"მოწმე უცნაურად გამოიყურებოდა, ფეხზე ვერ იდგა გოგო" - კვირის პალიტრა

"მოწმე უცნაურად გამოიყურებოდა, ფეხზე ვერ იდგა გოგო"

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის სამხარეო მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 19 აგვისტოს, საღამოს, ქობულეთში დააკავეს რატი მილორავა, სერგო ბესელია, ვალერი კირვალიძე და როინ ცაგარელი.

ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულებმა 2009 წლის 19 აგვისტოს ქობულეთში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს 1978 წელს დაბადებულ დავით ჯაფარიძეს. დაზარალებულის განმარტებით, კონფლიქტი კაფე-ბარ "ელზაში" დაიწყო. მას და მის მეუღლეს რატი მილორავამ, სერგო ბესელიამ, ვალერი კირვალიძემ და როინ ცაგარელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ინციდენტი  ცემა-ტყეპაში გადაიზარდა, რის შედეგადაც  კაფე-ბარის თანამშრომლებმა პოლიცია გამოიძახეს. ეჭვმიტანილებმა  პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ინციდენტის მონაწილე ოთხივე პირს 12-წლიანი პატიმრობა ემუქრება. მათ ბრალი ედებათ ჯგუფურ ხულიგნობაში (რომელიც 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს) და პოლიციისთვის  წინასწარ შეცნობით ხელის შეშლასა და ძალადობაში (რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

შაბათს, გამთენიისას, ქობულეთის სასამართლომ ეკა ბესელიას ვაჟს რატი მილორავას აღმკვეთ ღონისძიებად გირაო, ძმას -  სერგო ბესელიას კი ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გირაო შეეფარდა არასრულწლოვან ვალერი კირვალიძეს, ხოლო როინ ცაგარელს, ასევე ორთვიანი წინასწარი პატიმრობა.

რატი მილორავასა და სერგო ბესელიას აAდვოკატის, ლილი გელაშვილის თქმით, სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა, - გირაოს თანხა 3.000 ლარს შეადგენს, რომლის გადახდამდე არასრულწლოვნები პატიმრობაში დარჩებიან.

ლLილი გელაშვილი: - ქობულეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ.  ბრალი ისე წარადგინეს, რომ ოთხი დაკავებულიდან ორი, მათ შორის ეკა ბესელიას ძმა, არ დაუკითხავთ. როგორც გამომძიებელმა თქვა, არ აინტერესებს მათი ჩვენებები. დაიკითხა ეკა ბესელიას ვაჟი რატი მილორავა.

ჩვენ უკვე შევიტანეთ საჩივარი აჭარის პროკურატურაში, პროკურორების დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიებას ვითხოვთ.

- მაინც რა დააშავეს პროკურორებმა?

- პროკურორმა გიორგი დავითშვილმა აშკარად დაგვანახვა, რომ  არა მარტო დავალებას ასრულებს, არამედ საქმეში არსებულ დოკუმენტებს აყალბებს. 21 აგვისტოს  ღამის საათების გამო საგამოძიებო მოქმედებები გადაიდო. აAმაზე სპეციალური ოქმიც შედგა. მეორე დღეს კი გაირკვა, რომ ღამის 3-4 საათზე რატი მილორავა საკნიდან გამოიყვანეს, სახაზინო ადვოკატის თანდასწრებით პროკურორმა დაზარალებული და მოწმე მიიყვანა და საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. თანაც, ისე, რომ არც არასრულწლოვნის მშობელს და არც ადვოკატებს შეატყობინეს რამე.

- რა საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს?

- დაზარალებულსა და მოწმეს ხელი რატისთვის უნდა დაედოთ. ბუნებრივია, ამაში  ჩვენ ხელს შევუშლიდით, დავაფიქსირებდით კანონდარღვევას. ბრალდების მხარეს უფლება არა აქვს თავისი ინიციატივით Mმოიწვიოს სახაზინო ადვოკატი, მაგრამ ადვოკატიც მოიწვიეს ღამის 3 საათზე, ამოცნობაც ჩაატარეს და ისიც უთხრეს რატის, შენმა ადვოკატებმა და დედაშენმაც შენს დაცვაზე უარი თქვესო(?!).

- რატი მილორავა შარშანაც მსგავს ინციდენტში მონაწილეობდა, მაშინ მას 2.000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. რა მდგომარეობაშია ეს საქმე?

- რატი გათავისუფლდა სისხლის სამართლLის დევნისაგან დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო და გირაოც უკან დაუბრუნდა.

ეკა ბესელია: - დარწმუნებული ვარ, ეს იყო კარგად დაგეგმილი პროვოკაცია. პოლიციამ მოიფიქრა, როგორ უნდა მიეყვანა იმ კაფეში ჩემი ძმა და შვილი. ფერისცვალების დღეს ჩემს შვილს და ძმას ახლობელმა დაურეკა და კაფეში ვახშმობა შესთავაზა. კაფეში ახლობელთან ერთად ვინმე კირვალიძე და ცაგარელი დახვდნენ, რომლებსაც არ იცნობდნენ. გავარკვიე ისიც, რომ  მთელი კაფე სავსე იყო და ცოლ-ქმარი, რომელსაც ჩემმა ძმამ და შვილმა თითქოს შეურაცხყოფა მიაყენეს, სწორედ ერთადერთ ცარიელ მაგიდას მიუსხდნენ. 15 წუთში ერთ-ერთმა თანამესუფრემ ფეხი წამოჰკრა მაგიდას, სადაც ჯაფარიძე და ქობულაძე ისხდნენ. მოუბოდიშა, მაგრამ ჯაფარიძემ ბოდიში არ მიიღო და  გაარტყა. ამას შეკამათება მოჰყვა. მოწმეები ამბობენ, რომ ჩემმა ძმამ მათი დაშოშმინება სცადა. მალე მიხვდნენ, რომ ჯაფარიძე ხელოვნურად ძაბავდა ვითარებას და გარეთ გავიდნენ. ხელჩართული ჩხუბი არ ყოფილა, ერთი ჭიქაც კი არ გატეხილა და გაუგებარია, რატომ გამოიძახეს კაფეს თანამშრომლებმა პოლიცია? პოლიციაში  მთელი ღამე არ იცოდნენ, რა უნდა ექნათ, გაიძახოდნენ, გაუგებრობაა, მალე გამოვუშვებთო. მხოლოდ დილის 5 საათზე გადაწყვიტეს სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. კატეგორიულად ვითხოვდი, მოეყვანათ ეგრეთ წოდებული დაზარალებული ამოსაცნობად. როგორც იქნა, ქობულაძე მოიყვანეს. რაღაც უცნაურად გამოიყურებოდა, ფეხზე ვერ იდგა გოგო. ჩემთან საუბარში წამოსცდა, წინასწარ მაჩვენეს თქვენი შვილი, საინფორმაციო გადაცემასაც მაყურებინეს ერთ-ერთ კაბინეტშიო. ამ ფაქტის ოქმში დაფიქსირებას ითხოვდა ადვოკატი, მაგრამ პროკურორმა უარი თქვა. ბუნებრივია, ამოცნობა ჩაიშალა.  მერე პროკურორმა ეს გოგო გვერდით ოთახში გაიყვანა, სასწრაფო გამოიძახა, ოთახში გამომძიებელიც შეიყვანა და მალულად ოქმის წერა დაიწყეს. დაზარალებული ჯაფარიძე თავიდან კი ამბობდა, რომ კონფლიქტში ჩემი ძმა და შვილი არ მონაწილეობდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც მთელი ღამე პოლიციაში ამყოფეს, საწინააღმდეგო ჩვენება მისცა.

ეს იყო პირადად ჩემზე შურისძიება იმის გამო, რომ უშიშროების საბჭოს სხდომას არ დავესწარი და არც მერაბიშვილს შევხვდი.