"ქმარმა ჯერ იარაღით სცადა ცოლის მოკვლა, შემდეგ კი მანქანით გადაუარა" - ძალადობის საზარელი ფაქტები - კვირის პალიტრა

"ქმარმა ჯერ იარაღით სცადა ცოლის მოკვლა, შემდეგ კი მანქანით გადაუარა" - ძალადობის საზარელი ფაქტები

"შორიდან ვუყურებდით, როგორ ურტყამდნენ დედას"

სავალდებულო უნდა გახდეს სკოლის დამთავრება, მშობლები უნდა აიძულონ, ბავშვები სკოლაში ატარონ. თუ ასე გაგრძელდა, ტრაგედია კიდევ არაერთხელ განმეორდება.

იორმუღანლოში ქმრის ნათესავებმა 31 წლის ხანუმა ჯეირანოვა იმის გამო დასაჯეს, რომ უცხო მამაკაცის მანქანაში ნახეს. ქალი მანქანიდან გადმოათრიეს და სასტიკად სცემეს. ამის შემდეგ სოფლის ბირჟამდე ფეხშიშველი ატარეს, სოფელი შეკრიბეს და ხალხს აყურებინეს, როგორ სცემდნენ. მეორე დღეს ქალმა თავი მოიკლა.

8 თვე დამნაშავეების დასჯას უშედეგოდ ელოდნენ ხანუმას მეუღლე და მშობლები, საჩივარს საჩივარზე წერდნენ, მაგრამ არავინ დასჯილა... როცა უსამართლობით გამწარებულმა ხანუმას მეუღლემ, აჯია ჰასანოვმა ერთ-ერთი დამნაშავე ფეხში დაჭრა, ის სასწრაფოდ დააკავეს და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ციხეში გამოკეტეს.

ზაჰიდა ჯეირანოვი, ხანუმა ჯეირანოვას მამა: - ჩემს შვილს ქუჩაში სამარცხვინოდ სცემეს, ხალხს აყურებინეს, როგორ ურტყამდნენ. ამ ამბის თვითმხილველები არიან ჩემი შვილიშვილები - ხანუმას მცირეწლოვანი შვილები. რა უფლება ჰქონდათ, ჩემს შვილს ასე რომ გაუსწორდნენ?!  დამნაშავეების გვარები იცის პოლიციამ, მაგრამ მათთვის პასუხი არავის მოუთხოვია. ჩემმა სიძემ ამდენი უსამართლობა ვერ მოითმინა და ერთ-ერთი დაჭრა. ის მაშიIნვე დაიჭირეს. ახლა ჩემი შვილი მიწაშია, სიძე - ციხეში, ბავშვები უდედმამოდ დარჩნენ, დამნაშავეები დაუსჯელები არიან. ეს არის სამართალი?!

ხანუმას პატარები ჰყვებიან, როგორ სცემეს მათ დედას.

"სკოლიდან მოვდიოდი, ბირჟასთან ჩხუბი იყო, ვიფიქრე, კაცები ჩხუბობენ-მეთქი, თურმე დედაჩემს სცემდნენ ელჩინ გეიხანოვი, აივაზ ჰასანოვი, ოვკან ისმაილოვი, ნოვრუზ ჰასანოვი, თერმან ჰასანოვი და კიდევ ერთი კაცი, რომელსაც არ ვიცნობ. ახლოს მისვლის შემეშინდა, შორიდან ვუყურებდი, როგორ ურტყამდნენ დედას ფეხებსა და ხელებს, ის ტიროდა, მერე გული წაუვიდა. წაქცეულთან მივიდა აივაზ ჰასანოვის ცოლი და დედაჩემს წყალი მიაწოდა. მერე მაღაზიაში შეიყვანეს, მერე ალახ გეიჰანოვის ოჯახში", - ჰყვება ხანუმას ქალიშვილი.

"ელჩინის ბიჭმა მოირბინა და მითხრა, ქუჩაში დედაშენს სცემენო. გავიქეცი და ვნახე ტრასაზე სცემდნენ, დედა წაიქცა, მე შორიდან ვტიროდი... მერე გავიგეთ, რომ დედამ თავი მოიკლა", - ჰყვება ხანუმა ჯეირანოვას უფროსი ვაჟი და ცრემლს ვერ იკავებს.

ხანუმას მეუღლე აჯია ჰასანოვი ამბობს, რომ ცოლთან 14 წელი ბედნიერად იცხოვრა და არ სჯერა, რომ ქალმა უღალატა:

"არასოდეს გვიჩხუბია. ბიძაშვილები მეუბნებიან, სხვა ბიჭთან ვნახეთ და ამიტომ ვცემეთო. სიკვდილის წინ დამირეკა ჩემმა ცოლმა, ბავშვები მინდა ვნახოო, მერე გავიგე, თავი მოუკლავს. რა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას. ამის ღირსი არ იყო ჩემი ცოლი. დამნაშავეები არ დასაჯეს. ერთი ქუჩაში გადამეყარა და ფეხებში ვესროლე".

"გოგოს ბიჭისთვის დაურეკავს, მოდი და წამიყვანე, თორემ დეიდაშვილზე მათხოვენებო"

კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა სოფელ კაზლარში. 21 წლის ულფუგარ გულიევმა ცოლის შერთვა გადაწყვიტა და ამას შეეწირა. შეყვარებული გოგონას სახლთან ბიჭს ხელკეტებით თავი გაუჩეჩქვეს და ცემაში ამოხადეს სული. ამ დანაშაულისთვის გოგოს მამა, ნოვრუზ ქარიმოვი, დააკავეს, თუმცა, გულიევების ოჯახი ქარიმოვების ოჯახის სხვა წევრების დასჯას დღემდე უშედეგოდ ითხოვს...

"ყურადღებას არავინ გვაქცევს, ხმის ამოღების უფლებაც არა გვაქვს, პროკურორი ზურგს გვაქცევს. ქალ-ვაჟს ერთმანეთი უყვარდა. გოგოს ბიჭისთვის დაურეკავს, მოდი და წამიყვანე, თორემ დეიდაშვილზე მათხოვენებო. იმ საღამოს სახლიდან ულფუგარი ღამის პირველ საათზე გასულა, მასთან ერთად ორი მეგობარი ბიჭიც იყო გოგოს მოსატაცებლად. გოგო თავისი ფეხით ჩამჯდარა მანქანაში, მაგრამ უცებ მანქანა ვერ დაუქოქავთ. ამ დროს გამოვარდნილა სახლიდან გოგოს დედ-მამა. დედა წინ გადასდგომია მანქანას, ჯოხს ურტყამდა, მამას კი თავში ცულის ტარი ჩაურტყამს ბიჭისთვის. მისმა მეგობრებმა გაქცევა მოასწრეს. ულფუგარი შერჩათ, შეუთრევიათ ბიჭი ეზოში, სკამზე თოკით დაუბამთ, ხელ-ფეხი შეუკრავთ და სასტიკად უცემიათ. გოგოს დედაც ყვიროდა თურმე, მოკალითო. ბიჭს თავი გაჩეჩქვილი ჰქონდა. არმატურით, ცულის ტარითა და ჯოხებით გაუხეთქეს თავი. სახე სიგარეტით ჰქონდა დამწვარი. გურჯაანის საავადმყოფოში რომ ვნახეთ, ვერ ვიცანი, ისე იყო წელს ზემოთ დალურჯებული და დასივებული... 8 თვე გავიდა, ვერ მივაღწიეთ ყველა დამნაშავის დასჯას. მარტო ერთი კაცი ვერ მოერეოდა ულფუგარს, მთელი ოჯახი გაუსწორდა, როცა ურტყამდნენ, თურმე ფეხებში ჩაუვარდა მამას გოგო და უთქვამს, ნუ სცემ, ყველაფერი ჩემი ბრალი იყო, მე ვუთხარი, მოსულიყოო", - ამბობს ულფუგარის ბიძა ასთან გულიევი.

ქმარმა ჯერ იარაღით სცადა ცოლის მოკვლა, შემდეგ კი მანქანით გადაუარა

მორიგი დანაშაული შარშან საგარეჯოს სოფელ ვერხვიანთან მოხდა. იმ დღეს სოფელ თულარში მცხოვრებმა 41 წლის ელიმხან ედიგაროვმა მეუღლე მელეიქა ჰასანოვა ავტომანქანაში ჩაისვა, შვილებს კი უთხრა, რომ ცოლი თბილისში ექიმთან მიჰყავდა. ქმარმა ჯერ იარაღით სცადა ცოლის მოკვლა, შემდეგ კი ავტომანქანით გადაუარა. დამნაშავეს გაქცევა არ უცდია, ის პოლიციას ჩაჰბარდა.

ლინჩის წესით გაასამართლეს...

შარშან სოფელ ქეშალოში ეჭვიანობის ნიადაგზე ლინჩის წესით გაასამართლეს ლომონა ალაზოვა. მას ქუჩაში სასტიკად სცემეს, შემდეგ ორჯერ ესროლეს. ქალი სიკვდილს გადაურჩა. სამართალდამცავებმა ამ დანაშაულში ამხილეს დაზარალებულის ბიძაშვილი, 1979 წელს დაბადებული კაზანთარ ალაზოვი, თუმცა ყველამ იცის, რომ ქალს სხვებიც სცემდნენ, მაგრამ ისინი არ დასჯილან.

იხილეთ ვიდეოსიუჟეტი