"დამნაშავის დედას საბერძნეთიდან შვილებისთვის დაურ­­ეკავს, თუ დაიჭერთ, ძმა თქვენვე­ მოკალითო" - კვირის პალიტრა

"დამნაშავის დედას საბერძნეთიდან შვილებისთვის დაურ­­ეკავს, თუ დაიჭერთ, ძმა თქვენვე­ მოკალითო"

"სოფელი ფაილოძის უმკაცრესად დასჯას ითხოვს."

დანაშაული ზესტაფონის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. პეტრე ფაილოძე მრავალჯერ ნასამართლევია. ის 4 თვის წინ ციხიდან შეწყალებით გამოვიდა. ამჯერად კი 15-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სამი და ზესტაფონის სოფელში ბებიასა და მამასთან იზრდება. უფროსი 15 წლის არის, შუათანა -12-ის, პატარა - 10-ის. ბავშვების დედა სიდუხჭირის გამო საბერძნეთში წავიდა. იმ დღეს, 31 მაისს, გოგონები შინ მარტო იყვნენ... შემზარავი ფაქტი მეორე დღეს გახმაურდა. ბავშვები დილით სკოლაში წავიდნენ. უფროსი და მთელი დღე გაკვეთილზე ტიროდა, ბოლოს თანაკლასელს უამბო, რა გადახდა მის უმცროს დას... პედაგოგებმა ეს ამბავი ოჯახს შეატყობინეს და პოლიციაც გამოიძახეს.

ამირან ბახტაძე, სოფლის დეპუტატი:

- ფაილოძე 4 თვეა სოფელში გამოჩნდა, სახლში ძმა არ უშვებდა, ამიტომ ბიძასთან ცხოვრობდა. მათი სახლი ამ გოგონების სახლთან ახლოსაა, მეზობლები არიან.

იმ საღამოს ბავშვები შინ მარტო იყვნენ, მათთან თურმე ხშირად მიდიოდა ფაილოძე ყავის დასალევად, ამიტომ მისი სტუმრობა არ გაჰკვირვებიათ. იმ დღეს მთვრალი მისულა. უფროსი გოგონასთვის უთქვამს, ყავა მომიდუღეო, ბავშვს უპასუხია, ყავა არა გვაქვსო, მაშინ, ვიყიდოთ, მაღაზიაში გამომყევიო, უნდოდა, სახლიდან გაეყვანა. მას უარი უთქვამს, შემდეგ უმცროსისთვის უთხოვია, შენ მაინც წამომყევიო და ისიც გაჰყოლია. ვენახებია ჩვენს სოფელში, იქ ერთი ძირი დიდი მუხა დგას, იქ მიიტყუა ბავშვი და გააუპატიურა. ბავშვს დაზიანებები ეტყობა, პატარა, გამხდარი გოგონაა, რა წინააღმდეგობა უნდა გაეწია იმ მხეცისთვის. თურმე ბოლოს გამოექცა და იმ გარეწარს იქვე ჩასძინებია. ბავშვი სახლში გაფითრებული დაბრუნებულა. მერე უფროსი დისთვის მოუყოლია ყველაფერი.

სოფელი ფაილოძის უმკაცრესად დასჯას ითხოვს. დამნაშავის დედაც საბერძნეთშია, ეს ამბავი რომ გაიგო, შვილებისთვის დაურეკავს, თუ დაიჭერთ, ძმა თქვენვე მოკალითო.

- ამბობენ, ამ დანაშაულის შემდეგ ფაილოძე სოფელში ჩვეულებრივ დადიოდა.

- ამ უბედურების შემდეგ, მთვრალი მოდიოდა თურმე გზაზე, მეზობელს გაუჩერებია მანქანა, სახლამდე მიგიყვანო, მაგრამ არ ჩამჯდარა, ფეხით წავალო. ეს ამბავი მეორე დღეს რომ გახმაურდა, მთელი სოფელი შეიკრიბა, ახალგაზრდობა გამოვიდა ქუჩაში, მოვიდა ეს არაკაცი ფაილოძეც, ვკითხე, შენზე ასეთ საშინელებას რომ ამბობენ, რა ხდება-მეთქი. აქეთ შემომიტია, ყაჩაღი ვარ, ნარკომანი, ყველა უბედურების ჩამდენი, მაგრამ ამისთანა რამეს როგორ მაბრალებთო. იმ საღამოს ტელეფონით ბავშვების მამასაც უტიფრად შეუტია.

მას შემდეგ, რაც არასრულწლოვან გოგონას ქუთაისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა და მისი გაუპატიურების ფაქტი დადასტურდა, სამართალდამცავებმა მისი ძებნა დაიწყეს. ფაილოძე თბილისში დააკავეს.

თეა ხურცილავა