ქართველ ნაფიც მსაჯულთა მიერ განხილული გახმაურებული საქმეები
15-06-2015
ქართველ ნაფიც მსაჯულთა მიერ  განხილული გახმაურებული საქმეები
ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა, როგორც ამბობენ, საქართველოში არ გაამართლა. ბევრი სპეციალისტი თავიდანვე ამბობდა, რომ ცივი გონებით გადაწყვეტილების მიღება პრობლემა იქნებოდა. დიდი ხმაური მოჰყვა ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის საქმეზე ვერდიქტის გამოტანას - ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მსაჯულებმა გადაწყვეტილება ვერ მიიღეს, ამიტომ ახალ შემადგენლობას მოუწევს თავიდან საქმის განხილვა.

"ნაფიც მსაჯულთა შესახებ" კანონში მოსალოდნელ ცვლილებებზე ხელისუფლებაშიც დაიწყო ლაპარაკი. იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძის თქმით, ცვლილებების პაკეტი მომზადებულია. რა შეიცვლება, მოგვიანებით შევიტყობთ.

2011 წლიდან დღემდე
ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სულ 10 საქმე განიხილა, მათ შორის რამდენიმე საქმეზე გამამართლებელი ვერდიქტი გამოიტანეს.

ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით პირველი სასამართლო პროცესი 2011 წლის 9 ნოემბერს გაიმართა. რევაზ დემეტრაშვილი 17 წლის წინ მომხდარი მკვლელობისთვის გაასამართლეს. 1994 წელს ნეშან, ფლორა და ვაზგენ მინასიანები სადისტურად დახოცეს. ცნობილი "ცეხავიკისთვის" ფულის
გამოძალვის მიზნით ჯგუფის წევრებმა ოჯახის 19 წლის ვაჟი გაიტაცეს. გამტაცებლებს ვაზგენი 10 დღე ჯერ ორმოში, შემდეგ კი სოფელ დიღომში, ერთ-ერთ სახლში ჰყავდათ დამალული. გამტაცებლები 150.000 დოლარს ითხოვდნენ. ბიჭი თანხის ნაწილის, 75 ათასი დოლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. პროცესზე შემზარავი იყო დეტალების მოსმენა, სიკვდილს გადარჩენილ ჭირისუფალს გულიც კი წაუვიდა, ბრალდებულის ადვოკატი ამ ყველაფერს "დადგმულს" უწოდებდა, თუმცა მან დემეტრაშვილის გამართლება ვერ შეძლო.

დაზარალებულის ჩვენებიდან: "19 თებერვალს ოჯახის წევრები სახლის პირველ სართულზე ვიყავით. მამა და ჩემი ორი დისშვილი - მეორე სართულზე. ზემოდან ხმა გავიგონეთ და მაღლა ავცვივდით. მაშინვე დაგვყარეს იატაკზე, ფულს და ოქროს ითხოვდნენ, წიხლებს გვირტყამდნენ. მაღალმა, რომელსაც ნიღაბი ეკეთა, მაგრამ ნიკაპი და თმა უჩანდა, ჯერ მამას, დედასა და ჩემს ძმას ესროლა, მერე მე.  ორსული რძალიც, ბავშვით ხელში, ძირს დააგდეს... ჩვენს სახლში სამი კუბო ესვენა. ამ ამბის მერე ერევანში წავედით. ავადმყოფი ძმა მყავდა, დარდზე ჭამა შეწყვიტა და მალე ისიც გარდაიცვალა".

ალბათ, ძნელი იქნებოდა თითოეული მსაჯულისთვის ამგვარი ჩვენებების შემდეგ სხვა ვერდიქტის გამოტანა - დემეტრაშვილი ბრალს არ აღიარებდა, მაგრამ მას 14 წელი მიუსაჯეს.

მორიგი ხმაურიანი სასამართლო სხდომა 2011 წლის დეკემბერში ჩატარდა. ამჯერად განსასჯელის სკამზე ბრალდებულები: რომეო სარქისოვი, ლევან კიკაბიძე და ვახტანგ ბეჟანიშვილი ისხდნენ. მათ 2004 წლის 7 სექტემბერს ჯგუფურად, შეკვეთით, პატიმარ ნოდარ მატიაშვილის განზრახ მკვლელობაში ედებოდათ ბრალი. პროცესზე დეტალურად მოჰყვნენ, როგორ წამებით გაგუდეს ციხეში პატიმარი, როგორ მოახრჩვეს. ბრალდებულები დამნაშავედ ცნეს.

2013 წლის დეკემბერში კი ბრალდებულ გიორგი და ნიკოლოზ ბეჟაშვილების საქმეზე ნაწილობრივ გამამართლებელი ვერდიქტი გამოიტანეს. არადა, ამ შემთხვევაშიც ბრალდება მძიმე იყო. საქმის მასალების მიხედვით, 2013 წლის 28 მაისს სიღნაღის რაიონის სოფელ ხირსაში გიორგი ბეჟაშვილმა ნიკოლოზ მენთეშაშვილი დანით მოკლა. თორმეტმა ნაფიცმა მსაჯულმა ერთხმად მიიღო გამამართლებელი ვერდიქტი: ხულიგნობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბეჟაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, ხოლო მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ბეჟაშვილზე მსაჯულების აზრი ასეთი იყო: მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით მოხდა. გიორგი ბეჟაშვილს 3 წელი მიუსაჯეს. ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებამ მოკლულის ოჯახი აღაშფოთა, მაგრამ ვერდიქტი საბოლოოა.
2014 წლის იანვარში კიდევ ერთ, რიგით მერვე საქმეზე, ნაფიცმა მსაჯულებმა სერგეი ბაბოიანის გამამართლებელი ვერდიქტი გამოიტანეს. ბრალდებულს ანა ბაბოევის დამამძიმებელ გარემოებებში ანგარებით და ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურ ქურდობაში ედებოდა ბრალი. თორმეტმა ნაფიცმა მსაჯულმა, 11 ხმით ერთის წინააღმდეგ, გამამართლებელი ვერდიქტი გამოიტანა, ბაბოიანი დარბაზიდანვე გაათავისუფლეს. 

საქმეების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ასეთ შემთხვევებში ძნელია, მიხვდე, რითი იხელმძღვანელეს ნაფიცმა მსაჯულებმა, მათი ვერდიქტი არ საბუთდება. ამიტომაც არის, რომ ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა ამ ინსტიტუტს. სხვათა შორის, მოკლული ლაშა მახარაძის ოჯახი ითხოვს, საქმე განსახილვევად სასამართლოს გადაეცეს. ურჩევნიათ, პროფესიონალი მოსამართლის სამართლიან გადაწყვეტილებას დაელოდონ.

ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა კი თვლის, რომ ყველაფერი ქართული ხასიათის ბრალია:
- ქართული ხასიათიდან გამომდინარე, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში ვერ გაამართლებდა, რადგან ქართველისთვის დამახასიათებელია დაჩაგრულის შეწყნარება. ქართული ხასიათი ტოლერანტულია, ამას ისტორია ადასტურებს. ქართულ ხასიათში არ ჯდება მსაჯულის როლი. კანონი ჰუმანური უნდა იყოს, კულტურა შენი არჩევანია. როცა ალტერნატივაა, იძულებას დაუჭიროს მხარი თუ არჩევანს, ადამიანი არჩევანს უჭერს მხარს. სადაც მძიმე საქმეები იყო, სადაც ემოციები ჭარბობდა, სადაც სისასტიკე იყო, მსაჯულები ბრალდებულს აუცილებლად გაამტყუნებდნენ.
ვფიქრობ, მსაჯულები პირველ რიგში ზედმიწევნით ჰუმანური ადამიანები უნდა იყვნენ. კაცობრიობის მამოძრავებელი  ღერძი ხომ ჰუმანიზმია და მსაჯულის ფუნქციაც ის არის, რომ მის კანონს, რაც კონკრეტულ დროშია, კაცობრიობის თვალით შეხედოს და გააანალიზოს". 

P.S. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პირველად 829 წელს საფრანგეთში ამოქმედდა,  XI საუკუნიდან ინგლისში, ხოლო XIX საუკუნის პირველი ნახევრიდან  ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთში. ამ ინსტიტუტის შესახებ მსოფლიოში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა, ბევრ ქვეყანაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო გაუქმდა, მაგალითად, საფრანგეთში, გერმანიაში, საბერძნეთში, ავსტრიაში, ლუქსემბურგში, იტალიაში, ჩეხეთში, უნგრეთში, იტალიაში... გაუქმდება თუ არა ჩვენთან, ეს მალე გამოჩნდება.


როგორ არჩევენ მსაჯულებს

ნაფიცი მსაჯულები ერთიანი საარჩევნო სიიდან ირჩევიან. მსაჯული ვერ გახდება ნასამართლევი პირი, ბრალდებული ან მსჯავრდადებული, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი, პროკურატურის, იუსტიციის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, შეიარაღებულ ძალებში მომუშავე, სასულიერო პირი, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი და იურისტი. კანდიდატს უფლება აქვს,  უარი თქვას  მსაჯულობაზე, თუ  ისეთ სამსახურში მუშაობს, სადაც მისი  შეცვლა  მნიშვნელოვან  ზარალს გამოიწვევს;  თუ ხანგრძლივი  ვადით   არ არის საქართველოში, ან თუ 70 წელს  გადაცილებულია.  დანარჩენ შემთხვევაში ნაფიცი  მსაჯული  ვალდებულია,  მონაწილეობა  მიიღოს  საქმის  განხილვაში,  წინააღმდეგ შემთხვევაში,  სამოქალაქო  ბეგარა დაეკისრება.

თუ ვერდიქტი გამამართლებელია, დაკავებულს სასამართლო დარბაზიდან ათავისუფლებენ და განაჩენი არ გასაჩივრდება. გამამტყუნებელი განაჩენი კი შეიძლება ერთხელ, სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდეს.
მსაჯულებს მიღებულ გადაწყვეტილებაზე განმარტების გაკეთება და დასაბუთება არ მოეთხოვებათ.
თუ ნაფიცი მსაჯული დადებულ ფიცს დაარღვევს და გათქვამს თათბირისა და კენჭისყრის საიდუმლოს, მას ჯარიმა ან პატიმრობა ელის. თუკი სხდომის თავმჯდომარე მოსამართლე ხედავს, რომ განაჩენი აშკარად უსაფუძვლოა, მას შეუძლია მსაჯულთა გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტი გააუქმოს და ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის შესარჩევად სხდომის თარიღი დანიშნოს.

სკანდალური ვერდიქტები

ისტორიაში შეცდომად თვლიან ვერდიქტს, როცა მსაჯულებმა უდიდეს ფილოსოფოს სოკრატეს სიკვდილი მიუსაჯეს. ბრალმდებელი სოკრატეს ათენის ახალგაზრდა თაობის კორუფციაში ჩართვასა და ღვთაებათა უპატივცემლოდ მოხსენიებაში ადანაშაულებდა. სასამართლო განხილვაში, სავარაუდოდ, 30 მსაჯული მონაწილეობდა. თურმე თანამოაზრეებმა სოკრატეს გაქცევაც შესთავაზეს, მაგრამ ფილოსოფოსმა ეს პრინციპულად უარყო, განაჩენი მიიღო და მისთვის განკუთვნილი შხამით სავსე ფიალა შესვა.

გახმაურებული იყო ჯონ ჰინკლის საქმე. მან 1981 წლის 29 მარტს ვაშინგტონში, სასტუმრო "ჰილტონიდან" გამოსულ ამერიკის პრეზიდენტ რონალდ რეიგანს ესროლა. მაშინ რამდენიმე კაცი დაშავდა, პრეზიდენტი კი გულმკერდის არეში დაიჭრა. სასამართლოზე გაირკვა, რომ ბრალდებულს ცნობილი მსახიობი ჯოდი ფოსტერი ჰყვარებია და დანაშაულამდე მსახიობს წერილი მისწერა, შენი ყურადღების მისაქცევად პრეზიდენტზე თავდასხმას მოვაწყობო. პროცესზე მსახიობიც დაჰკითხეს. ფოსტერს ბრალდებულისთვის არც შეუხედავს, რამაც ჰინკლი გაანაწყენა და საყვარელ ქალს ფანქარი ესროლა, თან დაემუქრა, პირველივე შესაძლებლობისთანავე სასტიკად გაგისწორდებიო. ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ჰინკლი ფსიქიკურად დაავადებულად მიიჩნია.

1993 წელს ლორენა ბობიტი ქმრის მკვლელობის ბრალდებით გაასამართლეს. მართალია, განსასჯელმა თავი დამნაშავედ ცნო, მაგრამ მსაჯულებმა ის უდანაშაულოდ ცნეს.

გაუმართლა განსასჯელ აირის პაინსაც, ისიც მეუღლის მკვლელობაში ამხილეს. დიდწილად ქალებისგან დაკომპლექტებულმა ნაფიცმა მსაჯულებმა მიიჩნიეს, რომ განსასჯელს ტირანი მეუღლისგან თავის დასაღწევად სხვა გზა არ ჰქონდა.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ისტორიაში მსაჯულ ჯილიან გესის სახელიც დარჩა. იგი 1995 წელს კანადის ხმაურიანი საქმის (ქუჩაში ორი ინდიელი მოკლეს) განხილვაში მონაწილეობდა. პროცესზე ჯილიანს ერთ-ერთი განსასჯელი შეუყვარდა. მართალია, სხვა მსაჯულები ჯილიანის აზრს კატეგორიულად არ ეთანხმებოდნენ, მან მაინც შეძლო ჟიურის წევრებზე გავლენის მოხდენა და ისინი განსასჯელთა უდანაშაულობაში დაარწმუნა. დამნაშავეები გაათავისუფლეს და მათ მხოლოდ ჯარიმის გადახდა დააკისრეს. ამის გამო მოგვიანებით შეყვარებული მსაჯული თავად აღმოჩნდა ბრალდებულის სკამზე. ჯილიანი მიკერძოებასა და სხვა მსაჯულებზე ზეგავლენის მოხდენაში დაადანაშაულეს.

O.J. Simpsontის საქმე  ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური იყო. ეს პროცესი იმდენად მნიშვნელოვანი გახდა, რომ განაჩენის გამოცხადება პირდაპირი ეთერით გადაიცა და მას ამერიკის მოსახლეობის 91-მა პროცენტმა უყურა.
პროფესიონალური ფეხბურთის ვარსკვლავი, სპორტული კომენტატორი და მსახიობი სიმპსონი სამართალდამცველებმა ცოლის ნიკოლ ბრაუნ-სიმპსონისა და მისი მეგობრის მკვლელობაში დაადანაშაულეს. სიმპსონის პროცესი 133 დღე გაგრძელდა და მასზე ჩვენება მისცა 150-მა მოწმემ. პროცესის ჩატარება 20 მილიონი დოლარი დაჯდა. სიმპსონის ინტერესებს 11 ძვირად ღირებული ადვოკატი იცავდა.

სიმპსონის ბრალდების გამაგრებაზე მუშაობდა ბრალმდებელთა 25-კაციანი ჯგუფი, რომელთაც ვერ შეძლეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ბოლომდე დარწმუნება, რათა სიმპსონისთვის გამამტყუნებელი განაჩენი გამოეტანათ. ხანგრძლივი საქმის მოსმენა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სამსაათიანი თათბირით დასრულდა და სიმპსონს გამამართლებელი ვერდიქტი გამოუტანეს. ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტით, ცნობილმა ფეხბურთელმა გადაიხადა 9 მილიონი დოლარის კომპენსაცია და 25 მილიონი დოლარის ჯარიმა, მაგრამ მიიღო თავისუფლება. ნაფიც მსაჯულთა ჟიურიმ ბრალდების მხარის მიერ მოთხოვნილ სასჯელის უმაღლეს ზომას - სიკვდილით დასჯას - მხარი არ დაუჭირა, რადგან ჩათვალა, რომ ბრალდებამ მყარი მტკიცებულებების წარდგენა ვერ მოახერხა. 

ნაფიც მსაჯულთა ჟიური არ მოექცა არც საზოგადოებრივი გავლენის ქვეშ, მიუხედავად იმისა, რომ შავკანიანი სიმპსონის დასჯას, რომელსაც ბრალი ედებოდა თეთრკანიანი ცოლის მკვლელობაში, თეთრკანიან ამერიკელთა დიდი ნაწილი ითხოვდა.

თეა ხურცილავა

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით