"ამ ნაძირალამ ჩემს ქმარს წინასწარ გაუთხარა ბეტონის საფლავი"
29-06-2015
"ამ ნაძირალამ ჩემს ქმარს წინასწარ გაუთხარა ბეტონის საფლავი"
"მოვითხოვ, უმკაცრესად დაისაჯოს მკვლელიც და ამ სასტიკი დანაშაულის ყველა თანამონაწილეც!"

ორიოდე კვირის წინ საზოგადოება საზა­რელი ფაქტის მომსწრე გახდა - სამართალდამცველებმა 9 დღის დაკარგული 44 წლის მამაკაცის გვამი ვაჟა-ფშაველას 1-ელ კვარტალში, კორპუსების წინ მდებარე ავტოფარეხში იპოვეს... დამარხული. მკვლელობაში ეჭვმიტანილი მალევე დააკავეს, ის ავტოფარეხის დროებითი მფლობელი აღმოჩნდა. ჩვენი ინფორმა­ციით, მან დანაშაული აღიარა...

როგორ მიაგნეს ადგილს, სადაც მოკლ­ული დამარხეს, გამოძიების დასრულებამდე შსს კომენტარს არ აკეთებს.
"კვირის პალიტრამ" სცადა ამ საქმის დეტალები შემთხვევის ადგილიდან,
მეზობლებისა და მოკლული გია ბაქრაძის ოჯახის წევრებისგან გაეგო.


მაია ჯ. მკვლელობაში ბრალდებულის მეზობელი:
"იმ კაცს, მალხაზ ჯაშიაშვილს, აქ თითქმის არავინ იცნობდა. ავტოფარეხი­ ქირით ჰქონდა აღებული. იმ დღეს ჩვენს ერთ მეზობელს რაღაც ხმა შემოესმა, მე კი ფარეხის წინ სისხლის კვალი შევნიშნე. რა ხდება-მეთქი, ვიკითხე. ავტოფარეხიდან გამოვიდა
ჯაშიაშვილი და მშვიდად მით­ხრა:­­ არაფ­ერი, ქალბატონო, რაღაცას ვაკეთებთ, მუშამ ხელი გაიჭრა და  სისხლიც ამიტომ არის, თუ არ გჯერათ, შემობრძანდ­ით და ნახეთო. ისე დამაჯერებლად მითხრა, ეჭვი არაფერში შემპარვია".

ქეთევან სვანიძე, გია ბაქრაძის მეუღლე:
"ჩვენ ზესტაფონიდან ვართ. მე და გია სავაჭრო ცენტრ­ "საბ­აში" რბილ ავეჯს ვყიდდით, გიას რამდენიმე­ სატვირთო მანქანა ჰყავდა და ავეჯი შემოჰქო­ნდა თურქეთიდან. ძალიან კეთილი და უკონფლიქტო იყო. ცდილობდა, ყველას დახმარებოდა. ვსაყვედურობდი, ყველა შენი მეგობარი როგორ არის-მეთქი... მალხაზ ჯაშიაშვილიც ზესტაფონელია. პირველად­ გიამ ის აღდგომის დღეებში გამაცნო. თუმცა მისი სახე კარგად არც დამა­მახსოვრდა. მეორედ ზუსტად იმ დღეს ვნახე, როცა გია გაუჩინარდა. 17:00 საათი იქნებოდა, როცა ჩემი მეუღლე მასთან ერთად "საბაში" შემოვიდა.  ჯაშიაშვილს რბილი ავეჯის შეძენა­ სურდა, თანაც ორის. შეარჩია და ფასზეც შემევაჭრა. ვუთხარი, 3.200 ლარად შემიძლია მოგყიდო-მეთქი. კარგი,­ წავიღებ და თანხას ნაწილ-ნაწილ, ათ დღეში­ მოგაწვდიო... დავპი­რდი, რომ ორ დღეში ავეჯს შინ მივუტანდით, მაგრამ­ მისამართი არ დატ­ოვა. ჩვენს დამხმარე ბიჭს უთხრა, მეტრო "დელისთან" შეგხვდებით და სახლამდე თავად აგაცილებთო.­

ტელეფონის ნომერი დაგვიტოვა. შემდეგ გია და ის ერთად­ გავიდნენ. მე გიას შესაფ­უთი მასალა გავატანე, იმ დღეს ახალ ბინაში უნდა გადავს­ულიყავით და გიას ვთხოვე, მალე დაბრუნებულიყო. მოკლედ, გიას შესაფ­უთი მასალა შინ მიუტანია და ჩვენი ვაჟისთვის დაუბარე­ბია, საბურთალოზე­ მივდივარ და მალე მოვალო.­ გარეთ­ ჯაშიაშვილი ელოდებოდა. ექვსის ნახევრისთვის დავურეკე, შენ რომ კაცი მოიყვანე,­ მთხოვა, ავეჯი 3.000-ად მიგვეცა, მაგრამ არ დავთ­ანხმდი-მეთქი. ამაზე მერე დავილაპარაკოთო... მივხვდი, კვლავაც ერთად იყვნენ. ექვსი საათის­თვის გიას კიდევ დავურეკე და აღარ მიპასუხა. კიდევ რამდენჯერმე დავრეკე, მაგრამ ისევ არ მპასუხობდა. ასეთი რამ არ სჩვეოდა. გავბრაზდი, ახალ ბინაში უნდა გადავიდეთ და ასე უყურადღებოდ როგორ დაგვტოვა-მეთქი. მერე ვიფიქრე, ცუდად ხომ არ არის-მეთქი. გია დიაბეტით­ იყო დაავა­დებული. გამახსენდა, რომ იმ კაცთან ერთად იყო და ჯაშიაშვილის­ დატოვებულ ნომერზე დავრეკე. არავინ მიპასუხა. ამის შემდეგ განუწყვეტლივ ვრეკავდით ხან გიას, ხან ჯაშიაშვილის ნომრებზე. ცოტა ხანში გიას ტელეფონი გაითიშა. ჩავთვალეთ, რომ დაჯდა...

ამასობაში გიას მეგობარმა მაცნობა, იმ კაცის ნომერზე მხოლოდ ერთხელ მიპასუხა ქალმა, აქ მალხაზ ჯაშიაშვილი არავინ არისო. გავოცდი. გაუთავებელი რეკვის შემდეგ, როგორც იქნა, ჩემს ვაჟს თავად ჯაშიაშვილმა უპასუხა: - მანქანაში დამრჩა ტელეფონი და გვიან ვნახე თქვენი ზარები, ხომ მშვიდობა გაქვთო? ჩემმა შვილმა აუხსნა, მამა ბოლოს თქვენთან­ ერთად წავიდა და მას მერე აღარ ჩანსო. ისევ თქვენს სახლთან მოვედით და იქ დავშორდითო, აუღელვებლად უთხრა ამ ცივსისხლიანმა მკვლელმა. მასზე­ ეჭვი არც კი მიგვიტანია. გადავწყვიტეთ, პატრულისთვის გვეცნობებინა. 9 დღე ვეძებ­დით საავა­დმყ­ოფოებში, მორგებში... არსად ჩანდა.­ ავტომანქანა, რომლითაც გია ჯაშიაშვილთან ერთად წავიდა, ჩვენს ვაჟს ეკუთვნოდა და სოფლის მეურნეობის სამინი­სტროს წინ ვნახეთ, ბორდიურზე. მასში გიას მობილური და აიდი-ბარათიც აღმოჩნდა. ოპერატიული სამძებრო მოქმედებების შედეგად დადგინდა გადაადგილების­ მარშრუტი. თავიდან მანქანაში ოთხნი მსხდარან...

ბოლოს ავტოგასამართ სადგურთან დამონტაჟებულმა კამერამ დააფიქსირა, რომ მანქანა ბორდიურზე გაჩე­რდა და ორი კაცი გადმოვიდა, რომლებმაც­ ჩვრით გაწმინდეს ავტომობილი (ალბათ, კვალის წაშლის მიზნით). მანქანა იქვე დატოვეს, თავად კი ფეხით გაუყვნენ გზას. ფირზე გამო­სახულება ცუდად ჩანს და თავიდან ძალიან გაჭირდა იმ ორის ამოცნობა, თუმცა მაინც დაადგინეს: ერთ-ერთი­ მალხაზ ჯაშიაშვილია, მეორე - დავით ასანიძე. ერთმა მკვლელობა აღიარა, მეორემ - თანამონაწილეობა. დადგინდა, რომ გია იმ ავბედით დღეს მათთან და კიდევ ერთ პირთან (რომლის ვინაობაც, ალბათ,­ უახლოეს დღეებში დადგინდება) ერთად იყო. მოვითხოვ, უმკაცრესად დაისაჯოს მკვლელიც და ამ სასტიკი დანაშაულის ყველა თანამონაწილეც!  

- დაკავებულებმა დანაშაული აღიარეს?
- დიახ. ჯაშიაშვილმა წინასწარ მკვლელობისთვის დაიქირავა და მოამზადა ავტოფარეხი. გააღრმავა ის თხრილი, სადაც  ავტომობილის შესაკეთებლად ხელოსნები დგებიან. მკვლელს მიცვალებულის შიგ ჩაბეტონება უნდოდა. მერე დავით ასანიძესთან ერთად შეიტ­ყუა ჩემი მეუღლე, - ნახე, რა კარგი გარ­აჟი მაქვსო, თხრილთან მიიყვანა და ნაგანით ზედიზედ სამი ტყვია ესროლა მუცლისა და გულმკერდის არეში. ამ დროს გიას დაუყ­ვირია, რას შვრები, ბიჭო, მკლავო? და გაქცევა უცდია. იმ ნაძირალას კი ზურგშექცეული გიასთვის თავში დაუხლია ტყვია, რაც, ცხადია, სასიკვდილო აღმოჩნდა. შემდეგ ჯაშიაშვილს ასანიძე დახმარებია ცხედრის თხრილში დაფვლაში. ამას ორივე აღიარებს. ბეტონის დასხმაც რომ მოესწროთ, ალბათ, გიას ვეღარასოდეს ვიპოვიდით.
ასანიძე ადრეც ნასამართლევი ყოფილა და ჯაშიაშვილის ოჯახის ერთ-ერთ წევრთან­ ერთად მჯდარა საკანში. დასაზუსტებელია, იყო თუ არა მათთან ერთად დანაშაულის ჩადენისას კიდევ ერთი პირი. და კიდევ, მინდა გავიგო, ვინ იყო ის ქალი, რომელმაც ჩემი ქმრის მეგობარს ტელეფონზე უპასუხა, აქ ჯაშიაშვილი არავინ არისო...

- ჯაშიაშვილმა რატომ მოკლა თქვენი­ მეუღლე ასე სასტიკად?
- ნამდვილად არ ვიცი. იმედია, გამოძიება დაადგენს. სხვათა შორის, იმ ავბედით დღეს "საბაში" ჩემი მეუღლე და ჯაში­აშვილი კამერამ დააფიქსირა. ჩანაწერში ჩანს, როგორ შემოჰყავს იმ ცივსის­ხლიან მკვლელს ჩემი მეუღლე ხელკავით. არადა, ამ დროს გიასთვის უკვე გაჭრილი ჰქონია საფლავი.

- იქნებ ფულის გამო ჰქონდათ კონფლიქტი?

- ჩემი ერთი მეზობელი შეესწრო საუბარს, როცა გიას, სავარაუდოდ, ჯაშიაშ­ვილმა დაურეკა. ჩემს მეუღლეს უთქვამს, ახლა ჯიბეში ფული არ მიდევსო. თუმცა არა მგონია, ფულის გამო კონფლიქტი მოსვლოდათ. გია მას ისედაც დაეხმარებოდა. იმ კაცს გიას ვალი რომ ჰქონოდა, მეც მეცოდინებოდა... აღარც კი ვიცი, რა ვიფიქრო. როცა ჯაშიაშვილი დააკავეს, მის სახლში ბევრი იარაღი და საბრძოლო მასალა იპოვეს. ვეჭვობ, ჯაშიაშვილი გიას იმ იარაღის სატვირთო მანქ­ანით სადღაც გადატანას სთხოვდა და უარი მიიღო, შემდეგ კი არასასურველი მოწმე თავიდან მოიცილა. თუმცა, ეს მხოლოდ ეჭვია, რადგან სხვას ვერაფერს ვფიქრობ... ბევრი რამ ჯერ ისევ ბურუსით არის მოცული.
giii
07 ივლისი 2015 17:52
ასანიძე?საინტერესოა ეგ ვინგაააა,ან საიდანააა თან ადრეც იჯდა ციხეშიო.
676
04 ივლისი 2015 08:28
ამ ქალს ნაგანის ტყვია კარამელი ხო არ ჰგონია- სამი ტყვია დაახალა და გარბოდაო?

მერე მეორე, აღიარებენო, რო ამბობს, არ მოინდომონ თორე კენედის მკვლელობას აღიარებს მაგათ ხელში ნებისმიერი..

9 დღეში ბეტონის დასხმა კი არა და საერთოდ გვამის გაქრობაა შესაძლებელი.

და ბოლოს, იყო თუ არა თვით ეს ქალბატონი გამოზიებისათვის ერთ-ერთი ეჭვმიტანილი?
lamara
02 ივლისი 2015 17:25
ჩვენ ვართ პრო საბჭოთა ქვეყანა, ვიდრე გავიგებთ, სიტყვა ,,დემოკრატია,,-ს მნიშვნელობას, დიდხანს მოგვიწევს, ზოგიერთის ქვემოთ დაწერილი კომრნტარის წაკითხვა, ასეტი აზრის მქონე ადამიანი საშიშია და თუ არ გინდა ესეტები ,,ყველა ციხეში,, მაშინ გალიაში უნდა ჩასვა.

რედაქტორის რჩევით