შემაძრწუნებელი, ამაზრზენი და გაუხმაურებელი დანაშაული - სუსტი გულის პატრონები ნუ წაიკითხავთ! - კვირის პალიტრა

შემაძრწუნებელი, ამაზრზენი და გაუხმაურებელი დანაშაული - სუსტი გულის პატრონები ნუ წაიკითხავთ!

"რას ვიფიქრებდი,  თუ ასეთი საშინელება ჰქონდა გაკეთებული. ჩემი მხეცი ქმარი მაშინვე დააკავეს"...

"თავი რომ ჩამოვიხრჩო, ვის დავუტოვო შვილიშვილი"

ეს საზარელი ამბავი რამდენიმე დღის წინ შევიტყვეთ. ფაქტის სიმძიმიდან გამომდინარე, არ ვასახელებთ არც დაზარალებულისა და არც ბრალდებულის ვინაობას.

პატარა გოგონას ბებიისა და დედის ინფორმაციით, 29 წლის ა. კ.-მ, რომელიც ერთ-ერთი ბანკის თანამშრომელი იყო, 28 აპრილს სამი წლის გერი გააუპატიურა. იმ დროს მისი მეუღლე პროდუქტების შესაძენად იყო წასული. დანაშაულის დასაფარავად მამინაცვალმა ბავშვი საწოლში დააწვინა და მაღაზიიდან დაბრუნებულ მეუღლეს უთხრა, გოგონას ჩაეძინაო.

ა. კ. მეორე დღესვე დააკავეს. შს სამინისტროში ამ ფაქტს ადასტურებენ და ამბობენ, რომ საქმე 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით აღიძრა ("სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედება, წინასწარ შეცნობით მცირეწლოვნის მიმართ"). ექსპერტიზამ ა. კ. შეურაცხადად ცნო და ახლა იგი ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობს...

ექსპერტიზა გოგონასაც ჩაუტარდა. დადასტურდა, რომ ბავშვი გაუპატიურებულია...

მომხდარის შესახებ  გოგონას დედა და ბებია გვესაუბრნენ:

მ. გ., ბავშვის ბებია: - "ჩემს შვილს ქმარი დაეღუპა, მისგან გოგონა დარჩა. მეორე მეუღლე ნუცუბიძეზე ცხოვრობდა და ბავშვთან ერთად მასთან გადავიდა. რას ვიფიქრებდით, თუ ასეთ საშინელებას ჩაიდენდა. ეტყობა, თავს გვაჩვენებდა, რომ ბავშვი უყვარდა. ეს არაკაცი ერთ-ერთი ბანკის თანამშრომელი იყო... თავი რომ ჩამოვიხრჩო, ვის დავუტოვო შვილიშვილი (მ.გ.-ს გარდაცვლილი ვაჟისგან 2 შვილიშვილი დარჩა. ერთი დედის ოჯახში იზრდება, მეორეს ბებია ზრდის) და ჩემი ქალიშვილი პატარა გოგონათი... პოლიცია ამბობს, თქვენი სიძე ხონის ფსიქიატრიულშია გადაყვანილი, საქმე დაიხურაო. თუ შეშლილია, როგორ ამუშავებდნენ ბანკში?! მოვითხოვ იმ არაკაცის ციხეში გადაყვანას, მასთან ერთად დამნაშავეა ამ ავადმყოფის დედაც. ისიც მონაწილეობდა ჩემი ოჯახის გაუბედურებაში... ექიმებმა მითხრეს, ბავშვს ფსიქიკა შერყეული აქვსო. მისი ნახვის უფლება არ მოგვცეს, მინდობით აღზრდაშია გადაყვანილიო. ჩემს შვილს დედობის უფლება დროებით შეეზღუდა. ძალიან მინდა, რომ ჩემი გაუბედურებული შვილიშვილი დედას დაუბრუნონ. მე დავუდგები ჩემს შვილს თავდებში და ბავშვს არაფერს მოვაკლებთ.

29 წლის ა. კ.-მ და 26 წლის ვ. ქ.-მ ხუთი თვის წინ იქორწინეს. ქალისთვის ეს მეორე ქორწინება იყო, კაცისთვის კი, როგორც მეზობლები ამბობენ - მეხუთე.

ვ. ქ. გოგონას დედა: - ბოლო ორი თვე შეიცვალა, ჩხუბობდა, არ მოსწონდა ჩემი დალაგებული სახლი და გაკეთებული საჭმელი, მცემდა კიდეც, მაგრამ რას ვიფიქრებდი, თუ ასეთ საშინელებას ჩაიდენდა. იმ საზარელ დღეს მაღაზიაში გავედი. ბავშვი ოთახში თამაშობდა. დედამთილს ვთხოვე, ბავშვს მიხედე-მეთქი. მალე დავბრუნდი. მისაღებ ოთახში ბავშვი აღარ დამხვდა. მოვიკითხე. დედამთილმა მითხრა, დავაძინეთო. საძინებელში რომ შევედი, ბავშვი ოფლში ცურავდა, ძლივს სუნთქავდა. სიცხე გავუზომე,  39-მდე ჰქონდა. პამპერსის გამოცვლა დავაპირე... ბავშვი სისხლისგან იცლებოდა. დედამთილს და მეუღლეს მივვარდი, რა დაემართა ჩემს შვილს-მეთქი. იმათ - ალბათ, სათამაშო მოირტყაო... მაშინვე სასწრაფოში დავრეკე. მას პატრულიც მოჰყვა. ჩემმა ქმარმა პატრული რომ დაინახა, ცემა დამიწყო... ბავშვი იაშვილის კლინიკაში წავიყვანეთ. არ უთქვამთ ექიმებს, რა სჭირდა... რას ვიფიქრებდი, ასეთი საშინელება თუ ჰქონდა ჩემს ქმარს გაკეთებული. ბავშვი გვიან ღამით შინ წამოვიყვანეთ. მეორე დილით სოციალური მუშაკი მოვიდა პატრულთან ერთად, - საავადმყოფოში უნდა გადავიყვანოთო. ჩვენ სასამართლოში წაგვიყვანეს. ჩემი მხეცი ქმარი მაშინვე დააკავეს. აღიარებით ჩვენებაში ამბობს, პასტით მივაყენე დაზიანებებიო... არადა, გააუპატიურა, ბავშვზე ძალა იხმარა...

სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ ბავშვი მინდობით აღზრდაშია და მასთან ფსიქოლოგი მუშაობს. სანამ არ შეფასდება ის გარემო, სადაც მშობელი ითხოვს ბავშვის გაყვანას, გოგონა სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ დარჩებაო.

მარი წერეთელი, სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი: - ბავშვთან სოციალური მუშაკი მუშაობს, ვცდილობთ, ფსიქოლოგიურად დავეხმაროთ, თუმცა ძალიან პატარაა. სამოქალაქო კოდექსის 1205 პრიმა მუხლით, თუ ბავშვი განთავსდება სახელმწიფო ზრუნვაში და იმყოფება 24-საათიან სააღმზრდელო დაწესებულებაში, მის მშობლებს მშობლის უფლება შეუჩერდებათ. ბავშვს რეაბილიტაცია სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ 3 წლისაა, ახსოვს, რა მოხდა მის თავს...

ა. კ. ნუცუბიძეზე დედასთან ერთად ცხოვრობდა. ბანკში ამბობენ, რომ სამსახურში გამოუცხადებლობის გამო კარგა ხნის წინ გაათავისუფლეს (საწყობის გამგის ასისტენტი იყო). მეზობლების თქმით, შვილი დედას ხშირად სცემდა. იმასაც ამბობენ, რომ დედა-შვილს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და ამის გამო მათთან კონტაქტს ერიდებოდნენ.

მეზობელი: - 15 წელია, აქ ცხოვრობენ. ამ ბიჭს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, რომელსაც მხოლოდ შინ ავლენდა. გარეთ ვერაფერს შეატყობდით. განსაკუთრებით გაზაფხულზე უმწვავდებოდა მდგომარეობა. პირველი ცოლი წელიწად-ნახევრის წინ მოიყვანა. ერთ დღეს გოგო ეზოში გამოვარდა კივილით. ჩემი შვილი გავარდა და ა. კ.-ს ხელიდან გამოსტაცა საწყალი გოგო. ამის შემდეგ ბიჭმა აგვითვალწუნა... მერე მეორე ცოლიც მოიყვანა, მესამეც და მეოთხეც. ყოველ ორ თვეში ერთხელ ახალი ცოლი მოჰყავდა.

- რა მოხდა იმ დღეს, იქნებ გაიხსენოთ?

- სტუმრებს ვაცილებდი. ეზოში სასწრაფო დახმარების მანქანა დავინახე. ვიკითხე, ვისთან ხართ-მეთქი. სასწრაფოს ექიმი შოკში იყო, ვიღაცასთან კივილით რეკავდა, - ეს რა საშინელება ვნახეო... მისი კარის მეზობლები მდგმურები არიან. ამბობდნენ, - ბავშვის არაადამიანური კივილი ისმოდაო...

28 აპრილის შემდეგ მათი ბინა დაკეტილია. როგორც მეზობლები ამბობენ, ბრალდებულის დედამ სახლი გაყიდა და საცხოვრებლად კერძო თავშესაფარში გადავიდა...

ოჯახი სამლარიან ღამის გასათევში ცხოვრობს

პატარა გოგონას ოჯახის ტრაგედია ამ შემზარავი ფაქტით არ დაწყებულა. ბავშვის ბებიამ (მ.გ.) ტრაგიკული ცხოვრება განვლო. უკვე რამდენიმე თვეა ერთ-ერთ შვილიშვილთან ერთად ისანში, სამლარიან ღამის გასათევში ცხოვრობს. ახლა მათ მ.გ.-ს ქალიშვილიც (ბავშვის დედა) მიემატა. მათი შემოსავალი სოციალური დახმარება და პენსიაა. ბებია-შვილიშვილი მოწყალების სათხოვნელად ქუჩაშიც ხშირად გადის...

მ.გ.: - მორგში ვმუშაობდი, ბალზამს ვაკეთებდი. მერე სასწრაფოშიც ვიმუშავე და მეტროშიც. 28 წლისას მეუღლე გარდამეცვალა. მისგან ორი შვილი დამრჩა... დედამთილ-მამამთილთან ერთად რუსთაველზე ვცხოვრობდით. მალე მამამთილიც გარდამეცვალა, დედამთილს კი დიაბეტი გაუჩნდა. ერთ დღეს მითხრა, იქნებ გათხოვდეო... რუსთაველზე ბინა გავყიდეთ და ვარკეთილში გადავედით. მერე მეორედ გავთხოვდი. ამასობაში დედამთილიც გარდამეცვალა. მე და ჩემი მეუღლე ჩერნობილში წავედით სამუშაოდ. მიცვალებულები გამოგვყავდა ტერიტორიიდან. რომ დავბრუნდით, საერთო შვილი შეგვეძინა. რადიაციულ ზონაში მუშაობას ვაბრალებ, რომ ჩვენი შვილი კარგა ხანს ვერ დადიოდა, გონებრივადაც ჩამორჩენილი იყო და მხოლოდ ოთხი კლასი დაამთავრა... მერე მეორე მეუღლეს დავშორდი. სამი ბავშვი რომ მერჩინა, ერთდროულად რამდენიმე ადგილას ვმუშაობდი. უფროსი გოგონა ახლა ოჯახთან ერთად მაღალმთიან რეგიონში ცხოვრობს. ბიჭიც დაოჯახდა და ოთხი შვილი შეეძინა, თუმცა, ორი დაეღუპა... მესამეს ამჟამად ჩემი მძახლები ზრდიან, მეოთხე - ცხრა დღის იყო, რძალმა რომ მიატოვა და სხვა ოჯახი შექმნა. გოგონა ამ დრომდე ჩემთან იზრდება, უკვე 14 წლისაა. ჩემი ბიჭი ნერვიულობისგან წელს ქვემოთ მოწყდა და წელს გარდაიცვალა...

ისე გვიჭირდა, სახლი გავყიდეთ და მას შემდეგ ხან სად ვართ და ხან - სად. ახლა სამ ლარს ვიხდით ამ ციცქნა ოთახში. პენსიით და სოციალური დახმარებით ვსულდგმულობთ. ხანდახან ბინებსაც ვალაგებ, ხან მიწის ნაკვეთში ვმუშაობ. როცა ძალიან მიჭირს, მე და ჩემი შვილიშვილი მოწყალებას ვითხოვთ...

თორნიკე ყაჯრიშვილი