახავა: "სადაც მანქანას ვაჩერებ, იქ მოკლეს ეს საწყალი ბიჭი. ჩემით გამოძიება იმიტომ დაინტერესდა, რომ ჩემს ავტომობილზე ვიდეორეგისტრატორია დაყენებული. ჩანაწერში ჩანს, რომ ბიჭებს არ უჩხუბიათ".

მაია კობალაძე, ბეგის მეგობარი: "ბეგი დედისერთა იყო. ერთ უბანში გავიზარდეთ. სიმღერებს, ლექსებს წერდა, რეპით იყო გატაცებული. კარგად მღეროდა. არაჩვეულებრივად ხატავდა.

ქარდავა პლეხანოველია, როგორც ამბობენ, წინადღეს უჩხუბიათ, მეორე დღეს, წესით, უნდა შერიგებულიყვნენ, მაგრამ მოკლა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ბეგის ვინმე სასიკვდილოდ გაიმეტებდა. ჩვენი ბოლო ზარისთვის ლექსი დაწერა, კლასელებს დაგვინაწილა კუპლეტები და ყველამ ერთად გავრეპეთ. სიმღერა სტუდიაში ჩაგვაწერინა, ყველას მოეწონა..."

ბეგის დედა 151-ე საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელია. ამ სკოლის დირექტორი ზაზა ადამაშვილი ამბობს, რომ ბეგი ძალიან ნიჭიერი ბიჭი იყო.

"კარგი მომავალი ელოდა. მარიკა ზედელაშვილი ჩვენთან უცხო ენას ასწავლის. ტრაგედიის წინადღეს ჩააბარა საატესტატო გამოცდები და დედამისი ძალიან ბედნიერი იყო".

როინ ქარდავამ გამოძიებას ჩვენება დაკავებისას მისცა, მაგრამ შემდეგ დუმილის უფლება გამოიყენა. ჩვენ მის ადვოკატ კახაბერ ხვისტანს დავუკავშირდით, მაგრამ მან კომენტარისგან თავი შეიკავა.

თეა ხურცილავა