მარიხუანას დეკრიმინალიზაცია - ნარკომაფიის დაკვეთა?! - კვირის პალიტრა

მარიხუანას დეკრიმინალიზაცია - ნარკომაფიის დაკვეთა?!

"არ არის გამორიცხული, რომ ეს ჯგუფი საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის ან რომელიმე სახელმწიფოს დავალებას ასრულებდეს"

ცხარე კამათის თემად იქცა მარიხუანას დეკრიმინალიზაციის შესახებ შემუშავებული კანონპროექტი. ინიციატორები სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის აუცილებლობას იმით ხსნიან, რომ ჩვენი კანონმდებლობა მარიხუანას მომხმარებელთა მიმართ ხისტი და მკაცრია... "კვირის პალიტრა"”უშიშროების გენერალ-მაიორს, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორ ჯემალ ჯანაშიას ესაუბრა:

- მარიხუანას დეკრიმინალიზაცია მისი ლეგალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია.

ის მოსაზრება, რომ მარიხუანა არის მსუბუქი ნარკოტიკი, მითია. მისი დიდი ოდენობით მიღება მომაკვდინებელია.

დეკრიმინალიზაცია ნიშნავს იმას, რომ მარიხუანა თამბაქოს რეჟიმში გადავიყვანოთ, მოვიყვანთ ისევე, როგორც თამბაქოს, ანუ გავხდებით მისი მწარმოებლებიც. თუ მარიხუანას მოხმარება დასჯადი არ იქნება, უცხო ქვეყნები კონტრაბანდულად დაიწყებენ მის შემოტანას, ან სახელმწიფომ თვითონ უნდა შემოიტანოს და ფასიც დააწესოს მასზე. ჩვენს პირობებში, ბევრს არა აქვს მარიხუანას შეძენის საშუალება. ამიტომ მოიძებნება \ჯგუფი, რომელიც დაწესებულ ფასზე ნაკლებად შესთავაზებს მას მომხმარებელს. მეტიც, დაიწყება მისი მოყვანა უკანონო გზებით კახეთში, სვანეთსა და სამეგრელოში, სადაც საამისოდ მშვენიერი პირობებია (მარიხუანა იმავე კულტივაციას მოითხოვს, რასაც სიმინდი), ანუ გავხდებით მწარმოებლებიც და მივიღებთ დიდ ბაზარს, ვინაიდან იქნება მოთხოვნა, იქნება ბაზარიც.

- პარლამენტში განსახილველად შედის გოგა ხაჩიძის ინიცირებული კანონპროექტი.

- წინა ხელისუფლების დროს დეკრიმინალიზაცია აზრად არავის მოსვლია. ამის უკან არასამთავრობო ორგანიზაციები დგანან.

ეს არის ჯგუფი, რომელიც დიდი შემართებით ცდილობს ამ კანონპროექტის გატანას პარლამენტში. მასში არის პუნქტი, თუ ერთხელ მოხმარება არ არის დასჯადი, არც მეორე და მესამე მოხმარება უნდა იყოს, რაც პოპულისტური მოსაზრებაა.

რუსეთმა 1989 წელს მიიღო მსგავსი კანონპროექტი, დუმამ დაამტკიცა და მას შემდეგ რუსეთში 100%-ით გაიზარდა ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი.

დეკრიმინალიზაციის შემთხვევაში, საქართველოში შემოიტანენ მაღალი სელექციის მარიხუანას და გაავრცელებენ. ჩვენი ტერიტორია გახდება არა მარტო მომხმარებელი, მიმწოდებელიც. ასეა მექსიკაში - ის არის აშშ-ისთვის მარიხუანას ძირითადი მიმწოდებელი. 3 წელიწადში ნარკოკარტელებთან ბრძოლაში იქ 40 000 კაცი დაიღუპა. დღეს ნარკოკარტელებს უკვე არმია ებრძვის, ვინაიდან პოლიცია მასთან უძლურია.

- არცთუ დიდი ხნის წინ აშშ-ის ადმინისტრაციამ საქართველო ნარკოტიკების ტრანსპორტირების კლასიკურ ქვეყნად გამოაცხადა...

- აშშ-ის ადმინისტრაციამ პირდაპირ ჩამოაყალიბა თეზისი, რომ საქართველო არის ნარკოტიკების სატრანზიტო სივრცე, ამიტომ თავი უნდა დავიცვათ არა მარტო ტრანზიტისგან, არამედ იმისგან, რომ არ გავხდეთ მარიხუანას მწარმოებელი ქვეყანა.

ის არის ნაკლებად კონტროლირებადი სივრცე აზიიდან ევროპისკენ, რაც ხელს უწყობს საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულს, რომელსაც წელიწადში 350 მილიარდი დოლარი შემოსავალი აქვს. საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულს შეუძლია ნებისმიერ ადამიანთა ჯგუფზე იმოქმედოს და მიაღებინოს ისეთი კანონი, რომელიც მას აძლევს ხელს. ერთი რეგიონის 200 000 მომხმარებელი, წარმოიდგინეთ, რამხელა მოგებას მისცემს ნარკომაფიას.

- რაზე მიანიშნებთ?

- არ არის გამორიცხული, რომ ეს ჯგუფი, რომელიც განსაკუთრებით აქტიურობს მარიხუანას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით, საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის ან რომელიმე სახელმწიფოს დავალებას ასრულებდეს.

ჩვენს მტერ ქვეყნებს სწადიათ, ჩვენი ახალგაზრდობა იყოს დეგრადირებული, რომელსაც ერის არც წარსული აინტერესებს, არც აწმყო და არც მომავალი.

ამის კარგი საშუალებაა მისი ნარკოტიკებით გაბრუება. ეს ეპოპეა ჩვენ უკვე გავიარეთ 90-იან წლებში პანკისში, როდესაც ძალიან იაფი ოპიუმი შემოაგდეს ხეობაში და მთელი ახალგაზრდობა მას მიეჯაჭვა. ეს იყო ხელოვნურად პროვოცირებული პროცესი... ეს უბედურებაა!

გასაიდუმლოებული პლანტაცია

მექსიკის პოლიციამ საჰაერო პატრულირებისას აღმოაჩინა მსოფლიოში უდიდესი მარიხუანას პლანტაცია. მისი ზომა წარმოუდგენელია და შეადგენს 120 ჰექტარს, რომელშიც დათესილია ბუჩქისებრი სტილის მარიხუანა, ხოლო მოსავლის საერთო ღირებულება 160 მილიონი ამერიკული დოლარია. მფლობელმა მთელ მოსავალს გადააფარა შავი ბადე, რომ შეუმჩნეველი ყოფილიყო და ასევე მოსავალი არ გაეფუჭებინა მზეს.

დამნაშავეა - მარიხუანა

მექსიკაში მარიხუანას რეკორდული პარტია გაანადგურეს - სამხედროებმა 134 ტონა ნარკოტიკი

დაწვეს. ტვირთი განკუთვნილი იყო ამერიკაში, სან-დიეგოში გასაგზავნად და მისი ფასი 340 მლნ დოლარს შეადგენდა

დიდი ბრიტანეთის ფსიქიატრთა სამეფო კოლეჯის ანგარიშის მიხედვით, ყოველი მე-10 მომხმარებელი მარიხუანასთან ურთიერთობას უსიამოვნო გრძნობით ამთავრებს - იქნება ეს დაბნეულობა, ჰალუცინაციები, გაღიზიანება თუ პარანოია. კანაფისთვის უცხო არ არის დეპრესიული განწყობის შექმნა, მოტივაციის შემცირება. მტკიცდება, რომ ფსიქოზით დაავადებულთა დიდი ნაწილი მოიხმარს ან დიდი ხნის განმავლობაში მოიხმარდა კანაფს. კვლევათა მიხედვით, რეგულარული მოხმარება აორმაგებს შიზოფრენიით დაავადების რისკს.

დადასტურებულია, რომ ადამიანი, რომელიც მარიხუანას ან ჰაშიშის მოხმარებას 15 წლის ასაკამდე იწყებს, იოთხმაგებს შანსს, 26 წლისა შიზოფრენიით დაავადდეს.

მარიხუანას ხშირი მოხმარება ზემოქმედებს შრომისუნარიანობაზე. მისი გავლენის ქვეშ მყოფ ადამიანს ხშირად ეკარგება როგორც დროის, ისე მის გარშემო მიმდინარე მოვლენების ადეკვატური აღქმის უნარი, ხშირად სიზარმაცე ერევა, უჭირს კონცენტრაცია, ხდება გულმავიწყი. გონების გარდა, ზიანი შეიძლება მიადგეს ფილტვებსა და სასუნთქ სისტემას, ოღონდ აქ მარიხუანა არაფერ შუაშია; დამნაშავე ნიკოტინია. როგორც წესი, მარიხუანას თუთუნს ურევენ.

კანაფი მე-20 საუკუნის დასაწყისიდან აიკრძალა. ხუთი ათასი წლის მცენარეს დაბრკოლება პირველად 1911 წელს სამხრეთ აფრიკაში შეუქმნეს. მოგვიანებით სამხრეთ აფრიკას მიჰბაძეს სხვა ქვეყნებმაც. შეერთებულმა შტატებმა კანაფი 1937 წლიდან აკრძალა. დღეს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას საერთაშორისო სამართალი არეგულირებს გაეროს სამი კონვენციის მეშვეობით: 1961 წლის კონვენცია ნარკოტიკების შესახებ, 1971 წლის კონვენცია ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ და 1988 წლის კონვენცია ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ტრეფიკინგის შესახებ. საქართველო სამივე კონვენციის ხელმომწერია.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში კლების ტენდენცია შეინიშნება, მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით, მოწინავე ადგილს მაინც ჩრდილოეთ ამერიკა და ევროპა იკავებს. მომხმარებლებმა იმატეს ლათინურ ამერიკასა და აფრიკაში.

ევროპის სულ უფრო მეტი ქვეყანა ირჩევს თმენის პრაქტიკას და კანაფის მოხმარებისა და შენახვის ფაქტებს აღარ დევნის სისხლისსამართლებრივად. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ მოხმარებისა და შენახვის გამო ამერიკაში 1991 წლიდან დაპატიმრებულ ადამიანთა რიცხვი 750 000-ს აღწევს, კალიფორნიის მსგავსად, სამედიცინო მიზნით მარიხუანას მოხმარება 15 სხვა შტატში დაუშვეს. მათ შორისაა კოლუმბიის ოლქი, კოლორადო, ალასკა, ნიუ-მექსიკო, ნიუ-ჯერსი და ა. შ. გაცილებით მკაცრი მიდგომა აქვთ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს. მაგალითად, ტაილანდსა და სინგაპურში კანაფის მცირე დოზის შეტანა, შესაძლოა, სამუდამო პატიმრობის საფუძველი გახდეს.

ნანა ფიცხელაური