ვახო სანაია ძმის მკვლელობის ყოფილ გამომძიებელს დაუპირისპირდა - კვირის პალიტრა

ვახო სანაია ძმის მკვლელობის ყოფილ გამომძიებელს დაუპირისპირდა

რამდენიმე დღის წინ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის უფროსად ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის საქმის ერთ-ერთი ყოფილი გამომძიებელი სერგო ძაგნიძე დაინიშნა. ამ ფაქტს გიორგის ძმა, ჟურნალისტი ვახო სანაია გამოეხმაურა, რომელიც ძაგნიძეს საქმის გაყალბებაში ადანაშაულებს. შარშან ერთ-ერთ ინტერვიუში ძაგნიძე ამბობდა, რომ მან ყველა პროცედურული ნორმის დაცვით გახსნა საქმე და მკვლელი სწორედ გრიგოლ, იგივე გრიცკო ხურცილავაა. ძაგნიძემ დაწვრილებით ისაუბრა საგამოძიებო მოქმედებების შესახებ და დასძინა, რომ ამ საქმით მანიპულირებას ვახო სანაიასაც კი არ აპატიებდა.

- დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ გიორგი გრიცკომ მოკლა. მე ამაზე პასუხს ვაგებ ვახო სანაიას, გიორგის შვილისა და საზოგადოების წინაშე. ვახომ კი მადლობა მითხრას, რომ მისი ძმის მკვლელი დავიჭირე. რომელ სპეციალისტთან ერთადაც უნდა, დავუჯდები და ეს საქმე გავარჩიოთ,“- განაცხადა სერგო ძაგნიძემ.

ამ ინტერვიუს გამოქვეყნებისას ვახო სანაიას არაფერი უთქვამს, რამდენიმე თვის შემდეგ კი, როცა სერგო ძაგნიძე თავდაცვის უწყებაში სამხედრო პოლიციის უფროსად დაინიშნა, ტელეკომპანია "იმედის"“პირდაპირ ეთერში იგი მტკიცებულებების გაყალბებაში დაადანაშაულა.

"კვირის პალიტრა" სერგო ძაგნიძეს დაუკავშირდა: - ვახო სანაიამ ის სტატია ყურადღებით წაიკითხოს და ყველაფერს მიხვდება. რა ვუყო, ილაპარაკოს, რაც უნდა, მისი უფლებაა. მთელი მსოფლიო ბალისტიკურ ექსპერტიზაზეა გადასული და რა მტკიცებულებები უნდა გამეყალბებინა? ხურცილავა მკვლელობას აღიარებს, ექსპერტიზამ ბოთლსა და იარაღზე მისი თითის ანაბეჭდები დაადასტურა. ყველაფერს დასასრული ხომ უნდა ჰქონდეს? როდემდე შეიძლება ასე გაგრძელება? გიორგი სანაიას შვილი იზრდება იმ რწმენით, რომ მისი მამა პოლიტიკური მიზნით მოკლეს. აქ პოლიტიკური მიზეზი არ ყოფილა და რა ვქნა? უაზრო კამათს კი არ ვაპირებ.

ვახო სანაიამ "კვირის პალიტრასთან" განმარტა, რომ შეკითხვები ძაგნიძესთან კი არა, თავდაცვის მინისტრთან ჰქონდა, რომელმაც ყოფილი გამომძიებელი ამ პოსტზე დანიშნა:

- თინა ხიდაშელი თავის დროზე ადამიანის უფლებებს იცავდა. სამწუხაროდ, მან  ჩემს შეკითხვას არ უპასუხა. ნუთუ ადამიანის სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი საქმეები აქვს? 14 წელია, რაც მე და ჩემი ოჯახი ამ საქმის გამოძიებას, მკვლელობის შემკვეთების, შემსრულებლების გამოაშკარავებას ვითხოვთ.

ადამიანი, რომელმაც ჩემი ძმის მკვლელობის საქმის მტკიცებულებები გააყალბა, უტიფრად ამბობს, რომ საქმე გახსნა, რისთვისაც მადლობა უნდა გადავუხადო. მთელმა საქართველომ ნახა, შემთხვევის ადგილზე ნებისმიერი ადამიანი როგორ შედიოდა და გამოდიოდა. ეს კვალის ასარევად გააკეთეს. ყველაფერი ხომ კადრებზეა აღბეჭდილი.

გიორგის საქმეში ერთი მნიშვნელოვანი დეტალია - მკვლელობის საღამოს მან სახლის გასაღები დაკარგა. მოგვიანებით მეზობლის ქალმა გამოძიებას განუცხადა, რომ დაინახა, იმ საღამოს გიორგის ბინაში შუქი როგორ აინთო, ლანდი როგორ გადაადგილდებოდა, შემდეგ კი ისევ ჩაქრა. როცა ამ ეპიზოდის შესახებ გამომძიებელს ვკითხეთ, არ მახსოვსო, თქვა.

ეს დაცინვაა! სასამართლოში სპექტაკლი დადგეს. გინახავთ ოდესმე პროცესის ტრანსლირება პირდაპირი ეთერით? ამ გზით მათ საზოგადოებაში თავიანთი ბინძური ვერსიების გავრცელება სურდათ, რაც არ გამოუვიდათ.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ იმედი გვქონდა, რომ საქმეს გამოიძიებდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. ვპირდები საზოგადოებას, რომ ეს საქმე გაიხსნება! სერგო ძაგნიძე კი, ჩემთან კი არა, პროკურორსა და მოსამართლესთან დაჯდება.

როგორც ვახო სანაიამ დასძინა, მალე ის გიორგი სანაიას საქმის მასალების გამოქვეყნებას დაიწყებს.

სალომე გოგოხია