20-წლიანი აბსურდული სასამართლო დავა, ანუ ვის ეკუთვნის საღორე?
06-07-2015
20-წლიანი აბსურდული სასამართლო დავა, ანუ ვის ეკუთვნის საღორე?
აღმოჩნდა, რომ57-ლარიანი საღორის აშენებას 20.000 ლარი სჭირდებოდა. შედეგით აღშფოთებულმა
ზაქრომ 60-ის ნაცვლად უკვე 3.000 ლარი შესთავაზაპაპას, რომელმაც ქვა ააგდო და თავი შეუშვირა


მეზობლებს შორის დანგრეული საღო­რის გამო დავა 90-იანი წლების დასაწყისში დაიწყო და დღემდე დასასრული არ უჩანს. რამდენჯერაც საქმე უზენაეს სასამართლომდე მივიდა, იმდენჯერ უკან დაბრუნდა, ხოლო როდესაც ყველას ეგონა, რომ საღორეს მესაკუთრე გამოუჩნდა­, სწორედ მაშინ დავის ახალი ეტაპი დაიწყო.­


საქმე ის გახლავთ, რომ დედოფლის­წყაროს რაიონში საბჭოთა მეურნეობების გაუქმების შემდეგ მათი
ქონება მოსახლეობას მიჰყიდეს. სოფელ ტიბაანში მეღორეობის ფერმის პატარა შენობა, რომლის ფართობიც 20კვმ იყო, 57 ლარად­ გაიყიდა­ და მისი მესაკუთრე დათიკო ნ. გახდა. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ შენობა პირველი მესაკუთრის მეზობელ ზაქრო შ.-საც შეუსყიდია(?), დაიწყო დავა, ვისი ნასყიდ­ობა იყო კანონიერი და ვის უნდა დარჩენოდა საღორე.
საქმეს დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლო იხილავდა. წლების განმავლობაში სასამართლო იღებდა გადაწყვეტილებებს, რომლებიც მერე უქმდებოდა. კანონის მიხედვით, მესაკუთრედ ითვლება ის, ვინც პირველმა იყიდა ქონება.­ დათიკო პაპა პირველი მესაკუთრე იყო და საღორის საფასურის გადახდის დამადასტურებელ ქვითარსაც გაცვეთამდე აფრიალებდა.

დათიკო ნ.-ს ადვოკატი ციცო ცხვედიანი:

- 1999 წელს ჩავერთე ამ საქმეში. მას საოლქო სასამართლო იხილავდა - ვინ იცის, მერამდენედ. უზენაესმა სასამართლომ ქვემდგომი სასამართლოს განჩინება­ გააუქმა და საქმე საოლქო სასამართლოში იყო დაბრუნებული (იმხანად სააპელაციო სასამართლო არ არსებობდა). ახლობელმა მთხოვა, ჩემს ნათესავს ქონებას უსამართლოდ ართმევენ და უარი არ მითხრა, მოჰკიდე ამ საქმეს ხელიო. მოიტანა საბუთები. აღმოჩნდა, რომ სადავო იყო 57 ლარად შეძენილი საღორე, რომელსაც არც სახურავი ჰქონდა და კედლებიც დანგრეული იყო. მეორე მყიდველს, ზაქროს, ის კედლებიც დაუნგრევია, მაგრამ საღორის მოშლას არ აპირებდა... მასაც ჰქონდა ნასყიდობის დოკუმენტი და თვლიდა,­ რომ მისი იყო საღორე. იმხანად საჯარო რეესტრი არ არსებობდა და ნასყიდობა ტექბიუროში არ იყო დარეგისტრირებული.

სხვადასხვა მიზეზით სასამართლო სხდომა ბევრჯერ გადაიდო. თუკი რამე გზა არსებობდა პროცესის გაჭიანურებისა, ყველა მოიძებნა. გადაირია ხნიერი მესაკუთრე და დაიწყო წუწუნი, ნუთუ ვერ უნდა მოვესწრო, საღორეში ჩემი ღორი შევიყვანოო. მოსამართლეები ბევრს ეცადნენ მხარე­ების მორიგებას, თუმცა - უშედეგოდ.
ერთ-ერთ პროცესზე მოსამართლემ მხარე­ებს უთხრა, ბოლოს და ბოლოს, სირცხვილია, თანასოფლელები ხართ. შენ ამხნის კაცი ხარ, ამ საღორეს ხომ არ უნდა გადააკვდე ამდენი წელი. შენ კიდევ, ახალგაზრდა კაცს, მომავალი წინ გაქვს, რა იქნება, პაპას დაუთმო საღორე, იქნებ რაღაცაზე შეთანხმდეთ, პაპას რაღაც გადაუხადო, კარგი კაცი ჩანს, უარს არ გეტყვის და დაგთანხმდებაო.

პაპა მორიგებას დამარცხებად აღიქვამდა. ფიქრობდა, რომ მოვურიგდე, ზაქრო იფიქრებს, ვტყუი და იმიტომ მირიგდებაო, მართალი კაცი ვარ და ასე არ მოვიქცევიო. დაღლილი ახლობლებიც ურჩევდნენ, მორიგდით, რა გარანტია გაქვს, რომ საქმეს მოიგებო. ერთხანს პაპას ეს წინადადება თითქოს ჭკუაში დაუჯდა - ერთი ვნახოთ, ზაქრო რამდენს გაიმეტებსო.

პროცესზე, რომელსაც ორივე მხარე ესწრებოდა, ზაქრო შ.-მ საქმიანი იერით მიმართა მოწინააღმდეგეს:“`მაიცა, შენა, 57 ლარი არ გადაიხადე? მე კიდენა, 60 ლარს მოგცემ. სამი ლარი ხურდა არ მინდა, შენი იყოი~. ზაქროს ადვოკატი შეშფოთებული მიაჩერდა კლიენტს, დანარჩენები კი ახარხარდნენ.

ამ სიტყვების გამგონე პაპა სკამიდან­ წამოხტა, ძველმა მონადირემ ქამარზე ხელი გაივლო, მაგრამ არც ხანჯალი აღმოაჩნდა, არც - დამბაჩა. ვის იგდებ მასხრად, შენი არც 60 ლარი მინდა და არც 60. 000, მორჩა, აღარ გირიგდებიო. მორიგება ჩაიშალა, თუმცა, პროცესი გაგრძელდა. უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილება და დანგრეული საღორე დათიკო პაპას მიეკუთვნა, მაგრამ ამით როდი დასრულდა ყველაფერი. მეორე მხარემ გადაწყვეტილება გაასაჩივრა, პაპამ კი მოწინააღმდეგე მხარეს დანგრევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოსთხოვა. მოიწვიეს ექსპერტი, ჩატარდა ექსპერტიზა, დაიანგარიშეს მასალები და აღმოჩნდა, რომ 57-ლარიანი საღორის აშენებას 20. 000 ლარი სჭირდებოდა. შედეგით აღშფოთებულმა ზაქრომ 60-ის ნაცვლად უკვე 3. 000 ლარი შესთავაზა პაპას, რომელმაც ქვა ააგდო და თავი შეუშვირა.

დათიკო პაპას ახლობელს ამ საქმის გაგრძელებაში მონაწილეობაზე უარი ვუთხარი - საქმე ხომ მოვიგე და პაპა მესაკუთრე გავხადე, დანარჩენზე სხვა ახლობელმა იზრუნოს-მეთქი. დავა კი, რომელიც 20 წელიწადზე მეტს ითვლის, აბსურდის თეატრს დაემგავსა...

ნანა ფიცხელაური
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით