"გოგო ჩემია და ვისაც მინდა, იმას მივათხოვებ" (?!) - კვირის პალიტრა

"გოგო ჩემია და ვისაც მინდა, იმას მივათხოვებ" (?!)

აზერბაიჯანულ სოფლებში ვითარება უკიდურესად მძიმეა. არც ერთმა ქალმა ქართული არ იცის, ბავშვები სკოლაში არ დადიან და განათლებას ვერ იღებენ. გოგონები მაქსიმუმ 3 კლასს ამთავრებენ, მერე მშობლებს მთაში ან მინდვრად სამუშაოდ დაჰყავთ. ამასთან, მეხუთეკლასელ გოგონებს ნიშნავენ ან ათხოვებენ. ამბობენ, ეს ჩვენი ადათიაო.

"ჩვენთან გოგოს აზრს არავინ ეკითხება. გოგო ვერ იტყვის, რომ ვიღაც ბიჭი უყვარს, ვისაც შეურჩევს ოჯახი, იმას უნდა გაჰყვეს. სიტყვა "მიყვარს" ჩვენთან არ არსებობს. ყველაფერი განათლების უქონლობის ბრალია. კაზლარში სკოლაც კი არ არის, იორმუღანლოს სკოლამდე 5-6 კილომეტრი უნდა გაიარონ ბავშვებმა. მეხუთე კლასის შემდეგ კი ბავშვებს სკოლაში აღარ უშვებენ. ამ პრობლემას მიხედვა სჭირდება", - გვითხრა ორუჯა ჯაფაროვმა.

ბაქათ ნაზაროვი: - ჩვენი წესი ასეა - სასიძოებს მშობლები ვირჩევთ. 2 წელი ან მეტხანს დანიშნულები არიან, მერე ქორწილი იმართება, ზოგი დანიშვნისთანავე მიჰყვება ბიჭს. ეს ჩვენი ტრადიციაა და ასე უნდა გაგრძელდეს.

ახალგაზრდა მუზამფარ ქარიმოვსაც მოსწონს თავისი ტრადიცია. ის ორი მცირეწლოვანი შვილის მამაა, თუმცა უსიყვარულოდ შექმნა ოჯახი:

- დედამ მითხრა, შენთვის კარგი გოგო მყავსო. მოელაპარაკა მის მშობლებს და ცოლი 15.000-ად მიყიდა. არ მიყვარდა, მაგრამ მაინც მოვიყვანე. იმ გოგოს ყველაფერი გამოაყოლეს მისმა მშობლებმა, 25 000-ის ავეჯი მოიტანეს ჩვენს სახლში. ჩვენთან გოგო რომ თხოვდება, მისი მშობლები ბიჭის სახლს ავეჯით აწყობენ. ქორწილიც გვქონდა, ჩვენც ვუყიდეთ ჩემს ცოლს სამკაული: ოქროს ჯაჭვი, საყურე, სამაჯური, რაც ტრადიციით ეკუთვნის. არც ჩემი ცოლისთვის უკითხავს ვინმეს აზრი. მე მომწონს ჩვენი წესები. ახლა ორი შვილი გვყავს.

- სკოლაში დადიოდი? - ვკითხე გაკვირვებულმა მუზამფარს, რომელიც დამტვრეული ქართულით მელაპარაკებოდა. ამ შეკითხვას მისი ახლობელი გამოეხმაურა, სამი კლასის მერე სკოლაში არ უვლია, სულ მთაში მუშაობს და გოგოს სხვანაირად როგორ გაიცნობდაო.

კიდევ ერთ 25 წლის მამაკაცს გავესაუბრე იმ იმედით, რომ ის მაინც დაგმობდა ამ ტრადიციას:

- 13 წლის იყო ჩემი ცოლი, რომ მოვიყვანე. მამამ შემირჩია და ვერ გავუწევდი წინააღმდეგობას. თუ არ დაემორჩილები, დაგსჯიან. ისე, მე სხვა გოგო მიყვარდა, მისი მოტაცება მინდოდა, მაგრამ როცა სახლში ვთქვი, გამიბრაზდნენ. იმ გოგოს ოჯახი არ მოსწონდათ ჩემებს. გოგოს ცოტა ხანი მალულად ვხვდებოდი, მაგრამ ეს ძალიან საშიში იყო, რომ დავეჭირეთ ერთად, ალბათ, ორივეს დაგვხოცავდნენ. ჩვენთან გოგოს და ბიჭის დალაპარაკება არ შეიძლება. სხვა გზა არ იყო, ვინც მშობლებმა შემირჩიეს, ის მოვიყვანე ცოლად.

აჰმედ სამედოვი: - ჩემს გოგონებს საქმროები მე შევურჩიე. ახლა ახალგაზრდები ცდილობენ, გოგოები მოჰპარონ მშობლებს, ზოგიერთ გოგოს სკოლაში ვერ უშვებენ იმის შიშით, რომ მოიტაცებენ, არადა, ის გოგო დანიშნულია. ჩემს შვილს რომ მოიტაცებ, მერე მე ხომ უნდა ვიძიო შური ბიჭზე. გოგო ჩემია და ვისაც მინდა, იმას მივათხოვებ. ჩემი ერთი გოგო დისშვილს გავაყოლე. გოგოებისთვის აზრი რატომ უნდა მეკითხა, ჩემზე კარგად იცოდნენ, ქმრად ვინ გამოადგებოდათ? წესია, სანათესაოში ვინც კარგი იქნება, იმას უნდა გააყოლო გოგო. ჩვენთან ქალს აზრს არავინ ეკითხება. თუ გოგო დაუკითხავად გაჰყვა შეყვარებულს, თუ დროზე მიუსწრეს, აუცილებლად უკან წამოიყვანენ. ერთხელ დანიშნული გოგო სხვა ბიჭს გაჰყვა, მამას არ უნდოდა და თავისი გოგო ცემით მოკლა.

საბედნიეროდ, განსხვავებული აზრიც მოვისმინე:

აჰმედ ყულიევი: - სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ ჩვენს სოფლებში ბავშვებმა განათლება მიიღონ. სავალდებულო უნდა გახდეს სკოლის დამთავრება, მშობლები უნდა აიძულონ, ბავშვები სკოლაში ატარონ. თუ ასე გაგრძელდა, ტრაგედია კიდევ არაერთხელ განმეორდება. განათლებულები რომ იყვნენ, მშობელი ვერ აიძულებს გათხოვებას. ამიტომაც ხდება უბედურება. მიუხედავად იმისა, რომ იციან, ღალატისთვის შეიძლება მოკლან, ზოგიერთი ქალი მაინც ღალატობს ქმარს, რადგან არ უყვარს.